ინტერვიუ საკრებულოში „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარესთან, ბექა დავითულიანთან
პირველი კითხვა ასე მქონდა ფორმულირებული – გჯერათ თუ არა, რომ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას მწვანე ღობე იმიტომ აქვს შემოვლებული, რომ იქ მართლაც სარეაბილიტაციო სამუშაოები იყო გადაუდებლად ჩასატარებელი? მაგრამ რადგან კითხვას ცოტა გულუბრყვილო ელფერი ჰქონდა, ამიტომ გადავწყვიტე საბოლოოდ ასე ჩამოვაყალიბო: თქვენი აზრით, ბევრ ადამიანს სჯერა, რომ ეს ღობე პარლამენტს მართლაც სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო შემოარტყეს?
რა თქმა უნდა, ყველა ადამიანის უფლებაა სჯეროდეს ან არ სჯეროდეს რაღაც. მაგრამ, არათუ მჯერა, იმის მომსწრე ვარ, როგორ შეისყიდეს რამდენიმე თვის წინ რეაბილიტაციის პროექტი…
კი, პროექტი, ალბათ, შესყიდული იქნება, ჩემი შეკითხვაა – რა რეალური მიზნით?
როდესაც რეაბილიტაციის პროექტი შეისყიდეს, მაშინ მიტინგები ქუჩაში საერთოდ არ მიმდინარეობდა. ოდესმე ხომ უნდა განხორციელებულიყო? აქ მთელი 2020 წელი, სავარაუდოდ, მიტინგები იქნება. 2020 წლის ბიუჯეტით შესყიდული პროექტი აღარ უნდა განგვეხორციელებინა? ამიტომ, შესაძლოა იყოს სარისკო, შესაძლოა – ბევრისთვის მიზნობრიობაში დაუჯერებელი, მაგრამ გადაწყვეტილება მაინც მივიღეთ.
თქვენთვის ცნობილია საკრებულოს დამლაგებლის ხელფასის ოდენობა?
ჩავუღრმავდეთ ამ საკითხს. დავიწყოთ იმით, რომ საკრებულოს დამლაგებლები არ ჰყავს…
შტატში არ ჰყავს, თორემ ემსახურება ტენდერში გამარჯვებული კომპანია. ტენდერს ვინ აცხადებს?
ტენდერს აცხადებს საკრებულო. თუმცა, ეს კომპანია ასევე გამარჯვებულია კიდევ ბევრი კერძო და სახელმწიფო უწყების ტენდერში.
საკრებულოს მიერ გამოცხადებულ ტენდერს დავუბრუნდეთ. ვინ ჩადო აქ სატენდერო პირობები?
საკრებულომ, ცხადია, შესყიდვების სააგენტოსთან შეთანხმებით. სატენდერო პირობებში არავის ხელფასი განსაზღვრული არ არის. ვერ მაჩვენებთ უწყებას, რომელსაც განსაზღვრული აქვს, რამდენი ხელფასი უნდა ჰქონდეს დამლაგებელს. ჩვენი მთავარი პირობაა, რომ შენობა იყოს დასუფთავებული მუდმივად და ხარისხიანად. ეს დამლაგებლები ორ-სამ საათს ატარებენ საკრებულოში, და კვირაში ერთხელ სრულ განაკვეთზე რვასაათიანი მორიგეობა აქვთ…
ამას ხაზს რატომ უსვამთ, თუნდაც 2-3 საათი რომ იმუშაონ დღეში და კვირაში ერთხელ 8 საათი, 196 ლარი საკმარისი ხელფასია?
არა, 1000-იც არ არის საკმარისი. სხვა რამეს ვამბობ. დამლაგებელი მუშაობს სხვაგანაც, ამ კომპანიის ფარგლებშივე.
ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, კონკრეტულად რა მოცულობის ხელფასს იღებენ საკრებულოს დასუფთავებაში.
