მშობლობა XXI საუკუნეში - შეუსრულებელი მისია ► ფემინსტრიმი

პუბლიკა

პროექტს „ფემინსტრიმი” ქალთა ფონდი საქართველოში და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი წარმოგიდგენთ.

მოუსმინეთ თამთა თათარაშვილის პოდკასტს:

ფემინისტური კრიტიკა დიდი ხანია მიემართება იმ პატრიარქალურ გზებს, რომლებიც ისტორიულად აყალიბებდნენ კარგი დედობის სტანდარტებს, არგებდნენ მას ეპოქისთვის დამახასიათებელ დომინანტურ კულტურულ თუ პოლიტიკურ მოთხოვნებს, რომლებსაც არაფერი აქვს საერთო არც დედის, არც ბავშვის საჭიროებებთან. „კარგი დედის“ ცნება და მის მიმართ მოთხოვნები ყველა ეპოქაში იცვლებოდა. მაგალითად, ოჯახის მფარველისა და ბავშვების ერთადერთი აღმზრდელი დედის ხატი, რომელიც დღემდე ახდენს ზეგავლენას ჩვენს აზროვნებაზე და იმაზე, თუ რას ვგულიხმობთ დედობის პროცესში, ისტორიულად ჩამოყალიბდა და გამყარდა რეფორმაციის ხანიდან ვიდრე ინდუსტრიალიზაციამდე.

ფემინისტი ავტორი შერი თურერი წიგნში დედობის მითები, როგორ გამოიგონებს კულტურა კარგ დედას“, მოგვითხრობს, რომ ევროპაში, შუა საუკუნეების შემდეგ, ერთი მხრივ, ბურჟუაზიის კლასის გაჩენამ, მეორე მხრივ, ინდუსტრიალიზაციის პროცესმა წარმოშვა ოჯახი, როგორც ინტიმური კერძო სივრცე და გაამყარა საზღვარი ამ სივრცესა და გარე სამყაროს შორის, რომელიც დღეს ითარგმნება, როგორც ზღვარი პირადსა და პოლიტიკურს, კერძოსა და საჯაროს შორის.

როდესაც საყოფაცხოვრებო პროდუქტის წარმოება ოჯახის ფარგლებიდან გავიდა და ინდუსტიულ წარმოებად იქცა, პროცესმა მოითხოვა, ერთი მხრივ, ანაზღაურებადი სამუშაო ძალა, მუშახელი, მეორე მხრივ, საშინაო შრომის შემსრულებლები, რომლებიც პირველ მათგანს უზრუნველყოფდნენ შინ დასვენებისა და ძალების აღდგენისთვის სათანადო პირობებით. ასევე, მოახდენდნენ ახალი სამუშაო ძალის რეპროდუქციასაც. სწორედ ამ დროს ემთხვევა დედობისა და დიასახლისობის, როგორც ქალის უმთავრესი მოწოდების იდეოლოგიის აღმოცენებაც. ამ იდეოლოგიამ შექმნა ქალების მიერ შინ შრომის, ზრუნვის შრომის შესრულების ბუნებრიობის შესახებ მოსაზრებების საფუძველი. მოგვაწოდა ქალის შრომისთვის ნაკლები ანაზღაურების დაწესების არგუმენტაციაც – ოჯახში მთავარ შემომტანად მამაკაცი დასახელდა. ასევე, გაჩნდა საშინაო შრომის ისეთი გაგებაც, სადაც ეს არ ითვლება შრომად, არ იმსახურებს ანაზღაურებას და ამ ყველაფერმა მოიტანა შემდგომში ქალების ორმაგად (აუნაზღაურებელი და ანაზღაურებად შრომაში) დატვირთვის პრაქტიკაც.

