კორონავირუსის ახალი ვარიანტი, „ომიკრონი“, ბევრ ქვეყანაში უკვე SARS-CoV-2-ის დომინანტურ შტამად იქცა. მაგალითისათვის აშშ გამოდგება – გამოჩენიდან ორი თვის თავზე ომიკრონი კორონავირუსული ინფექციების მთავარი გამომწვევი გახდა. მეცნიერთა მთავარ საზრუნავად ცირკულაციაში არსებული ვაქცინების ეფექტიანობის საკითხი იქცა. აქამდე თუ ბუსტერული ვაქცინაცია დელტა შტამის შესაკავებლად იყო გამიზნული, ახალმა ვარიანტმა არსებული სტატუს-კვო თავდაყირა დააყენა. ომიკრონთან დაკავშირებულ უამრავ კითხვაზე პასუხების ძიება უკვე დაწყებულია.
► ომიკრონის ელვისებური გავრცელება
აქამდე ვარაუდობდნენ, რომ ახალი შტამების წარმატების მიზეზი ინფიცირებულთა მიერ გამოყოფილ რესპირატორულ წვეთებში ვირუსების შემცველობის მაღალი დონით იყო გამოწვეული. ამისათვის ჰარვარდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის მკვლევრებმა (აკადემიურ სტატიას რეცენზირება ჯერ არ გაუვლია) ინფიცირებულთა PCR ტესტებში ციკლის ზღურბლოვანი მაჩვენებლები (Cycle threshold value), ანუ Ct დონეები განსაზღვრეს.
ეს მონაცემი PCR ტესტში კორონავირუსის გენეტიკური მასალის, რნმ-ს დონეს საზღვრავს, რაც საბოლოოდ ინფექციის არსებობას ადასტურებს. როგორც გაირკვა, დელტა შტამით ინფიცირებულები უფრო მეტ ვირუსულ ნაწილაკს გამოყოფდნენ, ვიდრე ომიკრონით ინფიცირებულები, რადგანაც ბუნებრივი იყო იმის დაშვება, რომ ვირუსის მაღალ გავრცელებას გამოყოფილ რესპირატორულ წვეთებში მისი მაღალი შემცველობა იწვევს,
კვლევით მიღებული შედეგები ავტორებისთვის მოულოდნელი გამოდგა. თუმცა, აქამდეც გამოითქვა ვარაუდი, რომ ვირუსის ინფიცირების პოტენციალის განსაზღვრისათვის Ct დონეებზე დაყრდნობა არაინფორმატიული იყო. აღნიშნულ დასკვნამდე ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევრები მივიდნენ, როდესაც აცრილებსა და აუცრელებში Ct დონისა და ინფექციის გავრცელების კორელაცია შეისწავლეს. როგორც ირკვევა, აცრილებსა და აუცრელებს რესპირატორულ წვეთებში ვირუსის შემცველობა ერთნაირად უფიქსირდებათ, მაგრამ აცრილები ვირუსს მაინც უფრო ნაკლებად ავრცელებენ.
ჰარვარდელი კოლეგებისგან განსხვავებით, თავიანთ კვლევაში (აკადემიურ სტატიას რეცენზირება ჯერ არ გაუვლია) უფრო კონკრეტულები აღმოჩნდნენ შვეიცარიელი მეცნიერები. მათ საკვლევ PCR ტესტებში, ვირუსული რნმ-ს დონის გარდა, მაინფიცირებელი ვირუსის რაოდენობაც განსაზღვრეს. ომიკრონითა და დელტა ვარიანტით ინფიცირებულ პაციენტებს შორის რაიმე არსებითი განსხვავება აქაც არ დაფიქსირდა.
კვლევის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ გამოყოფილი ნაწილაკების რაოდენობა თითქმის იგივეა, ომიკრონი მაინც უფრო მეტად გადამდებია. ასევე, აღმოჩნდა, რომ კვლევის მონაწილეთა ნახევარს რესპირატორულ წვეთებში ინფექციის გამომწვევი ვირუსები პირველადი ინფიცირებიდან 5 დღის თავზეც უფიქსირდებოდა. ამ მიგნებამ, შესაძლოა, საკარანტინო ვადებთან დაკავშირებული შეზღუდვების მართებულობა დღის წესრიგში კიდევ ერთხელ დააყენოს – აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრი (CDC) ადამიანებს კორონავირუსის დადასტურებიდან ან პირველი სიმპტომის გამოვლენიდან 5 დღის შემდეგ ვირუსის გამავრცელებლად აღარ მოიაზრებს.
