ხელისუფლების პროპაგანდის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი საზოგადოებაში არის ის, რომ, ვინც მას ებრძვის, ყველა ნაცია. მთელი ოპოზიცია გამოცხადებულია „ნაცმოძრაობის“ სხვადასხვა განშტოებად და ვარიაციად. ბოლო სამი არჩევნების (საპრეზიდენტო, საპარლამენტო, თვითმმართველობის) დროს ლამის ხელისუფლების საფირმო ხელწერად იქცა სისხლიანი ბანერების გამოფენა ლოზუნგით – „არა ნაცებს არა ბოროტებას“, სადაც ან ოპოზიციური სპექტრის სხვადასხვა ლიდერია გამოსახული, ან არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები და სამოქალაქო აქტივისტები. არსებობს საკმაოდ საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამ არჩევნებზეც ასე იქნება.
ბუნებრივია, ხელისუფლება ამას იმიტომ აკეთებს, რომ პოლიტიკურ სარგებელს გამოელის, მიაჩნია, რომ ნაცებზე, როგორც მტრის ხატზე აგებული სიძულვილის პროპაგანდა არჩევნებში ხმებს შემატებს და დღემდე ეს საფრთხობელა, ასე თუ ისე, მუშაობდა. საერთოდ, „ქართული ოცნება“ სანამ რამე თემაზე პროპაგანდისტულ კამპანიას გააჩაღებს, მანამდე ყოველთვის ატარებს გამოკითხვას საზოგადოების განწყობის შემოწმების მიზნით და აქედან გამომდინარე, ის ყოველთვის ირჩევს იმ ტიპის პროპაგანდას და იმ ტიპის გზავნილებს, რომლებიც ხალხში მეტ-ნაკლებად მაინც აქტუალურია.
ის, რომ „ნაცმოძრაობის” რევანშის მიმართ შიში საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილში კვლავ არსებობს, თუნდაც იმით დასტურდება, რომ ოცნება ამ გზავნილს სისტემატურად ააქტიურებს არჩევნების წინ. მუდმივად იწყება იმაზე ლაპარაკი, რომ აი, ახლა „ნაცები დამთავრდებიან“ და ხმების მობილიზაციისთვის ეს პროპაგანდა „ოცნებას” საკმაოდ ადგება, მიუხედავად იმისა, რომ ნაცების „დამთავრების“ მოლოდინს არასდროს უწერია ასრულება და ყოველი არჩევნების შემდეგ „ნაცმოძრაობა“ კვლავ რჩება ყველაზე რეიტინგულ ოპოზიციურ პარტიად. თუმცა მერე მოდის ახალი არჩევნები და ყველაფერი თავიდან იწყება.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, იმ პოლიტიკოსებისა და პოლიტიკური პარტიებისთვის, რომლებიც თავს არ მიჩნევენ ნაცმოძრაობის დანამატად ან უმცროს პარტნიორად, პრინციპულად მნიშვნელოვანი უნდა იყოს საკუთარი, „ნაცმოძრაობისგან” განსხვავებული იდენტობის წარმოჩენა. ეს თითქოს ელემენტარული ამბავია, მაგრამ არც ისე. მეტიც, ოპოზიციურ პარტიებში ძალიან ცოტაა ისეთი, რომელთაც „ნაცმოძრაობისგან” მკაფიოდ განსხვავებული იდენტობა აქვს, ოპოზიციური განწყობის მედიაში კი ეს განსხვავება პრაქტიკულად არც იგრძნობა. ამიტომაც ხელისუფლებას თითქმის ყოველთვის წარმატებულად გამოსდის მთელი ოპოზიციური სპექტრის წარმოჩენა „ნაცმოძრაობის” სხვადასხვა ვარიაციად.
ამგვარი ვითარების მიზეზი დიდწილად ისაა, რომ ოპოზიციური პარტიებისა და აქტივისტების უმრავლესობა პრაქტიკულად „ნაცმოძრაობის” დისკურსებით მეტყველებს და მის მიერ წარმოებულ ნარატივებს იმეორებს. აქ არ იგულისხმება მხოლოდ ის, რომ ოპოზიციის უმრავლესობის აღქმა და შეფასებები მიმდინარე პოლიტიკური პროცესებზე დიდად არ განსხვავდება „ნაცმოძრაობის“ მომხრეთა აღქმისა და შეფასებებისგან. არც ის, რომ რომელიმე ოპოზიციური პარტია აცხადებს, პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში „ნაცმოძრაობასთან” შევკრავ კოალიციას და „ოცნებასთან” არაო. საკითხის ასე დაყენება ისედაც აშკარად აჩვენებს, რომ „ნაცმოძრაობა” გირჩევნია „ოცნებას“. აქ სადავო და დაფარული არც არაფერია. გაცილებით უფრო საინტერესოა ის აღქმა და შეფასებები, სადაც პირდაპირ არაა ლაპარაკი „ნაცმოძრაობის“ უპირატესობაზე, მაგრამ აუცილებლად იგულისხმება.
