დიდი ხნის პაუზის შემდეგ, გია ყანჩელის ერთადერთი ოპერა – „და არს მუსიკა“, ბონის საოპერო თეატრში იდგმება.
ომით განადგურებული დედამიწა. კულტურა, რომლის მთავარი ემოციური კოდი ოდესღაც მუსიკა იყო, დავიწყებულია… ბრმა მევიოლინე საყვარელ ინსტრუმენტს შენობის ნანგრევებში პოულობს და დაკვრას იწყებს. მას იმედი აქვს, რომ ომს გადარჩენილი ბავშვები მუსიკას გამოეხმაურებიან და ამღერდებიან… და ეს სიცოცხლის პირველი და უტყუარი ნიშანი იქნება!
საოცარია, მაგრამ გია ყანჩელის 1983 წელს დაწერილი ერთადერთი ოპერა – „და არს მუსიკა“, დღეს უფრო აქტუალურია, ვიდრე იმავე 1983 წელს, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში დადგმული ავანგარდული წარმოდგენა, რომლის რეჟისორი მსოფლიოში უკვე კარგად ცნობილი რეჟისორი, რობერტ სტურუა იყო. მხატვრობა და სცენოგრაფია გოგი ალექსი-მესხიშვილს ეკუთვნოდა, ხოლო დამდგმელი დირიჟორი, ჯანო კახიძე არა მხოლოდ საოპერო სპექტაკლის დირიჟორი, არამედ ამ ოპერის მთავარი დამკვეთი აღმოჩნდა.
სწორედ ჯანო კახიძის ძალისხმევითა და რჩევით დაწერა გია ყანჩელმა ოპერა, რომლის ლიბრეტო რობერტ სტურუამ შექმნა და ერთგვარი შექსპირული ტრაგედიების მსგავსი აპოკალიფსით შემოსა. გავა რამდენიმე წელი და განადგურებული დედამიწის მეტაფორას ის გაიმეორებს „მეფე ლირის“ ფინალში, როცა კორდილიას სიკვდილის შემდეგ ლირის მთელი სამეფო, ანუ მთელი სამყარო თეატრალური დეკორაციების მსგავსად, მაყურებლის თვალწინ დაინგრევა.
გია ყანჩელის ოპერას მაყურებელი მალე ბონის საოპერო თეატრში იხილავს, რომლის პრემიერა მაისში გაიმართება. დადგმის ინიციატორია ჯგუფი FOKUS/ 33, რომელიც კულტურისა და მუსიკის ისტორიკოსების, მუსიკის პროდიუსერებისა და მკვლევარი კრიტიკოსებისგან შედგება. ეს ჯგუფი ბონის საოპერო თეატრთან თანამშრომლობს და იკვლევს შედარებით იშვიათად დადგმულ, ან დავიწყებულ ოპერებს. ასევე, ხელს უწყობს მათ სცენაზე გაცოცხლებას.
ჯგუფის მიზანია „ამ აღმოჩენებით საოპერო დადგმის ახალი გზები მონახოს და XX -XXI საუკუნეების საოპერო ლანდშაფტი გამოაცოცხლოს“. აკადემიური კვლევის სერიაში FOCUS/33-მა გადაწყვიტა, რომ დიდი ქართველი კომპოზიტორის, გია ყანჩელის ამ ერთადერთი ოპერით 2025 წელი გერმანიისთვის გამორჩეული გახადოს. მათი ყურადღება სწორედ ოპერის აქტუალურობამ და ყანჩელის მუსიკის შინაგანმა ძალისხმევამ მიიქცია.
სპექტაკალის პრემიერას თან ახლავს გარკვეული პრეისტორიებიც: აკადემიური საუბრები, ფილმების ნახვა და გია ყანჩელის მუსიკის პოპულარიზაცია; მაყურებლისა თუ მსმენელი აუდიტორიის ჩართულობის გაზრდა და ა.შ. მოკლედ, ქოცურ ენაზე რომ ვთარგმნოთ, გერმანელები ქართველობასთან ერთად, გია ყანჩელის მუსიკასაც გვართმევენ. აღსანიშნავია, რომ 90-იან წლებში ოპერა „და არს მუსიკა“ ისევ გერმანიაში, ვაიმარში დაიდგა, თუმცა მას შემდეგ ოპერის მოყვარულებს მისი მოსმენის შესაძლებლობა აღარ ჰქონიათ. ამდენად. 30-წლიანი პაუზის შემდეგ, ამჯერად გერმანიის დედაქალაქის ოპერის სცენაზე დაიდგმება.
როგორც ბონის საოპერო თეატრის პრერევიუ გვამცნობს:
„დრამატული ექსპრესიულობითა და ესქატოლოგიური შინაარსით, გია ყანჩელის „და არს მუსიკა“ დღეს აღიქმება როგორც გიგანტური ფრესკა, მარადიულობასთან დაკავშირებული იგავი ხელოვნებისა და ომის შეუძლებელი თანაარსებობის შესახებ“.
დიახ, ეს არის ოპერა-იგავი, რომელიც გარკვეულწილად, მოგვაგონებს შუა საუკუნეების მისტერიას. ყანჩელის პარტიტურა ფერადი და ჟღერადი ტილოა, დაწყებული დახვეწილი ფონური მუსიკითა თუ ალუზიებით პოპულარულ მუსიკალურ ჟანრებიდან და დამთავრებული რომანტიული იტალიური ოპერის პაროდიებით. გია ყანჩელი საგუნდო მუსიკის ოსტატია და მის პარტიტურაში განსაკუთრებით თვალში საცემია საბავშვო-საგუნდო მუსიკის გამჭვირვალობა და ერთგვარი, მინავლებული კონტრაპუნქტიც.
მიტოვებული და უმწეო ადამიანი, თანაც გამანადგურებელი ომის გარემოში – ეს არის კომპოზიტორის ოპერის მთავარი მოტივი.
ყანჩელი სხვა თანამედროვე კომპოზიტორებზე უფრო ღრმად შეეხო არსებობის ამ ბნელ მხარეს. თუმცა, ცხოვრება მხოლოდ დამთრგუნველი ხმებით სავსე არ არის. ის სავსეა და გამდიდრებული მუსიკითაც, რომელსაც ოპერაში მეტწილად ვიოლინო გამოსცემს. ყანჩელმა დრამატული ლიბრეტო თავისი მელანქოლიური, ეული ბგერების სინაზით შეავსო. საერთაშორისო მასშტაბით ის ძირითადად ცნობილია თავისი სიმფონიებითა და კამერული ნაწარმოებებით…თუმცა, ასევე დაწერა ერთადერთი ოპერა – „და არს მუსიკა“, რომელსაც მალე გავეცნობით“.
FOKUS/33-მა ოპერის დასადგმელად უკრაინელი რეჟისორი მაქსიმ

დიდენკო მიიწვია. რეჟისორი, ქორეოგრაფი და მოცეკვავე, სამოქალაქო აქტივისტი, დიდი ხანია ცხოვრობს და მუშაობს გერმანიაში. 2005 წელს დაამთავრა პეტერბურგის თეატრალური აკადემია. 2009 წლამდე მუშაობდა მსახიობად პეტერბურგში, ხოლო მოგვიანებით ცნობილ თეატრ „დერევოში“. მონაწილეობდა სხვადასხვა არტ-პროექტებში და მუშაობდა კიევის თანამედროვე ხელოვნების ცენტრში; ასევე პრაღაში, ლონდონსა და ჩიკაგოში. მოგვიანებით გერმანიაში, დრეზდენის სახელმწიფო თეატრსა და მანჰაიმის საქალაქო თეატრში.

ოპერის დამდგმელი დირიჟორია გერმანელი დანიელ იოჰანეს მაიერი, რომელსაც ბონის საოპერო თეატრთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. ასევე თანამშრომლობს ბაიერნის საოპერო ფესტივალთან, ბერლინის „კომიშე ოპერასთან“ და ბრემენის მუსიკალურ თეატრთან.