წესით, ეს მე არ უნდა ვიცოდე, მაგრამ კომპანიის ხელმძღვანელისგან ვიცი, რომ საშუალოდ 500 ლარი აქვთ ამ თანამშრომლებს, ოღონდ არამარტო საკრებულოს დასუფთავებისთვის.
24 საათი თუ იმუშავებენ, ალბათ მეტსაც მიიღებენ, მაგრამ ჩვენ ხომ საკრებულოზე ვსაუბრობთ…
ვერ გამიჯნავ.
რატომ?
მე როგორ უნდა გავმიჯნო კერძო კომპანიაში რამდენს უხდიან საკრებულოსთვის და რამდენს სხვა შენობების დასუფთავებისთვის?
რატომ არ შეუძლია საკრებულოს, ტენდერის გამოცხადებისას, სატენდერო პირობებში განსაზღვროს მინიმუმი, რომელიც კომპანიამ უნდა გადაუხადოს თანამშრომელს?
კერძო კომპანიის სახელფასო პოლიტიკაში ჩავერიო?
უტრირება რომ გავაკეთოთ: რომ შეიტყოთ, რომ დასუფთავების კომპანია ტრეფიკინგის მსხვერპლ ბავშვებს ამუშავებს თქვენი კაბინეტის დასალაგებლად, მაინც ვერ ჩაერევით?
ტრეფიკინგის მსხვერპლს ვერ მოიყვანს, იმიტომ, რომ ეს კანონმდებლობითაა დარეგულირებული.
თვალსაჩინოებისთვის იყო ეს მაგალითი. უტრირება ამიტომაც დავარქვი. 2 ლარად რომ ამუშაოს ამ კომპანიამ დამლაგებლები, მაინც ვერაფერს შეძლებთ?
კანონში რაღაც მინიმალური ანაზღაურება ხომ არსებობს. ძალიან მინდა, რომ მეტი ხელფასი ჰქონდეთ, მაგრამ კერძო კომპანია რომ იგებს ტენდერს, ხომ ვერ ჩავერევი და ვერ ვეტყვი, მეტი უნდა მისცეთ ხელფასი-მეთქი?
რა უნდა სატენდერო დოკუმენტაციაში იმის ჩაწერას, რომ „ტენდერის მოგების პირობაა, დამლაგებელს ჰქონდეს ხელფასი არანაკლებ ამდენი და ამდენისა? წინ რა უდგას? ფულს ხომ თქვენ იხდით?
ამ დროს კომპანია გვეუბნება, რომ ეს შენი, საკრებულოს დამლაგებელი არ არის. მისი თანამშრომელია. მე რომ ტენდერს ვაცხადებ და კომპანიები შემოდიან კონკურენციაში, ფასებს აგდებენ და მე ვალდებული ვარ იმას მივანიჭო უპირატესობა, ვინც დაბალ ფასს შემომთავაზებს.
მხოლოდ ფასი ხომ არ არის განმსაზღვრელი, სხვა წესების დაწესება რატომ არის შეუძლებელი და ამ წესების ფარგლებში საერთო დაბალი ფასის გამოვლენა?…
კერძო კომპანიას ხელფასს ვერ განუსაზღვრავ.
რატომ ვერ განუსაზღვრავ, თუ ამ ფულს შენ აძლევ? არ მისცემ სხვა შემთხვევაში.
მერე კომპანია მეტყვის, რომ მაძლევ 140 000-ს, მომეცი 180 000 და მოგებაში წავიღებ…
ჰოდა, მოგებაში კი არ უნდა წაიღოს, მისცეს საკრებულომ 180 000 და გადაუხადოს დამლაგებლებს ნორმალურად.
ვერ მაჩვენებთ ვერცერთ სახელმწიფოს უწყებას, ვისაც ასე აქვს განსაზღვრული.
ანუ, ეს პრობლემა საკრებულოს მასშტაბებს სცდება და გაცილებით სერიოზულია.
