მონოპოლიური და მონოფსონიური ბაზარი - როგორია პარტიების ხედვები

პუბლიკა

„არის შემთხვევები, როცა დამსაქმებლები, იმისთვის, რომ თავიდან აიცილონ ერთმანეთში პაექრობა, თანხმდებიან დასაქმებულებისთვის დასანიშნი ხელფასების ოდენობაზე თუ ხელფასების ზრდის ან შემცირების კოორდინირებაზე, ასევე იმაზე, რომ არ გადაიბირონ ერთმანეთის თანამშრომლები“, – ამის შესახებ ვკითხულობთ დოკუმენტში „მონოფსონია შრომის ბაზარზე: გამოწვევები და გადაჭრის გზები“.

საქართველოში მოქმედი პროფკავშირული ორგანიზაციების განცხადებით, გან­სა­კუთრე­ბით ჰოს­პი­ტლურ, სა­ცა­ლო ვაჭ­რო­ბის, სა­თა­მა­შო ბიზ­ნე­სის, ტე­ლეკო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის სფე­რო­ებ­ში, სა­დაც ოლი­გოფ­სო­ნი­უ­რი ძა­ლა­უფ­ლე­ბის მქო­ნე კომ­პა­ნი­ე­ბი ოპე­რი­რე­ბენ, რო­გორც წე­სი, კონ­კუ­რენტ კომ­პა­ნიებში, და­ბალ პო­ზი­ცი­ებ­ზე, მსგავ­სი ხელ­ფა­სე­ბი და სა­მუ­შაო პი­რო­ბე­ბი გვხვდე­ბა.

ეს „რა თქმა უნ­და, ერ­თ­მ­ნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად არ მი­უ­თი­თებს დამსაქ­მებ­ლებს შო­რის გა­რი­გე­ბა­ზე, თუმ­ცა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი­ა, ამ სა­კითხზე მო­ნოფ­სო­ნი­ი­დან მომ­დი­ნა­რე პო­ტენ­ცი­უ­რი საფ­რ­თხის პერ­ს­პექ­ტივი­დან შე­ფა­სე­ბაც”, – ვკითხულობთ კვლევაში.

„პუბლიკა” გთავაზობთ პარტიების ხედვებს საქართველოში შესაძლო მონოფსონიურ/მონოპოლიურ ბაზრებთან დაკავშირებით.

პარტიათა შერჩევის მეთოდოლოგიაზე განმარტება იხილეთ ბმულზე.

„ძლიერი საქართველო

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ პროგრამაში აღნიშნულ საკითხზე მხოლოდ მცირე და ზოგადი ინფორმაცია იძებნება, რაც ფარმაცევტულ ბაზარს შეეხება.

„განხორციელდება ჯანდაცვის სისტემის ადეკვატური დაფინანსების მოდელის დანერგვა; ჯანმრთელობის საკითხების გადაჭრაში სადაზღვევო კომპანიების მონაწილეობის მკვეთრი გაძლიერება; ფარმაცევტული ბაზრის რეფორმა და დემონოპოლიზაცია“.

„კოალიცია ცვლილებისთვის“

კოალიციაში ფიქრობენ, რომ მონოფსონიის, მონოპოლიებისა და კარტელური გარიგებების წინააღმდეგ მთავარი მექანიზმი ბაზარზე თავისუფალი კონკურენციაა. თუმცა, იმასაც აცნობიერებენ, რომ ამ ტიპის კონკურენციაც არ გამორიცხავს ყველა რისკს. ამისთვის გაერთიანებაში კიდევ ერთ მნიშვნელოვან გზად ევროკავშირთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციას მიიჩნევენ, თუმცა, ფიქრობენ, რომ ამ რისკების დასაზღვევად მცირე, მაგრამ ეფექტური რეგულაცია და რეგულატორი უნდა არსებობდეს.

„მსგავსი რეგულატორი უნდა იყოს მაქსიმალურად დამოუკიდებელი მთავრობისგან და ანგარიშვალდებული პარლამენტთან, რაც მეტ ჩართულობასა და გამჭვირვალობას უზრუნველყოფს“, – ამბობენ პარტიაში.

 „საქართველოსთვის“

პარტიაში მიიჩნევენ, რომ აუცილებელია ეკონომიკაში სახელმწიფოს როლის გადააზრება, რადგან, მათი აზრთ, სახელმწიფოს აქვს განსაკუთრებული როლი ეკონომიკაში და მისი ცალკეული დარგების განვითარებასა და სტიმულირებაში.

„მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან ეკონომიკურ აქტორებს შორის თავისუფალი და სამართლიანი კონკურენციის გარემოს უზრუნველყოფა მძლავრი ანტი-მონოპოლიური / ანტი-მონოფსონიური პოლიტიკით, რამაც უნდა შექმნას ჯანსაღი კონკურენტული გარემო, დაძლიოს ბაზარზე მონოპოლიების, ოლიგოპოლიებისა და კარტელური გარიგებების არსებობა“, – ამბობენ პარტიაში.

მათი დაპირებით,  მოსახლეობის უზრუნველყოფა მაღალი ხარისხისა და უსაფრთხო მედიკამენტებით მიღწეული იქნება როგორც ხარისხის კონტროლით, ისე მედიკამენტებზე ფასწარმოქმნის სისტემის გაუმჯობესებით, მონოპოლიებისა და „კარტელური“ შეთანხმებების წინააღმდეგ ბრძოლით“.

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ ამომრჩეველს ჰპირდება, რომ დაამარცხებენ  ფასების მაფიას და დაარღვევენ მონოპოლიებს. ამაში კი „მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ფართო საზოგადოებრივ-პოლიტიკური კონსენსუსით ჩატარებული სასამართლო რეფორმა, რომლის შედეგიც იქნება მიუკერძოებელი და ეფექტური მართლმსაჯულება. ის იქნება გარანტი ქვეყანაში კონკურენციაზე დამყარებული საბაზრო ეკონომიკის განვითარების, რომელიც გამორიცხავს მონოპოლიებსა და უსამართლოდ მაღალ ფასებს სხვადასხვა მომსახურებასა თუ პროდუქციაზე“.

„ქართული ოცნება“

„ქართულ ოცნებაში“ მონოპოლიასა და მონოფსონიასთან ბრძოლაში მნიშვნელოვან წინსვლად მიიჩნევენ წამლების გარკვეულ სახეობებზე რეფერენტული ფასების დადგენას, რაც ორი წლის წინ განხორციელდა. თუმცა, სხვა სფეროებში და მათ შორის ფარმაცევტულ ბაზარზე არსებულ გამოწვევებზე კონკრეტული გეგმა არ აქვთ და ამ პრობლემის მოგვარების შანსებს ისევ ეკონომიკურ განვითარებასთან კორელაციაში ხედავენ.

„ჩვენ კანონიც კი შევცვალეთ იმისთვის, რომ სახელმწიფოსთვის მიგვეცა უფლება, პირადად ეწარმოებინა მწარმოებელთან მოლაპარაკებები და ჩვენი ონკოპაციენტებისთვის ინოვაციური მედიკამენტები შეეძინა. ამას გარდა, 7000 მედიკამენტზე დავაწესეთ რეფერენტული ფასი. ამან მოგვცა საშუალება, რომ მოსახლეობის ჯიბიდან გადახდები 200 მილიონ ლარამდე დაგვეზოგა. თუმცა, მედიკამენტების რაოდენობა 10 ათასზე მეტია და რთულია მთლიანად მოიცვა ეს. კარტელურ შეთქმულებებთან ბრძოლა ურთულესია მთელს მსოფლიოში, მაგრამ ჩვენ შევეცდებით, რომ მაქსიმალურად ვიმუშაოთ ამაზე. სტაბილურ ქვეყანაში, სადაც ეკონომიკური ზრდა აღინიშნება, ფასების დარეგულირებაც აუცილებლად მოხდება“, – ამბობენ პარტიაში.

პარტიათა ხედვებს სხვა თემებზე შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე;