„პირველ რიგში, დასაქმებისა და სახელფასო პოლიტიკაა მოსაგვარებელი" | ინტერვიუ ბავშვთა სიღარიბეზე

პუბლიკა

საქართველოში 16 წლამდე ასაკის 229 280 ბავშვი 200-ლარიან საარსებო შემწეობას იღებსეს არის სოციალური მომსახურების სააგენტოს აგვისტოს ოფიციალური მონაცემები. ეს რიცხვი, დაახლოებით, ამ ასაკის ბავშვების რაოდენობის 28%-ზე მეტია. შესაბამისად, გამოდის, რომ საარსებო შემწეობას 16 წლამდე ბავშვებიდან ყოველი მეოთხე იღებს.

„პუბლიკა“ დაინტერესდა, რა მდგომარეობაა საქართველოში ბავშვთა სიღარიბის კუთხით, რამდენად საკმარისია ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკა, როგორია საქართველოში დასაქმების პოლიტიკა, რა გავლენა აქვს უმუშევრობის დახმარებებს სიღარიბის მაჩვენებლის შემცირებაზე და როგორ შეიძლება აღმოიფხვრას პრობლემა როგორც გრძელ-, ასევე მოკლევადიან პერსპექტივაში.

„პუბლიკის“ შეკითხვებს სოციოლოგმა და შრომისა და დასაქმების პოლიტიკის ექსპერტმა, ანა დიაკონიძემ უპასუხა.

– თქვენი შეფასებით, რა მდგომარეობაა დღეს საქართველოში ბავშვთა სიღარიბის კუთხით? როგორ ცხოვრობენ ბავშვები და რამდენად დიდია ქვეყნისთვის ეს გამოწვევა?

რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე ვითარებაა ქვეყანაში ბავშვთა სიღარიბის კუთხით. კვლევებს რომ გადავხედოთ, ძალიან სავალალო რიცხვებია. რა თქმა უნდა, ბავშვებში სიღარიბის დონის შეფასება ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა დავამატებდი სხვა მაჩვენებლებსაც, მხოლოდ სიღარიბის დონეზე მსჯელობა კიდევ კარგად არ ასახავს პრობლემის სიმწვავეს.

გარდა იმისა, რომ ბავშვები ცხოვრობენ სიღარიბეში, არსებობს მატერიალური დეპრივაციის ინდექსი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. ოჯახებს ეკითხებიან, ბავშვი იღებს თუ არა კვირის განმავლობაში, მაგალითად, ხილს, ხორცს, ბოსტნეულს, რამდენად დაკმაყოფილებულია მისი სხვადასხვა საჭიროება და მოთხოვნილება. რა თქმა უნდა, მხოლოდ კვებაზე არ არის საუბარი. ყურადღება გამახვილებულია ყველა ბაზისურ საჭიროებაზე, რაც ბავშვს განვითარებისთვის სჭირდება.

UNICEF-მა იკვლია და აღმოჩნდა, რომ 40%-მდე ბავშვებს მატერიალური დანაკლისი აქვს. მშობლებმა დაასახელეს 3-ზე მეტი ფაქტორი, რაც ბავშვს აკლია. თითოეული საჭიროება ძალიან მნიშვნელოვანია და ერთზეც რომ არ ჰქონდეს ბავშვს წვდომა, ვფიქრობ, რომ ეს უკვე პრობლემაა ბავშვის განვითარებისთვის. შესაბამისად, როდესაც ამდენი ბავშვი ცხოვრობს ასეთ სიტუაციაში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საერთო სურათი ძალიან მძიმეა.

თქვენ როგორ  შეაფასებდით ხელისუფლების პოლიტიკას ბავშვთა სიღარიბის აღმოფხვრის მიმართულებით? რამდენად საკმარისია მათ მიერ გადადგმული ნაბიჯები?

ბავშვთა სიღარიბის შემცირება და მისი აღმოფხვრა კომპლექსური თემაა. ბევრი მიმართულებით არის შესაძლებელი ოჯახებისა და ბავშვების დახმარება. ყველაზე გავრცელებული, რა თქმა უნდა, არის პირდაპირი ფულადი დახმარება, რომელიც დაიწყო საქართველომ და, თავისთავად, კარგია, რომ ეტაპობრივად იზრდება დახმარების ოდენობა, უბრალოდ, საქმე ისაა, რამდენად საკმარისია ეს. ხანდახან მგონია, რომ ძალიან დიდ პრობლემას ვეჭიდებით და რაც არ უნდა გააკეთო, მაინც ვერ მოიცავ სრულად.

მოკლედ რომ ვთქვათ, კარგია ფულადი დახმარება, თუმცა ის ვერ ფარავს მთლიანად საჭიროებებს. ფინანსური დახმარების გარდა, მთავარი მიდგომა არის ის, რომ ბავშვი უნდა ცხოვრობდეს ისეთ ოჯახში, რომელსაც აქვს მისი კეთილდღეობის უზრუნველყოფის იმედი. ფულადი დახმარება და ასე შემდეგ, ეს არის უკვე დამხმარე საშუალებები. შესაბამისად, ჩვენ უკვე უნდა ვილაპარაკოთ იმგვარ პოლიტიკაზე, რომ მოსახლეობას/ოჯახებს ჰქონდეთ ადეკვატური შემოსავალი. დასაქმების სერიოზული პრობლემა დგას ქვეყანაში და პირველი, რაც უნდა მოგვარდეს, სწორედ ამ საკითხს უკავშირდება.

– ახსენეთ დასაქმების საკითხი – ოჯახის გაძლიერებისა და სიღარიბის აღმოფხვრის კუთხით, ვიცით, რომ დასაქმებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამაზეც რომ ვისაუბროთ, როგორია დასაქმების პოლიტიკა საქართველოში, როგორ შეაფასებთ ამ მიმართულებას?

რეალურად, როდესაც ბავშვთა სიღარიბეზე ვსაუბრობთ, სახელმწიფოს უშუალოდ ბავშვების მიმართ რა ინსტრუმენტიც აქვს, არის ის, რომ ფულადი დახმარება დააწესოს, მათ შორის, ბავშვის უნივერსალური ბენეფიტი, რაც ძალიან ბევრ ქვეყანაშია გავრცელებული, მაგრამ ამ პრობლემას თუ უფრო კომპლექსურად შევხედავთ, მაშინ ჩვენ უნდა ვიფიქროთ და ვისაუბროთ შესაბამისი დასაქმებისა და სახელფასო პოლიტიკაზე.

ქვეყანაში არაფორმალური ეკონომიკის წილი გვაქვს ძალიან დიდი და ამ სექტორს, სამწუხაროდ, ვერ ვარეგულირებთ. დაბალანაზღაურებადი სამსახურებია, რაც, რა თქმა უნდა, არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ოჯახმა ბავშვს დაუკმაყოფილოს საჭიროებები.

არაფორმალურ სექტორს თავი რომ დავანებოთ, ძალიან სერიოზული პრობლემაა, რაც ფორმალურ სექტორში ხდება. სამუშაო ადგილები ნამდვილად იზრდება, ვერ ვიტყვით რომ არ იზრდება და დასაქმების სააგენტო დაადასტურებს, რომ ვაკანსიები არის, მაგრამ, სამწუხაროდ, მათი უმეტესობა არის დაბალანაზღაურებადი. საქართველოში სამუშაო ადგილების უმეტესობის ანაზღაურება საცხოვრებელ ხელფასზე [1770 ლარი] გაცილებით ნაკლებია. ეს არის ხელფასი, რომელიც ადამიანს უნდა უკმაყოფილებდეს ბაზისურ მოთხოვნილებებს და აქ არ არის საუბარი რაიმე განსაკუთრებულ საჭიროებებზე.

ქვეყანაში მთავარი დამსაქმებელია ვაჭრობისა და მომსახურების სექტორი და აქ რომ გადავხედოთ საშუალო მედიანურ ხელფასებს, ძალიან დაბალი ანაზღაურებაა, დაახლოებით 800 ლარი. დამეთანხმებით, რომ 800 ლარი არ იძლევა საჭიროებების დაკმაყოფილების შესაძლებლობას, მით უმეტეს, როცა დამატებით საუბარია ბავშვებზე.

სამწუხაროა, რომ სოციალური უსაფრთხოების სისტემა საქართველოში, ძირითადად, სოციალური დახმარების პროგრამაზე დგას და ქვეყანაში, ჯერჯერობით, არ არსებობს უმუშევრობის პერიოდში შემოსავლების შენარჩუნების არცერთი სხვა მექანიზმი – არც უმუშევრობის დაზღვევის სისტემა და არც უმუშევრობის შემწეობა.

– უმუშევრობის ფინანსურ დახმარებებზე უფრო კონკრეტულად რომ ვისაუბროთ, რამდენად მნიშვნელოვანია უმუშევრობის დაზღვევა და უმუშევრობის შემწეობა? რა განსხვავებაა მათ შორის და რამდენად წარმატებულად მუშაობს ეს დახმარებები სხვა ქვეყნებში?