შარშან ჩვენც შეგვაწუხა ამ ამბავმა, მოვიდნენ დამლაგებლები და გვთხოვეს, იქნებ, რამე უთხრათ კომპანიასო, და რადგან არანაირი ბერკეტი არ გვქონდა, ვერაფერი შევძელით. გვეუბნებიან: „თქვენ რა გინდათ? გამოაცხადეთ ტენდერი? მოვიგეთ. დაგვანებეთ ახლა თავი, ჩვენს თანამშრომლებს ჩვენ მივხედავთ“.
გადავიდეთ თემაზე, რომელიც ამ საკითხს უკავშირდება – ამგვარი ფორმით გკითხავთ: საკრებულოს რამდენიმე დეპუტატისგან ოპოზიციონერი კოლეგის ცემას როგორ კვალიფიკაციას მისცემდით:
ა) ეს არის არანორმალური, ცუდი საქციელი. უნდა დაიგმოს, სამართალდამცველებმა საქმე უნდა გამოიძიონ, დამნაშავეები დაისაჯონ და აღარასოდეს განმეორედეს;
ბ) ხაბეიშვილი 2 წელია ცდილობს, რომ გაილახოს და მიზანს მიაღწია;
გ) დეპუტატს კოლეგებმა ერთი ლამაზად უთაქეს.
პირველ ორს ვეთანხმები.
მესამეს რატომ არა? აქვე, მკითხველისთვის დავამატებ, რომ პირველი პასუხი ჩემია. მეორე – თქვენ გეკუთვნით, მესამე კი თქვენს თანაგუნდელ დეპუტატ ზარქუას.
„ლამაზად უთაქა“, ლამაზი გამოთქმა არ არის.
ამგვარი კომუნიკაცია ნორმალურად მიგაჩნიათ? ეს ხომ ცალსახა საკითხია…
ორი რამეა აქ ცალსახა. ამას წინათ ჟურნალისტი დიანა ტრაპაიძეც მეუბნებოდა, რომ გლანძღავს, გამოხატვის თავისუფლებაში ხომ ჯდებაო. რომ გამოვიდე საკრებულოს სხდომაზე და პირდაპირ დედა შევაგინო, ეს გამოხატვის თავისუფლებაში ჯდება?
კანონმდებლობა ხომ არსებობს? სიტყვიერ შეურაცხყოფად თუ მიიჩნევთ, პოლიციას ხომ შეგიძლიათ მიმართოთ? დეპუტატები ხართ…
კარგი, გამოვალ, ვაგინებ და დამიცავთ მერე, რეაქცია რომ ექნება? ხელით რომ შემეხება?
მე რატომ უნდა დაგიცვათ ან ერთი, ან მეორე? სამართალდამცველების საკითხი არ არის, რა დანაშაულზე რა პასუხიმგებლობა უნდა დადგეს?
კი ბატონო. ნამდვილად არ არის ნორმალური საკრებულოში ჩხუბი და მუშტი-კრივი. არ არის ნორმალური საკუთარი კოლეგების (კოლეგად არ მიმაჩნია, მაგრამ მაინც) გინება. გინებას ჩხუბით არ უნდა ვპასუხობდეთ, თავის მხრივ არც ის უნდა გვაგინებდეს.
სხვათა შორის არ მომისმენია დედის გინება…
არაკაცებს გვიწოდებდა და დედა არ გყავთ სახლშიო, ასე მოგვმართა. რა თქმა უნდა, გვაქვს თმენის ვალდებულება, მაგრამ ზოგი ლანძღვას ვერ ითმენს.
დეპუტატ ანრი ოხანაშვილს რომ მოქალაქემ აგინა, რა რეაქცია ჰქონდა სამართალდამცავ უწყებას, ეს თქვენთვის ცნობილია?
კი. ადმინისტრაციული ჯარიმა გამოუწერეს.
არა, დააპატიმრეს ადმინისტრაციული წესით.
კი, გამოუშვეს სამ დღეში.
