ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში პრემიერ–მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, განაცხადა, რომ ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, ორი წლის განმავლობაში (ანუ 2023-2024 წლები) საქართველოში მსოფლიო ვარსკვლავების კონცერტები გაიმართება, საამისოდ კი ქვეყანამ ბიუჯეტიდან 70 მილიონი ლარი უნდა გაიღოს…
„საერთაშორისო ტურიზმის წახალისების მიზნით ჩვენ გვაქვს გეგმა, მომდევნო წლის განმავლობაში ჩამოვიყვანოთ მსოფლიო დონის ვარსკვლავები, შემსრულებლები, არტისტები და ივლის–აგვისტო–სექტემბერში ქვეყანაში გაიმართება მსოფლიო დონის შემსრულებლების კონცერტები Black sea არენასა და სტადიონებზეც“… უკვე გამოცხადებულია 2023 წლის საკონცერტო პროგრამის ნაწილიც.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლების არცთუ რთული ლექსიკით, ეს დაახლოებით ნიშნავს:
1. ჩვენი, გადამხდელების, 70 მილიონიდან ხელისუფლება სინამდვილეში დახარჯავს დაახლოებით შვიდჯერ–რვაჯერ ნაკლებს და დანარჩენს, როგორც სჩვევია, „ატკატებში“ წარბშეუხრელად გაუშვებს;
2. არცეთ ქვეყანაში ექვსი უკვე დასახელებული ჯგუფის – Nile Rodgers & Chic, FKJ, Damian Lazarus, The Killers , All Day I Dream, Imagine Dragons – კონცერტები არანაირი არითმეტიკით არ შეიძლება ღირდეს 70 მილიონი ლარი. ეს აბსურდია!
3. დღევანდელი სოციალური კატასტროფისა და უმუშევრობის ფონზე ასეთი რაოდენობის თანხის კონცერტებში დახარჯვა ეჭვს აღძრავს, რომ ეს ვიღაცებს ფულის გასათეთრებლად სჭირდებათ;
4. ამ კონცერტებით ხელისუფლება ცდილობს, გაუცხოებული ჯენ ზის–თაობა, რომელსაც აქციების დროს „სატანისტებს“ უწოდებს და რომლის ენა მან ვერაფრით აითვისა, როგორმე დაამშვიდოს ან მათი პროტესტის მუხტი ჩაახშოს;
4) პრიორიტეტების აშკარა აღრევაა, როდესაც ხელისუფლება სოციალურად დაუცველ 670 ათას ადამიანს ვერაფერს უხერხებს, აქონდროპლაზმიით დაავადებულ 16 ბავშვს სასიცოცხლოდ აუცილებელი მედიკამენტების გარეშე ტოვებს (არადა, ეს დაახლოებით 6-7 მილიონია), დიაბეტიანი ბავშვებისთვის პრეპარატი არ შემოაქვს და როცა მოსწავლეთა ლამის ნახევარი მშიერი მიდის სკოლაში.
5. რაც მთავარია, ქვეყნის ბიუჯეტის ფულით და ამ კონცერტებით „ქართული ოცნება“ რეალურად წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს, რასაც „ტურიზმის ხელშეწყობას“ უწოდებს, ხოლო რამდენიმე კონცერტით ტურიზმის ინდუსტრია როგორ შენდება, ეს არავის უწყის.
საერთოდ, Black Sea Arena–ს შენახვა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ქართველ ხალხს „აჩუქა“, სინამდვილეში ბევრად ძვირი ჯდება, ვიდრე რამდენიმე საერთაშორისო კონცერტიდან შემოსული თანხის თავგანწირული შეგროვება. იმიტომ, რომ „არენას“ შენახვა ქვეყანას ისევ ბიუჯეტის ხარჯზე უწევს. ამდენად, კამპანია Starring Georgia მაინც საარჩევნო კამპანიის ნაწილია და არ უკავშირდება ტურისტული ინდუსტრიის განვითარების კეთილშობილურ გეგმას.
აქა–იქ გაისმის უცნაური საყვედური, რომ ხელისუფლების ჯინაზე ხალხს არ უნდა წავართვათ, მაგალითად, ცნობილი ამერიკული ჯგუფის, Imagine Dragons–ის კონცერტებისგან მიღებული სიამოვნება. თითქოს წელს ზემოთ მუდამ შიშველი, ქარიზმატული, გეების მეგობრისა და პოპ–ვარსკვლავის, დენ რეინოლდის დანახვას ქოცელექტოტრატი და „ალტინფო“ თვეების განმავლობაში მოუთმენლად ელის… ან ამერიკული ალტერნატიული როკ–ჯგუფის, The Killers-ის სოლისტისა და პერკუსიონისტის, ბრენდონ ფლაუერსის მძაფრი ვოკალი აღელვებთ.
მთელი ეს Starring Georgia-ს კამპანია, რომლის მთავარი და კეთილშობილური მიზანი „ქვეყნის პოპულარიზაცია, საქართველოს ტურისტული, ეკონომიკური და კულტურული პოტენციალის გაძლიერებაა“, სინამდვილეში სასტიკი ფორმებით ეხლება კორუფციის, სიღარიბის, უმუშევრობისა და სოციალური უსამართლობის კედელს. მიღმა დარჩენილ ასიათასობით მოქალაქეს არვინ ჰკითხა, სურთ თუ არა ქვეყნის „ტურისტული პოპულარიზაცია“ 70 მილიონ ლარად, როცა ამ თანხით უამრავი სასიცოცხლოდ აუცილებელი სოციალური, ჯანდაცვის, ან ეკოლოგიური პროექტის განხორციელება შეიძლებოდა.