მაშ ასე. როგორც მოსალოდნელი იყო, ნავალნი მოსკოვში ჩასვლისთანავე დააკავეს. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ რეჟიმისთვის იგი პრობლემაა. შესაძლოა, პუტინს პირადად ნავალნის, როგორც ასეთი, არ ეშინია, მაგრამ აშკარაა, რომ მასში სულ დესტაბილიზაციის წყაროს ხედავს და ამიტომ არ მოსწონს.
ახსოვს რა კარგად საბჭოთა კავშირის დაშლის ამბავი, პუტინი მეტად მძიმედ რეაგირებს რეჟიმის შერყევის ყველა შესაძლო ნიშანზე. ნავალნის მოწამვლა დროში ძალიან დაემთხვა ბელორუსიაში საპროტესტო გამოსვლებს და ასევე თავად რუსეთში, კონკრეტულად კი ხაბაროვსკში, უჩვეულო მასშტაბის დემონსტრაციებს.
ნავალნი მოწამვლას გადაურჩა და რუსეთის მთავრობა სკანდალში გაეხვა. პუტინმა ასეთ სიტუაციაში მიიჩნია, რომ ჯობდა, ოპოზიციონერი გერმანიაში გაესტუმრებინა. ამით იგი რამდენიმე კურდღელს იჭერდა: ჯერ ერთი, ნავალნი რუსეთის ტერიტორიაზე არ გარდაიცვლებოდა. მეორეც, იყო შანსი, რომ გერმანელ ექიმებს ჩააკვდებოდა ხელში და მესამეც, იმედოვნებდა, რომ გერმანელები რუსებთან მეგობრობის ხათრით ნავალნის მოწამვლის ამბავს მიჩქმალავდნენ.
მაგრამ, როგორც ვიცით, ასე არ მოხდა: გერმანელებმა ნავალნიც გადაარჩინეს და მისი მოწამვლაც საქვეყნოდ დაადასტურეს. ამის შემდეგ რუსეთის მთავრობამ სცადა, ოპოზიციონერის უკან დაბრუნება მაინც აერიდებინა თავიდან და მას დაკავებით დაემუქრა, მაგრამ არც ამან გაჭრა.
რას მოიტანს ნავალნის დაკავება? ჩვენში ბევრი იმედოვნებს, რომ ეს, სულ ცოტა, რუსეთს შიგნიდან შეარყევს და დაასუსტებს. მაგრამ რამდენად რეალურია ეს?
გასული წლის ბოლოს ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, რუსეთის მოსახლეობის მხოლოდ 15%-ს სჯერა, რომ ოპოზიციონერი თავიდან მოცილების მიზნით მოწამლეს, 20% მის მოწამვლას დასავლურ სპეცსამსახურებს აბრალებს, თითქმის ნახევარს კი მისი მოწამვლის არ სჯერა. რა თქმა უნდა, რეჟიმის შესარყევად დიდი უმრავლესობა არაა საჭირო. რევოლუციებსა და დიდ ცვლილებებს ე.წ. პასიონარული უმცირესობები აწყობენ ხოლმე. მაგრამ 15% მაინც ძალიან ცოტაა, 20%-ზე ნაკლებია. 20% იმიტომ ვახსენე, რომ სოციოლოგიაში მეტად პოპულარული თეორიის მიხედვით, ნებისმიერ ჯგუფში (ერში, კორპორაციაში, სასწავლო აუდიტორიაში) პროცესი გამორჩეულად კარგ 20%-ს მიჰყავს.
და მაინც, ნავალნისნაირი ძლიერი მეტოქე პუტინს ჯერ არ ჰყოლია. შესაძლოა, იგი პირველი ნაბიჯი იყოს დესტაბილიზაციისაკენ. გამორიცხული არაფერია, მაგრამ აწყობს კი საქართველოს დესტაბილიზაცია რუსეთში? მთავარი შეკითხვა, ალბათ, ეს უნდა იყოს.
ჩვენს ქვეყანასა და რუსეთს შორის მთავარ (და, ალბათ, ერთადერთ სერიოზულ) პრობლემას ოკუპირებული ტერიტორიები წარმოადგენს. რუსეთი ალბათ ძალიან უნდა დასუსტდეს საიმისოდ, რომ სამხრეთ კავკასიიდან გავიდეს და ამგვარად ჩვენს ტერიტორიებსაც დაეხსნას. ასე ძალიან იგი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგაც კი არ დასუსტებულა. აქ შეიძლება ვიდავოთ, რომ მაშინ საქართველოც ძალიან სუსტი იყო და ტერიტორიები ამიტომ დაკარგა, მაგრამ იმასაც ნუ დავივიწყებთ, რომ მაშინ მოსკოვს აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი სახელმწიფოებად აღიარებული არ ჰყავდა.
შესაბამისად, რუსეთის სამხრეთ კავკასიიდან გასასვლელად მისი კიდევ უფრო სერიოზული დასუსტება, ანუ ნამდვილი ქაოსია საჭირო. ეს კი ნიშნავს ჩრდილო კავკასიაზე მისი კონტროლის შესუსტებას, მთელი აქედან გამომდინარე ნეგატივებით: თავის ნებაზე მიშვებული კადიროვით, რეგიონში გაძლიერებული ტერორიზმის ბუდეებითა და ა.შ. ეს საქართველოსათვის კარგი სცენარი ნამდვილად არ არის.
გაცილებით უკეთესია მეორე სცენარი: რუსეთის დემოკრატიზაცია და საქართველოსთან პრობლემის ცივილურად დალაგება. მაგრამ რამდენად გამოდგება საამისოდ ნავალნი (თუკი დავუშვებთ, რომ იგი ხელისუფლებაში მოვიდა). გამონათქვამებით თუკი ვიმსჯელებთ, იგი ტიპური იმპერიალისტია. თუ არ არის და, მაშინ საშუალო სტატისტიკური რუსეთის მოქალაქის ემოციებზე მუშაობს – კარგად ესმის რა, რომ რუსული იმპერიალიზმი ასე იოლად არსად არ წავა. ანუ დემოკრატიზაციით იგი თავს დიდად, ალბათ, არ მოიკლავს.
ყველაზე კარგი სცენარი კი ასეთია: ნავალნის წყალობით, რუსეთი ზომიერად სუსტდება (ისე, რომ ქაოსამდე არ მიდის), დასავლეთთან მორიგებას ცდილობს და დათმობებზე მიდის. ერთ-ერთი დათმობა კი საქართველოს დეოკუპაციაა. ეს ნამდვილად კარგად ჟღერს. ოღონდ საამისოდ კიდევ რამდენიმე პირობაა საჭირო: 1. დასავლეთი დაახლოებით ისეთივე ძლიერი და ერთიანი უნდა იყოს, როგორიც იყო 1990-იანებში. 2. საქართველომ კარგად უნდა იმუშაოს დასავლეთთან. 3. საქართველომ რუსეთთანაც უნდა იმუშაოს. დიახ, რადგან ჩვენს გასაკეთებელს თავიდან ბოლომდე სხვა არავინ გააკეთებს.