სოციალისტური ფემინიზმი: შეწყვეტილი რევოლუცია ► ფემინსტრიმი

პუბლიკა

პროექტს „ფემინსტრიმი” ქალთა ფონდი საქართველოში და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი წარმოგიდგენთ.

მოუსმინეთ თამარ ჯაყელის პოდკასტს:

სოციალური სამართლიანობის მისაღწევად იმ გრძელვადიანი ბრძოლისთვის, რომლის საჭიროებაც წინა პოდკასტში დავსახე, წარსულის კვლევა, სხვადასხვა ისტორიული კონტექსტის გათვალისწინება და ალტერნატიული ფემინისტური აზრის ძიებაა საჭირო. შესაბამისად, ჩემი შემდეგი პოდკასტები მემარცხენე ფემინიზმებს დაეთმობა. კონკრეტულად, დღევანდელ პოდკასტში განვიხილავ მარქსისტულ და სოციალისტურ ფემინიზმს, რომელიც მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარიდან იღებს სათავეს, მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში აღწევს პიკს და დღესაც არ კარგავს აქტუალობას.

მეოცე საუკუნის დასაწყისი მნიშვნელოვანი იყო ქალთა უფლებებისთვის – ქალებმა ხშირ შემთხვევაში თავად მოირგეს რევოლუციონერების როლი და მიაღწიეს კიდეც რადიკალურ ცვლილებებს. თუნდაც საბჭოთა კავშირის პირველი წლების მაგალითი რომ ავიღოთ, გასაოცარ აღმოჩენებს გავაკეთებთ. მაგალითად, ალექსანდრა კოლონტაის, რუსი რევოლუციონერის, საბჭოთა მთავრობის კაბინეტის წევრის, მსოფლიოს პირველი ელჩი ქალისა და ბრწყინვალე თეორეტიკოსის ტექსტები იმდენად რადიკალური და თამამია, რომ პირველად რომ წავიკითხე, რთულად დავიჯერე, რომ 100 წლის წინ, საბჭოთა კავშირში – რომელსაც მანამდე ცალსახად მხოლოდ ისე ვხედავდი, როგორც ტოტალიტარულ სახელმწიფოს – დაწერა და ცენზურის გარეშე გაავრცელა ისინი ავტორმა. 8 მარტიც, დღე, რომელსაც დემონსტრაციებით აღვნიშნავთ ფემინისტები თითქმის ყველა ქვეყანაში, მოვითხოვთ რა სხვადასხვა პოლიტიკურ, სოციალურ, კულტურულ თუ ეკონომიკურ ცვლილებას, რეალურად სოციალისტურ ფემინიზმთანაა დაკავშირებული. 8 მარტის, როგორც ფემინისტური დღესასწაულის დაწესება, კლარა ცეტკინს, გერმანელ სოციალ-დემოკრატს, ქალთა უფლებებისთვის მებრძოლსა და ერთ-ერთი პირველი ფემინისტური ჟურნალის გამომცემელს უკავშირდება. სწორედ მისი ინიციატივით დააწესა კოპენჰაგენში ჩატარებულმა სოციალისტ ქალთა საერთაშორისო კონფერენციამ 8 მარტი ქალთა საერთაშორისო სოლიდარობის დღედ, 1857 წელს ნიუ იორკში მომხდარი მშრომელი ქალების პირველი გაფიცვის დღის აღსანიშნავად.

რა იდეები ჰქონდათ სოციალისტ ფემინისტებს, რას მიაღწიეს და რა ბედი ეწიათ მათ და მათ იდეებს საბოლოოდ? სად არიან სოციალისტი ფემინისტები დღეს და რა აქტუალობა აქვთ მათ იდეებს? სწორედ ამ კითხვებზე ეცდება ჩემი პოდკასტი პასუხების პოვნას.

