ონლაინრესურსები, რომლებიც COVID-19-თან გამკლავებაში დაგეხმარებათ

პუბლიკა

ოჯახის ექიმთან დაკავშირება, სიმპტომებსა და გართულებების შესახებ კითხვებზე პასუხის მიღება, კვალიფიციური ექიმების რჩევები, გამოცდილების გაზიარება, კერძო ლაბორატორიების მისამართები, დანიშნულების გადამოწმება და მედიკამენტებზე ინფორმაციის მიღება – ამ და სხვა საკითხებზე უკვე ონლაინპლატფორმებსა თუ სხვადასხვა ჯგუფში აქტიურად იწერება.

კორონავირუსით ინფიცირების ზრდასთან ერთად, სულ უფრო მეტი ადამიანი წუხს და საუბრობს გადატვირთული საავადმყოფოების, მუდმივად დაკავებული 112-ისა და ექიმთან კონსულტაციისთვის მომლოდინეთა უსასრულო რიგის გამო.

„პუბლიკა“ გთავაზობთ ინფორმაციას იმ ონლაინრესურსების შესახებ, რომლებიც შესაძლოა დაგეხმაროთ Covid-19-თან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხის მიღებაში.

ყველაზე ახალი ონლაინპლატფორმა, რომელიც რამდენიმე დღის წინ შეიქმნა – Covider/კოვაიდერია. Facebook-გვერდი „კოვაიდერი“ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, ე.წ. კოვიდასისტენტის ფუნქციას ასრულებს.

„მაშ ასე, მზად ხარ ეს რთული პერიოდი ერთად და უფრო მარტივად გადავიტანოთ?“- გეკითხებათ ჩეტბოტი და ამის შემდეგ შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია Covid-19-ის შესახებ, ასევე, გაუზიაროთ თქვენი მონაცემები, თუ დაგიდასტურდათ კორონავირუსი და მიიღოთ რჩევები. ყველა შეკითხვას, რომელიც გაგიჩნდებათ ექიმი ბიძინა კულუმბეგოვი პასუხობს.

ამ პლატფორმის საშუალებით შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა:

  • რა ვქნა თუ სიმპტომები მაქვს?
  • რეკომენდაციები;
  • შემახსენე სიცხის გაზომვა, ფიზიკური აქტივობები;
  • თავდაცვის ზომები;
  • ექიმთან კონსულტაცია;
  • პასუხები ზოგად შეკითხვებზე;
  • განახლებების მიღება ვირუსის შესახებ.

„კოვაიდერი“ პლატფორმა „ერთიანობის“ დამფუძნებლებმა  ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმგებოვთან ერთად შექმნეს. პლატფორმის დამფუძნებლები არიან: საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე  ნინო ზამბახიძე, აჭარაჰოლდინგის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ვალერი ჩეხერია, „ბიზნესაქსელერატორი სპარკის“ მენეჯერი სანდრო კანდელაკი.

შეგიძლიათ Facebook-ზე მოძებნოთ გვერდი Covider – კოვაიდერი და მიჰყვეთ პლატფორმის გამოყენების ინსტრუქციას. ინსტრუქციის შესახებ ინფორმაცია პირველივე პოსტში შეგხვდებათ. გვერდს უკვე 9 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს.

 

კორონავირუსთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება და ექიმის რჩევები შეგიძლიათ ასევე მიიღოთ, ერთ-ერთი აქტიური Facebook ჯგუფიდან-  მედგიდი/ Med Guide.

ჯგუფი შეიქმნა ექიმებისა და პაციენტებს გამარტივებული ურთიერთობისთვის. ჯგუფში ექიმები განიხილავენ საინტერესო, აქტუალურ თემებს, ქრონიკულ/მწვავე შემთხვევებს, მათ მიმდინარეობას და მკურნალობის სქემებს. ექიმები უპასუხებენ მოსახლეობის მიერ დასმულ ნებისმიერ შეკითხვას. სამედიცინო სივრცეში განიხილება კლინიკების, სამედიცინო დაწესებულებების მუშაობის პრინციპები, მედიკამენტების აქტუალობა და გავლენა პოპულაციაზე (დადებითი და უარყოფითი მხარეები)“, – ნათქვამია ჯგუფის აღწერაში. მას 20 ათასზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.

ასევე, ჯგუფში ზიარდება სხვადასხვა ექიმის ვიდეორეკომენდაციებიც, ადამიანები ერთმანეთს ურჩევენ კვალიფიციურ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს და ეხმარებიან სხვადასხვა სირთულის დაძლევაში, რაც ინფორმაციის მიღებასთანაა დაკაშირებული.

ასეთივე დამხმარე ჯგუფია MED CITY / მედ სითი, რომელიც დახურული სამედიცინო პროფილის ჯგუფია. ჯგუფის მიზანია, დაეხმაროს საზოგადოებას სამედიცინო სფეროში არსებული ინოვაციების, ტექნოლოგიების, თანამედროვე მიდგომების გაცნობაში.

„ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე „მედ სითი“ შეეცდება მის წევრები დისტანციურად დააკავშიროს შესაბამის სპეციალისტს საჭიროების მიხედვით. ასევე, პერიოდულად განიხილება ქვეყანაში წამოჭრილი სამედიცინო პრობლემები და მათი მოგვარების გზები“, – ნათქვამია ჯგუფის მიზნებში. ჯგუფის შექმნის იდეის ავტორები არიან  თათია დვალიშვილი და თათა ცინცაძე.

ჯგუფები დახურულია და დაცულია პერსონალურ ინფორმაციასთან დაკავშირებული საკითხები. ამის შესახებ მომხმარებლებიც არიან გაფრთხილებული. ჯგუფებში ადამიანები ხშირად უზიარებენ ერთმანეთს ინფორმაციას საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ, დანიშნულებას, მკურნალობის სქემას, ანალიზის პასუხებს და ა.შ.

უშუალოდ კერძო ონლაინკლინიკაა – REDMED • რედმედი, სადაც აპლიკაციის საშუალებით შეგიძლიათ დაჯავშნოთ სასურველი ექიმი და ვიდეოზარით გაესაუბროთ.

REDMED-ის აპლიკაციით ან ვებგვერდით ირჩევთ სასურველი სპეციალობის ექიმს. შესაძლებელია წინასწარ გაეცნოთ ექიმის პროფილს, მიიღოთ ინფორმაცია მის განათლებასა და კვალიფიკაციაზე, წაიკითხოთ სხვა მომხმარებლების შეფასებები. ექიმის არჩევის შემდეგ შესაძლებელია მონიშნოთ მომსახურების ხელსაყრელი დრო და სერვისის ტიპი.

ონლაინკლინიკით სარგებლობის დეტალურ ინსტრუქციას შეგიძლიათ გაეცნოთ როგორც კლინიკის ვებგვერდზე, ასევე Facebook-ის საშუალებით.


დღეს, 25 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსის 3071 ახალი შემთხვევა დადასტურდა. განახლებული მონაცემებით, გასულ დღე-ღამეში გარდაიცვალა 34 კოვიდპაციენტი და გამოჯანმრთელდა 3366 ადამიანი.