ჩვენს დღევანდელობაში სოციალურ ქსელებში დედობასთან დაკავშირებულ მემებს შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია „მულტიტასკერი“, მრავალფუქნციური დედის ხატი – სხვადასხვაგვარი ჟანრული გადაწყვეტით გამოხატული, მრავალხელიანი დედა, რომელიც ერთი ხელით, მაგალითად, საჭმელს აკეთებს, მეორით -კლავიატურაზე ტექსტს კრეფს, მესამით – საყიდლების ჩანთა უჭირავს, მეოთხით – ბავშვი, მეხუთით – მანქანის საჭე, მეექვსით – სარკე და ა.შ. ეს ჩამონათვალი უსასრულოდ შეგვიძლია გავაგრძელოთ, რადგან ქალისა და დედის ფუქნცია-მოვალეობები მრავალფეროვანი და თან განმეორებადია. ამ იმიჯების პირველწყაროდ შეიძლება მივიჩნიოთ ამერიკული ფემინისტური ჟურნალის „Ms.”-ის პირველი, 1972 წლის გამოშვების ყდაზე დატანილი რვახელიანი ქალი, რომელიც ბუდას ერთგვარი ვარიაციაა და რომელსაც თვალიდან ცრემლიც ჩამოსდის, სავარაუდოდ, ყველა ამ ფუქნციის ერთბაშად დაკისრების გამო. საინტერესოა, რომ თანამედროვე ვერსიებში ეს ცრემლები გამქრალია, უმრავლეს შემთხვევაში ნახატიდან მოღიმარი, გამარჯვებული ქალი შემოგვყურებს. მან შეძლო და ყველაფერს ერთად ახერხებს. არც თუ ისე იშვიათად ამ იმიჯს თან ერთვის სიტყვები „გმირი“, „სუპერძალა“ და ა.შ.

ომნიპოტენტური დედის ხატი არის თანამედროვე დედობის სტანდარტის გამოხატულება. დასავლელი ფემინისტები მას „ნიუმომიზმს“ ან ინტენსიურ დედობასაც უწოდებენ. ამაში იგულისხმება ნორმებისა და პრაქტიკის ერთგვარი ნაკრები, რომლებიც, დედობას პროფესიულ საქმიანობად აქცევს და ამ პროფესიის შემადგენელი ნაწილია ცოდნა ყველა სფეროზე, რაც კი შეიძლება ბავშვის აღზრდის გზაზე შემოგვხვდეს – განვითარების თეორიებით და საბაზისო პედიატრიული ცოდნით დაწყებული, ბავშვის მოვლის საშუალებებისა თუ სათამაშოების ქიმიური შემადგენლობით დასრულებული. ნიუმომიზმი, ერთი შეხედვით, ხაზს უსვამს დედების გაძლიერებას, მათი როლის წინ წამოწევას, მაგრამ, სინამდვილეში, აწესებს სრულყოფილების იმგვარ სტანდარტს, რომელიც ჩვენი შესაძლებლობების მიღმაა. ნიუმომიზმს ფემინისტები მიიჩნევენ პირდაპირ შთამომავლად და თანამედროვე, მოდურ ვერსიად იმისა, რასაც ბეტი ფრიდანი „ფემინურობის მისტიკას“ უწოდებდა. ნიუმომიზმმა ამ მისტიკას კიდევ ერთი ილუზია – არჩევნის თავისუფლების ილუზია შეჰმატა. ერთი მხრივ, ჩვენ ემანსიპირებული ქალები ვართ, რომლებიც თავისუფლად ვაკეთებთ არჩევანს კარიერასა და ოჯახს შორის, თუმცა, თუკი ორივეს ერთად თანაბარი წარმატებით ავაგებთ და წავუძღვებით, სწორედ მაშინ მივიღებთ სუპერგმირისა და სრულყოფილი ქალის სტატუსს. როგორ აქცია ეს არჩევანი ილუზიად ფემინიზმის კაპიტალიზმთან „ქორწინებამ“, შეგიძლიათ ნენსი ფრეიზერთან წაიკითხოთ, ან „ფემინსტრიმის“ კიდევ ერთი ავტორის, თამარ ჯაყელის პოდკასტს მოუსმინოთ. მე შევეცდები ნიუმომიზმის ქართულ კონტექსტზე მოგიყვეთ.