სოციალისტური ფემინიზმი, პატრიარქატთან და მისგან გამომდინარე კულტურულ ჩაგვრებთან ერთად, გენდერული უთანასწორობის მიზეზად კლასობრივ ჩაგვრასაც ხედავს. სოციალისტ ფემინისტებს თუ დავუჯერებთ, ქალთა ჩაგვრას ორი მთავარი წყარო აქვს – ეკონომიკური და კულტურული. შესაბამისად, თუ ქალებისთვის უკეთესი სამყაროს შექმნა გვინდა, ჩვენ, როგორც ფემინისტები, უნდა ვიბრძოდეთ როგორც პატრიარქატის, ასევე კაპიტალიზმის წინააღმდეგ. სააშკარაოზე უნდა გამოვიტანოთ, თუ როგორ აყენებენ კაპიტალისტური და პატრიარქალური ურთიერთობები ქალებს ჩაგრულ პოზიციაში ოჯახში, სამსახურში და ცხოვრების სხვა სფეროებში. ასეთი ბრძოლა მხოლოდ ქალთა ემანსიპაციას კი არა, ასევე ყველა ადამიანის თანასწორ პირობებში ცხოვრებას მოიტანს.

თუ ნეოლიბერალური ფემინიზმი, რომელზეც დეტალურად წინა პოდკასტში ვისაუბრე, ყურადღებას ინდივიდუალურ წარმატებაზე და კარიერული კიბის ზედა საფეხურზე ასვლაზე ამახვილებს, სოციალისტური ფემინიზმი მიიჩნევს, რომ არც ერთი ქალი არ იქნება თავისუფალი მანამ, სანამ ქალების დიდი ნაწილი ეკონომიკურად ჩაგრულია. თუკი ნეოლიბერალური ფემინიზმი ქალებს ეუბნება, რომ საკუთარი თავის უნდა ირწმუნონ და მტკიცე ნაბიჯები გადადგან როგორც კარიერაში, ასევე პირად ცხოვრებაში იმისთვის რომ გაძლიერდნენ, სოციალისტური ფემინიზმი ხედავს, რომ არსებობს მჭიდრო კავშირი ადამიანის ეკონომიკურ მდგომარეობასა და ადამიანის მიერ საკუთარი ინდივიდუალური ბედის განსაზღვრას შორის. ქალთა ემანსიპაცია ეფემერულ, უტოპისტურ იდეად დარჩება, მანამ, სანამ ცხოვრების მატერიალურ პირობებს არ გარდავქმნით.

კლარა ცეტკინი წერს, რომ თუკი კანონებითა და კოდექსებით იქნება გარანტირებული ქალთა საარჩევნო ხმის უფლება და სამოქალაქო თანასწორობა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მოისპობა ქალთა ეკონომიკური ჩაგვრა. მართალიც არის, რადგან დღეს, როდესაც კანონი ასე თუ ისე აღიარებს გენდერულ თანასწორობას, იცავს ქალებს ძალადობისგან და ანიჭებს მათ პოლიტიკურ უფლებებს, ფაქტი ფაქტად რჩება – ქალების დიდი ნაწილი ისევ ჩაგრულია. თუ ამ ჩაგვრის მიზეზებს მოვიკვლევთ, ხშირ შემთხვევაში აღმოვაჩენთ, რომ ეკონომიკური ურთიერთობები და უთანასწორობა გვევლინება ქალთა ჩაგვრის განმსაზღვრელ ფაქტორად. ქალზე ძალადობის შემთხვევაშიც, ხშირად გვგონია, რომ კულტურული ფაქტორებითაა კონკრეტული ქალის ტრაგედია განპირობებული. ვისმენთ არგუმენტებს, რომ მაგალითად, მოძალადე ქმარს არ აქვს სათანადო განათლება მიღებული და ქალს სტერეოტიპულად თავის საკუთრებად აღიქვამს, რასაც საბოლოოდ მასზე ხელის აწევამდე მიჰყავს. თუმცა, თუ მოვლენების ზედაპირს არ დავჯერდებით და ოდნავ მაინც შემოვაფცქვნით კონკრეტული ჩაგვრის ისტორიას შრეებს, აღმოვაჩენთ, რომ ხშირ შემთხვევაში ისეთი ფაქტორები, როგორიცაა საზოგადოებრივი აზრი ოჯახში ქალის როლის შესახებ – რომ ქალმა არ უნდა გამოიწვიოს ქმარი და თუ ქმარი მასზე მაინც ძალადობს, მორჩილად ითმინოს, არასაკმარისია იმის გასაგებად, თუ რატომ არის ძალადობა მრავალჯერადი მოვლენა და რატომ ვერ შორდება ქალი ძალადობის კერას. ხშირ შემთხვევაში, ჩაგრულ ქალს პირველ რიგში, ეკონომიკური საფუძველი არ აქვს იმისთვის, რომ გასცილდეს მოძალადე ქმარს და დამოუკიდებელი ცხოვრება შეძლოს, მითუმეტეს როდესაც უმრავლეს შემთხვევაში მას შვილებიც ეყოლება სარჩენი. ვირჯინია ვულფის „საკუთარი ოთახი“ შეიძლება დასავლურ კონტექსტში, კონკრეტულად მწერალ და ხელოვან ქალებზე დაიწერა, თუმცა უდავოა, რომ ქალს არსებობისთვის და მითუმეტეს მდიდარი პროფესიული, კულტურული თუ სოციალური ცხოვრებისთვის აუცილებლად ესაჭიროება სათანადო შემოსავალი და საკუთარი სივრცე, რომელიც მისთვის ციხე-სიმაგრეც იქნება და სამუშაო კაბინეტიც. კულტურაც რეალურად მატერიაზე დგას.

1917 წლის ბოლშევიკური რევოლუციის შემდეგ, ახალი სახელმწიფოს იდეოლოგები, მათ შორის ისეთი ქალები, როგორიცაა ალექსანდრა კოლონტაი, ხედავდნენ იმის საჭიროებას, რომ ახალი ტიპის ადამიანი ჩამოეყალიბებინათ, რომელიც საზოგადოების გარდაქმნის აქტიური მონაწილე იქნებოდა. რევოლუციონერები თანხმდებოდნენ, რომ თავად ქალის როლი უნდა გარდაქმნილიყო – მას უნდა შეესწავლა წერა-კითხვა, შემსუბუქებოდა საშინაო საქმეები და აქტიურად ჩართულიყო სოციალურ ცხოვრებაში. ქალი უნდა გათანაბრებოდა კაცს ყველა სფეროში, მიეღო განათლება და დასაქმებულიყო ოჯახის გარეთ, თუმცა ამავდროულად, ყოფილიყო ახალი თაობის აღმზრდელი და მომავალ თაობაში პროლეტარული ღირებულებების გამავრცელებელი. შესაბამისად, ქალს უნდა ჰქონოდა სათანადო პოლიტიკური ცოდნა და მოქალაქეობრივი სულისკვეთება. საოჯახო საქმე უნდა გამხდარიყო სოციალიზებული, ანუ ქალის საქმე უნდა ეტვირთა საზოგადოებრივ ორგანოებს – საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საექთნოებს, საერთო სამზარეულოებსა და სხვა საჯარო მზრუნველობის დაწესებულებებს – რომლებიც ქალს შეეხიდებოდნენ ბავშვის აღზრდაში და დაუტოვებდნენ დროს იმისთვის, რომ ის ყოფილიყო ასევე სანიმუშო მშრომელი და მოქალაქე. ერთი სიტყვით, დიასახლისის აუნაზღაურებელი შრომა გადანაწილდებოდა საჯარო მზრუნველობის დაწესებულებებში დასაქმებულ ქალებზე, რომლებიც სახელმწიფოსგან გასამრჯელოს მიიღებდნენ. შრომა, რომელიც „ქალის საქმედ“ იყო მიჩნეული, საბოლოოდ ისევ ქალებზე ნაწილდებოდა, თუმცა ხდებოდა ანაზღაურებადი.

ალექსანდრა კოლონტაი, ადრეული საბჭოთა სახელმწიფოს მთავარი ქალი იდეოლოგი, ასევე ყურადღებას ანიჭებდა პირად თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას. ის თავისუფალ სიყვარულსა და თავისუფალ სექსუალურ ურთიერთობებს ემხრობოდა, იყურებოდა ინდივიდუალური სიყვარულის ჭრილს მიღმა და უპირისპირდებოდა მონოგამიურ ურთიერთობებსა და ტრადიციულ ოჯახს, მიიჩნევდა რა ამ უკანასკნელს ქალის შემბოჭველ, ბურჟუაზიულ ინსტიტუტად და  კაპიტალისტური ჩაგვრის კვლავწარმოების კერად. ამ საკითხში ის უპირისპირდებოდა ლენინს, რომელიც ასევე აკრიტიკებდა ბურჟუაზიულ ოჯახსა და ქორწინებას, თუმცა ფიქრობდა, რომ რევოლიციური საზოგადოების მშენებლობას სჭირდებოდა „მეტი დისციპლინა და ნაკლები პირადი თავისუფლება“.

