ონკოლოგიური დიაგნოზი და ურთიერთობის ეტიკეტი

დიმიტრი ლიპარტელიანი

ამერიკელ ინტელექტუალსა და მწერალს, კრისტოფერ ჰიტჩენს 2010 წელს საყლაპავის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. შემდგომი  წელიწად-ნახევრის განმავლობაში მან დაავადების თანმდევი ფიზიკური და ემოციური განსაცდელი რამდენიმე ესეიში დეტალურად აღწერა. მისი სიკვდილის შემდეგ ეს ჩანაწერები წიგნად გამოიცა. მძიმე დაავადებასთან დაკავშირებული კომუნიკაციის სირთულის ანალიზის შემდეგ ჰიტჩენსმა აღნიშნა: „კიბოს ეტიკეტისათვის მოკლე სახელმძღვანელო გვჭირდება”.

ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი რთული და კომპლექსური საკითხია როგორც სამედიცინო, ასევე ემოციური თვალსაზრისით. ის სრულიად ცვლის პაციენტთა ცხოვრების დღის წესრიგს, მსოფლმხედველობასა და სოციალური კონტაქტების ბუნებას.

დიაგნოზი გავლენას ახდენს არა მხოლოდ ერთ ინდივიდზე, არამედ მის ოჯახსა და მეგობრებზე. სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, როგორ უნდა მოვიქცეთ, რაზე ვისაუბროთ და რა ფორმით დავეხმაროთ კიბოსთან მებრძოლ ადამიანს.

პატივი ეცი კონფიდენციალურობას

როდესაც ვინმე თავის დიაგნოზს გაგანდობთ, ამის შესახებ არავის არ უნდა უთხრათ, თუ მისგან ნებართვა არ გაქვთ აღებული. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ძალიან ინტიმური ხასიათისაა. ადამიანების უმეტესობას არ სურს, მათ შესახებ სხვების აღქმა მძიმე დიაგნოზით იყოს განსაზღვრული.

ზოგჯერ ისე ხდება, რომ სხვისი დიაგნოზის შესახებ სრულიად მოულოდნელად, მესამე პირისგან ვიგებთ. ასეთ დროს მნიშვნელოვანია, გავარკვიოთ, არის თუ არა ეს ინფორმაცია საჯარო – თუ ონკოლოგიურმა პაციენტმა ამის შესახებ საჯაროდ ისაუბრა, მასთან პირადად შეხვედრის შემდეგ შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ ვიცით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. თუ ეს ინფორმაცია ჩვენამდე „ჭორის დონეზე” მოვიდა, ასეთ შემთხვევაში უმჯობესია, დამაზუსტებელი შეკითხვებისგან თავი შევიკავოთ და ადამიანის კონფიდენციალურობას პატივი ვცეთ.

შეიძლება ისე მოხდეს, რომ ჩვენთვის ახლობელი ადამიანის დიაგნოზის შესახებ გვიან გავიგოთ. ასეთ დროს იმაზე არ უნდა გავბრაზდეთ, თუ რატომ არ ვიცოდით ამის შესახებ აქამდე. დიაგნოზის გამხელის თანმდევი ემოციური განცდები ზოგჯერ პაციენტისთვის დამაბრკოლებელი ფაქტორია. არც მისი დამალვა უნდა მივიღოთ პირად შეურაცხყოფად. ჩვენ იმაზე უნდა ვკონცენტრირდეთ, თუ როგორ შევძლებთ მისთვის დახმარების აღმოჩენას.

მოუსმინე

ეს, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეკომენდაციაა ონკოლოგიურ პაციენტებთან ურთიერთობის ეტიკეტში.

იმისათვის, რომ სწორად მოსმენა შევძლოთ, აუცილებელია, ჯერ ჩვენ თვითონვე გავიაზროთ, თუ რას განვიცდით სხვისი დიაგნოზის მოსმენისას, როგორ ვაანალიზებთ ადამიანის ჯანმრთელობის პრობლემის თანმდევ ემოციებს და რა ფორმით ვუმკლავდებით მათ. გულწრფელი ემპათიის გამოსახატად უნდა ვეცადოთ, თავი სხვის პოზიციაში ჩავაყენოთ, რათა სულ ოდნავ მაინც მივხვდეთ, თუ რას გრძნობს ამ დროს პაციენტი.

საკუთარი ემოციებისა და განცდების სხვაზე პროეცირებას უნდა მოვერიდოთ – ონკოლოგიურ დიაგნოზს ყველა განსხვავებულად იღებს და ჩვენ რა რეაქცია გვექნებოდა, არ ნიშნავს იმას, რომ სხვაც ანალოგიურად მიიღებს ამ ყველაფერს. შეიძლება, ასეთ დროს არც კი ვიცოდეთ, როგორ უნდა მოვიქცეთ, ან რა ვთქვათ – ეს სრულიად ბუნებრივი მოვლენაა და ამის აღიარების არ უნდა შეგვრცხვეს.

„არც კი ვიცი, რა უნდა ვთქვა”, – ამ სიტყვების თქმა ზოგიერთს ისე უჭირს, რომ ურჩევნია, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტთან ყველანაირი სოციალური კონტაქტი გაწყვიტოს.

კარგად უნდა გვქონდეს გაცნობიერებული, რომ დიაგნოზის მოსმენის შემდეგ პაციენტი შეიძლება ისეთ ემოციებს განიცდიდეს, როგორიცაა: შიში, ბრაზი, სევდა, იმედგაცრუება, მარტოსულობა, სირცხვილი და დანაშაული. როგორი თანაგანცდის უნარიც არ უნდა გაგვაჩნდეს, შეუძლებელია, ბოლომდე გავიაზროთ, თუ რას გრძნობს ამ დროს სხვა ადამიანი.

ამიტომაც, თანაგრძნობის გამოხატვა სიტყვებით „კარგად მესმის, თუ რას განიცდი“ მართებული არ არის. უმჯობესია, მას ვკითხოთ „შეგიძლია, მითხრა, რას გრძნობ“, მაგრამ არ უნდა გავბრაზდეთ, თუ ადამიანს ამ თემაზე საუბარი არ სურს. ზოგჯერ, პირიქით –  ონკოლოგიურ პაციენტს თავის დაავადებაზე ლაპარაკი უნდა და მას ამის საშუალება იმ ფორმით უნდა მივცეთ, რომელსაც ის აირჩევს.

უნდა ვეცადოთ, რომ ასეთი ტიპის დიალოგისას მაქსიმალურად გულწრფელნი ვიყოთ, არ შევაწყვეტინოთ აზრი და არ შევცვალოთ საუბრის თემა. ასეთ დროს შეიძლება, ჩვენი პირველადი ინსტინქტი ადამიანის გამხნევება და მისი განწყობის ამაღლებაა, თუმცა კარგად უნდა ვიაზრებდეთ, რომ არსებულ ვითარებას სიტყვებით –„ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება“ ვერ გავამარტივებთ. ამან თანამოსაუბრეს შესაძლოა, აფიქრებინოს, რომ მისი მდგომარეობის სირთულეს ძალიან ზერელედ ვეკიდებით და მას ცრუ იმედს ვუსახავთ.

„ესაუბრე ჩემს კიბოზე და არა სხვისაზე“, – აღნიშნავდა ჰიტჩენსი თავის წიგნში. ეს რეკომენდაცია განსაკუთრებით საყურადღებოა, რადგანაც  ონკოლოგიური დიაგნოზი ძალიან ინდივიდუალური გამოცდილებაა და მას ყველა პაციენტი თავისებურად იღებს. მაქსიმალურად უნდა მოვერიდოთ სხვა ადამიანის ონკოლოგიური განცდების სხვაზე მორგებას – ფრაზა „ჩემს ნათესავსაც იგივე დაავადება სჭირდა, მაგრამ უფრო ოპტიმისტურად უყურებდა ყველაფერს“ თავს უკეთ ვერავის აგრძნობინებს.

აქტიური მოსმენა საშუალებას გვაძლევს მეტ-ნაკლებად გავიაზროთ, თუ რა მიმართულებით სურს თანამოსაუბრეს დიალოგის წაყვანა და მას ამის საშუალება უნდა მივცეთ. ზოგჯერ ადამიანებს სურთ, ისაუბრონ სიკვდილზე, თავიანთი გაურკვეველი მომავლის თანმდევ შიშებსა და მათი ოჯახის წევრების განსაცდელზე. ასეთ დროს სრულიად ნორმალურია, არ ვიცოდეთ, თუ რა პასუხი გავცეთ თანამოსაუბრეს და ამის აღიარების არ უნდა შეგვეშინდეს.

ყოველთვის არ არის აუცილებელი, უხერხული სიჩუმე ჩვენი საუბრით შევავსოთ. ზოგჯერ ადამიანები რეკომენდაციის მოსასმენად არ საუბრობენ – მათ უბრალოდ სურთ, თავიანთი ემოციური განცდები ხმამაღლა გააჟღერონ და ეს ვინმემ მოისმინოს.

შესთავაზე პრაქტიკული დახმარება

„რითაც შემიძლია, ყველაფრით დაგეხმარები“ – ძალიან ფართო გაგების და ამავდროულად არაფრისმთქმელი სიტყვებია.

ონკოლოგიური პაციენტების უმეტესობა ძალიან განიცდის, როცა მათი ყოველდღიურობა ეტაპობრივად იცვლება – ეს აქამდე მათთვის ჩვეული რუტინული საქმიანობის შესრულებას ართულებს. ამის გამო, ბევრი მათგანი დახმარებას საჭიროებს, მაგრამ ამის თხოვნა ან არ უნდა ან უბრალოდ ერიდება. ასეთ დროს მნიშვნელოვანია, სპეციფიკური, პრაქტიკული დახმარება ისე შევთავაზოთ ადამიანს, რომ ამით არ დავამციროთ.

მაგალითად, არ ვუთხრათ: „ვიცი, მანქანის მართვა გიჭირს და ამიტომ, მე წაგიყვან ექიმთან ვიზიტზე“. უმჯობესია ვკითხოთ: „თუ გინდა, გამოგივლი და ექიმთან ვიზიტზე ერთად წავიდეთ – გზაში ვისაუბრებთ და საცობში ნერვები არ მოგვეშლება“. ასევე, არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ ონკოლოგიურ პაციენტს ექიმთან მარტო სურს შეხვედრა “ ასეთ დროს მის გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ.

ონკოლოგიურ დაავადებასთან მებრძოლ ადამიანს ყოველთვის უნდა ვკითხოთ, რისი გაკეთება უნდა დღეს. არ ვაიძულოთ, შეასრულოს კონკრეტული ქმედებები: „სულ სახლში ხარ და წამო, გავისეირნოთ“, „ბოლო პერიოდში გასართობად არსად ვყოფილვართ და მოდი, კინოში წავიდეთ“ და ა.შ. ასეთ დროს ინიციატივა სრულად მის ხელში უნდა დავტოვოთ და არ განვსაჯოთ იგი თავისი გადაწყვეტილებების გამო; არ უნდა დავაკისროთ რაიმე პასუხისმგებლობა იმის გასაკეთებლად, რისი სურვილიც ან ენერგიაც არ აქვს.

სოციალური კონტაქტების მნიშვნელობის მიუხედავად, უნდა გვახსოვდეს, რომ არის დღეები, როდესაც ადამიანს არავის ნახვა არ სურს – არ აქვს ენერგია, თავი მოიწესრიგოს და გვიმასპინძლოს. ამიტომაც, მნიშვნელოვანია, მას გაუფრთხილებლად არ ვესტუმროთ – ამან შეიძლება პაციენტს გარკვეული დისკომფორტი შეუქმნას. უმჯობესია, სტუმრობა წინასწარ დავგეგმოთ და არ გავბრაზდეთ, თუ გეგმები ბოლო წუთებში რადიკალურად შეიცვლება –  ასეთ დროს სხვა ადამიანის სურვილები ჩვენსაზე წინ უნდა დავაყენოთ და პატივი ვცეთ.

სწორად შეარჩიე კომპლიმენტები

ონკოლოგიური დაავადება ხშირად ადამიანთა გარეგნობას მნიშვნელოვნად ცვლის და ისინი ამას, ზოგჯერ, ყველაზე მძიმედ განიცდიან. ასეთ დროს ისეთი კომენტარები, როგორიცაა „რაღაც ფერმკრთალი მეჩვენები“ და „ძალიან გახდი“ მათთვის მხოლოდ უარყოფითი ემოციების მომტანია. შეიძლება, ადამიანს დიაგნოზამდე ჭარბი წონა ჰქონდა, მაგრამ ესეც კი არ არის საბაბი იმის სათქმელად, რომ „რა კარგია, რომ დაიკელი“ – წონის დაკარგვა კიბოს მიზეზით არავის უნდა. ასევე უსიამოვნო მოსასმენია ყალბად ნათქვამი „რა კარგად გამოიყურები“. კომპლიმენტი მთავარია, გულწრფელი იყოს და რეალობას გამოხატავდეს. თუ არაფერი გაქვთ სათქმელი, უმჯობესია, თავი შეიკავოთ, მაგრამ, თუ პაციენტი წინანდელთან შედარებით უკეთ გამოიყურება, ეს აუცილებლად შეამჩნიეთ და ამის შესახებ უთხარით.

გულდასმით დააკვირდით, როგორ უმკლავდება ადამიანი თავის დიაგნოზს

ყველა ადამიანი ცხოვრებაში წარმოქმნილ სირთულეებს განსხვავებულად უპირისპირდება. მძიმე დაავადებასთან ბრძოლაში ზოგიერთი თავდაცვის მექანიზმად იუმორს ირჩევს. ასეთ დროს კარგად უნდა გვახსოვდეს: ერთია, როცა ვინმე თავის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ხუმრობს და მეორეა, როცა ამას ჩვენ ვაკეთებთ. ის ფაქტი, რომ ვიღაც თავის კიბოს, ზოგჯერ, იუმორით უყურებს, არ გვაძლევს იმის უფლებას, რომ ამ თემაზე დავუწყოთ ხუმრობა. რა თქმა უნდა, არც იმის უფლება გვაქვს, მისი ხუმრობა ავისხლიტოთ და მივუთითოთ, რომ ეს სამხიარულო საკითხი ნამდვილად არ არის – ონკოლოგიურმა პაციენტმა ამის შესახებ ისედაც შესანიშნავად იცის.

ბევრისთვის დიაგნოზი იზოლირებას და თავის თავში ჩაკეტვას გულისხმობს. ზოგიერთი კი პირიქით, ცხოვრებას ოპტიმისტურად უწყებს ყურებას. ასეთ დროს შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ისინი დიაგნოზის უარყოფის ფაზაში არიან. რეალურად, შესაძლოა, ეს მათ მიერ არჩეული გამკლავების მექანიზმი იყოს. იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი მკურნალობის კურსს გადის, ექიმთან გეგმურ ვიზიტებს არ აცდენს და შესაბამის გამოკვლევებს რეგულარულად იტარებს, ეს იმის მანიშნებელია, რომ იგი თავისი მდგომარეობის სიმძიმეს სრულყოფილად იაზრებს და არც დიაგნოზის უარყოფის ფაზაშია.

ნუ განსჯი

კიბოს დიაგნოზი ზოგიერთ პაციენტში სირცხვილისა და დანაშაულის განცდას აღძრავს – „ამის თავიდან არიდება როგორ ვერ შევძელი?”. ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იგი მისი ცხოვრებისეული არჩევანის გამო არ განვსაჯოთ და ამგვარად კიდევ უფრო ცუდ მდგომარეობაში არ ჩავაყენოთ. „აი, ხომ გეუბნებოდი, რომ სიგარეტისთვის თავი დაგენებებინა?!“ ძალიან ცუდად აღიქმება იმ ადამიანის მიერ, რომელიც ფილტვის კიბოს ებრძვის. არც იმის აღნიშვნა შეიძლება, რომ „ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს“ ან „ყველაფერი უფლის ნებაა“. მორწმუნე ადამიანისთვის ეს კიდევ დამატებითი განსაცდელია – „ნუთუ, კიბო სურდა ღმერთს ჩემთვის? ასეთი რა ცოდვა მაქვს, რომ ამგვარად ვისჯები?“. განსაცდელში მყოფი ავადმყოფის განსჯა ჩვენი საქმე არ არის და ამით მათ ვერ ვეხმარებით.

ზოგჯერ ისე ხდება, რომ პაციენტი მკურნალობის კურსს წყვეტს. ასეთ დროს ძალიან ფრთხილი მიდგომა გვმართებს, რადგანაც ამ მიზეზების სიღრმეს შეიძლება სრულყოფილად ვერ ვიაზრებდეთ. ამ შემთხვევაში, უმჯობესი იქნება, მათ ექიმთან კონსულტაცია და ამ საკითხის სიღრმისეულად განხილვა ვურჩიოთ (და არ დავაძალოთ!), რათა დავრწმუნდეთ, რომ ის სრულყოფილად იაზრებს შესაძლო რისკს. ზოგიერთი ჩვენ რჩევას გაითვალისწინებს, ზოგიც – არა. მიუხედავად ყველაფრისა, ასეთ დროს იმაზე მინიშნება, რომ „სუსტია და ამიტომ დანებდა“ არ შეიძლება – ჩვენ არ ვიცით, ყოველდღიურად რა სირთულეების გადალახვა უწევთ ონკოლოგიურ დაავადებასთან მებრძოლ ადამიანებს და დარწმუნებით იმასაც ვერ ვიტყვით, როგორ მოვიქცეოდით მათ ადგილას.


ონკოლოგიურ დაავადებასთან მებრძოლ ადამიანთან კომუნიკაციაში ყველა ნაბიჯსა და სიტყვას წინასწარ ვერ დავგეგმავთ. ხშირად შეცდომებს დავუშვებთ, სიტყვებსა და ემოციებს სწორად ვერ შევარჩევთ, მაგრამ ასეთ დროს ბოდიშის მოხდის არ უნდა მოგვერიდოს. მსგავსი დიაგნოზი ჩვენშიც, ჯანმრთელ ადამიანებში, კომპლექსურ ემოციებსა და განცდებს იწვევს, რომელთა გამოხატვის ფორმებიც ყველასთვის განსხვავებულია. თუ თანამოსაუბრე გვკითხავს, რას განვიცდით და ამაზე ზუსტი პასუხი არ გვაქვს, არ მოვატყუოთ, გულწრფელად ვუთხრათ, რომ არც კი ვიცით. მსგავსი ადამიანური მოწყვლადობა ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ადამიანისთვის ძალიან ნაცნობია და მასთან კომუნიკაცია შეიძლება საკუთარი ემოციების უკეთ გაგებაში დაგვეხმაროს.