ქალების ცხოვრება რეგიონებში

პუბლიკა

სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება აჩვენებს, რომ სოფლად და ურბანული ცენტრებისგან მოშორებით მცხოვრებ ქალებს ჯანდაცვის, განათლების, სოციალურ, იურიდიულ თუ სხვა სახის სერვისებზე ხელი ნაკლებად მიუწვდებათ. ასეთ ადგილებში უფრო რთულია კარგი სამსახურის პოვნა და აქტიური საზოგადოებრივი და კულტურული ცხოვრებაც. გამოწვევები კიდევ უფრო თვალშისაცემია საქართველოსნაირ პატარა, დაბალი ეკონომიკური განვითარების მქონე ქვეყნებში, მით უმეტეს, თუ მოსახლეობის უმეტესობა ტრადიციული და კონსერვატიული ღირებულებების მატარებელია.

საქართველოში ქალების უფლებრივი მდგომარეობა და შესაძლებლობები განსხვავებულია მათი განათლების, ეკონომიკური სიტუაციის, ასაკის, ოჯახის, საცხოვრებელი ადგილისა თუ სხვა ფაქტორების მიხედვით, თუმცა ერთი რამ ფაქტია: 90-იანი წლების ეკონომიკური კოლაფსისა და სრული განუკითხაობის დროს ქვეყანა, პრაქტიკულად, ქალებმა გადაარჩინეს. თუ მაშინ ვინმე საქართველოში პატიოსანი, მაგრამ ხშირად ძალიან მძიმე შრომის ხარჯზე საარსებო წყაროს შოვნას და ოჯახზე ზრუნავს ახერხებდა, ეს პირველ რიგში სწორედ ქალები იყვნენ. კაცების დიდი ნაწილი ან კრიმინალური დაჯგუფებების გავლენის ქვეშ მოექცა, ან აპათიურ მდგომარეობაში აღმოჩნდა. რეალობასთან  ადაპტირების როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური მზადყოფნა ქალებს უფრო აღმოაჩნდათ. ზოგი საზღვარგარეთ წავიდა სამუშაოდ, ზოგმა აქ  მოახერხა თუნდაც უკიდურესად რთული საქმიანობით თავისა და ოჯახის გადარჩენა.

ქალების შრომა დღესაც საქართველოს ეკონომიკისა და უამრავი ოჯახის უმნიშვნელოვანესი შემოსავლის წყაროა. ამას როგორც დედაქალაქიდან, ისე რეგიონებიდან საზღვარგარეთ წასული ათასობით ემიგრანტი ქალი და მათ მიერ გამოგზავნილი სოლიდური თანხაც მოწმობს. აქ დარჩენილ უამრავ ქალს კი ხშირად ასევე მძიმე შრომა უწევს, რაც ოჯახსა და სამსახურში ორმაგი დატვირთვითა და დაბალი ანაზღაურებით გამოიხატება, თუმცა არის კიდევ სხვა სახის, უფრო კომპლექსური გამოწვევები, რასაც ქალები გარემოდან გამომდინარე აწყდებიან. ამას ყველაზე ხშირად მაინც რეგიონებში ვხვდებით. მართალია, საქართველოს თბილისის გარდა კიდევ რამდენიმე არც თუ ისე პატარა ქალაქი აქვს, რომელთა მოსახლეობაც 100 ათასს აღემატება, თუმცა, სამუშაო ადგილების, ინფრასტრუქტურის, კულტურული ცხოვრების თუ სხვა თვალსაზრისით, ისინი ახლოსაც ვერ მოდის იმ მაჩვენებლებთან, რომლებიც, მაგალითად, მსგავს ევროპულ პატარა ქალაქებს აქვთ. აღარაფერს ვამბობთ უფრო პატარა დასახლებებსა და სოფლებზეც, სადაც 90-იანი წლებში მანამდე არსებული საწარმოები, კულტურული თავშეყრის ადგილები და ბევრგან სკოლებიც კი გაუქმდა და დაიხურა. ამ ყველაფრის შედეგად ბოლო ათწლეულებში მნიშვნელოვნად გაიზარდა იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც საცხოვრებლად და უკეთესი პირობების შესაქმნელად დედაქალაქში გადადის. ადგილზე დარჩენილ ადამიანებს, განსაკუთრებით კი ქალებსა და გოგონებს უამრავი გამოწვევა აქვთ და მათ განსაკუთრებული მხარდაჭერა სჭირდებათ როგორც სახელმწიფოს, ისე საზოგადოებრივი ჯგუფებისგან. მათთვის პრობლემურია დასაქმებისა და თვითრეალიზების საკითხი, ნაკლებად აქვთ მიწასა და სხვა რესურსებზე საკუთრების უფლება, კონკრეტულ რეგიონებსა თუ სოფლებში კი ზოგჯერ პატრიარქალური სტერეოტიპების ზეგავლენით არაერთ საკითხში უწევთ თავის შეზღუდვა.