ქვემოთ შევეცდები, ყურადღება გავამახვილო სწორედ იმ დისკურს-ნარატივებზე, რომელთა გამოყენებაც არაპირდაპირ, მაგრამ აუცილებლად გულისხმობს სააკაშვილის მმართველობის პერიოდის უკეთესობას „ოცნების“ მმართველობასთან შედარებით. ეს დისკურსები და ნარატივები იმდენად გავრცელებულია ოპოზიციურ საზოგადოებაში, რომ ხელისუფლებას არც სჭირდება დიდი ძალისხმევა, რათა ამა თუ იმ ოპოზიციური ძალის „ნაცობა“ ამტკიცოს. ამას ეს ოპოზიციონერები თავადაც წარმატებით ახერხებენ.
ბიძინა ანუ რუსეთი
ყველაზე მთავარი თეზისი, რომლის გაზიარების შემთხვევაში ხდება ნებისმიერი პოლიტიკური ძალის „ნაცად“ ან „ნაცების მოკავშირედ“ იდენტიფიცირება, არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილი განასახიერებს რუსეთს.
იმ დღიდან მოყოლებული, რაც ივანიშვილმა განაცხადა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ, „ნაცმოძრაობა“ ამტკიცებს, რომ ბიძინა არის რუსეთის სპეცსამსახურების პროექტი და მისი გახელისუფლება მიზნად ისახავს საქართველოს დაბრუნებას რუსეთის გავლენის სფეროში, თუმცა ბიძინას რუსობა ასე მარტივი ამბავი არ არის. „რუსობა“ ამ შემთხვევაში საკმაოდ მრავალგანზომილებიანი ცნებაა და შეიძლება გულისხმობდეს არა მხოლოდ იმას, რომ ივანიშვილი ფსბ-ს სტაჟიანი აგენტია, არამედ იმას, რომ აგენტი შეიძლება არ არის, მაგრამ რუსეთი ურჩევნია დასავლეთს ან სულაც რუსულ მენტალობასა თუ რუსული მართვის სტილზე კეთდებოდეს აქცენტი. ხშირად ეს ყველაფერი ერთდროულადაც კი იგულისხმება.
თუმცა, როგორადაც არ უნდა შევხედოთ, აქედან ყველა ვარიანტში გამომდინარეობს ის, რომ 2012 წელს სააკაშვილის ხელისუფლება შეცვალა რუსულმა ძალამ, ხოლო რადგანაც სააკაშვილის ხელისუფლებას პრორუსობას ვერ დავწამებთ, გამოდის, რომ რაოდენ რეპრესიული რეჟიმიც არ უნდა ყოფილიყო „ნაცების“ მმართველობა, მაშინ სწორი არჩევანი 5 ნომრის შემოხაზვა იყო და არა 41-ის. რუსეთს ხომ ყველაფერი ჯობია? ამიტომ თუნდაც ნაკლები ბოროტების პრინციპით „ნაცმოძრაობაც” ჯობია „ოცნებას”. შესაბამისად, ხელისუფლებაში „ნაცების“ მობრუნება, თუ „ოცნების” (ანუ რუსულ/პრორუსული ხელისუფლების) შეცვლა სხვანაირად ვერ ხერხდება, არათუ პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს, არამედ სასურველიც კი უნდა იყოს.