რაიმე მსგავს რეაქციას ელით ახლა?
ეს სამართალდამცველების მიერაა გადასაწყვეტი. რესტორანში, შვილებთან ერთად მყოფ დეპუტატს მიუვარდა, აგინა. ეს იყო ქუჩური, არაპოლიტიკური გარჩევა. აქ კი ორ პოლიტიკოსს შორის მოხდა დაპირისპირება და სხვები ჩაერთნენ.
„დაპირისპირებას“ რატომ არქმევთ? თავში წამოარტყეს და მერე სცემეს.
ერთმა გალანძღა, მეორე სიტყვიერად შეეპასუხა, მერე ჩაერთო კიდევ ორი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. აქედან გასული, გაშველებული, დაწყნარებული ხაბეიშვილი ფოიეში გადაეყარა ირაკლი ზარქუას, შენც გინდოდა ხომ ჩემთვის დარტყმაო, დაუყვირა, შეაგინა და დაარტყა. ამიხსენი, მასზე რომ ძალადობს ლევანი… როგორც მასზე იძალადეს, ზუსტად ასე იძალადა მან კოლეგაზე, ოღონდ მარტომ. ამაშია სხვაობა.
ეს ცემა სპონტანურად მოხდა? ძალიან ჰგავდა დაგეგმილს.
მართლა სერიოზულად ფიქრობთ, რომ ვინმე დაჯდა და ლევან ხაბეიშვილის ცემა დაგეგმა?
კარგად დავაკვირდეთ ვიდეოს. ერთი წამოიწევა, წამოარტყამს თავში, და ისე რომ ხაბეიშვილი რეაქციასაც ვერ ასწრებს, შუაში მჯდომი დეპუტატი ურტყამს. ძალიან ჰგავს დაგეგმილს.
ეს სამი ადამიანი არიან მეგობრები, ყველგან დადიან ერთად, ერთად სხედან. რომ დაინახა, წამოარტყეს ლევანს, და ლევანი წამოიწია საპასუხოდ, ამან მისცა რეაქცია…
ძალიან სწრაფად.
სპორტსმენები არიან. სწრაფები, რა გავაკეთო. წინ ეჯდა.
ისევ დამლაგებლებს დავუბრუნდეთ, არ შეგიძლიათ უშუალოდ შტატში აიყვანოთ და ასე გადაჭრათ პრობლემა?
ეს ნიშნავს, რომ უნდა გამოვაცხადოთ კონკურსი, უნდა შევქმნათ ახალი სამსახური, რომელსაც ეყოლება უფროსი, ეყოლება შესაბამისი ფლიგელების ხელმძღვანელები?
მგონი ართულებთ. 20 დამლაგებელი ერთი ხელმძღვანელით…
არა ფლიგელების უფროსებიც უნდა იყვნენ, დიდი შენობაა. ახალი სტრუქტურა უნდა შევქმნათ, ახალი სამსახური.
ძალიან გააძვირებს სერვისს?
ერთი მხრივ, ძალიან გააძვირებს, მეორე მხრივ, დავდგებით იმ დარტყმის ქვეშ, რომ „შტატებს ვბერავთ“. პირიქით, შტატების განტვირთვას ვახდენთ, ტენდერებზე გაგვაქვს სერვისები და ახლა სახელმწიფო პოლიტიკა უნდა შევცვალოთ… სხვა მექანიზმი შეიძლება მოვიფიქროთ ისევ.
სწორედ მაგას გეკითხებით, იფიქრეთ რამე მექანიზმზე?
ტენდერების კანონი გვაქვს შესაცვლელი. ეს პრობლემა მხოლოდ ამ შემთხვევაში კი არ დგას, იგივე პრობლემა გვაქვს, გზას რომ ვაგებთ დ ა.შ. ყველგან. კოდექსში შეიძლება ცვლილების შეტანა, რომ მინიმალური ხელფასი გავზარდოთ.
