ნიდერლანდებში დელფტის კამერული მუსიკის ფესტივალზე პირველად შესრულდა მუსიკალური მონოდრამა „მარო“ – მეცო–სოპრანოს, სიმებიანი კვარტეტისა და ფორტეპიანოსათვის.
აგვისტოს დასაწყისში სამხრეთ ჰოლანდიის პატარა ქალაქი დელფტი (შუა საუკუნეებში დაარსებული ქალაქი ცნობილია თავისი ავთენტური, შესანიშნავად შენახული არქიტექტურული ცენტრით, ცნობილი ფერმწერის, იან ვერმეერის სახლ–მუზეუმითა და ტექნოლოგიური უნივერსიტეტით) კამერული მუსიკის მოყვარულების თავშეყრის ადგილად იქცევა ხოლმე. უკვე 25 წელია, აქ კამერული მუსიკის ფესტივალი იმართება.
ჩვენთვის სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ გასულ წელს ამ ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი ცნობილი ქართველი პიანისტი, მრავალი საერთაშორისო მუსიკალური კონკურსის გამარჯვებული, ნინო გვეტაძე გახდა.
იგი თბილისის კონსერვატორიაში ცნობილი კომპოზიტორისა და პიანისტის, ნოდარ გაბუნიას კლასში სწავლობდა. უკვე ათ წელზე მეტია, მეუღლესთან, კლარნეტისტ ლევან ცხადაძესთან ერთად, ჰოლანდიაში ცხოვრობს და საკონცერტო შემოქმედებას ეწევა. 2012 წელს მათი ერთობლივი კონცერტი თბილისში ცნობილმა ფრანგულმა მუსიკალურმა არხმა, Mezzo-მ რამდენჯერმე უჩვენა.
დელფტის მუსიკალური ფესტივალის გამორჩეულ მოვლენად 2022 წელს იქცა მუსიკალური მონოდრამა „მარო“ – მეცო–სოპრანოს, სიმებიანი კვარტეტისა და ფორტეპიანოსათვის. მას საფუძვლად დაედო ეროვნული გმირის, 1921 წელს კოჯრის მისადგომებთან რუსეთის მეთერთმეტე არმიასთან ბრძოლისას დაღუპული მარო მაყაშვილის დღიურის ჩანაწერები. მარო მაყაშვილი პირველი ქალია, რომელსაც საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.
სხვათა შორის, დელფტის ფესტივალს, რომელიც ორი კვირის განმავლობაში გრძელდება, ერთგვარი ტრადიცია აქვს: ყოველ წელს რომელიმე ახალგაზრდა კომპოზიტორს უკვეთენ მუსიკალურ ნაწარმოებს და ის ფესტივალზე სრულდება. მაგალითად, გასულ წელს ახალგაზრდა ქართველმა კომპოზიტორმა, ალექსანდრე კორძაიამ შექმნა კამერული მუსიკალური ნაწარმოები ორკესტრისათვის. უკვე მაშინ, ნინო გვეტაძეს დაებადა იდეა, რომ 2022 წლის თემა იქნებოდა „ადამიანები და ამბები“. სწორედ ამ პუბლიცისტურ–მუსიკალური თემის ფარგლებში შესრულდა მუსიკალური მონოდრამა „მარო“.
ნინო გვეტაძის თქმით, როცა მარო მაყაშვილის დღიური ხელახლა გადაიკითხა, მიხვდა, რომ მაროს და მისი დღიურის ამბავი გასაგები იქნებოდა ჰოლანდიელებისთვისაც, რომლებსაც კარგად ახსოვთ მეორე მსოფლიო ომის პატარა გმირი ანა ფრანკი, თავისი დღიურით: „მაროს ამბავი და დღიურში აღწერილი თავგადასავალი – ამბავი გოგოსი, რომელმაც სამშობლოს სიყვარულს შესწირა მთელი თავისი ოცნებები – ადვილი აღსაქმელი აღმოჩნდა მათთვისაც. დღიურები მუსიკას ადვილად დავუკავშირე, რადგან მაროც უკრავდა ფორტეპიანოზე, ოპერაში დადიოდა, რეცენზიებსაც წერდა პატარა ასაკში. ასე დაიბადა იდეა და მალე შემოქმედებითი გუნდიც შემოვიკრიბეთ“.
ამ მონოდრამით ფესტივალმა პატივი მიაგო საქართველოს ეროვნულ გმირს, მარო მაყაშვილს, რომელმაც თავისი ცხოვრებითა და დღიურებით კიდევ ერთხელ შეახსენა ფესტივალის მონაწილეებსა და სტუმრებს თავისუფლებისა და სამშობლოსადმი თავდადების შესახებ. აღსანიშნავია, რომ მუსიკა და ვიზუალური ანიმაცია ერთდროულად შექმნა ჰოლანდიელმა კომპოზიტორმა, თომას ბაიერმა.
ხუთნაწილიანი ტექსტი მონოდრამისთვის, რომელშიც სალომე ბენიძემ შექმნა, მნიშვნელოვანი ისიც იყო, რომ ტექსტი არ ყოფილიყო ზედმეტად ჰეროიკულ–პატრიოტული. ამიტომაც მასში მაროს პირადი, ლირიკულ–ინტიმური ამბებიც ჩაურთო. ორიგინალური და კონცეპტუალური რეჟისურა გერმანელ კლაუს ბერტიშს ეკუთვნის. მაროს სოლო პარტიას მეცო–სოპრანო ნანა ძიძიგური ასრულებს, რომელიც გერმანიის რამდენიმე საოპერო თეატრში წამყვან პარტიებს მღერის. სოლოს ფორტეპიანოზე თავად ნინო გვეტაძე ასრულებს, ხოლო კამერულ–მუსიკალურ ფონს ჰოლანდიური Meccore String Quartet ქმნის.
ფრაგმენტი მარო მაყაშვილის დღიურიდან: „ეს დღე, 26 მაისი, ისტორიულია ჩვენს ცხოვრებაში. ამ დღეს შესრულდა ნახევარი წელიწადი, რაც საქართველოს თავისუფლება აღიარეს. მთელმა ქართველობამ თბილისისა თავი შეიყარა სასახლის წინ. აქ მოხდა „პარადი“. ყოველი ქართველი გრძნობდა თავს თავისუფლად. აღტაცების ღიმილი უკრთოდა ყოველს და თითქოს ეს ეწერათ – „ოჰ, ძლივს გვი ეღირსა, გვეღირსა! გვეღირსა!“. არა, ნუ ვჩქარობთ, მტერი გარშემო გვყავს და გვითვალთვალებს“…
შეიძლება ითქვას, რომ მარო მაყაშვილის შესახებ შექმნილი მუსიკალური მონოდრამით საქართველომ კიდევ ერთხელ შეახსენა ევროპას ეროვნული გმირი–ქალის შესახებ, რომელიც 1921 წლის რუსულ ოკუპაციას ემსხვერპლა და რომელიც ოცნებობდა სწორედ ევროპაში მოგზაურობაზე, პარიზში სწავლასა და დამოუკიდებელ ქვეყანაში ცხოვრებაზე… მის სურვილებსა თუ ოცნებებს წინ აღდგა რუსული ოკუპაცია, რომელმაც მთელი საქართველოს ისტორია შეცვალა. ამიტომაცაა გამორჩეული და მნიშვნელოვანი დელფტის მუსიკალურ ფესტივალზე მუსიკალური მონოდრამის – „მაროს“ შესრულება ანიმაციის დახმარებით.