ამ ახალი კვლევების შედეგებიდან გამომდინარე, ჩნდება ვარაუდი, რომ ომიკრონის შტამის ასეთი ელვისებური გავრცელების მიზეზი მისი მუტაციების პრაქტიკულ შედეგებში უნდა ვეძებოთ. როგორც ვიცით, ომიკრონის გენომურ სტრუქტურაში არსებული 50-ზე მეტი მუტაციიდან, 36 მის წვეტიან ცილაზეა ლოკალიზებული, რის გამოც თავიდანვე გაჩნდა ვარაუდი, რომ ომიკრონი იმუნურ სისტემას უფრო მოხერხებულად დაუსხლტებოდა ხელიდან. როგორც ჩანს, ამ ჰიპოთეზას უკვე პირველადი სამეცნიერო მტკიცებულებები უჩნდება და მუტირებული ახალი ვარიანტი ვაქცინაციით გამომუშავებულ, ან ვირუსის გადატანით დატოვებულ ბუნებრივ იმუნიტეტს გვერდს ნაწილობრივ (და არა სრულად) მაინც აუვლის.
► ვაქცინების შემცირებული ეფექტიანობა
ფართო გამოყენებაში მყოფი ყველა ვაქცინა კორონავირუსის თავდაპირველი, ვუხანის ვარიანტის წინააღმდეგ შეიქმნა. ეს უკანასკნელი თავის დროზე „დელტამ“ სრულად ჩაანაცვლა და იგი ცირკულაციაში პრაქტიკულად უკვე აღარ გვხვდება. ახალი დომინანტური შტამის პირობებში, მეცნიერები თვალნათლივ ხედავდნენ, თუ როგორ შემცირდა ვაქცინების ეფექტიანობა. იგივე ვარაუდი გამოითქვა ომიკრონის გამოჩენისთანავე, რის გამოც აცრების ეფექტიანობის ცვლილების ტრენდის კვლევა ვაქცინების მწარმოებელი კომპანიებისთვის უპირველეს ამოცანად იქცა.
Pfizer / BioNTech პირველი იყო, ვინც საკუთარი ვაქცინის ეფექტიანობა ომიკრონ-შტამის წინააღმდეგ შეამოწმა. ამისათვის მათ ვაქცინირებულთა ორგანიზმში აცრის შედეგად ჩამოყალიბებული გამანეიტრალებელი ანტისხეულების დონე განსაზღვრეს. ფაიზერმა ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნა, რომ ვაქცინის ეფექტიანობა ახალი შტამის მიმართ დაქვეითებული იყო, მაგრამ ამ დეფიციტის გამოსწორება ბუსტერულ ვაქცინაციას შეეძლო. აღნიშნული მოსაზრების პრაქტიკული სისწორე სხვა, დამოუკიდებელმა კვლევებმაც დაადასტურა.
პირველადი მონაცემებით, საგრძნობლდ შემცირდა Astrazeneca-ს ვაქცინების ეფექტიანობაც. მალევე ვაქცინის მწარმოებელმა ოფიციალური განცხადება გააკეთა და თავისი ლაბორატორიული კვლევის შედეგები წარმოადგინა. ასტრაზენეკას ვაქცინამ ბუსტერული აცრის შემდეგ ომიკრონის წინააღმდეგ გამანეიტრალებელი ანტისხეულების ისეთი დონის შექმნა მოახერხა, რომელიც ძალიან ჰგავდა ვაქცინის 2 დოზის შემდეგ დელტა შტამის წინააღმდეგ გამომუშავებულ იმუნიტეტს. ამის გარდა, ვაქცინაციით გამომუშავებული ანტისხეულების რაოდენობა ინფექციის შედეგად გამომუშავებულ ბუნებრივ იმუნიტეტზე მეტი იყო.