როდესაც რომელიმე პოლიტიკოსი ლაპარაკობს ბიძინა ივანიშვილზე, როგორც რუსეთის კაცზე, „ოცნებას“ უწოდებს რუსულ ხელისუფლებას და ა.შ., ის ამით ირიბად ამბობს, რომ „ნაცმოძრაობა” „ოცნებაზე” უკეთესია, რაც, როგორც მინიმუმ, „ნაცმოძრაობის“ მოკავშირეობად აღიქმება ქართული საზოგადოების, თუ შეძლება ასე ითქვას. არანაცურ ნაწილში. ბიძინას „რუსობა“ იმდენად ასოცირებულია „ნაცმოძრაობის” პოზიციასთან, რომ ამ ორი რამის დაცილება ერთმანეთისგან პრინციპულად შეუძლებელია. ამ თემაზე ხშირად მსმენია საყვედური, „მე თუ ბიძინა რუსეთის კაცად მიმაჩნია, მაინცდამაინც ნაცი ვარ?“ რაზედაც ყოველთვის ერთი პასუხი მაქვს: „შეიძლება არ ხარ, მაგრამ რატომ არ ხარ, გაუგებარია.“ მე რომ ასე მჯეროდეს, ნამდვილად „ნაცმოძრაობის” მომხრე ვიქნებოდი.
2012 ანუ ჩვენი დღეების აპოკალიფსი
მეორე თეზისი, რომელიც ასევე სხვადასხვა ვარიაციით ფიგურირებს ოპოზიციურ პოლიტიკურ მეინსტრიმში და რომელიც ლოგიკურად გამომდინარეობს ბიძინას რუსობიდან, არის 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებში „ოცნების” გამარჯვების წარმოჩენა ქვეყნის უბედურების საწყის წერტილად.
ამ შემთხვევაშიც სულ არაა აუცილებელი პირდაპირი ფორმულირებები. საკმარისია 2012-ის უბრალოდ უარყოფით კონტექსტში მოხსენიება. მაგალითად, როცა ამბობ, რომ „ოცნებამ“ წაართვა სასამართლოს დამოუკიდებლობა, აქ მექანიკურად იგულისხმება, რომ მანამდე სასამართლო დამოუკიდებელი იყო, რაც ცხადია, არ შეეფერება სინამდვილეს. იგივე შეიძლება ითქვას პოლიტიკური ოპონენტების დევნაზე, როდესაც, ვთქვათ, სკოლის დირექტორის თუ ბიბლიოთეკის გამგის სამსახურიდან გაგდება პოლიტიკური ნიშნით ისეა მოწოდებული, თითქოს მანამდე არც სმენიათ და არც გაუგონიათ მსგავსი რამ.
რასაკვირველია, ძველი ხელისუფლებების ცოდვები ახალი ხელისუფლების არცერთი ცოდვის გამართლება არაა, მაგრამ აქ ლაპარაკია იმგვარად თქმაზე, როდესაც ახალი ხელისუფლება რაღაც არნახული ბოროტების ჩამდენად და ინიციატორად გამოჰყავთ. ქართულ ოპოზიციურ დისკურს-ნარატივებში ძალიან ხშირია აპოკალიფსური ნოტებით, „ქვეყანა წალეკა კორუფციამ“, „ქურდული სამყაროს რენესანსი“, „ეგზისტენციალური საფრთხე“ და ა.შ. ტიპის გამოთქმებით. ყოველი არჩევნების წინაც ნამდვილი არმაგედონი ცხადდება ხოლმე. ეს ყველაფერი კი რეალურად პოლარიზაციის გაღრმავებას უწყობს ხელს, როცა ერთ მხარეს ხელისუფლებაა, მეორე მხარეს კი ე. წ. კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, გლობალური ომის პარტია თუ რაღაც სხვა უბედურება და ყოველი მათგანის შინაარსი ერთ და იგივეა.
ამ ყველაფრის დაწყება კი ასოცირდება 2012 წელის არჩევნების შედეგებთან, ანუ ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლასთან, რაც ასევე ირიბად ამართლებს „ნაცმოძრაობის” მმართველობას და წარმოაჩენს მას „ოცნებაზე” უკეთესად. ამიტომ, ამგვარი აპოკალიფსური დისკურსებისა და 2012-ზე ნეგატიური აპელირების სისტემატური გამეორებით ნებისმიერი ოპოზიციონერი, მიუხედავად მისი წარსულისა, „ნაცად“ ან „ნაცების“ მოკავშირედ იქნება აღქმული იმ საზოგადოებაში, ვისაც შეძლება სულაც არ მოსწონდეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება და არც ბიძინა ივანიშვილით იყოს აღფრთოვანებული, მაგრამ არც 2012 წელს 41-ის შემოხაზვის გამო ქენჯნიდეს სინდისი და არც გაუთავებელ აპოკალიფსად ეჩვენებოდეს ბოლო თორმეტი წელი.
