მოუსმინეთ სიჩუმეს

პუბლიკა

ავტორი: გიორგი გეთიაშვილი

დოკუმენტური კინოს გადაღება თევზაობას ჰგავს. ორივეს ერთი პრინციპი აქვს: მეთევზემ ჯერ უნდა მოძებნოს ადგილი, სადაც, მისი ვარაუდით, ბევრი თევზია. შემდეგ კი ანკესი დაამაგროს და დაელოდოს იმ იმედით, რომ მისგან საუკეთესო შედეგს ამოიღებს. დოკუმენტალისტი რეჟისორიც, პირველ რიგში, ეძებს თემებს, იკვლევს, სად შეიძლება გამოვიდეს კარგი მასალა. შემდეგ ამაგრებს კამერას და იმედიანად ელოდება, როდის მოხვდება ობიექტივში საინტერესო კადრები. არსებობს მოსაზრება, რომ რეჟისორის უმთავრესი მოვალეობა იმის გადაწყვეტაა – სად დააყენებს კამერას, რომელი რაკურსიდან, რომელი ხედითა და პლანით გადაწყვეტს, შეგვახედოს ამა თუ იმ ამბავს, თუმცა, არსებობს ასეთი მოსაზრებაც, რომ საქართველო იმდენად მდიდარია „სადოკუმენტურე“ მასალით, სადაც არ უნდა ჩართო კამერა, აუცილებლად მოხვდება რაიმე, ძალიან საინტერესო კადრი.

„მოუსმინე სიჩუმეს“ მარიამ ჭაჭიას ახალი დოკუმენტური ფილმია, რომელიც 2016 წელს გამოვიდა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქართულ კინოში თუ რამე საინტერესო და ღირებული იქმნება, პირველ რიგში, ეს დოკუმენტალისტიკაა. იგი აღწერს თბილისის სმენადაქვეითებულთა სკოლა-ინტერნატისა და მისი ერთ-ერთი მოსწავლის ლუკას ცხოვრების გარკვეულ მონაკვეთს.

ფილმი პირველივე კადრიდან გვაგებებს დაფაზე დაწერილ ფრაზას: „ყველასთვის უცნობ სამყაროში ცხოვრობდა ერთი პატარა ბიჭი – ლუკა“, რომლის პარალელურად მთხრობელი გოგონა ტექსტის ილუსტრაციებს აკეთებს. მაყურებელს უკვე ექმნება განცდა, რომ მის წინაშეა კეთილი ამბავი, რომელიც ისევე ტკბილად იწყება, როგორც ზღაპარი. ავტორს თითქოს ენაც საბავშვო შეურჩევიაო. ფილმზე საუბრისას მარიამ ჭაჭიას სახელს არაერთხელ ვახსენებთ დადებით კონტექსტში, ვინაიდან ჩვენ ვხვდებით მთელ რიგ რეჟისორულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ნაწარმოებს გამორჩეულს ხდის. მან გადაიღო საბავშვო დოკუმენტური კინო, რომელიც უფროსებისთვისაც თანაბრად ემოციური და გასაგებია. ჯერ მხოლოდ ნარატორის ფუნქციის გამოყენება იწვევს აღტაცებას. უამრავ ფილმში გვქონია მთხრობლის მაგალითი, მაგიური ხმა, რომელიც თხრობისას არადიეგეტურად, ვოის-ოვერად გასდევს ნაწარმოებს. რეჟისორმა მოინდომა ნარატორის გამოყენება თავის ფილმში და ის სმენადაქვეითებულ ბავშვთა სამყაროს მოარგო, როცა სმენის კომპონენტი გაიტანა და მაყურებელსაც აიძულა ყურის გარეშე, სხვა ფუნქციებითა და ორგანოებით აღექვა ფილმი. ამგვარად სცადა ჩვენი მიახლოება ამ ადამიანების მდგომარეობასთან. მთხრობლის ტექსტის ასეთი ფორმით ჩვენება მრავალი წლით უკან, უხმო კინოს ეპოქაში გვაბრუნებს, სადაც მსგავსი ინტერტექსტები (წარწერები ეკრანზე) ჩვეული მოვლენა იყო და თითქმის ყველა ფილმში გამოიყენებოდა. ეს მხატვრული ელემენტები მომენტალურად დადებითად განგვაწყობს (გვახსენებს რა ნამდვილ კინოს) და მეტად გვაახლოებს შინაარსთან.

ფილმში სკოლა-ინტერნატისა და მისი წევრების ყოველდღიურობის აღწერის შემდეგ, სიუჟეტი ვიწროვდება და კონცენტრირდება ერთ-ერთ სმენადაქვეითებულ პერსონაჟზე, ლუკაზე, რაც დოკუმენტური კინოს კლასიკურ გადასვლას წარმოადგენს. რეჟისორი ფოკუსს აჩერებს ერთ-ერთ ადამიანზე, რომლის ამბავსაც გაგვაყოლებს და მასავით თავგადასავალში გვამოგზაურებს. თავგადასავალი ზუსტად შერჩეული სიტყვაა, ვინაიდან, ლუკას ცხოვრების ეს ეპიზოდი წარმოადგენს მის ზრდასა და განვითარებას. რა მოხდება მაშინ, თუ სმენის უნარებს მოკლებული ადამიანი გადაწყვეტს რიტმის/მუსიკის შეგრძნებასა და დაუფლებას და მარიამ ჭაჭიამ ჩვენ ამ ექსპერიმენტის თანამონაწილე გაგვხადა. და უფრო მეტიც, თუ კარგად დავაკვირდებით ლუკას ქცევებს ეკრანზე, შეიძლება შეგვექმნას შთაბეჭდილება, რომ ის თამაშობს კიდეც, ანუ მის ცხოვრებაში არამარტო ცეკვაზე შესვლა იყო სიახლე, გამოწვევა და გასართობი პროცესი, არამედ ფილმში მონაწილეობაც. ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რამხელა ბედნიერება და ღელვა შეიძლებოდა მოეტანა მისთვის გადაღებებს, მისკენ მიმართულ ამდენ კამერასა და ამდენი ადამიანის ყურადღებას და როცა ამას ვიგრძნობთ, როგორ შეაღწია კინოს ფაქტორმა უშუალოდ ფილმში, მაშინ გადაგვეშლება დოკუმენტალისტიკის მაგია. ნაწარმოების ბოლოს ნაჩვენებია ლუკას უკვე დახვეწილი უნარები მუსიკის აღქმასა თუ ცეკვაში. თუმცა ამის პარალელურად ჩვენ ვგრძნობთ მშობლებისგან თითქმის მიტოვებულ ბავშვს, რომელსაც ცხოვრების ამ ერთმა ეპიზოდმა (დოკუმენტურ ფილმში მონაწილეობამ) და კეთილმა ფერიამ, მარიამ ჭაჭიამ, თავდაჯერება, მომავლისადმი რწმენა და საკუთარი თავის სრულფასოვნად აღქმის უნარი შესძინა.

ამის მაყურებლები კი, კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ საქართველო ოქროს საბადოა დოკუმენტური ფილმის საკეთებლად და ამავდროულად გვყავს კარგი რეჟისორები, რომლებსაც საინტერესო მასალისგან საუცხოო ნაწარმოების გამოდნობა შეუძლიათ.


ფილმის ჩვენება ქუთაისში 26 მარტს, 19:00 საათზე გაიმართება. ქუთაისის საეთაშორისო მოკლემეტრაჟიანი კინოფესტივალი ქუთაისის მერიისა და კინო „საქართველოს“ მხარდაჭერით აწყობს უახლესი ქართული კინოს ყოველთვიურ ჩვენებებს ადგილობრივი მაყურებლებისთვის. ჩვენებას ესწრებიან ფილმების რეჟისორები, პროდიუსერები, მსახიობები და ჯგუფის სხვა წევრები.