ამ ამბიდან ორიოდე კვირის შემდეგ, ასტრაზენეკამ თავისი კლინიკური კვლევის ადრეული შედეგების შესახებ პრეს-რელიზი გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ ბუსტერული დოზის სახით მისი ვაქცინა ომიკრონთან ბრძოლაში ეფექტიანი იყო. კომპანიაში აცხადებენ, რომ მესამე აცრა ასევე ზრდის ორგანიზმის დაცვას დელტა ვარიანტის წინააღმდეგ და იგი ეფექტიანია მაშინაც კი, თუ პირველ ორ დოზად ფაიზერია გაკეთებული. მანამდე გამოქვეყნებულ The Lancet- ის პრეპრინტში (აკადემიურ სტატიას რეცენზირება ჯერ არ გაუვლია) მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ბუსტერულად გაკეთებულმა ასტრაზენეკას ვაქცინამ ჩინური სინოვაკით სრულად იმუნიზებულ პაციენტში სასურველი შედეგი გამოიღო.
პრეს-რელიზში ასევე აღნიშნული იყო, რომ ბუსტერული ვაქცინების შედარებისას ფაიზერის ვაქცინამ უკეთესი შედეგი აჩვენა. ასტრაზენეკამ ასევე ხაზი გაუსვა, რომ კომპანიას მუშაობა უკვე დაწყებული აქვს უშუალოდ ომიკრონის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაზე, თუმცა, დეტალების გამხელისგან მათ თავი შეიკავეს. მიუხედავად ამ პოზიტიური განცხადებებისა, ასტრაზენეკას რაიმე კონკრეტული ფაქტობრივი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, რაც ქმნის მოლოდინს, რომ აღნიშნული კვლევის შედეგები უახლოეს ხანში რომელიმე პრეპრინტ სერვერზე განთავდება.
► რუსული ვაქცინის დიდი გამოწვევები
ომიკრონის გამოჩენიდან მალევე მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ აფრიკასა და ლათინურ ამერიკაში აქტიურად გამოყენებულ Sputnik V -ს ეფექტიანობას ახალი შტამი მნიშვნელოვან დარტყმას მიაყენებდა. ეს პუტინის რეჟიმისთვის დიდი გამოწვევაა. უპირველეს ყოვლისა, მის ხელისუფლებას ახალ ვარიანტთან გამკლავება საკუთარი საზღვრების შიგნით მოუწევს, რაც მოსახლეობის ვაქცინაციის დუნე დინამიკის ფონზე დღის წესრიგში ბუსტერული აცრის საჭიროებასაც დააყენებს. ამ ყოველივეს გარდა, რუსეთი ვაქცინის ექსპორტიორი ქვეყანაა და თავის წარმოდგენაში პანდემიასთან ბრძოლის ზოგადსაკაცობრიო მისიაში ის დასავლური ვაქცინების (და მთლიანად დასავლური სამყაროს) მთავარ ალტერნატივას წარმოადგენს.
„ჩვენი Sputnik V კარგად მუშაობს და, შესაძლოა, იგი ომიკრონის წინააღმდეგ უფრო ეფექტიანი იყოს, ვიდრე სხვა ვაქცინები”, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ქვეყნის ინდუსტრიალისტებისა და ენტერპრენერების გაერთიანების კონგრესზე. ეს მისი პასუხი იყო რამდენიმე დღით ადრე გამოქვეყნებულ პრეპრინტზე (აკადემიურ სტატიას რეცენზირება ჯერ არ გაუვლია), რომელშიც მკვლევრებმა აღნიშნეს, რუსული ვაქცინით ორჯერადი აცრა ომიკრონის წინააღმდეგ დაცვას საერთოდ არ გამოიმუშავებდა. გამალეის ინსტიტუტი აღნიშნულ კვლევას დაუყოვნებლივ გამოეხმაურა და მისი ავტორები მონაცემების შეგნებულად დამახინჯებაში დაადანაშაულა. მალევე მათ თავიანთი ლაბორატორიული კვლევის შედეგები წარმოადგინეს, რომლის მიხედვითაც სპუტნიკის მიერ ომიკრონის წინააღმდეგ გამომუშავებული ანტისხეულების რაოდენობა მართალია პირველ შტამპთან შედარებით 12-ჯერ იყო შემცირებული, მაგრამ იგი მაინც სრულიად საკმარისი გახლდათ. რუსი მეცნიერების მტკიცებით, ბუსტერული აცრის შემთხვევაში Sputnik V ომიკრონის წინააღმდეგ ხანგრძლივ იმუნიტეტს გამოამუშავებდა. რაც მთავარია: ეს მონაცემები 3-7-ჯერ აღემატებოდა ფაიზერის ვაქცინის ეფექტიანობის მაჩვენებლებს. ამის პარალელურად, ვაქცინის ინგლისურენოვანი, ოფიციალური ტვიტერ-ანგარიში გამუდმებით აქვეყნებს იმ ქვეყნების ახალი შტამით ინფიცირების სტატისტიკას, რომლებიც რუსულ ვაქცინას არ იყენებენ.
