მიმდინარე კვირაში „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსის ათი ფინალისტი გამოვლინდა. „პუბლიკა“ რამდენიმე მათგანს დაუკავშირდა შეკითხვებით: რა შესაძლებლობებისა და გამოწვევების წინაშე აყენებს მათ ქვეყნის საუკეთესო ათ მასწავლებელს შორის ყოფნა? რა საჭიროებების წინაშე აღმოჩნდნენ მათი სკოლები, მოსწავლეები დისტანციური სწავლებისას და როგორ გაუმკლავდნენ სირთულეებს?
სოფო გოგოხია ერთ-ერთი ფინალისტია. 14 წელზე მეტია პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა, ბოლო 7 წელი კი აფხაზეთის N10 საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია. გვეუბნება, რომ საუკეთესო ათეულის წევრობა მისთვის პირველ რიგში დიდი პასუხისმგებლობაა და ამავდროულად მოტივაცაა, რომ მათი სკოლის წინაშე არსებული საჭიროებების მოგვარებაში წვლილი შეიტანოს. საჭიროებები კი, როგორც გვიყვება, ძალიან ბევრია, დაწყებული სკოლის შენობის პრობლემიდან, დამთავრებული საკლუბო საქმიანობებისათვის საჭირო სივრცეების არქონით: „ჩემთვის საუკეთესო მასწავლებელთა შორის დასახელება მოტივაციაა, რომ არასდროს დავკარგო ენთუზიაზმი. უამრავი საჭიროება გვაქვს სკოლაში, რისთვისაც ყოველდღე ვშრომობთ. ჩვენს სკოლას საკუთარი შენობაც კი არ აქვს. წლებია ამ პრობლემასთან გამკლავება გვიწევს. მინდა, რომ ჩემი წვლილიც შევიტანო ჩვენი სასკოლო თემისთვის ამ პრობლემის მოგვარებაში“.
ფიქრობს, რომ საჭიროებების მოგვარებისას სასკოლო თემის თანამშრომლობა სკოლის ძლიერი მხარეა და ამის მაგალითად დისტანციური სწავლებისას შექმნილი სირთულეების დაძლევა მოჰყავს. გვიყვება, რომ ბევრი სხვა საჯარო სკოლის მსგავსად დისტანციურ სწავლებაზე გადასვლამ გამოწვევის წინაშე დააყენა სკოლა. მთავარი პრობლემა კი ამ მიმართულებით იყო ის, რომ მოსწავლეების გარკვეულ ნაწილს სახლში არ ჰონდა შესაბამისი ტექნიკა, რათა საგაკვეთილო პროცესში შეუფერხებლად ჩართულიყვნენ. იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც ინტერნეტზე არ მოუწვდებოდათ ხელი. სოფო გოგოხია გვიყვება, რომ სკოლის კურსდამთავრებულთა კლუბის ინიციატივით, დაიწყეს მეორეული კომპიუტერების შეგროვება, რათა შეეკეთებინათ და იმ მოსწავლეებისთვის გადაეცათ, რომლებსაც სახლში კომპიუტერული ტექნიკა არ ჰქონდათ. სკოლის კურსდამთავრებულები ასევე დაეხმარნენ იმ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს, რომლებსაც დისტანციური სწავლებისას პროგრამული სირთულეები შეექმნათ: „რა თქმა უნდა, საჭიროებები ამ მიმართულებით კვლავ გვაქვს. მოსწავლეების რაღაც ნაწილი სრულფასოვნად ვერ ჩაერთო დისტანციურად სწავლის პროცესში, ამიტომ ზაფხულს მაქსიმალურად გამოვიყენებთ რესურსების შეგროვებისთვის, რომ სექტემბერს უფრო მომზადებული შევხვდეთ“.
ათეულის კიდევ ერთი წევრია ივანე დიდებელი. ის 8 წელია, რაც პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა, ორბეთის საჯარო სკოლასა და კერძო სკოლა „ახალ თაობაში“ ინგლისურ ენას ასწავლის. ის მიიჩნევს, რომ საუკეთესო ათ მასწავლებელს შორის დასახელება არის ძალიან კარგი შესაძლებლობა იმისთვის, რომ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მდებარე სკოლის პედაგოგებმა თანამშრომლობით ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარონ. გვიყვება, რომ როგორც დისტანციური სწავლების პროგრამაში ჩართული მასწავლებლისთვის, რომელიც მაღალმთანი აჭარის სოფლის სკოლასთან თანამშრომლობს, დისტანციურად წარმართული სასწავლო სემესტრი უჩვეულო არ ყოფილა. მოსწავლეებისთვის კი პირველივე კვირებში მოამზადა საინფორმაციო მასალები, რათა მათ დისტანციურად სწავლა გამარტივებოდათ. გვეუბნება, რომ მოსწავლეების აბსოლუტური უმრავლესობა პროცესში უპრობლემოდ ჩაერთო, „თუმცა ბოლო პერიოდში ბავშვები გადაიღალნენ, მათთვის სწავლა მოსაწყენი გახდა, ამიტომ ჩემი მთავარი გამოწვევა იყო, იმგვარად წარმემართა სწავლის პროცესი, რომ მოსწავლეებს ინტერესი არ დაეკარგათ. საინტერესო და სახალისო საქმიანობებით, ვფიქრობ, თავი გავართვით“.
ათეულის კიდევ ერთი წევრი თეონა შერაზადიშვილი 27 წელია პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა. ის ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღარის და სიმონ სხირტლაძის სახელობის ქალაქ ონის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია. „ძალიან ბევრი ვიფიქრე, სანამ შევსებულ აპლიკაციას გავაგზავნიდი, იმიტომ, რომ არ ვფიქრობდი, რომ რაიმე განსაკუთრებულს ვაკეთებ, უბრალოდ ჩემს საქმეს ვაკეთებ, კოლეგამ წარმადგინა ჯილდოზე. კრიტერიუმებს, რომ გადავხედე აღმოვაჩინე, რომ ყველა კრიტერიუმთან დაკავშირებით მქონდა რაღაც სათქმელი. ათეულის წევრობა ძალიან დიდ პასუხისმგებლობას განიჭებს, იმიტომ, რომ თითქოს გამადიდებელი შუშის ქვეშ ექცევა შენი საქმიანობა და ამასთანავე შენც უფრო დიდ პასუხისმგებლობას გრძნობ, პირველ რიგში შენი მოსწავლეების წინაშე“, – გვითხრა თეონა შერაზადიშვილმა.
ის გვიყვება, რომ როგორც ბევრ სხვა საჯარო სკოლაში, დისტანციური სწავლებისას ყველაზე მწვავე პრობლემა ინტერნეტსა და ტექნიკაზე ხალმისაწვდომობა იყო. ამბობს, რომ იმ მოსწავლეებს, რომლებიც ონლაინსწავლების მიღმა აღმოჩნდნენ, ინდივიდუალურად უკავშირდებოდა და ცდილობდა არ ჩამორჩენილიყვნენ. ონის საჯარო სკოლაში სადაც 400-მდე ბავშვი სწავლობს, იმ მოსწავლეებისთვის, რომლებსაც ონლაინგაკვეთილებზე ხელი არ მიუწვდებოდათ, სკოლის ეზოში სპეციალური ყუთი იდგა, სადაც მოსწავლეებს ამობეჭდილ სასწავლო მასალებს მასწავლებლები უტოვებდნენ. მისი თქმით, მართალია, ამგვარი კომუნიკაცია ბევრ შრომას მოითხოვდა, მაგრამ მთავარი იყო, რომ ბავშვები სწავლის მიღმა არ დაჩენილიყვნენ.
რა გამოარჩევთ წლევანდელი საუკეთესო ათეულის წევრებს? – „განათლების კოალიციის“ გამგეობის თავმჯდომარე, ირინა ხანთაძე ამბობს, რომ ყოველწლიურად უფრო მეტი საინტერესო აპლიკანტი იღებს მონაწილეობას კონკურსში და კონკურენციაც უფრო ძლიერია. მისი თქმით, წელს ათეულში არიან ადამიანები, რომლებიც გამორჩეული არიან როგორც საკუთარი საქმის ერთგულებით, ასევე ენთუზიაზმითა და მზაობით, გამოცადონ და დანერგონ სიახლეები თავიანთ პროფესიულ საქმიანობაში.
„მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ ფარგლებში შექმნილი „ათეულთა კლუბი“, რომელიც რამდენიმე წლის წინ შეიქმნა, უკვე 40 პედაგოგს აერთიანებს. „შეიძლება ითქვას, რომ მიზანი, რის გამოც ეს კლუბი შეიქმნა, დღეს უკვე რეალობად იქცა“, – გვეუბნება ირინა ხანთაძე და განმარტავს, რომ კლუბი აერთიანებს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მდებარე სკოლების საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების მქონე პადაგოგებს, რომლებსაც აქვთ მზაობა, ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება და ბევრ საინტერესო ინიციატივას შეასხან ხორცი.
„ამ კონკურსისა და ამ კამპანიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგი ნამდვილად არის ეს ქსელი, შეკავშირებული საერთო ხედვებისა და ღირებულებების მქონე ადამიანებით, რომლებიც მზად არიან საინტერესო ერთობლივი ინიციატივები განახორციელონ, რაც, ერთი მხრივ, მათი პროფესიის განვითარებას, მეორე მხრივ კი მთლიანად განათლების სისტემის განვითარებას შეუწყობს ხელს“.
საუკეთესო ათეულის ერთ-ერთი წევრი 5 ოქტომბერს, მასწავლებლის მსოფლიო დღეს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდება.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდო განათლების კოალიციის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. აღნიშნული ინიციატივა საქართველოში უკვე მეოთხედ ხორციელდება და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ ნაწილია.