საბოლოოდ, საბჭოთა სახელმწიფომ მაინც შეინარჩუნა ოჯახის ინსტიტუტი. მიზეზი მრავალია, თუმცა მთავარი ახსნა თავად რეჟიმის გარდაქმნაში შეიძლება ვპოვოთ. ლენინის რეჟიმი ქალებისთვის დიდწილად პროგრესული ნაბიჯებით ხასიათდებოდა. 1920 წელს საბჭოთა კავშირი გახდა მსოფლიოში პირველი ქვეყანა, რომელმაც აბორტის ლეგალიზება მოახდინა. სახელმწიფომ ასევე აღიარა ქალის, როგორც ქმრისგან დამოუკიდებელი პიროვნების სტატუსი. სტალინის მოსვლის შემდეგ კი მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა უარესობისკენ – 1935 წელს განქორწინების პროცესი გართულდა და გაძვირდა, 1936 წელს კი აბორტი აიკრძალა და დასჯადი გახდა.  თუკი ადრეული საბჭოთა იდეოლოგია წარმოიდგენდა, რომ ოჯახის ინსტიტუტი თანდათან გაქრებოდა, სტალინი პირიქით, დაეყრდნო ოჯახის ინსტიტუტს, როგორც პოლიტიკურ ფუნდამენტს.

კოლექტივიზაციისა და ინდუსტრიალიზაციისთვის სახელმწიფოს სჭირდებოდა შობადობის მაჩვენებლის გაზრდა. სტალინის დროს გაუქმდა „ჟენოტდელი“, პარტიასთან ასოცირებული ქალთა ორგანიზაციების ქსელი, რომელიც საბჭოთა კავშირის ადრეულ წლებში დაუღალავად მუშაობდა სპეციფიკურად ქალთა საკითხებზე. სახელმწიფომ გააძლიერა მშრომელი დედის იდეის პროპაგანდა და ისეთი ქალების წახალისება, რომლებიც თან მრავალშვილიან ოჯახებს უძღვებოდნენ და თანაც ინდუსტრიაში იყვნენ ჩართული. ისე მოხდა, რომ ქალებს ორმაგი ტვირთი დააწვათ, როგორც მშრომელებს და როგორც დედებსა და ცოლებს. სტალინის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ისტორიის გაგრძელება უკვე ყველამ ვიცით, ვიცით ასევე რეპრესიებზე იმ ქალების და ზოგადად იმ მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც ვერ ერგებოდნენ ტოტალიტალურ სახელმწიფოს. თუმცა მნიშვნელოვანია, ჩავუღრმავდეთ ადრეული საბჭოთა ქალის ისტორიას, როგორც უნიკალურ, შთაგონების მომცემ ამბავს იმისა, თუ ქალის როლის როგორი რადიკალური გადასხვაფერება შეიძლება რევოლუციის შემდეგ. ეს ამბავი ამავდროულად ჩვენთვის გაკვეთილადაც უნდა იქცეს, რათა ყურადღება არ მოვადუნოთ და არ დავუშვათ, რომ მიღწეული პროგრესი უცებ რეგრესად იქცეს. პროგრესი არასდროსაა წრფივი და სტაბილური, ის ჩვენგან მუდამ დაცვას საჭიროებს. რევოლუცია განგრძობითი აქტი უნდა იყოს – ის ხშირად და საფუძვლიანად უნდა იქნეს გადასინჯული, თუკი სამყაროს გარდაქმნა მართლა გვინდა.