პანდემიის პირობებში, როცა ბავშვის აღზრდის შემადგენელმა ყველა პროცესმა ერთ სივრცეში, უშუალო მეურვეების/მშობლების ხელში გადაინაცვლა, ფეისბუქზე, დედების ჯგუფებში უფრო აქტიურად ვიდრე აქამდე, დაიწყეს წერა იმ სტრესზე, რომელსაც წარმოშობს მშობლისა და ბავშვის ცხოვრების ყველა ასპექტის ერთ დახურულ სივრცეში თავმოყრა. დედები უფრო ხშირად ახსენებდნენ დანაშაულის განცდას, იმის გამო, რომ ყველა პასუხისმგებლობას თავს ვერ ართმევენ. ხშირად იწერებოდა სიტყვა „სტანდარტი“, რომელმაც არნახულად ქვემოთ დაიწია. პანდემიამ ნათელი გახადა, რომ წარმატებული მულტიფუნქციურობა უმრავლეს შემთხვევაში სხვა, დამხმარე, ან დაქირავებული ქალების – ძიძების, დამლაგებლების, დიასახლისების, სკოლის მასწავლებლების, საბავშვო ბაღის აღმზრდელების და ა.შ. – შრომის ფასად მიიღწევა, რომლებიც, როგორც წესი, „წარმატებული“ და ბედნიერი ოჯახური ფოტოს ფოკუსში არ ხვდებიან ხოლმე. უჩინარობის გარდა, ზრუნვის შრომა  ეკონომიკურად ერთ-ერთი დაბალანაზღაურებადი და არასტაბილური საქმიანობაცაა. ძიძები, მაგალითად, პანდემიის პერიოდშიც ყველაზე არასახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ,  როცა სახელმწიფოს მიერ გაცემულ ერთჯერადი  კომპენსაციის სიაში ვერ მოხვდნენ.

რას ნიშნავს დედობის მაღალი სტანდარტი ჩვენს კონტექსტში, აქ და ახლა? ერთი მხრივ, ეს არის მშობლების/დედების წინაშე მდგარი ამოცანები, რომლებიც მეოცე საუკუნის ბოლოს გლობალურმა თუ პოსტსაბჭოთა სივრცისთვის დამახასიათებელმა, რეგიონულმა ცვლილებებმა მოიტანა და რომლებიც არ იდგა გამოწვევების სახით წინა თაობების მშობლების წინაშე. მაგალითად, საბჭოთა ეკონომიკის პირობებში არსებული გრძელვადიანი სტაბილურობის განცდა, საბაზრო ეკონომიკის არასტაბილურობამ ჩაანაცვლა, სადაც წინასწარ არასდროს იცი, სად იქნები რამდენიმე წლის შემდეგ და რამდენად შეძლებ შენი შვილ(ებ)ის საჭიროებათა დაკმაყოფილებას. ასევე, სავალალო ეკოლოგიური მდგომარეობა, რომელშიც ჩვენ და ჩვენს შვილებს გვიწევს ცხოვრება და რომელიც ჩვენმა მშობლებმა მემკვიდრეობით დაგვიტოვეს, სწორედ იმიტომ რომ გარემოს დაცვა მათთვის არასდროს ყოფილა პრიორიტეტი, გვიქმნის სხვადასხვაგვარ საფრთხეს, რომელიც ჩვენს და ჩვენი შვილების ჯანმრთელობას ემუქრება და ა.შ. მსგავს პრობლემათა ჩამოთვლა კიდევ მრავლად შეიძლება.

თუმცა, ერთია გლობალური ცვლილებების მიერ მოტანილი გამოწვევები და მეორე – ის, თუ როგორ ითარგმნება ისინი მშობლობის პროცესში, რამდენად არსებობს მათზე ცოდნა, ან ამ ცოდნაზე, ამ პრობლემებთან გამკლავების  სტრატეგიებზე ხელმისაწვდომობა. იმ დროს, როცა დედების ჯგუფებში, ე.წ. „საშუალო კლასის“ მშობლები ვწუწუნებთ იმაზე, თუ რა რთულია დღეში რამდენჯერმე დაითანხმო შვილები ჰიგიენის პროცედურების დაცვაზე, საქართველოში მცხოვრებ 29800 ბავშვს არ აქვს პირობები რომ სახლში წყლითა და საპნით დაიბანოს ხელი, 50000-ზე მეტს კი ხელი არ მიუწვდება ხარისხიან ინტერნეტზე, რასაკვირველია, არც მათ მშობლებს აქვთ საშუალება დანარჩენებს ხმა მოგვაწვდნინონ და მათეული მშობლობის „სტანდარტზე“ დაიწუწუნონ ჩვენს ჯგუფებში. იმ დროს, როცა ჩვენ სოციალურ ქსელში ერთმანეთს რჩევას ვთხოვთ მზისგან დამცავი რომელი მალამო სჯობს შევიძინოთ ბავშვისთვის, სადღაც, ჩვენგან არც თუ ისე შორს, ბავშვები დღიურ მუშად მიდიან მზის გულზე სამუშაოდ, რომ ავადმყოფი ოჯახის წევრები გამოკვებონ.  რასაკვირველია, ამ პირობებში დედობის რომელიმე უნივერსალურ სტანდარტზე საუბარი უბრალოდ შეუძლებელი ხდება. ის, რაც დედების ერთი ჯგუფისთვის სტანდარტია, მეორისთვის – მიუღწეველი პრივილეგიაა.

