თამარ ჯაყელის პოდკასტი:
ჩემი პოდკასტების ციკლის მეშვეობით შევეცადე მსმენელისთვის გამეცნო ალტერნატიული ფემინისტური აზრი. გადავწყვიტე ეს ციკლი პირადად ჩემთვის ყველაზე ახლობელი იდეოლოგიით, მწვანე ფემინიზმით დამესრულებინა. პირველ რიგში განვაზოგადოთ – როცა ვსაუბრობთ მწვანე ფემინიზმზე, ვგულისხმობთ კავშირს გარემოსდაცვით საქმიანობასა და ქალთა უფლებებისთვის ბრძოლას შორის. თავად ტერმინი „მწვანე ფემინიზმი“, რომელზეც შევაჩერე არჩევანი, იშვიათად თუ გამოიყენება. შეიძლება უფრო ხშირად გავიგონოთ ტერმინი „ეკოფემინიზმი“, რომელიც მხოლოდ ერთ-ერთი მიმდინარეობაა იმ იდეოლოგიისა, რომელსაც მე „მწვანე ფემინიზმად“ მოვიხსენიებ. გარდა ამ მიმდინარეობისა, ეს პოდკასტი მიმოიხილავს ქალების როლს მწვანე პოლიტიკაში, მწვანეთა პარტიებში, ასევე გარემოსდაცვით აქტივიზმში.
რა კავშირშია საერთოდ ქალთა გაძლიერება გარემოს დაცვასთან? სანამ მე გარემოსდაცვითი საქმიანობით დავინტერესდებოდი და თავს „მწვანედ“ მოვიხსენიებდი, წლებით ადრე ვიყავი გააზრებულად ფემინისტი. თუმცა, ნელ-ნელა, როდესაც მეტი გავიგე კლიმატის კრიზისზე, გახშირებულ კატასტროფებზე, კერძო კომპანიების მიერ ბუნებრივი რესურსების გაჩანაგებაზე და ამ პრობლემების მოსაგვარებლად საჭირო პოლიტიკური ნების არარსებობაზე, დავფიქრდი იმაზე, რომ ქალთა უფლებებისთვის ბრძოლა აუცილებლად უნდა გამეგრძელებინა, ისე, რომ თან გარემოს გადასარჩენად მებრძოლა, რადგან რა აზრი ექნებოდა გენდერულ თანასწორობას, თუკი პლანეტა გამოგვეცლებოდა ხელიდან, განადგურდებოდა ბუნება და ყველას სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრებოდა. დავინახე, რომ შეუძლებელი იყო სოციალური სამართლიანობის მიღწევა გარემოსდაცვითი სამართლიანობის გარეშე. მივხვდი, რომ ყველაფერი ყველაფერ სხვასთანაა კავშირში. ჩვენი სხეული, ჩვენი პლანეტა, ჩვენი ყოველდღიური გადაწყვეტილებები, ჩვენი პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემა, ჩვენი კულტურული და სოციალური ნორმები, ჩვენი სურვილები, ჩვენი მიზნები… – ეს ყველაფერი ერთ დიდ ფერხულშია ჩაბმული. ბალანსი ნელ-ნელა ირღვევა, ფერხული კი ჩაკეტილ წრეს ემსგავსება. აუცილებლად რამე უნდა ვიღონოთ, რადგან ამ პლანეტისთვის ნამდვილად ღირს ბრძოლა. და ამ ბრძოლის მიზანი მხოლოდ გადარჩენა კი არა, უკეთესი, უფრო სამართლიანი, უფრო თანასწორი სისტემების შექმნა უნდა იყოს.
მოდი, საუბარი დავიწყოთ ეკოფემინიზმით. ეკოფემინიზმის მთავარი საკითხი უკავშირდება იმას, რომ ქალთა ჩაგვრა კაცის მიერ დაკავშირებულია ადამიანის მიერ ბუნების განადგურებასთან. საუკუნეების მანძილზე, ბუნება ქალთან იყო გაიგივებული. ვანდავა შივა, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ეკოფემინისტი, წერს, რომ ბუნება და ქალები ორივე პასიურად მიიჩნევიან, სანამ მათ რესურსს კაცი არ აითვისებს. ბუნების შემთხვევაში, კაცი სათავისოდ იყენებს მატერიას, რომელსაც „ბუნებრივ რესურსად“ მოიხსენებს. მაგალითად, კაცი ჭრის და ყიდის ხე-ტყეს. სანამ შეშად არ გადააქცევს, იგი ტყეს ისე აღიქვამს, როგორც პასიურსა და არაპროდუქტიულს. არადა, ტყე სინამდვილეში მუდამ პროდუქტიულია, ადამიანის ჩაურევლად ქმნის ახალ ჟანგბადს, ინახავს მიწისქვეშა წყლებს, მრავალი ცხოველისთვის უზრუნველყოფს საცხოვრებელ გარემოს, იძლევა საკვებს… ქალის შემთხვევაში კი, პატრიარქატი ქალის უმთავრეს ფუნქციად დედობას ხედავს – ქალი მით უფრო გამოსადეგია, რაც უფრო მეტი შვილი ჰყავს, ხოლო ყველა სხვა მიღწევა მეორეხარისხოვანი ან უმნიშვნელოა. ეკოფემინისტებმა დაინახეს, რომ როგორც ქალის რეპროდუქციულ უნარს იყენებს პატრიარქალური სისტემა სათავისოდ, ასევე მუშტრის თვალით უყურებს იგი ბუნებას.
საინტერესოა, რომ ეკოფემინისტები დიდწილად უპირისპირდებიან ლიბერალური ფემინიზმის სურვილს, გაათანაბროს ქალები და კაცები ბიოლოგიური განსხვავებების მიჩქმალვითა და ყოველგვარი განსხვავების სოციალურ წარმონაქმნად მიჩნევით. ეკოფემინისტები ფიქრობენ, რომ გენდერული თანასწორობის სურვილმა რეალურად დააკნინა თვით ფემინურობა, რომელიც თავიდან უნდა განვადიდოთ. საუბარია იმაზე, რომ სხვისი ჩაგვრა, სხვისი დამონება, მიჩნეულია როგორც მასკულინური მახასიათებლები, ხოლო თანამშრომლობა, რესურსების გაზიარება, ურთიერთზრუნვა და ურთიერთდახმარება მიჩნეულია როგორც ფემინური ღირებულებები. ეკოფემინისტები დიდწილად თვლიან, რომ ქალების უნიკალური გამოცდილება, მუცლით ატარონ, დაბადონ და აღზარდონ ახალი სიცოცხლე, ქალებს კაცებზე ბევრად უფრო ახლოს აყენებს ბუნებასთან.
ერთი ციტატა მახსენდება, პოპულარული ფემინისტური სერიალიდან „Fleabag“, რომელსაც ცოტა ხნის წინ ვუყურე. ერთ–ერთი ქალი პერსონაჟი თავის მენოპაუზაზე საუბრობს: „ქალები ვიბადებით თანდაყოლილი ტკივილით. ეს ჩვენი ფიზიკური ბედისწერაა. მენსტრუალური ტკივილი, მკერდის ტკივილი, მშობიარობა… ტკივილს დავატარებთ მთელი ჩვენი ცხოვრება. კაცები კი არა. მათ ტკივილის ძიება უწევთ. ისინი იგონებენ ყველა ღმერთსა და დემონს… და ისინი ეძებენ ომს, რომ იგრძნონ, რომ ერთმანეთს შეეხონ, და როდესაც ომი არაა, მაშინ რაგბის თამაშობენ. ჩვენ კი, ჩვენ ყველაფერი ჩვენივე სხეულში გვაქვს“.
ეს ციტატა ნამდვილად ახლოსაა ეკოფემინისტურ აზრთან, რომ ჩვენი სხეულებრივი გამოცდილება განსაზღვრავს, თუ როგორ კავშირებს ვაბამთ გარესამყაროსთან. ჩვენ, ქალებს, გვიწევს ზრუნვა – ერთმანეთზე, შვილებზე, ოჯახებზე, საზოგადოებაზე, გარემოზე… თუმცა, მე პირადად თავს ეკოფემინისტს მაინც არ ვუწოდებ, მიუხედავად ამ იდეოლოგიისადმი ჩემი პატივისცემისა. მთავარი მიზეზი, რის გამოც ეკოფემინიზმი სხვა ფემინისტებისგან კრიტიკას იმსახურებს, არის მისი ჭარბი ესენციალიზმი, რომელსაც ქალებისა და კაცების განსხვავებები ბინარულ ოპოზიციამდე დაჰყავს და რომელიც არ ცნობს მრავალფეროვნების მთელ სპექტრს. ვგულისხმობ, რომ თუკი ეკოფემინიზმის მოცემულობებს სრულ სიმართლედ აღვიქვამთ და ფანატურად დავიჯერებთ, გამოდის, რომ ნებისმიერი ქალი უფრო მეტად უნდა ზრუნავდეს ბუნებაზე, ვიდრე ნებისმიერი კაცი და რომ ეკოლოგიური მოძრაობა თითქმის მთლიანად ქალების მიერ უნდა იყოს წარმართული. სინამდვილეში, საერთო სურათი ასეთი მარტივი როდია. მართალია გლობალურად ქალები ხშირად მეტად იბრძვიან გარემოსდაცვისთვის, ვიდრე კაცები, და თანაც ფრონტის წინა ხაზებზე, მაგრამ ამას არა ბიოლოგიური, არამედ სოციალური მიზეზი აქვს და მწვანე მოძრაობებში ასევე მნიშვნელოვანია კაცების როლიც. და თუ ჩვენი პლანეტის გადარჩენა გვინდა, აბსოლუტურად ყველა უნდა იყოს ჩაბმული ამ საქმეში, ქალიც, კაციც და გენდერულად არაბინალური ადამიანიც.
