„მოტყუება“, „დაჩაგვრა“, „ სასჯელი“ - როგორ აფასებენ მასწავლებლები ახალ სახელფასო პოლიტიკას

პუბლიკა

„ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ამდენი აქტივობის, ამდენი შრომის შემდეგ უბრალოდ მე ვერ აღმოვჩნდებოდი იმ კატეგორიაში, რომელსაც ხელფასი გაეზრდებოდა. უფრო მეტიც, პირიქით, დამაკლდა მთელი 156 ლარით და ასე ვთქვათ, „შემივსეს“ ეს თანხა“.

თბილისი, წამყვანი მასწავლებელი

 

„მოდიოდა არჩევნები და სჭირდებოდათ ზუსტად ასეთი ადამიანების ხმა, ზუსტად ამის გამო გაკეთდა ეს, არაფერი სხვა. მე ვუკავშირებ ერთადერთ ამას, სჭირდებოდათ ისეთი ადამიანების ხმები, ვინც რაღაცა კუთხით გამოჭერილი ჰყავდათ“.

თბილისი, წამყვანი მასწავლებელი

 

„მთავარი პრობლემა, რაც ახლა არის, მასწავლებელი ცდილობს, მაქსიმალურად მეტი საათით დაიტვირთოს. მასწავლებლებს 22, 24 და 25 საათი აქვთ, უბრალოდ 25 საათზე მეტი არ ანაზღაურდება და აღარ იღებენ, თორემ მაგასაც აიღებდნენ. [მასწავლებელი] ორიენტირებულია რაოდენობაზე და არა ხარისხზე“. 

რეგიონი, მენტორი მასწავლებელი.

 

„მაგალითად, ჩემს სკოლაში არის სერტიფიცირებული მასწავლებელი და რას ვერჩი იმ მასწავლებელს? უნდა გამოვგლიჯო ლუკმა, ასე გამოდის“.

რეგიონი, წამყვანი მასწავლებელი

 

2023 წელს წელს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მასწავლებლების სახელფასო პოლიტიკის ცვლილება დააანონსა. გასული წლის ივლისიდან კი პედაგოგებს ახალი სახელფასო ფორმულით დაანგარიშებული ხელფასი დაერიცხათ.

როგორი დამოკიდებულება აქვთ მასწავლებლებს სახელფასო რეფორმასთან დაკავშირებით? რა გავლენა იქონია ახალმა სახელფასო პოლიტიკამ სწავლა-სწავლების პროცესზე?

კვლევის მიგნებები, რომლებიც მასწავლებლების ახალ სახელფასო პოლიტიკას იკვლევდა, აჩვენებს, რომ მასწავლებლებისთვის სახელფასო პოლიტიკის ცვლილება ასოცირდება „მოტყუებასთან“, „დაჩაგვრასა“ და „სასჯელთან“.

უფრო მეტიც, კვლევის მონაწილეებისთვის ეს გადაწყვეტილება საარჩევნოდ მასწავლებლების თემის, ერთი მხრივ უმრავლესობის გულის მოგებაზეა გათვლილი, მეორე მხრივ კი – „აქტიური“ მასწავლებლების პოზიციების დასუსტებაზე.

კვლევის მიგენებები ეყრდნობა მასწავლებლებთან ჩატარებულ სიღრმისეულ ინფრერვიუებიდან და ფოკუსჯგუფებიდან მიღებულ ინფორმაციას.

როგორც კვლევის ერთ-ერთი ავტორი მარიამ დალაქიშვილი აღწერს, ამ რეფორმას კვლევის მონაწილეები ერთმნიშვნელოვნად არჩევნებს უკავშირებენ.

მისი თქმით,  მასწავლებელთა აღქმით, სახელმწიფომ ისინი მოატყუა, როდესაც „უპრეცედენტო მატება“ დააანონსა. რესპონდენტთა თქმით, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის საჯარო განცხადების შემდეგ გაუჩნდათ მოლოდინი, რომ მასწავლებლებს ხელფასი საშუალოდ 500 ლარით გაეზრდებოდათ.