ეს მომსახურება წელიწადში ხომ 140 000 ჯდება?
აქამდე 120 000 ჯდებოდა და 20 000 მოვუმატეთ.
ნაძვის ხის ზუსტი ფასი გახსოვთ?
თუ არ ვცდები 850 000, დაახლოებით.
996 853. ფინანსები რომ არ არის პრობლემა, მაგის ხაზგასმა მინდოდა.
მე არ ვამბობ, რომ ფული არ გვაქვს, ფული აქვს მუნიციპალიტეტს, უბრალოდ იმ კერძო კომპანიის ეკონომიკაში უნდა ჩავერიო…
ლია ლომსაძის სახელი რამეს გეუბნებათ?
არა, ვერ ვიხსენებ.
ეს გახლავთ „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ირაკლი ზარქუას სიდედრი, რომელსაც მიწის კომისიამ ძვირადღირებული მიწის ნაკვეთი გადასცა.
კარგად გავშალოთ ეს თემა. დეტალურად ჩავეძიე ინფორმაციას. 2014 თუ 2015 წელს მოხდა ეს ამბავი. ზარქუა მეც და თარაშმაც ამ საკრებულოში გავიცანით. მას 2015 წლამდე „ქართულ ოცნებასთან“ არავითარი შეხება არ ჰქონია.
ის არ არის კალაძის მეგობარი?
რაც მოვედით ჩვენი თანაგუნდელი გახდა, მანამდე არ ვიცი, რა იყო.
უცნობები არ ხდებიან ხოლმე თანაგუნდელები.
2015-მდე თანაგუნდელი არ ყოფილა ყოველ შემთხვევაში. ირაკლი ზარქუას სიდედრი, 60-იანი წლებიდან ცხოვრობს ამ ადგილას, ბავშვობის ფოტოები მანახა, სახლი უდგათ ამ მიწაზე. ნაწილ-ნაწილ ყიდულობდნენ ეზოს ტერიტორიას. ამ ეზოს შუაში დარჩენილი იყო ადგილი, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში. მიმართა მიწის კომისიას დასაკანონებლად. აუქციონზე არ გაიტანეს, იმიტომ, რომ ეზოს შიგნით იყო და სხვა ვერ შეიძენდა, და ნორმატიულ ფასად მიჰყიდეს.
ეს კითხვა, ასე ვთქვათ, კომპლექტშია სხვა კითხვასთან, რომ საქართველოს მთავრობამაც გადასცა მას მიწის ნაკვეთი.
საინვესტიციო ვალდებულებით.
რომელიც არ შესრულებულა.
ვადა აქვს ჯერ.
ხაბეიშვილს დავუბრუნდეთ. ეს არის დეპუტატი, რომელსაც უზრდელს უწოდებთ?
ეს არის დეპუტატი, რომელმაც გვიწოდა არაკაცები, იდიოტები და ფარჩაკები. ეს სიტყვები არის უზრდელობა, და მისი ავტორი არის უზრდელი.
ახლა მე გეტყვით ფრაზებს, და თქვენ მითხარით, არის თუ არა ამის მთქმელი პოლიტიკოსი უზრდელი: „(ნაძვის ხის) სიგრძე და სიგანე ნაცებს გეყოფათ“, მიმართვა ჟურნალისტ გოგონას…
ვიცი საითაც მიგყავთ საუბარი. როდესაც ხაბეიშვილს ვუწოდებთ კლოუნს, მხოლოდ იმიტომ, რომ მანამდე ხაბეიშვილმა…
ამ შემთხვევაში, ჩემ მიერ მოყვანილი ფრაზა ეკუთვნის დედაქალაქის მერს, კახი კალაძეს.
რომელიც უთხრა არა როგორც ჟურნალისტს, არამედ, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს. „მთავარი არხი“ ნამდვილად არის „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური.
თუნდაც ასე იყოს, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს როცა ეუბნები, რომ „ნაძვის ხის სიგრძე და სიგანე ეყოფა“, ეს ნორმალურია?