კიდევ ერთი საინტერესო ასპექტი ეკოფემინისტური აზროვნებისა არის ის, რომ იგი არამხოლოდ ქალთა საკითხებსა და გარემოსდაცვას აკავშირებს, არამედ ასევე კრიტიკულად უყურებს დომინანტურ ეკონომიკურ და პოლიტიკურ სისტემას, კაპიტალიზმს. გრეტა გარდი და ლორი გრიენი, ეკოფემინისტი ავტორები, ამბობენ, რომ კაპიტალისტური ლოგიკა, რომელიც თავისთავადვე მიდრეკილია რაც შეიძლება მეტი სარგებლის მოპოვებისკენ, თუნდაც ბუნების განადგურების ხარჯზე, შეუთავსებელია როგორც სოციალურ, ასევე გარემოსდაცვით სამართლიანობასთან. ისინი ასევე წერენ: „ჩვენი პლანეტის ყველა პრობლემის სათავე „ბუნებისა“ და „კულტურის“ ერთმანეთისგან განცალკევებაა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა გარდავქმნათ ჩვენი კულტურა – ჩვენი ცხოვრების წესი – ბუნებისადმი მდგრადი და პატივისცემით სავსე მოპყრობით“.
ახლა, როცა განვიხილეთ ეკოფემინიზმი, ასევე მინდა ვისაუბრო იმაზე, რა კავშირშია ქალთა გაძლიერება და ზოგადად მწვანე პოლიტიკა. ტერმინი „მწვანე პოლიტიკა“, თავდაპირველად სრულიად ახლებური პარტიების, მწვანეთა პარტიების აღსანიშნავად გამოიყენებოდა. პირველი სერიოზული წარმატება მწვანეთა პარტიებს 1983 წელს ჰქონდათ, როდესაც მწვანეები დასავლეთ გერმანიის ბუნდესტაგის პარლამენტში უმრავლესობით აირჩიეს. გერმანიის მწვანეთა პარტია ოთხ მთავარ პრინციპს ეყრდნობოდა: გარემოს დაცვას, სოციალურ სამართლიანობას, მშვიდობასა და მონაწილეობით დემოკრატიას. საგულისხმოა, რომ პირველი გამარჯვებისას, გერმანიის მწვანეთა პარტია ტიპური პოლიტიკური გაერთიანება კი არა, სოციალური მოძრაობა იყო, რომლის პოლიტიკასაც სწორედ ის პროტესტის მუხტი განსაზღვრავდა, რომელმაც 60-იანი წლებიდან მოიცვა ევროპა, მათ შორის, გარემოსდაცვითი და ანტიბირთვული პროტესტის ტალღების სახით. აღსანიშნავია, რომ ზოგადად, მწვანეთა პარტიები ხშირ შემთხვევაში ყველაზე მკაფიოდ აცხადებენ თავს ფემინისტურად და მათი მხარდამჭერებიც ხშირად ქალები უფრო არიან. კვლევების თანახმად, არსებობს ასევე კავშირი ადამიანის მიერ საკუთარი თავის ფემინისტად მოაზრებასა და მის მიერ მწვანე პოლიტიკის, გარემოსდაცვითი საკითხების მხარდაჭერას შორის.