თუკი, ერთიან სტანდარტზე გვსურს საუბარი, ის უნდა იყოს იმგვარი, რომელიც ამოავსებდა სოციალურ ჯგუფებს შორის არსებულ უფსკრულებს და ეს პირველ რიგში სახელმწიფოს ფუნქციაა. მშობლისა და ბავშვის ადეკვატურ განათლებაზე, უსაფრთხო და თანამედროვე პედიატრიულ მომსახურებაზე, გამართულ სოციალურ სერვისებზე და ა.შ. ხელმისაწვდომობა, ის სისტემური საკითხებია, რომლებზეც, მშობლის გარდა, სახელმწიფოს მიერ შემუშავებული შესაბამისი სოციალური პოლიტიკა უნდა ზრუნავდეს. ბავშვზე ზრუნვის სისტემასა და მასში სახელმწიფოს როლზე ძალიან საინტერესო და ფემინისტური დღის წესრიგისთვის მნიშვნელოვან თვალსაზრისს გვთავაზობს სოციალური მუშაკი და ფემინისტი აქტივისტი, ქეთევან ხუციშვილი თავის ბლოგში „ბავშვზე ზრუნვის სისტემა ანუ ქალები ქალების წინააღმდეგ“. ბლოგი მოგვითხრობს იმაზე, თუ როგორ უპირისპირებს სახელმწიფო ერთმანეთს ბავშვზე მზრუნველ ქალთა სხვადასხვა ჯგუფებს, გაუმართავი სოციალური სერვისებისა და ადამიანის უფლებათა დარღვევების ფონზე. ბავშვზე ზრუნვის სისტემის გამართვის ნაცვლად სახელმწიფოს მაღალჩინოსნები, ბოლო დროს, საგანმანათლებლო სისტემაში მილიტარისტული აღზრდის დანერგვაზე ალაპარაკდნენ და ამას ბავშვების სიჯანსაღის სახელით ამართლებენ. სწორედ ეს არის სახელმწიფოს მხრიდან  „ბავშვის საჭიროებების“ სახელით სპეკულირების ნათელი მაგალითი.

ჩემი პოზიციის სიცხადისთვის, დავაზუსტებ, რომ ოჯახის ეკონომიკური თუ სოციალური პრივილეგირებულობა ბავშვის უფლებების დაცვის გარანტი ნამდვილად არ არის და სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი სახელმწიფოს მხრიდან ძლიერი სოციალური ზრუნვის სისტემის ჩამოყალიბება.

ამჟამად, სახელმწიფოს მხრიდან ბავშვის თუ დედის საჭიროებათა უგულვებელყოფის პირობებში, არცერთი სოციალური ფენის მშობელი არ არის დაცული იმისგან, რომ მისი შვილი არ იქცევა მსხვერპლად და ამას ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიც ადასტურებს, როცა თინეიჯერებს შორის ძალადობრივი კულტურის არსებობას ტრაგიკულ შედეგებამდე მივყავართ. „მცდელობა, იყო „კარგი დედა“ საზოგადოებაში, რომელიც არ აფასებს შენი შვილის სიცოცხლეს ან თვითრწმენას, დედობის ისედაც არარომანტიკულ ამოცანას ჰეროიკულ აქტად აქცევს“[3] – წერს ფემინისტი ფილოსოფოსი სარა რუდიკი, ჰეროიზმისა და სუპერდედობის მოთხოვნა იმ მედლის ერთი მხარეა, რომელიც, მეორე მხრივ, ბავშვის აღზრდაში ყველა შესაძლო ჩავარდნის შემთხვევაში, პირველ რიგში დედას დაადანაშაულებს ხოლმე. ასეთ დროს, ინდივიდუალურ პასუხისმგებლობაზე საუბრის ნაცვლად, უფრო  მნიშვნელოვანია პრობლემის სისტემური მხარის იდენტიფიცირება და მის გარდაქმნაზე მუშაობის მოთხოვნა.