როგორც მკვლევარი აღწერს, ზრდა მართლაც მოხდა, თუმცა ის არ შეხებია ყველა მასწავლებელს – მენტორისა და წამყვანი სტატუსის მქონე მასწავლებლებს დააკლდათ კიდეც ხელფასი ახალი დაანგარიშებით, რის საკომპენსაციოდაც სახელმწიფომ 2 წლის ვადით, დანამატი დაუნიშნა. შესაბამისად, ამ რეფორმამ უფრო მომგებიან პოზიციაში ჩააყენა ე.წ. „უფროსი“ მასწავლებლები, რომლებიც რაოდენობრივად ბევრად მეტნი არიან. სახელმწიფომაც „გათვლა უმრავლესობის გულის მოგებაზე“ გააკეთა.

როგორც კვლევის ანგარიშში ვკითხულობთ, მასწავლებლები თანხმდებიან, რომ ხელფასის მატება იყო აუცილებელი და საათის ანაზღაურების გაზრდას დადებითად აფასებენ. თუმცა ძალიან მკაფიოდ იკვეთება ისიც, რომ რესპონდენტები ახალ სახელფასო ფორმულას არასამართლიანად მიიჩნევენ.

მათი თქმით, ახალ მიდგომაში არ არის გათვალისწინებული „მასწავლებელთა წლების განმავლობაში გაწეული შრომა“, მათ მიერ „განხორციელებული აქტივობები“ და „სიკეთეები“, რაც სკოლისთვის გაუკეთებიათ. განსაკუთრებით მძაფრია უსამართლობის განცდა იმ მასწავლებლების შემთხვევაში, რომლებიც ბოლო ათწლეულის განმავლობაში სქემით განსაზღვრულ უმაღლეს სტატუსს (მენტორი და წამყვანი) მიაღწია.

როგორც კვლევის ავტორი ჰყვება, სახელფასო პოლიტიკის ცვლილება, გარდა მოტყუებულობის და უსამართლობის განცდისა, მენტორი და წამყვანი მასწავლებლებისთვის აქტიური სამოქალაქო პოზიციის გამოხატვის გამო დაწესებულ „სასჯელად“ აღიქმება – „დასჯის ობიექტი გახდნენ აქტიური მასწავლებლები, ეს შემთხვევით არ მომხდარა“.

„რესპონდენტები მიიჩნევენ, რომ ახალი სახელფასო პოლიტიკა ერთგვარი სასჯელია მათი აქტიურობისთვის, რადგან „ისჯებიან“, ისინი, ვინც წლების განმავლობაში სკოლაში ნერგავდნენ სიახლეებს, არაფორმალურ განათლებას, ჰქონდათ სხვადასხვა პროექტი, იყვნენ ტრენერები, ავტორები და ღიად გამოთქვამდნენ აზრსა და სამოქალაქო პოზიციას“.

კვლევის ავტორებმა კვლევის შედეგების წარდგენისას ყურადღება გაამახვილეს იმაზეც, რომ რომ მასწავლებლები ახალ სახელფასო მიდგომას დამაზიანებლად მიიჩნევდნენ, მათ შორის სწავლა-სწავლების პროცესისთვისაც.

როგორც ისინი აღწერენ, ლოგიკა, სადაც საათობრივი დატვირთვა განსაზღვრავს მასწავლებელთა ანაზღაურებას, უბიძგებს „მასწავლებელს, ორიენტირებული იყოს რაოდენობაზე და არა ხარისხზე“. მასწავლებლები ცდილობენ, მაქსიმალურად მეტი საათი აიღონ, რაც უარყოფითად აისახება ჩატარებული გაკვეთილების ხარისხზე.

„საყურადღებოა, რომ კვლევის მონაწილე უფროსი მასწავლებლები, მომატებულ ხელფასთან ერთად ერთგვარ სინდისის ქენჯნას გრძნობენ, რადგან თავადაც აცნობიერებენ, რომ გაზრდილი საათების პირობებში საქმეს სათანადოდ ვერ შეასრულებენ“.

