„მომავალი მაშინ მოჩანს, როცა აწმყოც ჩვენია, ერთმანეთის სიყვარულის მეტი რა დაგვრჩენია“ – 2023 წელს, თიბისი ამ სიტყვებით ულოცავს დამოუკიდებლობის დღეს საქართველოს მოსახლეობას.
წლევანდელი კამპანიის მთავარი გზავნილის უკეთ გადმოსაცემად, მუსიკოსმა ერეკლე დეისაძემ იმუშავა ტექსტზე, რომელიც ილია ჭავჭავაძის ცნობილი ლექსის „ჩემო კარგი ქვეყანავ“ შთაგონებითაა შექმნილი. ამ ლექსს ბევრ სხვადასხვა ადგილას და სხვადასხვა მედიუმზე 25 მაისიდან შეხვდებით.
ლექსის მოტივებზე კრეატიულმა სააგენტომ PLMKRS-მა, რომელმაც თიბისის მარკეტინგის გუნდთან ერთად იმუშავა, ვიდეო გადაიღო. ვიდეო სიმბოლურად წარმოგვიდგენს ისტორიული მემკვიდრეობის და თანამედროვეობის შერწყმას, მას, რაც „ჩვენ ერთ მუშტად გვკრავს“.
„საქართველოს დამოუკიდებლობა ბევრი სხვადასხვა მოვლენის, მიღწევის, ცვლილების, ხალხისა თუ გამოჩენილი ქართველი მოღვაწეების მონაპოვარია, რომელსაც ჩვენ ყველა ინდივიდუალურად და კოლექტიურად ვუფრთხილდებით და დროთა განმავლობაში განვამტკიცებთ. თუმცა ეს დამოუკიდებლობა, რომელითაც დღეს ჩვენ ასე ვამაყობთ, ჩვენი წინაპრების „აწმყოში“ გაკეთებული „საქმის“ დამსახურებაა. ამიტომაცაა მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ყველამ ახლანდელ დროში, აწმყოში ვიზრუნოთ მომავალზე,“ – ამბობს მაკუნა თავბერიძე, თიბისის მარკეტინგის გუნდის ხელმძღვანელი.
დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნამ თიბისიში განსაკუთრებული მასშტაბი 2018 წლიდან შეიძინა, როდესაც საქართველოს პირველი დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 100 წელი გავიდა. წლების განმავლობაში იგეგმებოდა კამპანიები, რომლითაც თიბისი 26 მაისის შესახებ განსხვავებულად, საინტერესო ფორმებით გვიყვებოდა.
თიბისის სტრატეგიული პროექტების ლიდერი საშა მაყაშვილი გამოყოფს რამდენიმე გამორჩეულ პროექტს, რომელიც თიბისის 26 მაისის კამპანიას უკავშირდება.
„ერთ-ერთი იყო „დამოუკიდებლობის სკოლა“ – ლექციების სერია, რომელიც დამოუკიდებლობის თემაზე საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ტარდებოდა, თავდაპირველად ფიზიკურ, ხოლო შემდეგ ონლაინ ფორმატში. ეს არ ეხებოდა მხოლოდ 1918-1921 წლის მოვლენებს, არამედ ზოგადად დამოუკიდებლობას. იყო როგორც ისტორიული შინაარსის ლექციები, ასევე, უფრო ფილოსოფიურ-კონცეპტუალური დამოუკიდებლობაზე, თავისუფლებაზე. გვყავდა ბევრი გამორჩეული სპიკერი, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები, ისტორიკოსები, მეცნიერები, ფილოსოფოსები. დამოუკიდებლობაზე საუბარი ძალიან ბევრი ფორმით შეიძლება“.
2018 წელს თიბისის კამპანიის ფარგლებში ე.წ. ზაკვოს შენობაზე, რომელიც რუსული არმიის ყოფილი შტაბი იყო კავკასიაში, განთავსდა საქართველოს პირველი რესპუბლიკის გერბი. ეს ერთგვარი სიმბოლური აქტი იყო იმის ნიშნად, რომ ეპოქა შეიცვალა.
2019 წელს კი, პირველად შეიქმნა ქართველი სამხედრო მოღვაწის და ეროვნული გმირის ქაქუცა ჩოლოყაშვილის საკოლექციო ფიგურა, რომელიც აკა მორჩილაძის მიერ ქაქუცა ჩოლოყაშვილის შესახებ დაწერილ ტექსტთან ერთად რამდენიმე ასეულ ადამიანს გაეგზავნა. კამპანიას დიდი გამოხმაურება მოჰყვა და მომდევნო წელს თიბისიმ კიდევ 10 ქართველი გმირის ფიგურა შექმნა.
„გმირებში ის ადამიანები იგულისხმებიან, რომლებსაც დიდი წვლილი მიუძღვით საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში, და ზოგადად, მომავლის, საზოგადოების განვითარებაშიც დიდი როლი აქვთ,“ – გვიყვება საშა მაყაშვილი.
2021 წელს თიბისის კამპანიის ფარგლებში მიშა ჩარკვიანისა და დავით ხორბალაძის რადიოსპექტაკლი „პირველი აქტი“ შეიქმნა, რომელშიც მსახიობები – კახა კინწურაშვილი, ნინო კასრაძე და მერაბ ნინიძე მონაწილეობდნენ. რადიოსპექტაკლი პოდკასტის სახით განთავსდა სოციალურ ქსელში და მისი თემატიკა თავისუფლებას უკავშირდებოდა. განსაკუთრებულია ფაქტი, რომ სპექტაკლი „თიბისის“ Facebook გვერდზე 26 მაისს 17:10 საათზე განთავსდა, სწორედ იმ დროს, როცა საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა.
თიბისისთვის მნიშვნელოვანია, რომ ასეთი კამპანიები ახალი თაობისთვის რელევანტური იყოს, რისთვისაც მუდმივად ახალ გზებისა და გამომსახველობითი ფორმების ძიებაშია.
„ჩვენი განვითარების მე-4 ათწლეულს ახალი თაობისთვის მრავალმხრივი შესაძლებლობების შექმნას ვუკავშირებთ, რაც აწმყოში განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდას, ახალი პროგრამების ინიცირებასა და ამ კუთხით სხვადასხვა პროექტში ჩვენს აქტიურ ჩართულობას გულისხმობს. ვცდილობთ, ისეთი ფორმები მოვძებნოთ, რომლებიც მათ დააინტერესებს და მათი ცხოვრების ტემპში და ციფრულ სამყაროში კარგად ჩაჯდება,“ – გვეუბნება მაკუნა თავბერიძე.
თიბისის 26 მაისთან დაკავშირებული ყოველი კამპანია საგანმანათლებლო მიზანსაც ატარებს, ამ მხრივ, კი პირველ რიგში ფოკუსში სწორედ ახალგაზრდები არიან, ისინი, ვინც ჩვენს მომავალს, ახლა, აწმყოში ქმნიან.