ქალები გადამწყვეტ როლს ასრულებენ აღმოსავლეთ ევროპაში არსებული დემოგრაფიული პრობლემების გადაჭრაში (თუმცა, არა იმ გზით, რომელსაც ბევრი თქვენგანი მოიაზრებს) - ფლორენს ბაუერი

პუბლიკა

ავტორი: ფლორენს ბაუერი

გაეროს მოსახლეობის ფონდის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის დირექტორი

 

ფართოდ გავრცელებული შეხედულების თანახმად, დემოგრაფიული პრობლემები მოგვარდებოდა, ქალებს რომ მეტი შვილები ჰყავდეთ.

შობადობის მაღალი მაჩვენებელი უზრუნველყოფს მოსახლეობის რაოდენობის სტაბილურობას, ან მის ზრდას განაპირობებს. უახლოეს მომავალში, დასაქმებული შრომისუნარიანი ადამიანების წილი გაიზრდება, რაც შეამსუბუქებს სოციალური უზრუნველყოფისა და საპენსიო სისტემების მდგრადობასთან დაკავშირებით არსებულ შეშფოთებას. საბოლო ჯამში, მოსახლეობის ზრდა განაპირობებს ეკონომიკურ წინსვლას და კეთილდღეობას.

გამამხნევებლად ჟღერს? რა თქმა უნდა. მაგრამ ამ პერსპექტივას ორი მნიშვნელოვანი პრობლემა ახლავს თან.

პირველ რიგში, ნაკლებსავარაუდოა, რომ მოვლენები ასე განვითარდეს. ადამიანების რეპროდუქციულ არჩევანზე გავლენას ახდენს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული ფაქტორების რთული კომბინაცია, ისევე, როგორც ის, თუ რას ანიჭებენ ისინი უპირატესობას.

მთავრობები ცდილობენ ხელი შეუწყონ შობადობის ზრდას, ძირითადად ფინანსური წახალისებითა და ოჯახების მხარდაჭერით. თუმცა ჯერჯერობით, მიუხედავად უზარმაზარი ინვესტიციებისა, ევროპის ვერცერთმა ქვეყანამ ვერ შეძლო შობადობის მაჩვენებლის მიახლოებაც კი იმ დონემდე, რომელიც საჭიროა მოსახლეობის რაოდენობის შემცირების ტენდენციის შემოსაბრუნებლად ან თუნდაც მის შესაჩერებლად. (შენიშვნა: იმ შემთხვევაშიც კი, თუ ქვეყანა შეძლებს მნიშვნელოვნად გაზარდოს შობადობის მაჩვენებელი, რისი ალბათობაც უკიდურესად დაბალია, ამან შეიძლება გამოიწვიოს ყველა დანარჩენი მაჩვენებლის არსებულ ნიშნულზე შენარჩუნება და მხოლოდ ქვეყნიდან მოსახლეობის გადინების მაჩვენებლის ზრდა.) 

მეორე, და, ალბათ, უფრო შემაშფოთებელ პრობლემას წარმოადგენს ის, რომ ძალისხმევამ, რომელიც მიზნად ისახავს ქალების წახალისებას მეტი შვილის გაჩენის მიმართულებით, ადვილად შეიძლება საფრთხე შეუქმნას მათ რეპროდუქციულ უფლებებსდა საზოგადოებაში მათ მიერ თანაბარი სტატუსით სარგებლობასაც კი.

როდესაც ქალის სხეული განიხილება, როგორც ინსტრუმენტი, მოსახლეობასთან დაკავშირებული აბსტრაქტული მიზნების მისაღწევად, არც თუ ისე შორს არის ქალების მიერ ბავშვების რაოდენობასთან და ოჯახთან დაკავშირებით არჩევანის გაკეთების უფლების შეზღუდვის საფრთხე. რაც, თავისთავად, გენდერული თანასწორობის მიმართულებით ათწლეულების მანძილზე მიღწეულ პროგრესს უქმნის საფრთხეს, და ქალების მეორეხარისხოვანი მოქალაქეების სტატუსის აღდგენის პერსპექტივას ქმნის, როდესაც მათი ღირებულება, პირველ რიგში, განისაზღვრებოდა მათი როლით ბავშვების გაჩენააღზრდასა და მათზე ზრუნვაში.

თუ ქალების წახალისება მეტი ბავშვის გაჩენის მიმართულებით გამოსავალი არ არის, როგორ შეიძლება გადავჭრათ აღმოსავლეთ ევროპაში არსებული დემოგრაფიული კრიზისი? ბევრი რამ დევს სასწორზე, განსაკუთრებით ამ რეგიონში, სადაც ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე მიგრაციამ და შობადობის მაჩვენებლის კლებამ ქვეყნები მოსახლეობის შემცირების და მოსახლეობის დაბერების გამოწვევის წინაშე დააყენა.