კვლევის შდეგები აჩვენებს, რომ ახალმა სახელფასო მიდგომამ, გარდა საათების განაწილების უხერხულობისა, სკოლებში შექმნა ისეთი მაგალითები,  როდესაც მასწავლებლები ინაწილებენ ისეთი საგნის საათებს, რომელშიც შესაბამისი კომპეტენცია არ აქვთ, ან ხელოვნურად ზრდიან საგაკვეთილო საათების მოცულობას ეროვნულ სასწავლო გეგმაში, რათა მასწავლებლებს მეტ-ნაკლებად ერთნაირი დატვირთვა და, შესაბამისად, ანაზღაურება ჰქონდეთ.

„საათების ამგვარი გაზრდა ან შემცირება, ერთი მხრივ დირექტორებს აძლევს შესაძლებლობას, მასწავლებლებს თანაბარი პირობები შეუქმნას; თუმცა, მეორე მხრივ, უარყოფითად ისახება სწავლა-სწავლების ხარისხზე. ეკონომიკური სარგებლისთვის გაზრდილ საათებში მასწავლებელი ვეღარ ახერხებს მოსწავლის შედეგებსა თუ პროგრესზე თვალის მიდევნებას“.

როგორც მკვლევრები ამბობენ, მასწავლებლებთან ინტერვიუებისას გამოიკვეთა, „ბრძოლა საათებისთვის“ მასწავლებლის პროფესიას უკარგავს მომხიბვლელობას და ძალიან აფერხებს ახალი კადრების მოზიდვას. რესპონდენტთა აღქმით, ამ რეფორმით ახალგაზრდებს სკოლის კარი ჩაუკეტეს.

უფრო კონკრეტულად კი სახელფასო ფორმულა, რომელიც საათების განაწილებაზეა მორგებული, მასწავლებლებს უბიძგებს, უკეთესი ანაზღაურებისათვის საათობრივად რაც შეიძლება მეტად დაიტვირთონ.

მკვლევართა შეფასებით, ეს აქამდე არსებულ ორ, სამ, ან მეტ ვაკანტურ საგაკვეთილო საათს გააქრობს და მათ დატვირთვის შესავსებად სკოლაში არსებული მასწავლებლები გაინაწილებენ. ეს საათები კი ახალგაზრდა მასწავლებლებისთვის გამოცდილების მიღების კარგი შესაძლებლობა იყო.

ფოკუსჯგუფებზე გამოიკვეთა, რომ მასწავლებლებისთვის უფრო სამართლიანი იქნებოდა, სახელმწიფოს გაეზარდა საათის ანაზღაურება ყველასთვის და პარალელურად არ შეეცვალა სტატუსის დანამატი.

ახალმა სახელფასო მიდგომამ კი, მასწავლებელთა აზრით, გარდა იმისა, რომ მთელი არსებული ლოგიკა მოშალა, „წყალში ჩაყარა“ აქამდე გაწეული შრომაც. საყურადღებოა ისიც, რომ წამყვანი და მენტორი მასწავლებლებისთვის ხელფასის შესანარჩუნებლად განსაზღვრული დანამატი არა „ხელფასის მატებად“, არამედ „სამოწყალოდ“ მიცემულ თანხად აღიქმება.

კვლევის საველე სამუშაოები დაიგეგმა და განხორციელდა 2025 წლის იანვარ-თებერვალში.

კვლევის ავტორები არიან მარიამ დალაქიშვილი და ნინო ერემაშვილი.

თვისობრივი კვლევის ფარგლებში ჩატარდა 5 ფოკუსჯგუფი, ჯამში მონაწილეობას იღებდა 30 უფროსი, წამყვანი და მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებელი (24 ქალი – 6 კაცი) თბილისიდან და რეგიონებიდან.

როგორც კვლევის შედეგების წარდგენისას მკვლევრებმა აღნიშნეს, კვლევის შეზღუდვად შეიძლება განვიხილოთ რესპონდენტებზე ხელმისაწვდომობა, ქვეყანაში არსებული კონტექსტიდან გამომდინარე (პოლიტიკური დაძაბულობა, მასობრივი პროტესტები და ა.შ.) მასწავლებლები თავს იკავებდნენ კვლევაში მონაწილეობისაგან. განსაკუთრებით გართულდა იმ მასწავლებელთა დათანხმება, რომლებსაც ყველაზე მეტად შეეხო ხელფასის მატება: ე.წ. „უფროსი“ სტატუსის მქონე მასწავლებლები.

