არასრულწლოვანთა ქორწინება საქართველოში კვლავ პრობლემას წარმოადგენს. გარდა იმისა, რომ ნაადრევი ქორწინება ადამიანის უფლებების დარღვევაა, მას ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის უარყოფითი შედეგები ახლავს.
სულ უფრო მეტი კვლევა აჩვენებს, რომ ნაადრევი ქორწინება დაკავშირებულია როგორც გოგონების, ისე მთლიანად საზოგადოების ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებასთან.
„CRRC-საქართველოს“ მიერ გუშინ გამოქვეყნებული საჯარო პოლიტიკის დოკუმენტი ამბობს, რომ ნაადრევი ქორწინება პრობლემად რჩება როგორც ეთნიკურად ქართველ, ასევე ეთნიკურ უმცირესობათა შორის და ამას მნიშვნელოვანი ეკონომიკური შედეგები მოჰყვება. თუმცა, ამავე დოკუმენტის მიხედვით, განათლების სისტემაში გარკვეულ ცვლილებებს აქვს იმის პოტენციალი, რომ შეამციროს ნაადრევი ქორწინების უარყოფითი ეკონომიკური შედეგები.
საქართველოში არასრულწლოვანთა ქორწინების მაჩვენებელი წლების განმავლობაში უცვლელია. ქალთა დაბალი ეკონომიკური აქტივობის შესახებ გაეროს ქალთა ორგანიზაციის კვლევის შედეგების მიხედვით ათწლეულების განმავლობაში ქვეყანაში ადრეულ ასაკში დაქორწინებულ ქალთა მაჩვენებელი (მათგან, ვინც ოდესმე ყოფილა ქორწინებაში) ცდომილების ზღვარის ფარგლებს მიღმა არ შეცვლილა. 2010-იან წლებში, კვლევის მიხედვით, ქალთა 14% არასრულწლოვან ასაკში დაქორწინდა. იგივე წილი ამბობდა, რომ ადრეულ ასაკში დაქორწინდა 1950-იან წლებში და მანამდეც. ეს მიგნება თანხვედრაშია გაეროს ბავშვთა ორგანიზაციის (UNICEF) მიერ ნაადრევი ქორწინების გამოთვლილ მაჩვენებელთან. თუმცა, დიდი ალბათობით ეს მაჩვენებელიც სათანადოდ არ ასახავს მდგომარეობას, რადგან გამოკითხვა სრულწლოვან რესპონდენტებს მოიცავდა და საველე სამუშაოების პერიოდში 18 წლამდე ასაკის ადამიანებთან ინტერვიუები არ ჩატარებულა.
კვლევის მონაცემები აჩვენებს, რომ არასრულწლოვან ასაკში ქორწინების პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ სოფლის ტიპის დასახლებებში დგას. იქ ნაადრევი ქორწინების მაჩვენებელი ორჯერ მეტია (ქალთა 21%, ვინც ოდესმე ყოფილა ქორწინებაში), თბილისთან (9%) და სხვა ქალაქებთან (10%) შედარებით. თუმცა, კვლევაში არ გამოჩნდა განსხვავება ნაადრევი ქორწინების მაჩვენებლებში ეთნიკურ უმცირესობათა (10%) და ეთნიკურად ქართველთა (9%) შორის. გარკვეულწილად ეს იქიდან მომდინარეობს, რომ გამოკითხვაში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელთა შედარებით მცირე ნაწილი მონაწილეობდა და სხვა კვლევებში საქართველოს ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოსახლეობაში ნაადრევი ქორწინების უფრო მაღალი მაჩვენებლები გამოიკვეთა. ამავდროულად ეს მიგნება ხაზს უსვამს იმას, რომ ნაადრევი ქორწინება საქართველოში პრობლემას არამხოლოდ ეთნიკურ უმცირესობებში წარმოადგენს, არამედ ეთნიკურად ქართველებშიც.