აღნიშნული ტენდენცია არ უნდა იქნას აღქმული კატასტროფის მომასწავებლად; ფინეთის ან გერმანიის მაგალითი გვიჩვენებს, რომ მოსახლეობის დაბერებისა და შობადობის მაჩვენებლის კლების მიუხედავად, ქვეყნებმა შეიძლება განაგრძონ განვითარება და აყვავება. თუმცა იმისათვის, რათა იგივე აღმოსავლეთ ევროპაშიც მოხდეს, დროა შევწყვიტოთ შობადობის მაჩვენებლებზე და ქალის სხეულის გამოყენებაზე ფიქრი და თვალი გავუსწოროთ რეალობას: აღნიშნულ მაჩვენებლებზე ზედმეტი ზრუნვით, ადგილი აქვს ყურადღების გადატანას, რომელიც ხელს გვიშლის იმ გადაწყვეტილებების მოძიებაში, რომლებიც რეალურად მუშაობს და, თანაც ისე, რომ არ არღვევს ადამიანის უფლებებს.

ყოველივე ზემოთთქმულის გათვალისწინებით, ქალებმა მართლაც გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულონ რეგიონში მიმდინარე დემოგრაფიული ცვლილებების წარმატებით მართვის საქმეში  მაგრამ არა იმ გზით, რომელსაც ბევრი ადამიანი მოიაზრებს. ქვეყნები შეძლებენ ძალების მობილიზებას დემოგრაფიული კრიზისის დასაძლევად, უფრო მეტი გენდერული თანასწორობის მიღწევით და არა ქალთა უფლებების შეზღუდვით.

და მაინც, როგორ მუშაობს ეს პრინციპი? პირველ რიგში, ქალების მიმართ ფართოდ გავრცელებული დისკრიმინაცია და საზოგადოებიდან თუ ეკონომიკიდან ქალების გარიყვა ქვეყნებს ძვირფასი ადამიანური კაპიტალის გარეშე ტოვებს. ეს კიდევ უფრო ასუსტებს ქვეყნებს, რომელთა სამუშაო ძალა და ნიჭიერი და უნარიანი ადამიანების ფონდი ისედაც ამოწურულია, ქვეყნებიდან ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე მიგრაციის გამო. ეს, თავისთავად, განაპირობებს შობადობის კლებასა და ქვეყნებიდან ადამიანების გადინებას, რაც კიდევ უფრო აუარესებს რეგიონში არსებულ დემოგრაფიულ მდგომარეობას.

დაფიქრებულხართ იმ გოგოზე, რომელიც არ დაიბადა, რადგან მშობლებს ურჩევნიათ ჰყავდეთ ბიჭი; იმ მოზარდზე, რომელიც იძულებული გახდა მიეტოვებინა სკოლაში სწავლა, არასასურველი ორსულობის ან იძულებითი ქორწინების გამო; იმ სტუდენტ ახალგაზრდა ქალზე, რომელმაც უარი თქვა ტექნიკური განხრით კარიერის გაგრძელებაზე (რადგანეს ბიჭების სფეროა“); იმ ახალგაზრდა ქალზე, რომლისგანაც მოელიან რომ ოჯახზე ზრუნვის ვალდებულებას სრულად საკუთარ თავზე აიღებს და, შესაბამისად, იძულებულია არჩევანი გააკეთოს შვილების გაჩენასა და სამუშაოს შენარჩუნებას შორის; იმ ქალზე, რომელიც დაწინაურებას იმსახურებს, თუმცა ეს ფაქტი შეუმჩნეველი რჩება, რადგან იგი დედაა; ჩვენს კოლეგაზე, რომელიც სამსახურში საქმეს სათანადოდ ვერ ასრულებს, რადგან ოჯახში ძალადობის მსხვერპლია; იმ ხანდაზმულ ქალზე, რომელიც სიღარიბეში ცხოვრობს  შერყეული ჯანმრთელობით, რაც მთელი ცხოვრების განმავლობაში დისკრიმინაციის მსხვერპლის როლში ყოფნის შედეგს წარმოადგენს. 

ეს ყველაფერი, ერთად აღებული და მილიონებზე გამრავლებული, პოტენციური ნიჭის, შესაძლებლობებისა და პროდუქტიულობის უზარმაზარ დანაკარგს შეადგენს და აფერხებს მილიონობით ადამიანის სრულფასოვან მონაწილეობასა და წვლილს საზოგადოებასა თუ ეკონომიკაში. ვერცერთი ქვეყანა ვერ შეძლებს გაუძლოს ამ ყოველივეს და, მით უმეტეს, ქვეყნები, რომლებიც მოსახლეობის დაბერებისა და მოსახლეობისა და, შესაბამისად, სამუშაო ძალის შემცირებით გამოწვეულ კრიზისთან ცდილობენ გამკლავებას.

ის სარგებელი, რომელიც გენდერულ თანასწორობას მოაქვს ეკონომიკისა და საზოგადოებისთვის, კარგად ცნობილი და დადასტურებულია. მსოფლიო ბანკის შეფასებით, გენდერული უთანასწორობის დაძლევა სამუშაო ძალაში, მაგალითად, ერთ სულ მოსახლეზე მშპის საშუალოდ თითქმის 20 პროცენტით ზრდას განაპირობებს. გაეროს ბოლოდროინდელი კვლევა ადასტურებს, რომ სამუშაო ძალაში გენდერულ თანასწორობას ბევრად მეტი სარგებლის მოტანა შეუძლია ეკონომიკის მდგრადობის თვალსაზრისით, საზოგადოებებში, რომლებიც მოსახლეობის დაბერებისა და შობადობის შემცირების პრობლემის წინაშე დგანან, ვიდრე შობადობის მაჩვენებლის ზრდას. 

ქვეყნებს ბევრი რამის გაკეთება შეუძლიათ გენდერული თანასწორობის თვალსაზრისით არსებული სიტუაციის გასაუმჯობესებლად და დემოგრაფიულ ცვლილებასთან გასამკლავებლად საკუთარი მდგრადობის გასაძლიერებლადდაწყებული ოჯახის დაგეგმვის პოლიტიკის დანერგვით, რომელიც სარგებლის მომტანია კაცებისა და ქალებისათვის, დამთავრებული გენდერული ნიშნით ძალადობასთან ბრძოლით, ასევე, დაწყებული მანკიერი სოციალური ნორმების შეცვლით, რომლებიც ქალებისა და გოგოების მნიშვნელობას აკნინებს, და დამთავრებული კომპანიების დახმარებით, რათა მათ შეძლონ სამუშაო ადგილზე დამკვიდრებული დისკრიმინაციული პოლიტიკის რეფორმირება. 

დღეს, აღვნიშნავთ რა მსოფლიო მოსახლეობის დღეს, ჩვენ მივესალმებით ქვეყნების მზარდ რაოდენობას, რომლებიც აღიარებენ კავშირს გენდერულ თანასწორობასა და დემოგრაფიულ მდგრადობას შორის. ჩვენ ვთავაზობთ ჩვენს მხარდაჭერას მთავრობებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან იმით, რომ ქალებმა და გოგოებმა შეძლონ თავიანთი პოტენციალის სრულად რეალიზება, როგორც მათი, ასევე მათი ოჯახების, თემებისა და საზოგადოების სასარგებლოდ. მსოფლიოს 150-მდე ქვეყანაში მოღვაწეობის 50 წლიანი გამოცდილებით, გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) წარმოადგენს დასაწყრდენ ორგანიზაციას, რომელიც მთავრობებს აწვდის რჩევებსა და რეკომენდაციებს მოსახლეობის პოლიტიკასთან, რეპროდუქციულ უფლებებებთან და გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ჩვენი რეგიონული დემოგრაფიული მდგრადობის პროგრამა შექმნილია იმისთვის, რათა საშუალება მისცეს ქვეყნებს განვითარდნენ მსოფლიოში, რომელიც სწრაფი დემოგრაფიული ცვლილების ეპოქაში იმყოფება.

დღეს, ევროპაში, გენდერულად ყველაზე თანასწორი ქვეყნები, როგორც წესი, განვითარების მიხედვით ქვეყნების რეიტინგის სათავეში იმყოფებიან და დემოგრაფიულ ცვლილებას ყველაზე უკეთ უმკლავდებიან. ისინი ასევე განეკუთვნებიან ქვეყნებს, რომლებსაც შობადობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები აქვთ.

დემოგრაფიული ცვლილება გავლენას ახდენს ყველა ქვეყანაზე, თუმცა, ზოგიერთი მათგანი უკეთ უმკლავდება ამ გამოწვევას, ვიდრე სხვები. მხოლოდ ის ქვეყნები, რომლებიც გენდერულ თანასწორობაში ინვესტირებას დემოგრაფიულ ცვლილებაზე რეაგირების ქვაკუთხედად განიხილავენ, შეძლებენ დემოგრაფიული ცვლილება საფრთხიდან შესაძლებლობად აქციონ, რაც სარგებელს მოუტანს ინდივიდუალურ პირებსა და საზოგადოებებს, და ჩვენს მომავალ თაობებს.