რამდენიმე დღის წინ გამალეის კვლევით ცენტრის ხელმძღვანელმა, ალექსანრე გინსბურგმა პრესკონფერენცია ჩაატარა და განაცხადა, რომ რუსული ვაქცინა ომიკრონის წინააღმდეგ 75%-იან დაცვას უზრუნველყოფს. ეს მაჩვენებელი 100%-მდე იზრდება, თუ სრულად ვაქცინირებულები მეორე აცრიდან 6 თვის თავზე ბუსტერულად ისევ სპუტინიკით აიცრებიან. გინსბურგის განცხადებით, თუ ეს ასე არ მოხდება, მაშინ ვაქცინის ეფექტიანობა 56-57%-მდე შემცირდება.
რუსეთისთვის სპუტნიკთან დაკავშირებულ სამეცნიერო პერიპეტიებს დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს, რადგანაც ვაქცინას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) აღიარება ჯერ კიდევ არ მიუღიათ. ამის გამო, ისინი Covax პლატფორმაში ჩართვას ვერ ახერხებენ (რუსეთის მტკიცებით, მათ 300 მილიონზე მეტი ვაქცინის შეთავაზების რესურსი გააჩნიათ), რაც მათთვის დიდი რეპუტაციული ზიანია. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ WHO-ს აღიარების არმქონე ვაქცინებით აცრილებს ბევრი ქვეყანა თავისი საზღვრების გადაკვეთას უკრძალავს. ეს აკრძალვა კი მხოლოდ რუსეთის მოქალაქეებს არ ეხებათ – ლათინური ამერიკის ქვეყნებში სპუტნიკით აცრილი მილიონობით ადამიანი ამგვარი შეზღუდვების წინაშე დგას. ამ ყოველივეს ზემოდან ისიც ემატება, რომ თვითონ რუსეთში ვაქცინაციის დონე დასავლურ ქვეყნებთან შედარებით საგრძნობლად დაბალია და სპუტნიკის მყიდველი ბევრი სახელმწიფო მიწოდების დაგვიანებულ ვადებზეც საუბრობს. UNICEF-ის მონაცემით, 2021 წელს რუსეთმა ექსპორტზე 80 მლნ-მდე ვაქცინის დოზა გაგზავნა შეძლო, რაც საგრძნობლად ჩამორჩება ჩინეთს (528 მილიონი სინოფარმი და 729 მილიონი სინოვაკი), რომ აღარაფერი ვთქვათ ფაიზერზე – კომპანიამ აშშ-ს საზღვრებს გარეთ თავისი ვაქცინის 1.5 მლრდ ერთეულის ექსპორტირება მოახდინა.
► ჩინური ვაქცინები ომიკრონის პირისპირ
გლობალურად წარმოებული 7.3 მლრდ ვაქცინიდან თითქმის ნახევარი ჩინური წარმოებისაა. სინოვაკის ვაქცინა მსოფლიოში ყველაზე გამოყენებადი ვაქცინაა, ხოლო სინოფარმი – რიგით მესამეა. ორ ჩინურ ვაქცინას შორის ფაიზერია მოქცეული. შესაბამისად, გასაკვირი სულაც არც არის, რომ ომიკრონის გამოჩენის შემდეგ ბევრი მეცნიერისა და ხელისუფლის ინტერესი სრულად ჩინური ვაქცინების ეფექტიანობაზე ფოკუსირდა. მათ მიერ გამომუშავებული იმუნიტეტის ხანრგძლივობასა და ბუსტერული აცრის საჭიროებაზე საუბარი ჯერ კიდევ ახალი შტამის გამოჩენამდე მიდიოდა.
ჰონგ-კონში ჩატარებულმა მცირე კვლევამ (აკადემიურ სტატიას რეცენზირება ჯერ არ გაუვლია) მთავარ კითხვებს პირველადი პასუხი გასცა. როგორც ირკვეოდა, სინოვაკის 2 აცრა ომიკორნის წინააღმდეგ არაეფექტიანი იყო. არადამაიმედებელი იყო ახალი შტამის წინააღმდეგ სინოფარმის ეფექტიანობის შესახებ ჩატარებული კვლევაც (აკადემიურ სტატიას რეცენზირება ჯერ არ გაუვლია). სინოვაკმა მალევე ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ შესაძლოა ინფექციის შესაკავებლად 3 აცრის გაკეთება იყოს საჭირო.
ლოგიკურად გაჩნდა კითხვა: რამდენად ეფექტიანია ჩინური ვაქცინით აცრილი ადამიანების სხვა ვაქცინით ბუსტერიზაცია? მართებული იქნება ჩინური ვაქცინის ბუსტერად გამოყენება?
ამ კითხვებზე პირველი პასუხები ორიოდ დღის წინ გახდა ცნობილი. ბრაზილიაში, ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები ჟურნალში The Lancet გამოქვეყნდა. როგორც ირკვევა, სრული ვაქცინაციიდან 6 თვის თავზე ორგანიზმში არსებული ანტისხეულების დონე ყველაზე დაბალ მაჩვენებელზეა, რაც ბუსტერული დოზის გაკეთების ინდიკატორად გამოდგება. სინოვაკით აცრილებში ბუსტერულად კვლავ სინოვაკის გამოყენებამ ანტისხეულების დონე 12-ჯერ გაიზარდა. გაცილებით მაღალი იყო ეს მაჩვენებელი ბუსტერად ფაიზერის (152-ჯერ ზრდა) და ასტრაზენეკას (90-ჯერ ზრდა) შემთხვევაში.
აქვე აღსანიშნავია, რომ აცრის თანმდევი არასასურველი ეფექტები ყველაზე ნაკლებად სინოვაკით სამჯერადი აცრის შემდეგ დაფიქსირდა. კვლევამ გამოკვეთა, რომ ბუსტერულმა ვაქცინაციამ იმუნიტეტის მანეიტრალიზებელი ეფექტი როგორც დელტა, ასევე ომიკრონის წინააღმდეგაც გაზარდა. ამ მხრივ უკეთესი შედეგი მესამე აცრად ფაიზერის გამოყენებამ აჩვენა (90%-იანი სეროპოზიტიურობა), ვიდრე სინოვაკმა (30%-იანი სეროპოზიტიურობა).
ახლახან, ჟურნალში Nature გამოქვეყნებული პრეპრინტში (აკადემიურ სტატიას რეცენზირება ჯერ არ გაუვლია) ასახული შედეგებიც მსგავს ტრენდს იმეორებს. კვლევის ავტორებმა დაადგინეს, რომ სინოვაკით აცრილებში ბუსტერულად ფაიზერის გამოყენებამ, ორჯერადად ფაიზერით აცრასთან შედარებით, ომიკრონის წინააღმდეგ მანეიტრალიზებელი მოცულობა 1,4-ჯერ გაზარდა. კვლევის ფარგლებში ასევე გადაიხედა კორონავირუსული ინფექციით დატოვებული ბუნებრივი იმუნიტეტის ფონზე ვაქცინაციის ეფექტიანობაც. დელტა შტამის პირობებში არსებობდა მოსაზრება, რომ ინფექციის გადატანის შემდეგ რაც მეტი დროის შემდეგ გაკეთდება ვაქცინა, იმუნური პასუხიც უფრო მძლავრი იქნება. როგორც ირკვევა, იგივე დაშვება ომიკრონზე არ ვრცელდება. აქედან გამომდინარე, ახლო წარსულში გადატანილი ინფექციის მიერ დატოვებული ბუნებრივი იმუნიტეტის იმედად ყოფნა ვაქცინაციაზე უარის თქმის გამართლებულ მიზეზად არ უნდა ჩაითვალოს.
The Lancet-ში გამოქვეყნებული კვლევის ავტორთა განცხადებით, ამჟამად არსებული სამეცნიერო მტკიცებულებები ბუსტერული ვაქცინაციის დიდ მნიშვნელობაზე ცალსახად მიუთითებს, რაც ღარიბ ქვეყნებს საშუალებას აძლევს, ვაქცინაციის კამპანია უფრო ეფექტიანად დაგეგმონ.