რა ლექსიკითაც მოგვმართავენ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები, იმავე ლექსიკით ვპასუხობთ.
გრიგოლ ვაშაძემ რაღაც სიტყვა გიწოდათ და მერე კალაძემ ეს შეურაცხყოფა ჟურნალისტ გოგონას დაუბრუნა?
„ნაციონალური მოძრაობის“ თანამშრომელს, „მთავარი არხიდან”.
თქვენი შეფასების მიხედვით, ჩემი ხელმძღვანელი თუ რაიმე თქვენთვის არმოსაწონი ლექსიკით მოგმართავთ, მე რატომ უნდა გადამიხადოთ სამაგიერო?
მის საქმეს თუ ემსახურები და იმავე ტექსტებით მოდიხარ…
არ მახსენდება, რომ ეს ჟურნალისტი რაიმე ცუდი ლექსიკით მოსულიყო თქვენთან.
შეიძლება სხვა სიტყვები ჩასვა, მაგრამ, იმავე განწყობითა და დავალებით ხომ მოვიდა.
აქ ხომ ყველაფერი მარტივია. ამ პოლიტიკურ ველში დაპირისპირების ხარისხი იქამდეა მისული, რომ ერთი მხარე ყველაფერს აკეთებს, რომ მოარყიოს მეორე. და მეორე მხარემ ამას თუ არ უპასუხა, (და ხანდახან კი, ჩვენც გადაჭარბებული ლექსიკით ვპასუხობთ), დასუსტდება. აი ამ ჭიდილში ხდება ხშირად გადაცდომები.
როდესაც მოცემულია საკითხი, რომელიც, პრინციპში, ცალსახა შეფასებას იმსახურებს. რატომ ეძებთ ხოლმე გამართლებას? „იმიტომ სცემა, რომ იმან ადრე შეაგინა“, რა პასუხია? „იქნებ დედა შეაგინა“ ფრთიან ფრაზადაცაა ნაქცევი ხომ?
გამართლებას არ ვეძებ. ვამბობ, რომ ეს არის მიუღებელი…
…ეს როგორ იხარშება შიდა სამზარეულოში – სუსტები გამოჩნდებით, გუნდს ეწყინება?
გუნდში ძალიან ბევრი საკრიტიკო გვაქვს, მაგრამ ამ დაძაბულ პოლიტიკურ ველზე, პრაქტიკულად პოლიტიკურ ომში არავის გადავუგდებ საკრიტიკო მასალას ჩემი სიტყვების სახით, რომ მერე ისევ გამოიყენონ ჩემი გუნდის წინააღმდეგ.
ამავე მიზეზით არ გაემიჯნეთ მკვეთრად, მკაფიოდ, თავიდანვე, ერეკლე კუხიანიძეს?
ერეკლე კუხიანიძეს თემა იყო სხვაგვარად.
არ იყო მყისიერი რეაქცია.
არა. დეტალურად გეტყვით, რა მოხდა. მან გააკეთა განცხადება, რომელიც იყო ყველასთვის მიუღებელი. მეც მკითხეს, ვუპასუხე და იმავე დღეს ყველა ლიდერი, ვისაც მედია შეხვდა, გაემიჯნა მის განცხადებას.
ზუსტად გახსოვთ? არ გახსენდებათ, ფრაზები, რომ „ვერავის გამოხატვაში ვერ ჩავერევით“ და ა.შ.?
