ქუთაისის მესამე საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფესტივალი – გზა ევროპული ფესტივალების ასოციაციისკენ
ოქტომბრის ბოლო დღეები ქუთაისში გაზაფხულს ჰგავდა. არამხოლოდ უჩვეულოდ თბილი და მზიანი ამინდების, არამედ საფესტივალო ატმოსფეროსა და კინემატოგრაფიულად სავსე, დატვირთული შემოქმედებითი ურთიერთობების გამოც. სამი წელი საკმარისი აღმოჩნდა, რომ ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიან ფესტივალს მზერა უკვე ევროპული ფესტივალებისკენაც მიემართა.
უკვე მესამედ, საქართველოს ეროვნული კინოცენტრისა და ქუთაისის მერიის მხარდაჭერით, იმერეთი მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს. სწორედ ქალაქის მერის, იოსებ ხახალეიშვილის თანადგომის შედეგად ფესტივალის მასშტაბი გაიზარდა და გაცილებით მნიშვნელოვანი გახდა, ხოლო ქუთაისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი ევროპული ფესტივალების ასოცირებული წევრი გახდა.
ფესტივალის გუნდი (გენერალური დირექტორი ნინო მხეიძე და დირექტორი ნინო ახვლედიანი) ადასტურებს, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვან მოვლენაა, რომელსაც შეუძლია კინოფესტივალის გეგმები და მომავალი მნიშვნელოვნად შეცვალოს. 2023 წელს ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალმა (მისი დევიზი საკმაოდ შთამბეჭდავად ჟღერს – „დატოვე შენი ნაკვალევი“) კინოთეატრ „საქართველოში“ მისულ მაყურებელს მრავალფეროვანი, კონცეფციებით დატვირთული და რეჟისორული ხედვით გამორჩეული საკონკურსო ფილმები შესთავაზა.
პარალელურად, ცნობილი ქართველი და უცხოელი რეჟისორების დოკუმენტური თუ მხატვრული ფილმების ჩვენება, ვორკშოპები და დისკუსიები მოეწყო. წელს „ქვეყანა–ფოკუსის“ ფარგლებში „ჩეხური ახალი ტალღის“ პროგრამა უჩვენეს – ირჟი მენცელის, ვერა ხიტილოვას, ირჟი ნემეცის თავის დროზე აკრძალული ფილმები, რომლებიც დროის დისტანციის შემდეგ, პოლიტიკური სისტემის აბსურდის შეხსენებას ჰგავდა.
„რეჟისორი ფოკუსში“ ამჯერად ბელგიელი რეჟისორისა და კინოდოკუმენტალისტის, შანტალ აკერმანის ფილმებს დაეთმო. ფესტივალზე უჩვენეს მისი სამი ფილმი: „ააფეთქე ჩემი ქალაქი“, „ოთახი“ და „ზარმაცი ქალის ოთახი“, რაც რეჟისორის მსოფლმხედველობასა და ესთეტიკურ შეხედულებაზე გარკვეულ წარმოდგენას შეუქმნიდა მაყურებელს. სწორედ ამის შესახებ ისაუბრა ფესტივალის სპეციალურმა სტუმარმა, ჰოლანდიელმა ფილოსოფოსმა და კინოკრიტიკოსმა დანა ლინსენმა ლექციაში „შანტალ აკერმანის შესახებ“.
არასაკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილი იყო ბაქოს მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის პროგრამაც, რომლის ფარგლებშიც აზერბაიჯანელი რეჟისორების ფილმი უჩვენეს.
კინოოპერატორებისათვის გაიმართა რამდენიმე ვორკშოპი. მაგალითად, კინოოპერატორმა ფილიპ როსიმ, რომელიც ციფრული გამოსახულების ტექნოლოგიების სპეციალისტია, საკუთარი გამოცდილება გაუზიარა ახალგაზრდებს. კინოოპერატორ არჩილ ახვლედიანის მასტერკლასი კინემატოგრაფში კომპოზიციისა და სინათლის საკითხს ეხებოდა. ძალიან საინტერესო იყო გერმანიაში მცხოვრები და წარმოშობით ცნობილი რუსი ოპერატორისა და კინოპროდიუსერის, ალექსანდრე ბერკოვიჩის მასტერკლასი „განათების ტექნოლოგიებისა და სპეციალური განათების მოწყობილობების“ შესახებ.
მსახიობ ლევან აბაშიძეს 2023 წელს 60 წელი შეუსრულდებოდა. ამასთან დაკავშირებით, ფესტივალზე უჩვენეს გიო მგელაძის „არა, მეგობარო“, რომელშიც აფხაზეთის ომში დაღუპული მსახიობი მთავარ როლს ასრულებს. ხოლო რეჟისორ ლევან ზაქარეიშვილის დაბადების 70 წლისთავთან დაკავშირებით, ფესტივალმა მაყურებელს გაახსენა 80-იან წლებში მის მიერ გადაღებული „მამა“.
ვიდრე უშუალოდ ფესტივალზე გამარჯვებულ ფილმებსა თუ რეჟისორებს დავასახელებ, ჩემს ფავორიტ ფილმებზე ვისაუბრებ. ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა ფრანგი რეჟისორის ჯავაჰინ ზენტარის ფილმმა „მამაჩემის საფლავზე“, რომელშიც მაროკოს პატარა სოფელში დაკრძალვის რიტუალსა და ქალთა უუფლებობას ერთმანეთის პარალელურად გვიჩვენებს. კაცები ცხედარს სასაფლაოზე გადაასვენებენ, ქალები კი ტრადიციის მიხედვით, სახლში გამოკეტილები უნდა დაელოდონ მათ. თუმცა პატარა გოგონას, რომელსაც მეინი ჰქვია, გადაწყვეტილი აქვს ჩუმად წავიდეს სასაფლაოზე…
თურქი რეჟისორის, რამაზან ქალიჩის „გაუგონარი ამბები“ პატარა ქურთი გოგონასა და მისი ბებიის ურთიერთობას ფაქიზი პოეზიისა და დრამატული გრძნობების ზღვარზე განიხილავს. დავით ჯაფარიძის „სახლი არ დატოვოთ“, რომელიც 2012 წელს მომხდარი მოვლენების დრამატულ–პოლიტიკურ კონტექსტს დღევანდელი გადასახედიდან განიხილავს, ფაქტობრივად საქართველოს დღევანდელ და წინააღმდეგობრივ პორტრეტს ქმნის.
საკონკურსო პროგრამის კიდევ ერთი გამორჩეული ფილმია ქეთევან ყიფიანისა და ქეთევან კაპანაძის დოკუმენტური ფილმი „ხატიჯე“. ეს არის მაღალმთიან აჭარაში, წლების განმავლობაში მომთაბარე მესაქონლეობით დაკავებული ქალის, ხატიჯეს პატარა ისტორია. ფილმში მარტოობის ეგზისტენცია და მძიმე ფიზიკური შრომის დოკუმენტური კადრები მკაცრი და თავშეკავებული პოეზიით არის გარითმული. ქართული ფილებიდან აღსანიშნავია გიგიშა აბაშიძის „უხერხემლო“, რომელიც ალექს ჩიღვინაძის ამავე სახელწოდების პიესის ეკრანიზაციაა. რეჟისორი ფსიქოლოგიურად გაჯერებული დრამატიზმით გვიჩვენებს მშობლების წინააღმდეგობრივ დამოკიდებულებას მოკლული ტრანსგენდერი შვილისადმი.
„კაროლინი სახურავზე“ ფრანგი რეჟისორის, ადრიან ბორდიეს სატირული სულისკვეთების ფილმია, რომელიც პოპულარობასა დაუცხრომელ სურვილსა და მისგან გამოწვეულ დრამატულ სიგიჟეზე მოგვითხრობს. უკრაინელი რეჟისორის, რომან ვოკლკოვის „თვითმფრინავი“ რუსეთ–უკრაინის ომის დამანგრეველ ფსიქოლოგიურ გავლენას გვიჩვენებს ბავშვებზე, რომლებიც მთელ დღეებს თავშესაფარში ატარებენ.
განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა კონკურსგარეშე ნაჩვენებმა ორმა ფილმმა: ლუკა ბერაძის „ღიმილიანი საქართველო“ და ანა ძიაპშიპას „ავტოპორტრეტი ზღვარზე“ ის ფილმებია, რომლებმაც სწორედ საერთაშორისო ფესტივალებზე დაიმსახურეს დიდი წარმატება, თუმცა სამწუხაროდ, ეროვნულ კინოცენტრში განვითარებული მოვლენების გამო, ისინი ერთგვარად „შავ სიაში“ მოხვდნენ.
ქუთაისის მესამე საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფესტივალის შედეგები:
„ოქროს დინოზავრი“ საუკეთესო რეჟისურისთვის – გიორგი თავართქილაძე, „ამაღლება”;
„ოქროს დინოზავრი“ საუკეთესო ფილმისთვის – „გაუგონარი ამბები“, (რეჟისორი რამაზან ქილიჩი);
„ოქროს დინოზავრი“ საუკეთესო საოპერატორო ნამუშევრისთვის – ჰარშვირ ობერაი, „ღამის ბურგერი“;
ჟიურის სპეციალური პრიზი გადაეცა ჯაუაჰინ ზენტარის ფილმს, „მამაჩემის საფლავზე“;
საერთაშორისო ჟიურის თავმჯდომარე – მარი ამაშუკელი (საფრანგეთი).
ქართველ კინოკრიტიკოსთა ჟიურიმ (ქეთევან ჯაფარიძე, დიანა მაღლაკელიძე, ბექა მაისურაძე) მიხეილ კობახიძის სახელობის პრიზი, „თეთრი ქოლგა“ გადასცა ტან ჩე დინის ფილმს – „ხაზზე დარჩით“ (მალაიზია), ხოლო ჟიურის სპეციალური აღნიშვნა დაიმსახურა ფილმმა „მოგზაურობა“, რეჟისორი – რიმანტას ოიჩენკო (ლიეტუვა).
ფიჩინგ კონკურსის გამარჯვებულები:
პირველი ადგილი – ნინო მემანიშვილი და მარიამ ბერძენიშვილი – „ჯაჭვი“;
მეორე ადგილი – მირანდა ნამიჭეიშვილი – „სად ხარ?“;
გამარჯვებულებს „პირველი არხის“ მიერ დაწესებული ფულადი ჯილდო გადაეცათ.