კოლხეთის ეროვნული პარკი და პალიასტომის ტბა საქართველოს დაცული ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილია. კოლხეთის ეროვნული პარკი საქართველოსთვის უცხო, გამორჩეული ლანდშაფტით ბევრი ადამიანის ყურადღებას იქცევს. ალბათ ხშირად შეხვდებით პალიასტომის ტბაზე მოწყობილი სანაოსნო ტურების ლამაზ, საინტერესო ფოტო თუ ვიდეომასალას.
თუმცა, კოლხეთის ეროვნული პარკი, რომელიც შავი ზღვის სიახლოვეს მდებარეობს, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი და საინტერესოა. გამორჩეული თავისი ლანდშაფტით და ჰაბიტატებით.
პალიასტომის ტბა კი, რომელიც კოლხეთის ეროვნული პარკის ნაწილია, მიეკუთვნება საქართველოს უმნიშვნელოვანეს შიდა სარეწაო წყალსატევს. წლების განმავლობაში მთელი რიგი ანთროპოგენური მანიპულაციების მიუხედავად, ტბა დღესაც გამორჩეულია თავისი პროდუქტიულობით.
ასევე გამორჩეულია ტბის იქთიოფაუნაც და მისი მრავალფეროვნება. ბიომრავალფეროვნებით გამორჩეული იქთიოფაუნა აქ ატარებდა შერეულ ხასიათს. კარგი პირობები იყო შექმნილი არამარტო მტკნარი წყლის თევზებისთვის, რომლებიც ტოფობდნენ ტბის სხვადასხვა ადგილებში ან მასში ჩამავალ მდინარეებში. პალიასტომის ტბა ასევე წარმოადგენდა ზუთხისებრთა საზრდელ წყალსატევს, ტბაში დიდი რაოდენობით შედიოდა კეფალისებრთა სახეობებიც.
თუმცა, გასული საუკუნის 30–იან წლებიდან მკვეთრად მცირდება მტკნარი წყლის თევზების წილი, იზრდება დაბალი სიმლაშის ამტანი ზღვიური ფორმების მრავალფეროვნება და რიცხოვნობა. კვლევებით დასტურდება რომ დღეისათვის პალიასტომის ტბაში მკვეთრადაა შემცირებული მსხვილი მტაცებლების: ლოქოს, ქარიყლაპიას, ქორჭილას, ქაშაპის, კაპარჭინას, კაპარჭას, გუწუს, ნაფოტას რიცხოვნობა. საერთოდ აღარ გვხდება ისტორიულად პალიასტომისთვის სახასიათო ზუთხისებრნი, ფარგა და სხვა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება ბუნების კონსერვაციისთვის“ პროექტების მენეჯერი ალბინა მამედოვა ამბობს, რომ მართალია, კოლხეთის ეროვნული პარკი გამორჩეულია თავისი იქთიოფაუნით, მაგრამ საინტერესო საკვლევი არეალი არამხოლოდ ამის გამოა.
„კოლხეთი ძალიან მნიშვნელოვანი ადგილია არამარტო წყლის ეკოსისტემით, არამედ ის მიგრაციის დროს საინტერესო და ძალიან მნიშვნელოვანი ჰაბიტატია ფრინველებისთვისაც. ამასთან აქ არის უნიკალური, კოლხური ტყე. მაგრამ ინვაზიური სახეობების კუთხით ძალიან დიდი პრობლემის წინაშე ვდგავართთ“, – ამბობს ალბინა მამედოვა და დასძენს, რომ ინვაზიის პრობლემა დგას როგორც თევზებში, ისე ძუძუმწოვრებსა და მცენარეებში.
სწორედ თავისი საერთაშორისო მნიშვნელობის, ჰაბიტატების სიმრავლისა ამასთან პარკის წინაშე არსებული გამოწვევების გათვალისწინებით შეირჩა კოლხეთის ეროვნული პარკი საერთაშორისო პროექტის კვლევის არეალად.
