კოტბუსის 34-ე საერთაშორისო კინოფესტივალი (5-10 ნოემბერი) ქართული კინემატოგრაფისათვის იღბლიანი აღმოჩნდა. მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსში გამარჯვება წილად ხვდა ნუცა წიქარიძის ფილმს „მცხუნვარე მზე“, რომელიც ჟიურიმ საუკეთესოდ მიიჩნია.
აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ ერთი თვის წინ, ქუთაისის საერთაშორისო კინოფესტივალზე ნუცას ფილმმა მთავარი პრიზი – „ოქროს დინოზავრი“ დაიმსახურა.
კოტბუსის საერთაშორისო კინოფესტივალი 1991 წელს დაარსდა, ყოფილი აღმოსავლეთ გერმანიის ინდუსტრიულ ქალაქში. კოტბუსი გერმანიის გაერთიანების დღიდან და შემდგომ ათწლეულებშიც, აღმოსავლეთ ევროპის კინოს ყველაზე მნიშვნელოვან ფორუმად ითვლება. ფესტივალი ყოველი წლის ნოემბერში იმართება და ორიენტირებულია მხოლოდ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზე (ყოფილი საბჭოთა ბლოკი, საბჭოთა რესპუბლიკები და ბალკანეთი).
იგი უნიკალურია იმ თვალსაზრისთაც, რომ ერთადერთი ფესტივალია მსოფლიოში, სადაც ერთად ამდენი პოსტსაბჭოთა ქვეყანაა წარმოდგენილი. გარდა ამისა, A და B კლასის საერთაშორისო კინოფესტივალებზე ასეთი რაოდენობით პოსტსაბჭოთა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები უბრალოდ არც მონაწილეობენ.
ფესტივალი გამორჩეულია მრავალფეროვანი პროგრამითაც. დიდი მნიშვნელობა აქვს ფილმების მოქალაქეობრივ აქტუალობას და რეჟისორთა გაბედულ პოზიციას. მკაფიოდ სტრუქტურული და გამიჯნულია სრულმეტრაჟიანი, მოკლემეტრაჟიანი და საბავშვო ფილმების პროგრამაც. არანაკლებ მნიშვნელოვანია უკვე წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული კინოინდუსტრიის პლატფორმა სახელწოდებით „კოტბუსის დამაკავშირებელი“. რაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს კინორეჟისორების, პროდიუსერების და პოტენციური საფინანსო ინსტიტუტების დაახლოებაში.
წელს მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსში ნუცა წიქარიძის ფილმი კინოკრიტიკოსთა და პროდიუსერთა მაღალი შეფასების გამო თავიდანვე ყურადღების ცენტრში მოექცა.
„მცხუნვარე მზე“ ზაფხულის არდადეგებზე, სოფელში ჩასული ბავშვების ერთ, თითქოს ჩვეულებრივ დღეზე მოგვითხრობს. ფილმში ხაზგასმულია თითქოს ინდიფერენტული თხრობა საშუალო ხედებით, ზაფხულის ხვატის ტეპმო-რიტმი და ბავშვების სეირნობა-თამაშები, ვიდრე ისინი შემთხვევით, მდინარის ნაპირას მამაკაცის გვამს არ აღმოაჩენენ, თუმცა ბოლომდე ვერც გააცნობიერებენ სიკვდილის ფაქტს და სხეულს წყალში გადააგდებენ.
„მცხუნვარე მზე“ ხანგრძლივი და შორეული კადრით მთავრდება – ერთმანეთში თან მოთამაშე და თან მოკინკლავე ბავშვები ბუნებრივად აერთიანებენ ცხოვრების ყოფით, ბანალურ და მისტიკურ საწყისებს.
ფესტივალის გამარჯვებული მოკლემეტრაჟიანი ფილმების პროგრამაში სამკაციანმა ჟიურიმ გამოავლინა, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ კრიტიკოსები და ჟურნალისტები: ზილარდ ბერნატი (უნგრეთი), ეგელე ვერტელიტე (ლიტვა) და მაგდალენა ილიევა (ბულგარეთი).
90-იანი წლებიდან მოყოლებული, ქართული კინო კოტბუსის საერთაშორისო კინოფესტივალზე ყოველთვის გამორჩეული სიმპათიებით სარგებლობდა. თავის დროზე სრულმეტრაჟიანი ფილმების კონკურსში გამარჯვებულები გახდნენ ქეთი მაჭავარიანი („მარილივით თეთრი“, 2011 წელი) და ლევან კოღუაშვილი ( „მეოთხე ბრაიტონი“, 2021). 2015 წელს კი ტატო კოტეტიშვილის ფილმმა „ოგასავარა“ მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსზე სპეციალური პრიზი დაიმსახურა.