► ჩინეთი და რუსეთი დასავლეთის წინააღმდეგ
როცა საქმე დეზინფორმაციის გავრცელებას ეხება, რუსეთი უპირობო ლიდერია. ჯერ კიდევ 2020 წლის მეორე ნახევარში, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა თავის ანგარიშში რუსული პროპაგანდისტული ეკოსისტემის მუშაობის სპეციფიკა დეტალურად აღწერა. თუმცა, ბოლო პერიოდში რუსეთის ადგილი ჩინეთმა დაიკავა.
სი ძინ პინის რეჟიმის დეზინფორმაციული მანქანა კორონავირუსის გამოჩენის პარალელურად აქტიურად ამუშავდა, რაც პანდემიის დაწყების ადგილისა და მიზეზების შესახებ დაუსაბუთებელი ინფორმაციის გავრცელებაში გამოიხატა. კომუნისტური პარტიის ნაკარნახევი ნარატივი პანდემიის მიმდინარეობის დინამიკის შესაბამისად იცვლებოდა, რაც დასავლური სამყაროს მიერ პანდემიასთან ბრძოლის კრიტიკასა და საკუთარი გადაწყვეტილებების სისწორის მტკიცებაში გამოიხატებოდა. ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის (CEPA) მომზადებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ჩინეთის მთავარი ამოცანა მისი რეპუტაციის გასუფთავება, პანდემიის დაწყებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის თავიდან არიდება და ვირუსთან ბრძოლაში მისი, როგორც სანდო პარტნიორის იმიჯის შექმნა არის.
ჩინეთის სამთავრობო მედია, The Global Times, თავის სარედაქციო წერილში 2020 წლის მიწურულს ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ „ჩინეთის ყურადღება არა „ვაქცინების რბოლაზე“ (აღარაფერს ვამბობთ ე.წ. „ვაქცინების დიპლომატიაზე“), არამედ კაცობრიობის საყოველთაო ინტერესებზეა კონცენტრირებული… მისი ვალდებულება, აქციოს ვაქცინა საყოველთაო კეთილდღეობად, უკვე სრულდება”. 1 წლის თავზე, შემაჯამებელ წლიურ ანგარიშში ჩინეთის სტატისტიკის ეროვნულმა ბიურომ აღნიშნა, რომ ქვეყანამ 371 მლრდ პირბადე, 4.2 მლრდ-ზე მეტი პირველადი თავდაცვის საშუალება და 8.4 მლრდ ტესტირების რეაგენტი დაამზადა. ჩინეთის საზღვრებს შიგნით კორონავირუსის ვაქცინის 2.9 დოზა გაკეთდა და მათ 2 მლრდ დოზაზე მეტი ვაქცინა მსოფლიოს 120-ზე მეტ ქვეყანაში შეიტანეს (ჩინური ვაქცინის ყველაზე მსხვილი მყიდველები არიან: ინდონეზია, ბრაზილია, პაკისტანი, თურქეთი და ირანი).
სტატისტიკის ეროვნული ბიურო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამ მაჩვენებლით მათ ყველა სხვა ქვეყანას გადაუსწრეს. კონტრასტისთვის: ჩინური სამთავრობო პროპაგანდა პანდემიასთან ბრძოლაში აშშ-ს მთავრობის ნაბიჯებს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს და აღნიშნავს, რომ „ვირუსთან ბრძოლაში აშშ-ს კარგი თითქმის არაფერი გაუკეთებია. ძია სემის დაპირებები მხოლოდ სიტყვიერია”. ჩინური მედიისთვის დასავლეთის წინააღმდეგ დეზინფორმაციით ბრძოლა უცხო ხილს არ წარმოადგენს – მათ სტატიებში მრავლად შეხვდებით სრულიად აბსურდულ მტკიცებებს იმის შესახებ, თითქოს დეფექტურ და თითქმის ვადაგასულ ვაქცინებს აშშ განვითარებად ქვეყნებს მიუგდებს ხოლმე.