„ამ ჯგუფიდან კვლევაში მონაწილეობას უფრო კრიტიკულად განწყობილი პედაგოგები დათანხმდნენ, შესაბამისად, რეფორმის მიმართ არსებული დადებითი გამოცდილებების და განწყობების სათანადოდ აღწერა ვერ მოხერხდა“, – ვკითხულობთ ანგარიშში.

ანგარიში მომზადებულია „განათლების პოლიტიკის ცენტრის“ ნიერ დიდი ბრიტანეთის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით.

 

როგორ დაანგარიშდება მასწავლებლის ხელფასი ახალი სახელფასო ფორმულით?

ახალი ფორმულით მასწავლებლის ხელფასი დაანგარიშდება ისეთი კრიტერიუმების მიხედვით, როგორებიცაა:

  • მასწავლებლის განათლება და კვალიფიკაცია;
  • საათობრივი დატვირთვა;
  • სამუშაო სტაჟი;
  • დანამატები (კლასის დამრიგებლობა, არაქართულენოვან სკოლაში სწავლება, მთიანი დასახლება და სხვა).

ახალი ფორმულის მიხედვით, გაქრა საბაზო ანაზღაურების აქამდე არსებული ცნება და ნაცვლად ამისა, ანაზღაურება განისაზღვრა საათობრივი პრინციპით, შესაბამისად, რაც მეტია სამუშაო დატვირთვა – მით მეტია ანაზღაურება.

უფრო კონკრეტულად კი საათობრივი დატვირთვის ანაზღაურება სამჯერ გაიზარდა (1 საათი – 94 ლარიდან) და როგორც სამინისტროში განმარტავენ, საერთო ჯამში ამგვარად გაზრდილმა ანაზღაურებამ, ძირითადად, მოიცვა როგორც ძველი დანამატები, ასევე საბაზო ხელფასი.

მნიშვნელოვნად შემცირდა სტატუსის დანამატი. წამყვანი და მენტორი მასწავლებლების დანამატებს შორის დიდი სხვაობა აღარაა, უფროსი მასწავლებლის დანამატი კი აღარ არსებობს.

სტატუსის მიხედვით მასწავლებლები იყოფიან უფროს, წამყვან და მენტორ მასწავლებლებად. თითოეული სტატუსის მოსაპოვებლად პედაგოგებმა დააკმაყოფილეს სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული მოთხოვნები. შესაბამისად, როგორც მასწავლებლები ამბობენ, სახელმწიფომ აღიარა მათი საქმიანობა და მიანიჭა კვალიფიკაცია, რაც წახალისებული იყო შესაბამისი დანამატით.

როგორც მასწავლებლები ამბობენ, ახალმა სახელფასო ფორმულამ სამივე სტატუსის მასწავლებლები დააზარალა და მათ მიერ გაწეული შრომა ავტომატურად უგულებელყო, კერძოდ, უფროსი მასწავლებლის სტატუსი დანამატიანად აღარ ფიგურირებს დოკუმენტში. წამყვან-მენტორ მასწავლებელთა სტატუსის დანამატი მესამედამდე შემცირდა. წამყვანი მასწავლებლის ფუნქციური დანამატი შემცირდა და გახდა 150 ლარი, მენტორი მასწავლებლის – 300 ლარი.

ახალი სახელფასო ფორმულით დაანგარიშებამდე,  სტატუსის დანამატი სრული დატვირთვის შემთხვევაში იყო: წამყვანისთვის 1175 ლარი; მენტორისთვის  1475 ლარი (გადასახადების ჩათვლით).

განათლების სამინისტროს მონაცემებით, მენტორ მასწავლებელთა რაოდენობა შეადგენდა 722-ს, ხოლო წამყვანი მასწავლებლის – 8 658-ს.