გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17-ივე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

პუბლიკა

მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაღუპულ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17-ვე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, რაც სასამართლომ სრულად გაიზიარა.

მათ გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობას, თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურ ძალადობას ედავება.

როგორც გუშინ გავრცელებულ განცხადებაში პროკურატურა აღნიშნავდა, მომხდარი ცემისა და თავდასხმის ფაქტები დასტურდება შემთხვევის ადგილზე მყოფი პირების გამოკითხვებით, ასევე ვიდეოკამერების ჩანაწერებით.

უწყება არაგვის ხიდის მიმდებარედ მომხდარ ეპიზოდზე წერს, რომ ვიდეო-სათვალთვალო ჩანაწერებით დგინდება, 14 პირი როგორ დაესხა თავს გიორგი შაქარაშვილს, გ.ა.-ს, გ.ქ.-ს, ვ.ა.-ს, ი.ბ.-ს და კ.ღ.-ს. უწყება აქვე აკონკრეტებს იმას, რომ მათ ამ დროს სამ პირზე – კ.ღ-ზე, გ.ქ.-ზე და ვ.ა-ზე განახორციელეს ძალადობა, რის შემდეგაც უკვე ნაცემ  კ.ღ-ს, გ.ქ.-ს და ვ.ა-ს და ასევე მათთან ერთად გაქცეულ გიორგი შაქარაშვილს და გ.ა.-ს გამოედევნენ ფიზიკური ანგარიშსწორების მიზნით.

პროკურატურა წერს, რომ გიორგი შაქარაშვილის ცხედარზე დანიშნულია სამედიცინო ექსპერტიზა, რომლითაც დადგინდება გარდაცვალების მიზეზი. მათი თქმით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიღებისა და გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზის დადგენის შემდეგ აღნიშნულს მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება.