„სამართალმა გაიმარჯვა. დავუბრუნდი პირვანდელ გრაფიკს, რომელზეც ვალდებულება მქონდა აღებული და იმაზე მეტი კაპიკი არ გადამიხდია“, – ვანო ყულჯანიშვილი და მისი მეუღლე იმ პენსიონერებს შორის არიან, რომელთაც პანდემიის დროს „ლიბერთი ბანკმა“ სესხი გადაუვადა და, მათივე თქმით, დასაფარი თანხა ნებართვის გარეშე გაუორმაგა.
როგორც ვანო ყულჯანიშვილი ჰყვება, მათ პანდემიის დროს სესხის 3 თვით გადავადებით, ე.წ. საშეღავათო პერიოდით ისარგებლეს, შემდეგ კი ბანკმა, უნებართვოდ, სესხი სამი წლით გაუხანგრძლივა. მისი თქმით, „ლიბერთი ბანკმა“ სესხი 2026 წლამდე გადაუვადა, რამაც, დაახლოებით, 5 000 ლარით გაზარდა გადასახდელი თანხა, ახლა კი, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, მას ბანკმა სესხი გაუნულა.
„2019 წელს მე და ჩემმა მეუღლემ ავიღეთ სესხი, რომელიც 2023 წელს უნდა დამემთავრებინა, მაგრამ პანდემიის შემდეგ სესხი გადამივადეს 2026 წლამდე, რამაც ძალიან გაზარდა თანხა, დაახლოებით, 5 000 ლარით. ქალბატონი ქეთი თურაზაშვილისგან მიღებული მითითებების შემდეგ, მივმართე „ლიბერთი ბანკს“, თუმცა მათგან არადამაკმაყოფილებელი პასუხი მივიღე. შემდეგ ჩავრთე ახალციხის იურიდიული დახმარების ბიუროს იურისტები, რომლებიც დამეხმარნენ და მიმართეს ეროვნულ ბანკს. ეროვნული ბანკის დახმარებით კი მივაღწიე მიზანს. სამართალმა გაიმარჯვა. დავუბრუნდი პირვანდელ გრაფიკს, რომელზეც ვალდებულება მქონდა აღებული და იმაზე მეტი კაპიკი არ გადამიხდია. ის თანხა განულდა, რაც მომიმატეს“, – ამბობს ვანო ყულჯანიშვილი.
სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში 827 816 პენსიონერია. „ლიბერთი ბანკის“ 2022 წლის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით კი, საპენსიო სესხი 365 010 მომხმარებელს აქვს.
„პუბლიკა“ დეტალური ინფორმაციის მისაღებად – თუ რამდენმა პენსიონერმა ისარგებლა საშეღავათო პერიოდით და რამდენ მათგანს გადაუვადდა სესხი – „ლიბერთი ბანკს“ დაუკავშირდა, თუმცა ბანკისგან მივიღეთ პასუხი, რომ ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია და არ გაიცემა.
„ეს არის პირველი გამარჯვება, რაც მომავალში სხვა გამარჯვებების იმედს აჩენს. გარდა ამისა, ის, რომ ეროვნულმა ბანკმა მოქალაქის სესხის განულება სამართლიანად მიიჩნია, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ლიბერთი ბანკის” მიერ სესხებზე თვითნებურად გაზრდილი ვადა არაკანონიერი გადაწყვეტილება იყო”, – ამბობს პოლიტიკური ჯგუფის – „მოქალაქეების“ დეპუტატი, ქეთევან თურაზაშვილი და დასძენს, რომ დღეს ათასობით პენსიონერია ამ მდგომარეობაში.
თურაზაშვილი მოუწოდებს პენსიონერებს, ვისაც პანდემიის დროს სესხი 3 თვით გადაუვადდა და შემდეგ ბანკმა უნებართვოდ გაუხანგრძლივა ვადა, მიმართონ ეროვნულ ბანკს და მოითხოვონ სესხის განულება.
ის ასევე მოუწოდებს იმ ადამიანებს, ვისაც უკვე ზედმეტი თანხა აქვს გადახდილი, ბანკის წინააღმდეგ სამართლებრივი დავა დაიწყონ.
„ეს არის ძალიან კარგი ამბავი. ეს არის გამარჯვება. რეალურად, ეს ბევრი წერილის, ბევრი შეხვედრისა და ბევრი ბრძოლის შედეგია. ბატონი ვანო ძალიან ხშირად, როგორც სხვა პენსიონერები, პირადად მწერდა და იღებდა იმ რეკომენდაციებს, როგორ უნდა მოქცეულიყო და როგორ უნდა გამკლავებოდა იმ უსამართლობას, რაც იყო ე.წ. საშეღავათო პერიოდით სარგებლობა და შემდეგ უკვე 3 წლით მისი სესხის გაგრძელება. ბანკმა ბატონ ვანოსა და მის მეუღლეს 2026 წლამდე გაუგრძელა სესხი. წარმოიდგინეთ, 2023 წელს უნდა დამთავრებულიყო მისი სესხი.
სამწუხაროდ, ათასობით პენსიონერი გვყავს ამ მდგომარეობაში. უბრალოდ, ბატონმა ვანომ ზუსტად შეასრულა ის ინსტრუქციები, რაც ვუთხარი. არ დაეზარა, მივიდა, იბრძოლა, პასუხს დაელოდა, შემდეგ წავიდა ეროვნულ ბანკში, იქაც დაწერა განცხადება და საბოლოოდ შედეგი არის ის, რაც არის. ამიტომ ვამბობ, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.
ძალიან ბევრია ისეთი ადამიანი, ვისაც ბევრი თანხა აქვს გადახდილი, ზოგს იძულებით, მუქარით, მოტყუებით და ასე შემდეგ. მე ამ ადამიანებს ვურჩევდი, რომ სამართლებრივი დავა დაიწყონ. თავიდან მოითხოვონ ბანკისგან საბუთები, რის საფუძველზე გადაახდევინა ბანკმა ეს თანხა წინსწრებით და თან ამ რაოდენობით“, – ამბობს თურაზაშვილი.
პოლიტიკური ჯგუფი – „მოქალაქეები“ მოითხოვს, რომ სესხის განულების პრეცედენტი ავტომატურად გავრცელდეს ყველა პენსიონერზე, ვისაც ბანკმა ე.წ. საშეღავათო პერიოდით სარგებლობა შესთავაზა.
„პოლიტიკური ჯგუფის „მოქალაქეების“ სახელით მოვითხოვ, ყველა იმ პენსიონერის სესხი ძველ ჩარჩოში დაბრუნდეს, ვინც პანდემიის დროს ე.წ „საშეღავათო პერიოდით“ ისარგებლა. ყველა პენსიონერი არ არის ერთნაირად აქტიური, ყველას არ შეუძლია გადაადგილება, ყველას არ შეუძლია ადვოკატის აყვანა. ამიტომ არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ეროვნული ბანკის აქტიურობა და დაუყოვნებლივ ერთიანი მიდგომის შემუშავება, რათა ეს პრეცედენტი ავტომატურად გავრცელდეს ყველა პენსიონერზე”, – განაცხადა ქეთევან თურაზაშვილმა.
როგორ უნდა გაანულოთ სესხი?
ქეთევან თურაზაშვილი Facebook-გვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში დეტალურად საუბრობს იმ ნაბიჯებზე, რაც პენსიონერმა უნდა გადადგას სესხის გასანულებლად.
„პირველ რიგში თქვენ მიდიხართ „ლიბერთი ბანკში“ და წერთ განცხადებას. ამ განცხადებით მოითხოვთ პირველი – თქვენს ხელშეკრულებას და მეორე, წერილობით ახსნა-განმარტებას, რის საფუძველზე გაიზარდა თქვენი სესხის ვადა. სანამ ეროვნულ ბანკს მიმართავთ, თქვენ აუცილებლად უნდა გქონდეთ იმ განცხადების ასლი, რომლითაც მიმართეთ „ლიბერთი ბანკს“. ასლზე ბანკის წარმომადგენელს ხელი მოაწერინეთ და აუცილებლად დაწეროს თარიღი, რაც დაადასტურებს, რომ თქვენ ამ დროს ნამდვილად მიმართეთ „ლიბერთი ბანკს“.
მაქსიმუმ 1-თვიანი ვადა აქვს „ლიბერთი ბანკს“, რომ გიპასუხოთ. თუ ბანკმა არ გიპასუხათ ერთი თვის განმავლობაში, ესეც პასუხია. ამის შემდეგ მიდიხართ ეროვნულ ბანკში და იქ წერთ მეორე განცხადებას, სადაც მიუთითებთ რომ ამა და ამ რიცხვში მიმართეთ „ლიბერთი ბანკს“, მოითხოვეთ ესა და ეს, მაგრამ ბანკმა პასუხი არ გაგცათ. ასევე, ეროვნული ბანკის განცხადებაში ჩაწერეთ მეორე მოთხოვნა, რომ ითხოვთ თქვენი სესხის ძველ ჩარჩოში დაბრუნებას. რაც ნიშნავს, რომ თქვენი სესხი დასრულდება მაშინ, რაც პირველი ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული, სანამ პანდემიის დროს ე.წ საშეღავათო პერიოდით ისარგებლებდით“, – ამბობს ქეთევან თურაზაშვილი.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, რაც პანდემიის დროს „ლიბერთი ბანკის“ მიერ საპენსიო სესხის გადავადების, გადასახდელი თანხის გაორმაგებისა და სესხის ვადის გახანგრძლივების პრობლემაზე საჯაროდ საუბარი დაიწყო. რამდენიმე თვის წინ ამის შესახებ მოძრაობა „ხმაც“ წერდა. მათ საპენსიო სესხისა და საპენსიო ოვერდრაფტის პირობები შეისწავლეს.
სხვა პრობლემებთან ერთად, კვლევაში აღნიშნულია, რომ პანდემიის დროს ბანკმა პენსიონერებს სესხი მათი თანხმობის გარეშე გადაუვადა – დასაფარი თანხა გაუორმაგა და საბანკო ვალდებულება 1-2 წლით გაუხანგრძლივა. კვლევის ავტორები წერენ, რომ ხელშეკრულების ასაღებად ბანკში მისულმა პენსიონერებმა აღმოაჩინეს, რომ იძულებითი საშეღავათო პერიოდის გამო სესხის გადახდა დამატებით 1-2 წელი მოუწევთ.
„რეალური შემთხვევის მაგალითი უკეთ ახსნის, როგორ იმუშავა ე. წ. საშეღავათო პერიოდმა ბანკის სასარგებლოდ: პენსიონერს აღებული ჰქონდა 2 250 ლარის სესხი, მას 51 თვის განმავლობაში ბანკისთვის, ჯამში, 4 022 ლარი უნდა დაებრუნებინა. ეს ნიშნავს, რომ პროცენტის სახით პენსიონერს 1 722 ლარის დამატება უწევდა. პანდემიასთან დაკავშირებული საშეღავათო პერიოდის იძულებით დაწესებით, ამავე პენსიონერს მოუწევს, ბანკს, ჯამში, 5 476 ლარი გადაუხადოს და სესხის გადახდას, ნაცვლად 51-ისა, 77 თვეში შეძლებს“, – ვკითხულობთ ანალიზში.
„საპენსიო სესხები უნდა ჩამოიწეროს!” – მოითხოვენ აქტივისტები.