„შავი ზღვის აუზის ქვეყნებში გარემოს დაცვის ერთობლივი მონიტორინგი“ შავი ზღვის აუზის 4 ქვეყანაში მიმდინარე ერთობლივი პროექტია.
როგორც ალბინა მამედოვა განმარტავს, პროექტის მიზანია შავი ზღვის აუზის ქვეყნებში მდებარე დაცულ ტერიტორიებში არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და მოგვარებისათვის საჭირო მეთოდოლოგიის შემუშავება. პროექტის პირველ ეტაპზე შეგროვდება მონაცემები, რომელზე დაყრდნობითაც უნდა განისაზღვროს არსებული საფრთხეების გადაჭრის გზები.
კოლხეთის ეროვნულ პარკში კვლევა ჰაერისა და წყლის მონაცემების შეგროვებას მოიცავს, ასევე მიმდინარეობს პარკის ტერიტორიაზე გავრცელებული მნიშვნელოვანი სახეობების, როგორც ფრინველების, ისე ძუძუმწოვრებისა და თევზების შესწავლა.
პალიასტომის ტბაში გავრცელებული თევზების და მათი მდგომარეობის შესასწავლად „საბუკო“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთან ბელა ჯაფოშვილთან თანამშრომლობს.
„ამ კვლევის მიზანი არის მონიტორინგისთვის ერთობლივი საფუძვლების შემუშავება. თვითონ პროექტი მონიტორინგს არ მოიცავს, მონიტორინგისთვის მრავალი წელია საჭირო, მაგრამ ამ პროექტის მეშვეობით მისთვის საფუძვლების შექმნა იქნება შესაძლებელი და შევთანხმდებით საერთო მეთოდიკაზე.
ძალიან მნიშვნელოვანია ბიომრავალფეროვნების, მათ შორის, თევზების და მეთევზეობის მდგრადი მართვა. მდგრადი მართვა კი გულისხმობს იმას, რომ დააკვირდე ზომა-წონის მაჩვენებლებს, პოპულაციის სტრუქტურას.
საერთო მეთოდიკის შემუშავებით და შემდგომში მონაცემების შეგროვებით, მაგალითად, შევისწავლით ამა თუ იმ სახეობის პოპულაციის ასაკობრივ სტრუქტურას და გამოვიკვლევთ პრობლემებს“, – ამბობს ბელა ჯაფოშვილი.
როგორ იკვლევენ ადგილობრივ ეკოსისტემას?
კოლხეთის ეროვნულ პარკში „საბუკო“ რამდენიმე მიმართულებით მუშაობს. მათ შორის, მკვლევრები შეისწავლიან კოლხურ ტყეს, ფრინველებისა და ძუძუმწოვრების პოპულაციას, იქთიოფაუნას. აკვირდებიან ინვაზიური სახეობების პოპულაციას როგორც ფლორაში, ისე ფაუნაში. კვლევები მიმდინარეობს შედარებით ახალი მეთოდით, დრონის გამოყენებითაც.
„საბუკომ“ პალიასტომის ტბის მიდამოებში დააყენა ფოტოხაფანგებიც, რომელთა მეშვეობითაც წავის ჰაბიტატს სწავლობენ. პროექტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს კოლხეთის ეროვნული პარკის იქთიოფაუნის შესწავლაც.
თუმცა, როგორც ალბინა ჰყვება, რამდენადაც საინტერესოა კოლხეთის ეროვნული პარკი კვლევისთვის, იმდენად რთული აღმოჩნდა იქ საველე მუშაობის ჩატარებაც. მისი თქმით, ეს „საბუკოს“ მკვლევრებისთვის პალიასტომის ტბაზე კვლევების ჩატარების პირველი შემთხვევა იყო. ამიტომ, ბევრი გაუთვალისწინებელი სირთულის გადალახვაც მოუწიათ.
„ბევრ კომპონენტზე ხარ დამოკიდებული, მაგალითად ამინდზე, უსაფრთხოების ზომებზე, რის გამოც გარკვეულ უბნებში ვერ შედიხარ. საველე გასვლისთვის გჭირდება ხალხი და ნავი, რადგან მარტო ვერ გახვალ. ან თუნდაც სანამ ფრინველების დარგოლვას დაიწყებ, ძალიან ბევრი ადგილის ნახვაა საჭირო, კოლხეთის ეროვნული პარკი კი ძალიან დიდია.
ძალიან ბევრი უბანია, გურიიდან აჭარამდე. შესაბამისად, კვლევას ართულებს დროის ფაქტორი და ბუნებრივი პირობები. რთულად სამუშაო ადგილია, მით უმეტეს, წყალზე, ზოგადად, უფრო რთულია ხოლმე მუშაობა, ვიდრე ხმელეთზე“, – ამბობს ალბინა მამედოვა.
რაც შეეხება უშუალოდ იქთიოფაუნის შესწავლას, ბელა ჯაფოშვილი „პუბლიკასთან“ კვლევის საველე ეტაპს დეტალურად აღწერს. ჯაფოშვილი ჰყვება, რომ კვლევის ფარგლებში ეწყობოდა საველე გასვლები, რომელთა მეშვეობითაც პალიასტომის ტბის იქთიოფაუნაზე გარკვეული მონაცემები მიიღეს.
პირველ რიგში, როგორც მეცნიერი ამბობს, შრომატევადია მოსამზადებელი ეტაპი. თევზჭერისთვის საჭიროა ნებართვის მიღება, ამისთვის კი გარემოს დაცვის სამინისტროს, როგორც წესი, ერთი თვით ადრე მაინც უნდა დაუკავშირდე. ნებართვის მისაღებად კი დეტალური ინფორმაციის მიწოდებაა საჭირო – თევზჭერის მიზეზებისა და მიზნების, აღჭურვილობის აღწერა და სხვ. ამის მიუხედავადაც, ნებართვა შეიძლება ყველამ ვერ მიიღოს.
ამიტომ, როგორც ბელა ჯაფოშვილი ამბობს, კვლევის ერთ-ერთი რთული მონაკვეთი, მისი მოსამზადებელი სამუშაოა. თუმცა, შრომატევადია თავად საველე ეტაპიც.
საველე ეტაპზე, მეცნიერთა ჯგუფი ნავით, სხვა მცურავი საშუალებით შედის ტბაში და არჩევს ხელსაყრელ ადგილებს თევზჭერისათვის. იქ დგამენ ბადეებს და 2-3 საათის განმავლობაში ელოდებიან.
„ბადეს დავამონტაჟებთ, ჩავდგამთ და ველოდებით იქვე ან სადმე, დასასვენებელ ადგილას. შემდეგ ვუბრუნდებით თევზჭერის ადგილს და ვიღებთ ბადეს. მაგალითად, ჩვენ გვქონდა 150-180 მეტრის სიგრძისა და 1 მეტრის სიღრმის ბადე. ბადის ამოღებისას ადგილზე ვამოწმებთ თევზებს – ვიღებთ მათ ზომებს, ვახდენთ იდენტიფიკაციას, ვინიშნავთ მათ სახეობას და ვუღებთ ფოტოებს. ზოგიერთს ვაბრუნებთ უკან, ნაწილი მოგვყავს“, – განმარტავს ბელა ჯაფოშვილი.
ბელა ჯაფოშვილი ამბობს, რომ, როგორც წესი, თითოეულ გასვლაზე წყალში ერთზე მეტ ბადეს დგამენ, რაც საველე სამუშაოს უფრო შრომატევადს ხდის და ხშირად, ერთი იქთიოლოგისთვის, მკვლევართა ჯგუფის გარეშე, მთელი ამ პროცესის წარმართვა რთულია.
თევზების შესწავლისას, მათი სახეობების იდენტიფიკაციისთვის, დადასტურებისთვის გენეტიკური სინჯის აღებაა საჭირო, რისთვისაც, როგორც წესი, ფარფლის ნაწილს აჭრიან.
თევზის ასაკის დასადგენად ხშირად თევზის ქერცლს იღებენ პინცეტით ან ლანცეტით. როგორც ბელა ჯაფოშვილი განმარტავს, ეს მარტივი და მოხერხებული მეთოდია, თუკი ამის საშუალებას სახეობა იძლევა. რადგან თევზების ნაწილს საერთოდ არ აქვს ქერცლი ან თუ აქვს, მასზე დაკვირვება ვერ ხერხდება.
„თევზების ასაკობრივი შემადგენლობით კი ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ, თუ რამდენად ჯანსაღია ეს იქთიოფაუნა. თუ ასაკობრივ ჭრილში რამე ჩავარდნა, წყვეტაა, ეს უკვე უჩვენებს, რომ იქ პროცესი არ მიმდინარეობს კარგად“, – ამბობს მკვლევარი „პუბლიკასთან“.
რას მოგვცემს კვლევებიდან მიღებული მონაცემები?
ალბინა მამედოვა განმარტავს, რომ მიმდინარე პროექტის შედეგი იქნება იმის გამოვლენა, თუ ანთროპოგენური ზეგავლენის გამო რა პრობლემებს აწყდებიან დაცული ტერიტორიები ოთხივე იმ ქვეყანაში, რომლებიც ამ კვლევაში არიან ჩართული.
რაც შეეხება უშუალოდ პალიასტომის ტბას, ბელა ჯაფოშვილის თქმით, მათი მიზანია ტბის ეკოსისტემის შესწავლა, რომელიც დიდი ხანია, არ მომხდარა და რასაც ამ კვლევების საფუძველზე მონიტორინგის დაწყება შეძლებს.
მკვლევარი დასძენს, რომ პალიასტომის ტბა დიდი რაოდენობით ჭერილით იყო გამორჩეული. ხშირად ამბობენ, რომ პალიასტომის ტბაში ადრე გაცილებით მეტი თევზი იყო. მეთევზეები იხსენებენ ან გადმოცემებზე დაყრდნობით ჰყვებიან, რომ ტბაში შემოდიოდნენ ზუთხისნაირები, ქაშაყი და სხვ. მაგრამ მათი პოვნა ახლა ძალიან რთულია. ამის მიუხედავად, ჯაფოშვილი ამბობს, რომ პატარა ზომის ქაშაყი საველე გასვლებზე მათაც შეხვდათ და კვლევების გაგრძელებით შესაძლოა, მისი ბინადრობის მეცნიერული დადასტურებაც შეძლონ.
„ქაშაყი ითვლება, რომ არის პალიასტომის ადგილობრივი ფორმა. ჩვენი ლიტერატურით ქაშაყის ორი სახეობა შემოდიოდა, მაგრამ დიდი ხანია ისინი აღარ დაფიქსირებულან. ძველ წყაროებში მითითებულია, რომ ეს არის პალიასტომის გამორჩეული ბინადარი, რომელიც მსოფლიო სამეცნიერო წრეებში ჯერ არ არის აღიარებული. ამიტომ ასეთი კვლევებით თუ დავადასტურებთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.
აქ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში არ ჩატარებულა მსგავსი კვლევა და მაგალითად, ამ კვლევით ჩვენ შეგვიძლია დავადგინოთ, რა სახეობებია დარჩენილი.
ძალიან საინტერესოა პალიასტომის იქთიოფაუნა, რომელიც არ არის საფუძვლიანად გამოკვლეული და მონიტორინგის მონაცემები, რისი საფუძვლების შექმნასაც ეს კვლევები ემსახურება, ადგილობრივი, ენდემური სახეობის დადასტურების საშუალებას მოგვცემდა. სახეობების, რომლებიც არ არიან აღიარებული საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების მიერ“, – ჰყვება ბელა ჯაფოშვილი.
როგორც მკვლევარი ჰყვება, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამუშავდეს მონიტორინგი, რომელიც ადგილობრივი გარემოს შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას მისცემს მეცნიერებს. რადგან ერთჯერად კვლევებს, რამდენად საფუძვლიანიც არ უნდა იყოს, არ შეუძლია მსგავსი მონაცემების შეგროვება, რაც წლობით მონიტორინგის შედეგად აკუმულირდება.
ჯაფოშვილი ამბობს, რომ ბევრ განვითარებულ ქვეყანაში, მაგალითად, ფინეთსა და შვედეთში, ასეთი მონიტორინგი უკვე ათეულობით წელია გრძელდება. მაგრამ მონიტორინგის დაფუძნების შემთხვევაში საქართველოში რამდენიმე წლის მერე უკვე მნიშვნელოვანი მონაცემები გვექნება.
„მონიტორინგის მონაცემებით, რომლის საფუძვლის შესაქმნელადაც ეს კვლევა ტარდება, ვიგებთ თევზების ბიომრავალფეროვნებას. ვიგებთ რომელ სახეობებში გვაქვს პრობლემა – დაავადება იქნება ეს, თუ რამე სხვა პრობლემა. ვიგებთ პოპულაციის შემადგენლობას, ასაკობრივ სტრუქტურას. ამ სტრუქტურის მიხედვით კი შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რამდენად ჯანსაღია პოპულაცია და რაიმე საფრთხე ხომ არ ემუქრება.
ვიღებთ ასევე ინფორმაციას ინვაზიურ სახეობებზე, რა და რამდენი უცხო სახეობაა შემოსული. მაგალითად პალიასტომში კარჩხანას შესახებ შეგვექმნება წარმოდგენა და შემდეგ შეგვიძლია ვიმსჯელოთ და დავგეგმოთ სხვადასხვა მოქმედება, რომ გავაკონტროლოთ, ლიმიტირება მოვახდინოთ და სხვ. მოკლედ, უამრავი საინტერესო ინფორმაციის მიღება შეგვიძლია“, – ამბობს ბელა ჯაფოშვილი.
თუმცა, მისი თქმით, მიმდინარე კვლევა არამხოლოდ მნიშვნელოვანია საერთო მეთოდიკის და მონიტორინგისთვის ბაზისის შექმნით, არამედ თავისთავადაც იძლევა საინტერესო მონაცემებს.
კვლევის შემდეგ მნიშვნელოვან მიგნებებზე საუბრობს ალბინა მამედოვაც. ალბინა ჰყვება, რომ ინვაზიური სახეობების კუთხით, ამ კვლევამ უკვე შექმნა გარკვეული სურათი.
„კვლევის დაწყებამდე გვეგონა, რომ ნუტრია, რომელიც ინვაზიური სახეობაა, ასე ძლიერად არ იყო შეჭრილი წავის ჰაბიტატში, მაგრამ არსებული მდგომარეობა მძიმე აღმოჩნდა. წავის ჰაბიტატი ბოლო წლებში ძალიან შემცირდა, და ძალიან კარგი იქნებოდა, თუ ახლავე დაიწყებოდა ცალკე კვლევა მაგ მიმართულებით და შესაბამისი რესურსებიც გამოიყოფა.
ასევე გვაქვს მნიშვნელოვანი მონაცემები მეტყევისგან. თავად ეროვნული პარკის სპეციალისტები ამბობენ, რომ კოლხეთის ტყეებსა და ტორფნარევ ადგილებში ისეთი მცენარეებია გავრცელებული, რომლებიც ადგილობრივ სახეობებს უშლის ხელს და ცვლის ადგილობრივ გარემოს.
სამწუხაროდ, ამასთან ბრძოლის მეთოდები ჯერჯერობით არ არის გამოგონილი, მხოლოდ ხელით ამოღებაა შესაძლებელი, კოლხურ ტყეებში კი მაგის გაკეთება, ფაქტობრივად, შეუძლებელია“, – ამბობს ალბინა მამედოვა და დასძენს, რომ მნიშვნელოვანი იქნებოდა ამ მიმართულებებით კვლევების გაგრძელება.
ბელა ჯაფოშვილი კი ამბობს, რომ კვლევების გაგრძელებისთვის მეცნიერებისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა ფინანსებია. საველე სამუშაოების წარმოებას ფინანსური რესურსი სჭირდება, რისი მოძიებაც რთულია. ჯაფოშვილის თქმით, იმისთვის, რომ პროექტის დასრულების შემდეგ არ შეწყდეს კვლევები, მათ დასჭირდებათ მეტი ფინანსური რესურსი – ხელსაწყოები თევზჭერისთვის და რესურსები საველე გასვლებისთვის. დასჭირდებათ ფინანსები მეტ მეთევზესთან თანამშრომლობისა და უფრო ინტენსიური მუშაობისთვის.
ჯაფოშვილის თქმით, მეცნიერებმა უნდა შევისწავლოთ არამხოლოდ ბიომრავალფეროვნება, არამედ წყლის პარამეტრებიც. როგორც მინიმუმ, უნდა მოხდეს წყლის ქიმიური და ფიზიკური პარამეტრების კვლევა ბიოლოგიურ კომპონენტთან ერთად.
პროექტის სოციალური მხარე, რატომ არის მიმდინარე კვლევები ხალხისთვის მნიშვნელოვანი?
ბელა ჯაფოშვილის თქმით, პალიასტომის ტბასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი სოციალური ასპექტიც. რადგან ეს ტბა სპეციფიკური ადგილია. ის დაცული ტერიტორიების შემადგენელი ნაწილია, მაგრამ ზოგიერთი სახეობის გამოკლებით, თევზჭერა დაშვებულია მთელი წლის განმავლობაში.
ადგილობრივი მოსახლეობისთვის პალიასტომის ტბა არის საარსებო წყარო და ძალიან ბევრი ოჯახია მასზე დამოკიდებული. ხალხისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს კვლევა, რადგან ისინი განიცდიან, რომ იცვლება ბიომრავალფეროვნება, დაიწია წყლის დონემ, გაუარესდა თევზჭერა და სხვ.
არადა, მკვლევარი დასძენს, რომ მათთვის ერთ-ერთი გამოწვევა სწორედ მეთევზეებთან ურთიერთობა იყო. მისი თქმით, ადგილობრივი მეთევზეები, როგორც წესი, მეცნიერებს არ ენდობოდნენ, განსაკუთრებით პირველ ეტაპზე, სანამ კარგად გაიცნობდნენ თუ რას და რატომ იკვლევდნენ იქ.
„ველზე გასვლისას და მათთან საუბრისას ესეც უმჯობესდება. ვუხსნით, რომ ეს მათ საწინააღმდეგოდ კი არ ტარდება, მათაც დაეხმარება სამეცნიერო კვლევები. როდესაც ვესაუბრებით და მათთან ერთად განვიხილავთ წყალსატევებში არსებულ პრობლემებს, ურთიერთობაც უკეთესი ხდება.
ჯერჯერობით ჩვენი კვლევის ფარგლებში, პალიასტომის ტბაში 8 სახეობა დავიჭირეთ, ერთი დაემატა მდინარე ფიჩორიდან. უკეთესი შედეგებისთვის კი ხელისუფლებისა და მეთევზეთა ჩართულობა მნიშვნელოვანია“, – ამბობს მკვლევარი „პუბლიკასთან“.
როგორც ჯაფოშვილი ამბობს, მათი პრაქტიკა აჩვენებს, რომ მეცნიერებს, მონიტორინგის ამუშავების შემთხვევაშიც კი, დამოუკიდებლად საკმარისი მასალების შეკრება გაუჭირდებათ. მონიტორინგისას მონაცემების შეგროვებაში დიდ კონტრიბუციას ეწევიან სწორედ მეთევზეები.
„ამიტომ, მნიშვნელოვანია მეთევზეებთან ურთიერთობა, მათთან მუშაობა. დაცული ტერიტორიების სააგენტო აკეთებს გარკვეულ ბაზას, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ამ ბაზაში შესული მონაცემები იყოს სარწმუნო. მეთევზეებმა უნდა იცოდნენ ის წესები, რაც დაჭერისას მონაცემების შეგროვებისთვის უნდა გამოიყენონ და შესაბამისად, რეინჯერებმა ვალიდური ინფორმაცია შეიტანონ მონაცემთა ბაზაში“, – ამბობს ბელა ჯაფოშვილი.