კომუნისტური რეჟიმის ჯიბის ჟურნალისტები მწვავედ აკრიტიკებენ აშშ-ს მიერ ვირუსის პირველწყაროს ძიებაში სადაზვერვო სამსახურების დამოუკიდებელ ჩართვასაც და იქვე შენიშნავენ, რომ პანდემიის მიზეზების მოკვლევა მეცნიერთა საქმე უფროა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2020 წლის აპრილში გამოცემული სახელმწიფო ბრძანების თანახმად, პანდემიის დაწყებასთან დაკავშირებული ნებისმიერი კვლევა გამოქვეყნებამდე უნივერსიტეტის აკადემიურმა კომიტეტმა, მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სამინისტრომ, ან განათლების სამინისტრომ უნდა შეამოწმოს. გამოქვეყნების გადაწყვეტილება მხოლოდ მათი თანხმობის შემდეგ მიიღება. ამ გადაწყვეტილების საფუძვლად ჩინეთის ხელისუფლებამ კორონავირუსთან დაკავშირებული დაბალი ხარისხის აკადემიური სტატიების მოზღვავება დაასახელა, რაც, მათი აზრით, ინფოდემიის საფუძველი ხდებოდა. ეს გადაწყვეტილება დასავლური აკადემიური წრეებში როგორც მკაცრი ცენზურის მცდელობა, ისე შეფასდა.
ჩინური ნარატივისგან მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა რუსული დეზინფორმაციის მთავარი გზავნილები, რაც დასავლურ სამყაროში ქაოსის შეტანასა და საზოგადოების პოლარიზებული მხარეების ერთმანეთის წინააღმდეგ დაგეშვას ისახავდა მიზნად. ამ შედეგის მისაღწევად, რუსეთის მთავრობის მიერ მართული ტროლ-ფაბრიკები უწყვეტ რეჟიმში ავრცელებდნენ ვაქცინებთან დაკავშირებულ დეზინფორმაციებსა და კონსპირაციულ თეორიებს. თავისი სპორადული ბუნების მიუხედავად, რუსული პროპაგანდის მთავარი სამიზნე მაინც აშშ-ს ახალი ადმინისტრაცია იყო.
რუსეთი და ჩინეთი ორკესტრირებული თავდასხმების პარალელურად თავიანთი ვაქცინის რეკლამირებასაც ეწეოდნენ და მას დასავლურ ვაქცინებზე უფრო უსაფრთხო, ეფექტიანად საშუალებად წარმოაჩენდნენ – აღნიშნულია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის გლობალური ჩართულობის ცენტრის მომზადებულ ანგარიშში. იმავეს ამბობდა ევროკავშირიც თავის ანგარიშში, სადაც აღწერდა, თუ როგორ სისტემურ ხასიათს ატარებდა რუსული მედიის თავდასხმები დასავლურ ვაქცინებზე. ინფორმაცია ბევრ ენაზე, მათ შორის რუსულადაც იყო ხელმისაწვდომი.
თუმცა, რუსეთმა თავისი აგრესიული დეზინფორმაციული კამპანიის შედეგები საკუთარ თავზე მწარედ იწვნია. მთავრობის დაკვეთით მომზადებული ვაქცინაციის საწინააღმდეგო გზავნილები აქტიურად კითხვადია რუსეთის შიგნითაც. ამის შედეგია რუსეთის საოცრად დუნე ვაქცინაციის კამპმანია და ზრდადი სკეპტიციზმი სპუტნიკის წინააღმდეგ. როგორც ირკვევა, მოსახლეობის 45% ასაცრელად მზად ჯერ კიდევ არ არის, ხოლო გამოკითხულთა 50% კი ვირუსით ინფიცირებასაც არ უშინდება. ამგვარი დამოკიდებულების მიზეზი პანდემიამდე არსებულ ზოგად სკეპტიციზმში უნდა ვეძიოთ – მაშინ მსგავსი ტრენდი ფიქსირდებოდა წითელას შემთხვევების ზრდის დროსაც. ამჯერად, რუსეთის მთავრობა უკვე ინფექციაგადატანილ მოსახლეობას ვერ არწმუნებს, რომ ბუნებრივი იმუნიტეტის მიუხედავად, ვაქცინაცია მაინც საჭიროა. ეს კი იმ პერიოდში ხდება, როცა რუსეთში პანდემიის დაწყების დღიდან მოყოლებული ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება.