ხიხო ანუ დემონი
აპოკალიფსური და არმაგედონული მოტივებიდან ასევე ბუნებრივად გამომდინარეობს კიდევ ერთი პუნქტი: ბიძინა, როგორც აბსოლუტური ბოროტება. ოპოზიციური დისკურს-ნარატივებში „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და ლიდერი არის ამქვეყნად არსებული ყველანაირი, მათ შორის ურთიერთგამომრიცხავი მანკიერების განსახიერება. ბიძინა ივანიშვილი არის, ერთი მხრივ – ქაჯი, გოიმი, უწიგნური და უტვინო, მეორე მხრივ კი – თანმიმდევრულად ვერაგი, ცბიერი და ჭკვიანი ბოროტმოქმედი. ბიძინასგან იმთავითვე არ შეიძლება მოდიოდეს რამე კარგი და ყველაფერი, რასაც ის აკეთებს, თუნდაც იმიტომ არის უკვე ცუდი, რომ ის აკეთებს.
ნიშანდობლივი მაგალითი. როდესაც პოლიტიკაში მეორედ მოსვლის შემდეგ ბიძინა ალაპარაკდა კორუფციაზე და შემდგომ იგივე აქცენტები დასვა მის მიერ დანიშნულმა ახალმა პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ, მთელი ოპოზიციური სპექტრი ერთხმად აყვირდა, რომ ეს არის საზოგადოებისთვის თვალებში ნაცრის შეყრა და არანაირ კორუფციასთან ბრძოლას ბიძინა, რომელიც თვითონაა კორუმპირებული სისტემის შემოქმედი, არ აპირებს. არადა, ხომ ძალიან ელემენტარულია ამბავია, რომ ნებისმიერი ერთმმართველი ავტორიტარისთვის კორუფცია არის მხოლოდ მისი პირადი პრივილეგია და სხვას ამის უფლება არა აქვს? აქედან გამომდინარე, რატომ არ უნდა ებრძოლოს ავტორიტარი მისგან არაკონტროლირებად კორუფციულ კავშირებს? რაში სჭირდება ბიძინას მაფიოზური კლანების მოძლიერება, რომლებიც მის პირდაპირ კონტროლს არ ექვემდებარებიან? სწორია, არც არაფერში, რადგან ეს მისი ძალაუფლებისთვის საფრთხეა. ამიტომ ებრძოდა მუსოლინი მაფიას და პუტინი ოლიგარქებს. ანალოგიურად ბიძინასაც არანაირად არ აწყობს კორუფციული ურთიერთობების დამკვიდრება საჯარო სტრუქტურებში.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ეს ყველაფერი ფრიად ელემენტარული ამბავია, მაგრამ რამდენადაც ოპოზიციურ წრეებში ბიძინა არის სრულქმნილი ბოროტება, ის თუნდაც საკუთარი ძალაუფლების ინტერესებიდან გამომდინარე, არ შეიძლება, რაიმე ფორმით მაინც ებრძოდეს კორუფციას, პირიქით, ის კორუფციას ხელს უნდა უწყობდეს. ოპოზიციის ასეთი წინასწარი განწყობის ფონზე კი ხელისუფლებამ მართლა რომ დააპატიმროს, ვთქვათ, რომელიმე კორუმპირებული ჩინოვნიკი წინასაარჩევნოდ, ეს მას აუცილებლად მოუტანს პოლიტიკურ ქულებს,
ბიძინა ივანიშვილის პერსონის ასეთ რადიკალურ დემონიზებასა და გამითებასაც ერთგვარი, თუ შეიძლება ასე ითქვას, „გამპრავებლური“ მოტივიც აქვს. კერძოდ, თუ ბიძინა ასეთი ცუდი ტიპია, მისი ხელისუფლებაში მოსვლა ყველა ვარიანტში უფრო დიდი უბედურება გამოდის, ვიდრე ის, რაც მის მოსვლამდე იყო. სხვანაირად რომ ვთქვა, ბიძინას დემონიზებაში იმპლიციტურად ჩადებულია მიხეილ სააკაშვილისა და მისი მმართველობის აპოლოგია.
დასკვნა ანუ რეზიუმე
ერთგვარად, რომ შევაჯამოთ ყოველივე ზემოთქმული, მოკლე ფორმულირებების სახით, დაახლოებით შემდეგ სურათს მივიღებთ: ყველა, ვინც ამტკიცებს, რომ ბიძინა ივანიშვილი არის აბსოლუტური ბოროტება, რომელიც უდრის რუსეთს და ვინც არსებულ ვითარებას ხატავს აპოკალიფსურ და საგანგაშო ფერებში, აღიქმება ნაცად ან ნაცების მოკავშირედ საზოგადოების იმ ნაწილის მიერ, ვისთვისაც „ნაცმოძრაობის” ხელისუფლებაში მობრუნება კატეგორიულად მიუღებელია. ეს აღქმა არ ეფუძნება ლოგიკურ გააზრებას, არამედ არის უფრო ემოციურ-ასოციაციური, რაც კი არ ამცირებს ზემოქმედების ხარისხს, არამედ პირიქით, ზრდის, რადგან ეს დისკურს-ნარატივები პირდაპირ არაცნობიერში ურტყამს და ყოველ მსგავს გამონათქვამზე „ნაცობის“ ასოციაცია რეფლექსის დონეზე იღვიძებს.
და რამდენადაც ხელისუფლების პროპაგანდის ერთ-ერთი მთავარი ხაზიც სწორედ ისაა, რომ, ვინც მას უპირისპირდება ყველა ნაცია, გამოდის, რომ მთელი ოპოზიციური მეინსტრიმი ხელს უწყობს იმ აზრის დამკვიდრებას, რასაც სახელისუფლო პროპაგანდა ქადაგებს. უბრალოდ ოპოზიციაში იმედოვნებენ, რომ ხალხს იმდენად ამოუვა ყელში „ოცნება”, რომ ერთხელაც იქნება და ნაცების საფრთხობელა აღარ იმუშავებს. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ როგორც „ნაცმოძრაობის” მმართველობისგან ტრავმირებულთა დიდ რიცხვს, ისე ხელისუფლების პროპაგანდისტულ სიმძლავრეებს, ასე მარტივად ნაცების საფრთხობელა არ გაქრება, მით უმეტეს სანამ ყველაზე რეიტინგული ოპოზიციური ძალა სწორედ ის არის.
მთელ ოპოზიციურ სპექტრში, ჯერჯერობით, მხოლოდ ოთხი პარტიაა, ვინც, ასე თუ ისე, ახერხებს ზემოაღნიშნულ დისკურს-ნარატივებისგან გამიჯვნას და შესაბამისად, ხელისუფლებაც ვერ ტენის მათ კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში”. ესენია: გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“, ანა დოლიძის „ხალხისთვის“, ალეკო ელისაშვილის „მოქალაქეები“ და იაგო ხვიჩიას და ვახტანგ მეგრელიშვილის „გირჩი“. ყველა დანარჩენი, როგორც ზემოთ ვთქვი, თვითონვე წარმატებით წარმოაჩენენ თავს „ნაცმოძრაობის” ნაირსახეობად. ამ მხრივ, ბოლო დროს განსაკუთრებით გამოირჩევა მამუკა ხაზარაძის „ლელო“, რომელმაც, როგორც ჩანს, მიზნად დაისახა ნაცებს ნაცობა წაართვას და იმედი აქვს, რომ ამას ხურდაში მოჰყვება „ნაცმოძრაობის” ასიათასობით ამომრჩეველიც.
ხუმრობა იქით იყოს და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, „ნაცმოძრაობასთან” იდენტიფიცირება ნებისმიერი სხვა პარტიისთვის წმინდა ელექტორალურადაც წამგებიანია. მართლაც, თუ ამომრჩეველი იზიარებს „ნაცმოძრაობის” ხედვას და შეფასებებს, რატომ უნდა მისცეს მან ხმა სხვა პარტიას, რომელსაც ზუსტად იგივე ხედვა და შეფასებები აქვს, ოღონდ რეიტინგი ხუთჯერ ნაკლები?
ნაცური დისკურს-ნარატივებისთვის თავის არიდება ავტომატურად არჩევნებში წარმატების მომტანი ვერ იქნება, მაგრამ ასეთი გამიჯვნის გარეშე უბრალოდ შეუძლებელია, მოიმხრო ის ხალხი, ვისთვისაც „ნაცმოძრაობა” „ოცნებაზე” არანაკლებ მიუღებელია. მათემატიკის ენაზე რომ ვთქვათ, „ნაცმოძრაობისგან” მკაფიო გამიჯვნა არის არანაცური ელექტორატის მოზიდვის არასაკმარისი, მაგრამ აუცილებელი პირობა. მარტო ამით არაფერი გამოვა, მაგრამ ამის გარეშე საერთოდ არაფერი არ გამოვა.