უმუშევრობის შემწეობასა და უმუშევრობის დაზღვევას შორის განსხვავება ისაა, საიდან მოდის დაფინანსების წყარო. ორივე მათგანი, მაგალითად, ევროპის ქვეყნებში, გამოიყენება იმისთვის, რომ უმუშევრად დარჩენილ ადამიანს მაქსიმალურად შეუმსუბუქონ მდგომარეობა, სანამ ის ახალ სამსახურს იპოვის.

როგორც ვთქვი, ამის ორი გზა არსებობს. პირველია, როცა ადამიანი უმუშევრობის დაზღვევის სისტემაშია ჩართული. ამ სისტემის ძირითადი არსი იმაში მდგომარეობს, რომ დასაქმებული სამუშაო პერიოდის განმავლობაში აკეთებს სადაზღვევო შენატანს უმუშევრობის დაზღვევის ფონდში. როგორც წესი, ქვეყნების უმეტესობაში უმუშევრობის ფონდში კონტრიბუციას ასევე ახორციელებს დამსაქმებელი და სახელმწიფო. შესაბამისად, როდესაც ადამიანი სამსახურს დაკარგავს, ფონდიდან შეეძლება აიღოს ის თანხა, რაც დაგროვებულია. სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავდება ამ ბენეფიტის გაცემის პერიოდი.

რაც შეეხება უმუშევრობის შემწეობას, ეს პრაქტიკაც არსებობს ძალიან ბევრ ქვეყანაში. მისი მთავარი მიზანიც უმუშევრად დარჩენილი ადამიანების ფინანსური მხარდაჭერაა, თუმცა განსხვავებით დაზღვევის სისტემისგან, ის ფინანსდება ქვეყნის ზოგადი ბიუჯეტიდან. ანუ, როდესაც სიტყვა შემწეობას ვამბობთ, ეს უკვე ნიშნავს, რომ ეს ფული მოდის საერთო ბიუჯეტიდან, მოქალაქეების მიერ გადახდილი გადასახადებიდან.

განსხვავდება უმუშევრობის შემწეობა და სოციალური დახმარება, იგივე სოციალური შემწეობა. სოციალური დახმარების პროგრამის მთავარი მიზანი სიღარიბის შემცირებაა, უმუშევრობის შემწეობის სისტემა კი უმუშევრობის პერიოდში მოქალაქის ფინანსურ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

საქართველოში, სამწუხაროდ, დიდად არ საუბრობენ არცერთ სისტემაზე. გარკვეულ პოლიტიკურ წრეებში, ვიცი, რომ უმუშევრობის დაზღვევის სისტემაზე საუბარი, რაღაც მხრივ, არის და დათქმებიც არსებობს, რომ სისტემა დაინერგოს. ვნახოთ, რა იქნება…  ვფიქრობ, ძალიან კარგი ნაბიჯი იქნება და ბევრ რამეზე ექნება გავლენა. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, იმაზე, რომ დასაქმებულ ადამიანებს ექნებათ სოციალური უსაფრთხოების განცდა, როცა იციან, რომ სამსახურის დაკარგვის შემთხვევაში ჰაერზე არ დარჩებიან.

– უშუალოდ სიღარიბის შემცირების მიმართულებით რამდენად ექნება ასეთ სისტემებს გავლენა?

საერთო ჯამში, რა თქმა უნდა, დადებითი ეფექტი ექნება, რადგან ოჯახებს შეუწყობს ხელს, რომ არ დარჩნენ შემოსავლის გარეშე.

მაგალითად, მე მაქვს საშუალო ანაზღაურებადი სამსახური და რაღაც მიზეზის გამო დავკარგე, თუ უცბად დავრჩი შემოსავლის გარეშე, მე მივმართავ ყველანაირ ზომას, რომ ბავშვი არ დარჩეს მშიერი. ყველანაირი ზომა ნიშნავს იმას, რომ მე არ მაქვს იმის დრო, რომ, მაგალითად, ვეძებო უკეთესი სამსახური, თავი განვივითარო და ასე შემდეგ, ამიტომ მივდივარ და ვიწყებ მუშაობას მიმტანად, კურიერად… ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელზეც არ ვლაპარაკობთ.

ადამიანური კაპიტალი იკარგება იმის გამო, რომ მათ არ აქვთ საშუალება, ეძებონ უკეთესი სამსახური. დრო არ აქვთ იმისთვის, რომ მაგალითად, ერთი თვე რაღაც ტრენინგი გაიარონ და აიმაღლონ კვალიფიკაცია. ამ ყველაფერს დრო სჭირდება და თუ ამ დროის განმავლობაში ადამიანს შემოსავალი არ აქვს, მაშინ წარმოუდგენელია, ხომ, ასე ცხოვრება, მით უმეტეს, როცა ბავშვია ოჯახში და კონკრეტული ვალდებულებები აქვს ადამიანს დაკისრებული.

– რომ შევაჯამოთ, როგორია თქვენი თვალთახედვა, როგორ უნდა დაძლიოს ქვეყანამ ბავშვთა სიღარიბე? კონკრეტულად რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას როგორც გრძელ-, ასევე მოკლევადიან პერსპექტივაში საიმისოდ, რომ პრობლემა აღმოიფხვრას?

ერთი მიმართულება მე რასაც ვფიქრობ, არის ის, რომ საჭიროა სერვისების უნივერსალიზაცია. ძალიან ბევრი სოციალური სერვისი (ჯანდაცვა, განათლება…) მიბმულია სოციალური დახმარების ქულაზე.

იქიდან გამომდინარე, რომ სიღარიბის შეფასება სწორედ ამ ქულაზეა მიბმული, ანუ პირობითად რომ გითხრათ, მე რომ ვიტყვი, რომ 100-ზე მეტი ქულა ვისაც აქვს, ის ღარიბი აღარ არის, რეალურად ასე ხომ არ არის, ვისაც ზღვარზე 1-ით მეტი ქულა აქვს, ისიც ღარიბია. უბრალოდ, სახელმწიფოს უწევს, რომ გარკვეულ ადგილას ზღვარი გაავლოს. რა თქმა უნდა, იმ ზღვარზე 1 და 2 ქულით მეტის მქონე ოჯახიც ღარიბია და დახმარება სჭირდება. შესაბამისად, ოჯახები, რომლებიც ბუფერულ ზონაში არიან, ისევე საჭიროებენ სოციალურ სერვისებს, როგორც ისინი, ვინც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფებიან.

თუ სახელმწიფო სოციალურ სერვისებს არ დაუკავშირებს მაინცდამაინც ქულობრივ სისტემას და გახდის უნივერსალურს, დაბალშემოსავლიანი ოჯახებისთვის ეს იქნებოდა ძალიან დიდი შვება. ვიცით, რომ დიდ ფინანსებთანაა ეს დაკავშირებული, თუმცა ყველაფრის გაკეთება შესაძლებელია.

ასევე, ერთი ვარიანტია ფულადი დახმარების გაზრდა. არსებობს მეორე ვარიანტიც, რომ სახელმწიფომ ფულადი დახმარება გასცეს არა მხოლოდ სოციალურად დაუცველ ოჯახებსა და მათ ბავშვებზე, არამედ ყველა 16 წლამდე ასაკის პირზე. მოკლედ, სხვადასხვა ვარიანტია, რაც სახელმწიფომ შეიძლება განიხილოს და გამოიყენოს ოჯახებისა და ბავშვების დახმარების მიმართულებით.

მნიშვნელოვანი და აუცილებელი სერვისია უფასო სასკოლო კვებაც. ეს იქნება სერვისების უნივერსალიზაციის ერთ-ერთი ნაბიჯი. ერთ-ერთი არგუმენტი აქ ის არის, რომ შეძლებული ოჯახების შვილებიც სწავლობენო, მაგრამ საჯარო სკოლებზე ვსაუბრობთ ჩვენ და მოსახლეობის უფრო შეძლებულ ფენას, ვიცით, რომ ბავშვები კერძო სკოლებში დაჰყავთ. შესაბამისად, მივიჩნევ, რომ აქ არამიზნობრივი ხარჯვაც კი ძალიან მცირე იქნება და ამ ინიციატივის განხორციელება იქნება ძალიან კარგი და სწორი.

უფრო ზოგად ნაბიჯებსა და გამოსავალს რაც შეეხება, როგორც ვისაუბრე, პირველ რიგში, დასაქმების პოლიტიკაა მოსაგვარებელი და შესაცვლელი და ასევე სახელფასო პოლიტიკა. ამაში შევიყვანდი უმუშევრობის დაზღვევის სისტემასაც, რომელიც საერთო ფონს გააუმჯობესებს და ბევრად უკეთესს გახდის. შესაბამისად, საერთო ფონის გაუმჯობესების შედეგად მოქალაქეების კეთილდღეობის მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვლება.