25 მარტს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჰომოფობიური კანონპროექტი წარმოადგინა. კანონპროექტი „ოჯახური ღირებულებების“ დაცვის მოტივით, საკონსტიტუციო ცვლილებებს ითვალისწინებს, მათ შორის, ისეთ ცვლილებებსაც, რომლებიც შეკრებისა და ნაწარმოებების შეზღუდვასაც ეხება.
„ტრადიციული და ოჯახური ღირებულებების“ დაცვის შესახებ მმართველ გუნდში ბოლო ერთი თვეა საუბრობენ. მამუკა მდინარაძემ თავდაპირველად 29 თებერვალს განაცხადა, რომ წარმოადგენდნენ ისეთ ცვლილებებს, რომლებიც საზოგადოებას „ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს“.
ბოლო ერთი თვის განმავლობაში ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთხელ სცადეს ამ საკითხის წამოწევა, მათ შორის, პროსახელისუფლებო მედიითაც. მმართველი გუნდი ცვლილებების საჭიროებას „ტრადიციული“, „ოჯახური ფასეულობების“ დაცვის საჭიროებით ხსნიდა და აცხადებდნენ, რომ მათ მიერ დაანონსებული ცვლილებები ადამიანის უფლებებს არ ეწინააღმდეგებოდა.
თუმცა თავად „ქართული ოცნების“ წევრები წლების განმავლობაში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მიერ მიღებულ იმ რეზოლუციებს უჭერდნენ მხარს, რომლებშიც გმობდნენ ადამიანის უფლებების წინააღმდეგ სხვადასხვა ქვეყნის გადადგმულ ნაბიჯებს თუ საკანონმდებლო ინიციატივებს, რომლებიც ლგბტქ+ თემის უფლებების შეზღუდვასაც მოიცავდა.
„პუბლიკამ“ ღია წყაროებზე მოიძია 4 დოკუმენტი, რომლების მიღებასაც „ქართული ოცნების“ წევრებმა დაუჭირეს მხარი, ამ რეზოლუციების ტექსტებში დაგმობილია თავად „ქართული ოცნების“ მიერ დღეს დაანონსებული მსგავსი საკანონმდებლო ცვლილებები.
რეზოლუცია 1948
2013 წელს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია 1948, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე დისკრიმინაციის წინააღმდეგ. „ქართული ოცნებიდან“ რეზოლუციას გუგული მაღრაძემ, თედო აბაშიძემ და თავდაცვის ამჟამინდელმა მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა დაუჭირეს.
რეზოლუციის მე-5 მუხლი სწორედ „ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის“ აკრძალვის შესახებ მიმართულ საკანონმდებლო ცვლილებებს გმობს.
„ასამბლეა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში ლოკალურ, რეგიონულ და ეროვნულ თუ ფედერაციულ დონეზე ე.წ. ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის აკრძალვის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივებზე.
ეს კანონები და კანონპროექტები, რომლებიც ეწინააღმდეგება გამოხატვის თავისუფლებას და სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის გამო დისკრიმინაციის აკრძალვას, ქმნის რისკს, რომ საზოგადოებაში არსებული ცრურწმენებისა და მტრობის ლეგიტიმაცია მოხდეს, ხელს უწყობს ლგბტ თემის მიმართ სიძულვილის ატმოსფეროს გაღვივებას“, – ნათქვამია ევროსაბჭოს რეზოლუციაში.
რეზოლუციის მე-8 მუხლი ხელისუფლების წარმომადგენლებს სთავაზობს, ხელი შეუწყონ ლგბტ თემთან დიალოგისა და ნდობის გაღრმავებას, მათ შორის, „პრაიდსა“ და მსგავსი ტიპის მარშებში მონაწილეობით.
ასევე, მე-8 მუხლში ევროსაბჭო გამოხატავს ინიციატივას, რომ ჩატარდეს ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული ღონისძიებები პარლამენტარებთან, ჰომოფობიისა და ტრანსფობიის პრევენციისთვის, რასაც მხარი დაუჭირეს „ქართული ოცნების“ წევრებმა.
ევროსაბჭოს ვებგვერდის მიხედვით, „ქართული ოცნების“ დეპუტატებს რეზოლუციის ტექსტში შესწორების შეტანა არ მოუთხოვიათ.
რეზოლუცია 1955
2013 წელსვე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ კიდევ ერთი რეზოლუცია მიიღო, რომელშიც მსგავსი კანონპროექტია ნახსენები. რეზოლუცია მოლდოვას ეხება და სხვა საკითხებთან ერთად, გმობს მის საკანონმდებლო ინიციატივას ისეთი ინფორმაციის გავრცელების დასჯის შესახებ, რომელიც შეუთავსებელია „ოჯახურ ღირებულებებთან“.
„ასეთი დებულება აშკარად ეწინააღმდეგება ევროპულ სტანდარტებს დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ. ამიტომ ასამბლეა მოუწოდებს მოლდოვის ხელისუფლებას, გააუქმოს ეს დებულება და მიესალმება ომბუდსმენის, ანტიდისკრიმინაციული საბჭოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გადადგმულ წინასწარ ნაბიჯებს, რათა უზრუნველყონ ცვლილებების სწორი და ერთგვაროვანი გამოყენება მათ გაუქმებამდე“, – ნათქვამია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში.
წერილობითი დეკლარაცია N 563
2014 წელს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო წერილობითი დეკლარაცია, რომელიც ეხებოდა რუსეთში ლგბტ თემის სტიგმატიზაციის გაგრძელებას საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ამ პოლიტიკის დაგმობის მიუხედავად.
დეკლარაციაში მოყვანილია მაგალითები, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, რუსული სასამართლოს, სახელისუფლებო მედიისა და ომბუდსმენის მხრიდან ლგბტქ+ თემის დემონიზაციის კამპანიას ეხება.
დეკლარაციაში მოყვანილ მაგალითში, ვლადიმერ პუტინი ერთნაირსქესიანი წყვილების აღიარებას დეგრადაციის, ასევე დემოგრაფიული და მორალური კრიზისის გზას უწოდებდა.
წერილობითი დეკლარაციის ხელმომწერებს შორისაა ამჟამინდელი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი.
რეზოლუცია 2445
რეზოლუცია 2445 ჩრდილო კავკასიის რეგიონში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე რეალობას ეხება, მათ შორის ლგბტქ+ თემის მდგომარეობას. ის „ქართული ოცნების“ წევრების მიერ ხელმოწერილ დოკუმენტებს შორის ყველაზე ახალია. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუცია 2022 წელს მიიღო და „ქართული ოცნებიდან“ მას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გივი მიქანაძე აწერს ხელს.
რეზოლუციის მეორე მუხლში ნათქვამია, რომ ჟურნალისტები, ადამიანის უფლებათა დამცველები, ლგბტქ+ თემის წარმომადგენლები, რომლებიც უარყოფენ ხელისუფლების მიერ დაწესებულ „ტრადიციულ ღირებულებებს“ და ეწინააღმდეგებიან ავტორიტარულ მმართველობას, წამებისა და სიცოცხლის დაკარგვის რისკის წინაშეც კი არიან მხოლოდ იმის გამო, რომ ჰქონდეთ თავიანთი აზრის გამოთქმის ან ისეთი ცხოვრების უფლება, როგორიც მათ სურთ.
„ჩრდილოეთ კავკასიაში ხალხი აგრძელებს ცხოვრებას დახურულ, პატრიარქალურ საზოგადოებაში. როგორც ადგილობრივი, ისე ფედერალური ხელისუფლებისთვის მისაღებია მძიმე რეპრესიები და მათ „ტრადიციული ღირებულებების“ დაცვის მოტივით ამართლებს“, – ნათქვამია რეზოლუციაში, რომელსაც „ქართული ოცნების“ დეპუტატიც აწერს ხელს.
დღეს კი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ „ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანების“ დასაცავად საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება საქართველოშიც სურთ. კანონპროექტის, რომლის მსგავს ცვლილებებსაც „ქართული ოცნების“ წევრები PACE-ის ფარგლებში მომზადებულ რეზოლუციებში გმობდნენ.
მდინარაძეს ასევე არ დაუკონკრეტებია, მაგალითად, რას გულისხმობს ს ე.წ. ფსევდოლიბერალური პროპაგანდა და როგორ მიიღებენ ცვლილებებს ის, რომ არ დაირღვეს მოქალაქეთა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება.