ჭაბუა პაჭკორიას წარმატება ორჰუსის საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე
ქალაქ ორჰუსში, რომელიც დანიის უძველესი ქალაქია, მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით კი მეორეა კოპენჰაგენის შემდეგ, ყოველი წლის ოქტომბერში პიანისტთა საერთაშორისო ფესტივალი იმართება. დიახ, ფესტივალი და არა კონკურსი, რაც ორგანიზატორების მთავარი პრინციპია. აღსანიშნავია, რომ ფესტივალი დანიის სამეფო მუსიკალური საზოგადოების მხარდაჭერით იმართება.
2022 წელს ფესტივალი უკვე 22-ედ გაიმართა. კლასიკური მუსიკით სავსე ერთი კვირის განმავლობაში დანიის, გერმანიის, შვედეთის, ლიეტუვისა და სხვა ევროპული ქვეყნების ახალგაზრდა, ნიჭიერი პიანისტების გარდა, ფესტივალში 24 წლის ქართველი პიანისტი, ჭაბუა პაჭკორიაც მონაწილეობდა. მან პუბლიკისა და მუსიკის სპეციალისტების დიდი მოწონება დაიმსახურა.
„პიანისტი, რომლის იმიჯი და გრძელი თმა შოპენს მოგაგონებთ, სწორედ შოპენის ბალადისა და პრელუდიის რომანტიკული და მღელვარე შესრულებით გამოირჩევა“, – აღნიშნავდა პრესა. ქართველმა პიანისტმა ორჰუსის ფესტივალზე შოპენის სამი ნაწარმოები შეასრულა: პრელუდია მი მინორი (თხზ. 28, N4), პრელუდია დო მინორი (თხზ.28, N20), ასევე ბალადა N1, სოლ მინორი, თხზ. 23. რაც, ძირითადად, განსაზღვრავდა კიდეც მის რომანტიკულ საშემსრულებლო სტილსა და თავისებურებებს.
შოპენის ნაწარმოებების გარდა, ჭაბუა პაჭკორიამ დაუკრა ბახის პარტიტა N2, რე მინორი, გია ყანჩელის მუსიკალური ვარიაციები კინოფილმიდან „როცა აყვავდა ნუში“ და ალექსი მაჭავარიანის „ექსპრომტი“. აღსანიშნავია, რომ სწორედ ქართული მუსიკის შესრულებას მოჰყვა პუბლიკის ყველაზე ემოციური შეფასება და ტაში, პიანისტი კი სამჯერ გამოიძახეს სცენაზე.
ჭაბუა პაჭკორია ფოთში დაიბადა და სწავლობდა სწორედ ფოთის, არჩილ ხორავას სახელობის სახელოვნებო სასწავლებელში. მუსიკის სამყაროში მისი პირველი მეგზური ელენა მენჩიკოვა იყო, რომელთანაც ის 13 წლის ასაკიდან ეუფლებოდა საფორტეპიანო ხელოვნებას. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ სწავლა დაიწყო თბილისის კონსერვატორიაში, სადაც მისი პედაგოგი პროფესორი ნუცა ჭირაქაძე იყო, შემდეგ კი სწავლა პიანისტ ნინო ქათამაძის კლასში განაგრძო.
აღსანიშნავია ახალგაზრდა პიანისტის დიდი წარმატება ლიეტუვაში, სადაც ის მონაწილეობდა ქალაქ დრუსკინინკაიში გამართულ საერთაშორისო კონკურში და გრან–პრი დაიმსახურა. ასევე, მიწვევა მიიღო პოლონეთიდან და გერმანიიდან, რამდენიმე ქალაქში საკონცერტო ტურნეს ჩასატარებლად.
„ეს ძალიან დიდი, საინტერესო და მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო, რამაც საშუალება მომცა, კონცერტები გამემართა ჯერ ლიეტუვაში და შემდეგ ევროპის ქალაქებში. ამისათვის დიდ მადლობას ვუხდი ლიეტუველ მუსიკოსებსა და ჟიურის წევრებს, განსაკუთრებით კი ჩემს აქაურ პროფესორს, ქალბატონ ალექსანდრა ჟვირბლიტეს“, – აღნიშნავს ჭაბუა პაჭკორია.
გასულ წელს პიანისტმა თბილისის კონსერვატორიის მცირე დარბაზში შეასრულა და რადიოსთვის ჩაწერა ფრანც შუბერტის ექსპრომტი N3, თხზ. 90 (სოლ–ბემოლ მაჟორი), ასევე – შუბერტის სონატა N845, ლა მინორი და ქართველი კომპოზიტორის, რუსუდან ხორავას სამი ოპუსი – „მთიულური“, „ხსოვნა ნათელი“ და „ანდანტინო“. რაც უპირველესად თანამედროვე ქართული კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციას ემსახურება. მანამდე ამ ნაწარმოებების ჩანაწერები არც არსებობდა.
ახალგაზრდა პიანისტი, რომლის საშემსრულებლო სტილი და მუსიკასთან დამოკიდებულება თანდათან ყალიბდება, ჯერჯერობით ვერ ასახელებს, კონკრეტულად რომელი მიმართულების ან ეპოქის მუსიკა უფრო აინტერესებს, თუმცა გამოყოფს ვენის კლასიკოსებს – მოცარტსა და ბეთჰოვენს, საუბრობს ბახის მუსიკის იმპროვიზაციასა და ჯაზურ ბუნებაზე და განსაკუთრებით რომანტიკოსების – შოპენის, შუბერტისა და შუმანის ინტერპრეტაცია იზიდავს. ასე რომ, მუსიკის მოყვარულებს წინ კიდევ ბევრი კონცერტი ელით ჭაბუა პაჭკორიას შესრულებით.