მარქსი წერს, რომ აქამდე ფილოსოფოსები მხოლოდ სხვადასხვაგვარად ხსნიდნენ სამყაროს, არადა მიზანი მის შეცვლაში მდგომარეობს. ფემინიზმიც, მარქსიზმის მსგავსად, ქმედითი იდეოლოგიაა და არ სჯერდება სამყაროს თეორიულ განჭვრეტას. მეოცე საუკუნის 70-იან წლებში ამერიკელი სოციალისტი ფემინისტი, ბარბარა ერენრაიხი, სწორედ ამ მსგავსებას უსვამს ხაზს და ამბობს, რომ მარქსიზმიც და ფემინიზმიც სამყაროს უყურებს არა დამკვირვებლის, არამედ რევოლუციონერის პოზიციიდან, რომელსაც მისი ტრანსფორმაცია უნდა რეალური ქმედებით. როდესაც ამერიკელ სოციალისტ ფემინისტებზე საუბრობს, ერენრაიხი ყურადღებას ამახვილებს მათ განსაკუთრებულ დაინტერესებაზე ყველაზე ჩაგრული ქალებით – ღარიბი, მშრომელთა კლასის ქალებით, მესამე მსოფლიოს ქალებით – რომელთა გამოცდილებისთვის თვალის გასწორების გარეშე შეუძლებელია გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ სექსიზმი და კაპიტალიზმი ქალთა ცხოვრებაზე. სოციალისტური ფემინიზმისგან განსხვავებით,  საუკეთესო შემთხვევაში ნეოლიბერალური ფემინიზმი სწორედ ამ ქალებს უგულებელყოფს,; უარეს შემთხვევაში კი იყენებს მათ როგორც იაფ მუშახელს, რომელთა შრომაზეც შემდეგ უკვე დამყარებულია ცალკეული პრივილეგირებული ქალების წარმატება.

სოციალისტურ ფემინიზმს ბევრი აქვს ჩვენთვის სათქმელი იმაზე, თუ რისთვის და როგორ ღირს ბრძოლა. თუმცა, ქალთა გათავისუფლებას სოციალიზმისკენ სწრაფვის ან მისი დამკვიდრების თანმდევ მოვლენად ვერ განვიხილავთ, როგორც ამას ძველი მემარცხენეები ვარაუდობდნენ, მათ შორის, მარქსისტი და სოციალისტი ქალები, მაგალითად კლარა ცეტკინი, როზა ლუქსემბურგი და ალექსანდრა კოლონტაი. მათი აზრით, მთავარი ბრძოლა იყო კლასობრივი ბრძოლა, რომლის შემდეგაც ყველა თანასწორი იქნებოდა – ამ ბრძოლაში ქალები და კაცები უნდა გაერთიანებულიყვნენ, როგორც კოლეგები და ამხანაგები. კოლონტაი ამბობს კიდეც, რომ „ქალთა საკითხზე“ პასუხი ქალ და კაც მშრომელებს შორის სოლიდარობით მოიპოვება. ელეონორა მარქსი, კარლ მარქსის უმცროსი ქალიშვილი, მშრომელთა ორგანიზებაში ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა, ასევე წერს, რომ ის და მისი თანამოაზრე ქალები ჩაგრულ კაცებთან ერთად იბრძვიან ექსპლუატატორთა წინააღმდეგ, ასე რომ, ცალკე „ქალთა საკითხი“ არ არსებობს. ამ ქალების ნააზრევის შემდეგ საუკუნეზე მეტია გასული – უკვე მეოცე საუკუნის 60-იანი წლებიდან კი დასავლეთში ყალიბდება „ახალი მემარცხენეობა“, რომლის ერთ-ერთი განმსაზღვრელი სწორედ ფემინისტური მოძრაობაა.

ქალები ვერ დაველოდებით უტოპიას, რომელიც გლობალური რევოლუციით მიიღწევა, და მომავლის პერსპექტივებითა თუ  საერთო კლასობრივი ბრძოლის სახელით ვერ გადავდებთ ჩვენს ბრძოლას. თუკი მართლა გვინდა სოციალური სამართლიანობის მიღწევა, უცილობლად უნდა გავერთიანდეთ სხვა პროგრესულ მოძრაობებთან საერთო მიზნების ირგვლივ, თუმცა იმგვარად, რომ ჩვენი ფემინისტური დღის წესრიგი არსად იქნეს ჩაკარგული.

იტალიელი მემარცხენე თეორეტიკოსი, ანტონიო ნეგრი ამბობს, რომ მარქსი აუცილებლად უნდა წავიკითხოთ, თუმცა ჩვენს ეპოქას ახალი მანიფესტი სჭირდება. მჯერა, რომ ეს მანიფესტი მკვეთრად ფემინისტური უნდა იყოს.