საშუალოდ, არასრულწლოვან ასაკში დაქორწინებულ ქალებს მნიშვნელოვნად ნაკლები შემოსავალი აქვთ (3,512 ლარი წელიწადში), ვიდრე იმავე მახასიათებლების მქონე ქალებს, ვინც არასრულწლოვან ასაკში არ დაქორწინებულა (5,161 ლარი წელიწადში). გარდა ამისა, ისინი მნიშვნელოვნად უფრო ნაკლებად მონაწილეობენ შრომის ბაზარზე. ამასთან, უნდა გავითვალისწინოთ კონტექსტი, რომ ქვეყანაში კაცებთან შედარებით ქალები ისედაც ნაკლებს გამოიმუშავებენ და ნაკლებად მონაწილეობენ შრომის ბაზარზე.
განათლების დონეც მნიშვნელოვნად დაბალია იმ ქალთა შორის, ვინც არასრულწლოვან ასაკში დაქორწინდა, იმავე სოციალურ პირობებში მყოფ სხვა ქალებთან შედარებით. მსგავსი მახასიათებლების მქონე ქალებს, ვინც არასრულწლოვან ასაკში არ დაქორწინებულა, უმაღლესი განათლების მიღების 35%-იანი შანსი აქვთ, ხოლო 18 წლამდე დაქორწინებულ ქალებს – 14%-იანი. მსგავსად ამისა, სრულწლოვან ასაკში დაქორწინებულ ქალებს პროფესიული განათლების მიღების 29%-იანი შანსი აქვთ, განსხვავებით არასრულწლოვან ასაკში დაქორწინებულთაგან, ვისაც პროფესიული განათლების მიღების 20%-იანი შანსი აქვს. ნაადრევად დაქორწინებულ ქალთა ორი მესამედი (65%) მხოლოდ საშუალო განათლებას ან განათლების უფრო დაბალ საფეხურს იღებს, განსხვავებით მსგავსი მახასიათებლების მქონე ქალებისგან (36%), ვინც არასრულწლოვანი არ დაქორწინებულა.
საინტერესოა, რომ თუკი შევადარებთ განათლების მსგავსი დონის მქონე ნაადრევად დაქორწინებულ ქალებს და მათ, ვინც არასრულწლოვანი არ დაქორწინებულა, მათი ეკონომიკური შედეგები მნიშვნელოვნად აღარ განსხვავდება. ერთი და იგივე განათლების მქონე არასრულწლოვან და სრულწლოვან ასაკში დაქორწინებული ქალების შემოსავალსა და შრომის ბაზარზე მონაწილეობაში სტატისტიკური განსხვავება არ არის.
ეს მიგნება ცალსახად მიუთითებს ეკონომიკური ზიანის შემცირების გზებზე, რასაც საქართველოში ნაადრევი ქორწინება იწვევს. არასრულწლოვან ასაკში დაქორწინებული გოგონების წახალისებამ, არ მიატოვონ სკოლა და გააგრძელონ სწავლა, შესაძლოა, შეამციროს ნაადრევი ქორწინებით გამოწვეული ეკონომიკური ზიანი.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, არასრულწლოვან ასაკში ქორწინებას სოციალური, ფსიქოლოგიური და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შედეგები მოაქვს. ეს ფაქტორები მნიშვნელოვანია და მაღალი ალბათობით გავლენას ახდენს ეკონომიკურ შედეგებზე, რაზეც ამ ბლოგშია საუბარი. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ნაადრევ ქორწინებასთან დაკავშირებული საჯარო პოლიტიკის საბოლოო მიზანი მისი აღმოფხვრა უნდა იყოს, მის მიერ მოტანილი ეკონომიკური ზიანის შემცირება ასევე უნდა წარმოადგენდეს სახელმწიფოს მიზანს. კვლევის შედეგების თანახმად, ამ მიმართულებით მუშაობის დაწყება განათლების სისტემაში ჩარევითაა მიზანშეწონილი.
იხილეთ კვლევის მონაცემები და ანალიზის რეპლიკაციის კოდი.
სტატიის ავტორია დასტინ გილბრეტი, CRRC-საქართველოს კვლევების დირექტორის მოადგილე. სტატიაში წარმოდგენილი მოსაზრებები შესაძლოა, არ ასახავდეს გაეროს ქალთა ორგანიზაციის „CRRC-საქართველოს“ ან რომელიმე სხვა მხარის შეხედულებებს.