დაბოლოს, შეუძლებელია ეკოფემინიზმზე და მწვანეთა პარტიებზე საუბარი ისე, რომ არ გავიხსენოთ პეტრა კელი, ალბათ მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ეკოფემინისტი მწვანე პოლიტიკოსი. პეტრა კელი ჯერ სოციალურ მოძრაობებში იყო ჩართული, შემდეგ კი გახლდათ გერმანიის „მწვანეთა პარტიის“ ერთ-ერთი მთავარი დამფუძნებელი. 1983 წლიდან 1990 წლის ჩათვლით პეტრა კელი ბუნდესტაგის დეპუტატი იყო, მოგზაურობდა მთელ მსოფლიოში და ბევრს საუბრობდა მწვანე პოლიტიკაზე, მშვიდობაზე, სოციალურ საკითხებზე, დასავლეთის პასუხისმგებლობაზე… დღევანდელ პოდკასტს და საერთოდ, ჩემი პოდკასტების ციკლს, სწორედ პეტრა კელის ციტატით დავასრულებ. ეს მხოლოდ ნაწყვეტია 1991 წელს პეტრა კელის მიერ წარმოთქმული სიტყვიდან, რომლის სრულად ნახვა ქართულადაც შეგიძლიათ ელექტრონულად, „მწვანე მუშტის“ ვებგვერდზე. პეტრა კელის სიტყვები ალბათ დღეს კიდევ უფრო აქტუალურია:
„მწვანე პარტიებსა და მოძრაობებში ვფიქრობთ, რომ იმედის საფუძველს მთავრობები არ ქმნიან. იმედის საფუძველს მხოლოდ საბაზისო მოძრაობების, იმ უამრავი ადამიანის ძალისხმევა იძლევა, რომლებიც საერთო მიზნებისთვის შრომობენ. იმედის საფუძველს ქმნის ამ ადამიანების სიძლიერე და თვალსაზრისი, რომ შიშისა და ომისგან თავისუფალი სამყარო შესაძლებელია…
ჩემთვის ფემინიზმი და არაძალადობა მწვანე პოლიტიკის ფუძემდებლურ პუნქტებს წარმოადგენენ. მამაკაცების ხელმძღვანელობით წარმართული რევოლუციები უფრო მეტად ძალაუფლების ცვლილებას ემსახურებოდნენ, სტრუქტურები კი ძირითადად უცვლელად შენარჩუნდებოდა. მამაკაცების მიერ წარმართულ რევოლუციებს თან ახლდათ მათი მარცხისა თუ ჰეროიზმის მტკიცებულებანი (ზამთრის სასახლის დაკავება, ბასტილიის ციხის აღება). ეს რევოლუციები ძირითადად ეფუძნებოდნენ კონცეფციას – „მოკვდი მიზნისთვის“. ქალების მიერ დაგეგმილი ცვლილებები კი უფრო მეტად უკავშირდება გაბედულებას – „იცხოვრე მიზნისთვის!“. ქალები კაცობრიობის ნახევარს შეადგენენ, მათზე მოდის მსოფლიო სამუშაო ძალის მესამედი. მიუხედავად ამისა, ჩვენ, ქალები მსოფლიოს შემოსავლების მეათედს ვფლობთ და ქონების მხოლოდ ერთი პროცენტია ჩვენს განკარგულებაში. მთელი სამუშაო საათების ორ მესამედს ქალები ასრულებენ. ქალები არა მხოლოდ ღარიბების, მშივრებისა და წერა-კითხვის უცოდინარების უდიდეს ნაწილს წარმოადგენენ, არამედ ლტოლვილთა 90 პროცენტიც ქალებისა და ბავშვებისგან შედგება. ტოქსიკური პესტიციდები, ჰერბიციდები, ქიმიური და ატომური დაბინძურება, მჟავე წვიმები და ა.შ. – პირველ ხარკად ჩვეულებრივ ითხოვენ საშვილოსნოს კიბოს, თანდაყოლილი მანკებით დაბადებულთა და მკვდრადშობილთა რაოდენობის ზრდას. ეკოლოგიური წონასწორობის დარღვევის კომპენსირებაც ქალთა მიერ შესასრულებელი სამუშაოა…
დარწმუნებული ვარ, ჩვენ ძალაუფლების ფემინიზაცია და პატრიარქატის ძალაუფლების დაძლევა შეგვიძლია. ჩვენ შეგვიძლია და ვალდებულიც ვართ, მეტი ეკოფემინისტი ავირჩიოთ საჯარო თანამდებობებზე და მეტი პოლიტიკური და თამამი, საზღვრების გადამლახველი ინიციატივის წამოყენება გავბედოთ…
თუ მომავალი საერთოდ არსებობს, ის აუცილებლად მწვანე და ფემინისტური იქნება“.
პროექტს „ფემინსტრიმი” ქალთა ფონდი საქართველოში და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი წარმოგიდგენთ.