► საქართველოს ლოკალური გამოწვევები
ბოლო დღეების განმავლობაში ინფიცირების მაჩვენებელი საგანგაშოდ მაღალ ნიშნულზეა. განვილილი კვირის მონაცემებით, ტესტირებული ადამიანების დადებითობის მაჩვენებელი 15,66%-ს შეადგენს. დრამატულად პესიმისტური იყო დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის პროგნოზი. მისი განცხადებით, შესაძლოა, ვირუსის გავრცელების პიკი ქვეყანაში თებერვლის პირველ დეკადაში დადგეს და დღიური შემთხვევების რეალურმა რაოდენობამ 60 ათასს მიაღწიოს – მათგან ლაბორატორიულად დაახლოებით მხოლოდ 20-30% გამოვლინდება. იმავეს აღნიშნავდა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძეც. მისი მოლოდინი თებერვლის პირველ ნახევარში 12-15 ათას დღიურ შემთხვევას გულისხმობს, მაგრამ შეიძლება ამ ვადებმა წინ გადმოიწიოს – 22 იანვრისთვის დღიური ინფიცირების მაჩვენებელმა 11 039 შემთხვევას მიაღწია. იმნაძის განცხადებით, თბილისში დაფიქსირებული შემთხვევების 80% პროცენტამდე ომიკრონის შტამზე მოდის. შედარებით უფრო დაბალია ეს მაჩვენებელი საქართველოს რეგიონებში – 40-დან 60%. “საშუალოდ ქვეყანაში მოცირკულირე 70 % არის „ომიკრონი“, – განაცხადა პაატა იმნაძემ ორიოდ დღის წინ.
ამ მწვავე მოცემულობაში, საქართველოსთვის მთავარ გამოწვევად კვლავ ვაქცინაციის კამპანიის წახალისება და რუსულ დეზინფორმაციასთან გამკლავება რჩება. აუცილებელია, კიდევ ერთხელ გამახვილდეს ყურადღება პრევენციული ღონისძიებების მნიშვნელობაზე, რის ფარგლებშიც აქცენტი პირბადეების სწორად შერჩევაზე უნდა გაკეთდეს. ომიკრონის მზარდი გავრცელების გამო აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა (CDC) რეკომენდაციები განაახლა და მოსახლეობას მოუწოდა, რომ უმჯობესი იქნება, თუ უპირატესობას მრავალშრიანი ქსოვილისგან დამზადებულ პირბადეებს მიანიჭებენ. მათი განცხადებით, ამ შედეგის მისაღწევად შეიძლება ქირურგიულ პირბადეზე დამატებით ნაჭრის პირბადის გაკეთებაც იყოს საჭირო. ინფიცირების მაღალი რისკის გათვალისწინებით, ზოგიერთ შემთხვევაში რეკომენდებულია N95 ტიპის რესპირატორების გამოყენება.
ახალი სამეცნიერო მტკიცებულებების გაჩენის პარალელურად, უნდა ჩატარდეს შესაბამისი საინფორმაციო კამპანია, რის ფარგლებშიც სრულად იმუნიზებულ მოსახლეობას გასაგებად უნდა აუხსნან, თუ როგორი ეფექტიანობაა მოსალოდნელი ომიკრონის წინააღმდეგ ბუსტერული აცრისას. ამჟამად, მესამე აცრის სახით შესაძლებელია როგორც ფაიზერის, ასევე სინოვაკისა და სინოფარმის ვაქცინების გაკეთება. საგანმანათლებლო მუშაობა ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც მოსახლეობის ნაწილი მესამე ვაქცინად ჩინურ სინოფარმსა (2022 წლის 16 იანვრის მონაცემებით – 8466 ადამიანი) და სინოვაკს (2022 წლის 16 იანვრის მონაცემებით – 2416 ადამიანი) ირჩევს. მზარდი ინფიცირების პირობებში ეს ახლა საკვანძო საკითხია, რათა ომიკრონის წინააღმდეგ ჩინური ვაქცინით ბუსტერული აცრის შემდეგ საზოგადოებაში გადაჭარბებული მოლოდინები არ შეიქმნას, ხოლო ამ კოჰორტაში შესაძლო ინფიცირების შემთხვევებმა ანტივაქსერული ნარატივების გაძლიერებას არ შეუწყოს ხელი.