თეა წულუკიანის განცხადებაზე ამბობთ ალბათ. მან თქვა, რომ ემიჯნება, მაგრამ არსებობს გამოხატვის თავისუფლება. კობახიძე, თალაკვაძე, ყველა გაემიჯნა და თქვა რომ ეს განცხადება მიუღებელია. ეს ის დღეა, როდესაც „ქართული ოცნების“ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობდა და ერეკლე კუხიანიძისთვის არავის ეცალა. ჩვენ დავთქვით, რომ ფრაქციის სხდომაზე შევიკრიბებოდით და მოვთხოვდით პასუხს. სხდომის გასამართად გვჭირდებოდა უმრავლესობა. იყო შაბათი დღე. დავნიშნეთ ორშაბათს თუ სამშაბათს. ამასობაში კუხიანიძეს დავუძახეთ მცირე ჯგუფში და ვუთხარით, რომ მისი განცხადება იყო მიუღებელი და როგორც მინიმუმ, ბოდიში ჰქონდა მოსახდელი ოჯახთანაც და საზოგადოებასთანაც. ერეკლემ გვითხრა, ცოტა ხანი მაცადეთ, დრო ხომ არის, ფრაქციის შეკრებამდე და ყველაფერს გამოვასწორებო. და რომ გვეგონა, გავიდოდა და ბოდიშს მოიხდიდა, ეთერში ისაუბრა და სხვაგვარად გამოუვიდა.
დავაზუსტებ, უფრო დაამძიმა ვითარება.
მეც ვფიქრობ, რომ უარესად გაამძაფრა ემოციები. მეორე დილას აქ უკვე მიტინგი დაგვხვდა. შევარდნენ კუხიანიძის კაბინეტში, გაშალეს კარავი. ჩხუბი მოხდა არა იმის გამო, რომ ვინმე კუხიანიძეს იცავდა, არამედ, კანონი არ დაერღვიათ, კარვის გაშლის უფლება არ ჰქონდათ.
ასეთი სენსიტიური თემის გამო, მოქალაქეებს, საზოგადოების წევრებს, პოლიტიკოსებს, არ აქვთ პროტესტის, თუნდაც მძაფრი ფორმით გამოხატვის უფლება? ჩვენი ქვეყნის მტრის მიერ დატყვევებული ადამიანისა და მისი ოჯახის გინებაზეა საუბარი…
რა თქმა უნდა. მაგრამ ერთ შემთხვევაში რომ მეუბნებით, როცა შეგაგინებენ კანონის ფარგლებში დარჩიო, მეორე შემთხვევაშიც ხომ უნდა დავრჩეთ კანონის ფარგლებში? რუსების მიერ დატყვევებულ ადამიანზე, რომელიც ჩანს, რომ მართლაც ძალიან კეთილსინდისიერი და კარგი ადამიანია, რომ არ უნდა ისაუბრო ასე, ცალსახაზე ცალსახა და უცხადესია. ამას ლაპარაკიც არ უნდა და აღმაშფოთებელია. ზუსტად ამას ვპასუხობდით მედიას. უბრალოდ კარვებს ნუ შლით, ნუ დაჯლიგინებთ-მეთქი. შინაგანად, გადაწყვეტილება უკვე მიღებული გვქონდა, მაგრამ ამათ უნდოდათ გაეფორმებინათ, რომ ვითომ მათ გააგდეს.
სიტყვებს ხომ მნიშვნელობა აქვს. „მიუღებელია“, „ვემიჯნები“, ის შეფასებაა, რომლებიც შეესიტყვება ერეკლე კუხიანიძის მიერ მტრისგან დატყვევებული ქართველი ექიმის და მისი ოჯახის ლანძღვას?
ჯერ თქვენ გაგყრით აქედან და მერე მოგაყოლებთ ერეკლეს-მეთქი, ეს იყო ჩემი ფრაზა.
ვერ მიაყოლეთ…
იმავე საღამოს მივაყოლეთ.
საკრებულოდან ვერ მიაყოლეთ.
დეპუტატს, არჩეულს, ვერ გავაგდებდით საკრებულოდან. უმრავლესობიდან გავუშვით.
მოუწოდეთ კი?