თუმცა, მკვლევარი მიიჩნევს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლი მაინც ხელისუფლებაა. სწორედ ის განსაზღვრავს, თუ როგორ წარიმართება პროცესი, რამდენად იზრუნებენ წყლის სისუფთავესა და მის კვლევაზე. ჯაფოშვილის თქმით, შესაძლებელია როგორც ცენტრალური ხელისუფლების, ისე ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ჩართულობა, მიუხედავად მათი შეზღუდული რესურსებისა.
„ყველაფერი ერთმანეთთან უნდა იყოს გადაჯაჭვული, ერთად მუშაობდეს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი, ეროვნული პარკის ადმინისტრაცია და ცენტრალური ხელისუფლება“, – დასძენს ჯაფოშვილი.
კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია „საბუკოსთან“ აქტიურად თანამშრომლობს კვლევების პროცესში, მკვლევართა ჯგუფს სხვადასხვა საკითხებში რეინჯერები დახმარებას უწევენ.
კოლხეთის ეროვნული პარკის ხელმძღვანელი დავით გრიგოლია ამბობს, რომ მიმდინარე კვლევა მათაც დიდ დახმარებას გაუწევს მომავალში. მისი თქმით, შეგროვებული მონაცემების მიხედვით, შეიძლება გარკვეული დასკვნების გაკეთება, სამომავლოდ პოლიტიკის უკეთ განსაზღვრა და კონკრეტული მოქმედებების დაგეგმვა ეროვნული პარკის ეკოსისტემის უკეთ შენარჩუნებისთვის.
„წლების მანძილზე ტენდენციაა, რომ პალიასტომი კვდება, პალიასტომი იმ ნიშნულის მომცემი არ არის, როგორც წინა წლებში იყო და „საბუკოს“ კვლევა რაღაც ბაზას მოგვცემს და დაგვეხმარება გზების მოძიებაში თუ როგორ აღმოვფხვრათ პრობლემები.
ჩემი ფუნქცია, ჩვენი, კოლხეთის ეროვნულის პარკის ფუნქცია არის აღნიშნული ტერიტორიების დაცვა, მოვლა, პატრონობა და კონსერვაცია. ამ მიმართულებით დაიდება შესაბამისი გაიდლაინები, რომელიც ჩვენს მუშაობას უფრო ეფექტურს გახდის. ამიტომ დიდი მოლოდინი მაქვს, რომ ახლო პერიოდში გარკვეული ნაბიჯების გადადგმას მოვახერხებთ, შეიცვლება და გაუმჯობესდება მიდგომები“, – ამბობს დავით გრიგოლია.
ალბინა მამედოვა კი ამბობს, რომ პროექტის დასრულების შემდეგ, მათ ექნებათ რეკომენდაციები სახელმწიფოს მიმართ. ეროვნულ პარკს მიეცემა მეტი საფუძვლები, რომ მენეჯმენტის გეგმის კორექტირება მოახდინოს.
თუმცა, მისი თქმით, ეროვნული პარკის რესურსებიც შეზღუდულია და მნიშვნელოვანი იქნება, ამ რეკომენდაციების გათვალისწინებაში ცენტრალური ხელისუფლებაც ჩაერთოს.
თუმცა, ალბინა მამედოვას თქმით, კვლევა რამდენიმე ქვეყანაში მიმდინარეობს და შესაძლოა, მისი შედეგები პრობლემების გადაჭრის გზების დასახვის კუთხითაც უფრო ფართოც იყოს და არამხოლოდ ლოკალურ, არამედ ტრანსსასაზღვრო კუთხითაც იმსჯელონ.
„ეს ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობაც გვაჩვენებს, თუ რა იქნება შეხების წერტილები. ასე თუ ისე ეს ქვეყნები, საქართველო, ბულგარეთი, რუმინეთი და სომხეთიც უფრო დგანან ერთნაირი გამოწვევების წინაშე, ვიდრე დასავლეთ ევროპა.
Common borders, common solutions.“