ერეკლე კუხიანიძე „ქართული ოცნების“ სახელით, მაგრამ ხალხის მიერ არის არჩეული. დავატოვებინეთ თანამდებობა, გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარეობა, და დავატოვებინეთ უმრავლესობა. სხვა კანონიერი მექანიზმი არ გაგვაჩნდა. მანდატის დატოვების საფუძველი არის ან პირადი განცხადება, ან სასამართლოს განაჩენი, ან გარდაცვალება. უნდა დაგვეძალებინა?
მოუწოდეთ?
ჩვენ მოვუწოდებ ისეთი მოთხოვნების შესრულებისკენ, რომელზე ზემოქმედების საშუალებაც გვაქვს.
მას ფრაქციის შიგნით რაღაცები ბევრი მოუწოდეს და კიდევ უარესებიც. და რადგან ვიცოდით ერეკლეს განწყობა, რომ ამის გამთვალისწინებელი არ იყო, რა მექანიზმიც გვქონდა, ის გამოვიყენეთ.
არ ფიქრობთ, რომ დედაქალაქის მერია, რომელიც თქვენთანაა პასუხისმგებელი, ზედმეტ ყურადღებას უთმობს სოცქსელებში აქტივობებს? ბევრ ფულს ხარჯავს ამისთვის?
რას გულისხმობთ?
მაგალითად, მერიის ფეიჯისთვის ლაიქების მომატებას.
ფეიჯისთვის ლაიქების მომატების აქტივობა არ მინახავს.
2018-2019 წლებში Facebook რეკლამირებისათვის თბილისის მერიამ 214,557 ლარი დახარჯა, Facebook-ზე დახარჯული თანხის დიდი ნაწილი სხვადასხვა ღონისძიებისა და მოვლენების დასპონსორებას მოხმარდა. მაგალითისთვის, 14,399 ლარი გამოიყო მერიის ოფიციალური გვერდისთვის ლაიქების მოსამატებლად. მაშინ, როდესაც საკრებულომ დამლაგებლების ტენდერისთვის გამოყო 140 000.
მერიის ტენდერს შეადარეთ, რადგან იქ გაცილებით მეტი თანხა იხარჯება დასუფთავებისთვის, მასშტაბების გამო.
ამ თანხების შედარებაც შეიძლება.
მასშტაბები სხვადასხვაა საერთოდ.
გადასახადის გადამხდელების ფული რატომ უნდა იხარჯებოდეს მერის ფეისბუქფეიჯის ლაიქებისთვის?
სოცმედია უკვე ჩვეულებრივი მედიაა, რომელში რეკლამირებასაც ისეთივე მნიშვნელობა აქვს, როგორც სხვა მედიაში. ჩემი აზრით, დღეს ჩვენი კომუნიკაციის ხარისხი საზოგადოებასთან არ არის ისეთი ეფექტური, როგორიც მინდა, რომ იყოს. კომუნიკაციაში დახარჯული თანხები…
კომუნიკაციაში თუ PR-ში?
საზოგადოებასთან ურთიერთობაზე დახარჯული თანხები, კიდევ უფრო მეტი რომ იყოს, გონივრულ ჩარჩოებში, ცხადია, მომხრე ვიქნებოდი. რადგან ძალიან ბევრ საქმეს ვაკეთებთ ისე, რომ ხშირად გუნდის წევრებმაც არ იციან.
დავასრულოთ დეპუტატის ცემის საკითხით. ოპოზიციონერ დეპუტატებს უნდა ეშინოდეთ საკრებულოში მოსვლის?
ცინიკური შეკითხვაა. საკრებულოში ოპოზიციონერ დეპუტატებს არც არასდროს ეშინოდათ…
კადრები ყველამ ნახა. ფიზიკური ანგარიშსწორების შიშს ვგულისხმობ.
არ ეშინია არავის, რადგან იციან, რომ ჩვენ მათი რეჟიმივით ძალადობრივ მექანიზმებს არ ვახორციელებთ. ეს იყო ერთი კონკრეტული ინციდენტი. ეს არ ყოფილა იმ ხარისხის, თვითონ როგორც იცოდნენ ხოლმე შეშინება.