ქალების მხარდასაჭერად ბოლო წლებში საქართველოში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, იქნება ეს მათ ეკონომიკური და პოლიტიკური უფლებების გაძლიერებაზე მუშაობა თუ გენდერული თანასწორობის კუთხით საკანონმდებლო ცვლილებები. გარკვეულწილად, შეიცვალა მიდგომები და დამოკიდებულებები კულტურული და სოციალური თვალსაზრისითაც, განსაკუთრებით ახალგაზრდებში. ამ ყველაფერს ხელი შეუწყო ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესმაც, რის შედეგადაც მოხერხდა სხვადასხვა ფონდისა თუ ორგანიზაციის შექმნა და ქალების მხარდამჭერი პროექტების დაფინანსება.

დღეს ქვეყანაში მოქმედებს არაერთი ორგანიზაცია, რომლებიც ქალთა უფლებების ადვოკატირებას ეწევიან და მათთვის აქტუალურ საკითხებზე მუშაობენ.  2014 წელს შეიქმნა გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო. რის შემდეგაც მსგავსი საბჭოები ეტაპობრივად მუნიციპალიტეტებშიც ჩამოყალიბდა. დადგინდა სავალდებულო საარჩევნო კვოტებიც ქალების პოლიტიკაში მეტი ჩართულობის მიზნით და შეიქმნა სხვადასხვა პროექტი ქალების დასახმარებლად. თუმცა გამოწვევები ჯერ კიდევ ბევრია და გენდერული თანასწორობისკენ მიმავალი გზა – არც ისე მარტივი. ვინაიდან ქალთა კეთილდღეობის პრობლემა ყველაზე მწვავედ მაინც რეგიონებში დგას, ბოლო წლებში განსაკუთრებული აქცენტი ამ მიმართულებით კეთდება და დონორები თუ არასამთავრობო ორგანიზაციები ცდილობენ, რესურსის მნიშვნელოვანი ნაწილი აქეთ მიმართონ. ევროკავშირის დაფინანსებით 2021 წელს დაიწყო, ერთ-ერთი ასეთი პროექტი „ქალების ძალა – ეკონომიკური და პოლიტიკური გაძლიერება საქართველოში ინკლუზიური საზოგადოებისთვის“, რომელსაც WECF Georgia (ქალები საერთო მომავლისთვის – საქართველო) და  „ქალთა ფონდი საქართველოში“ ახორციელებენ და რომლებთან ერთადაც საქართველოს რამდენიმე რეგიონიდან იყო ორგანიზაციები ჩართული. ესენია: „რაჭის სათემო ორგანიზაცია“, „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი“ ოზურგეთიდან „უხუცეს ქალთა საბჭო“ – პანკისიდან და შშმ ქალთა ალიანსი, რომელიც აჭარაშია რეგისტრირებული, თუმცა ამ რეგიონის გარდა, ასევე ფარავს იმერეთს, სამეგრელოს, გურიასა და კახეთს.

პუბლიკა“ ესაუბრა აღნიშნული ორგანიზაციების წარმომადგენელ ქალებს, რომლებიც რეგიონებში არსებულ ვითარებაზე, ქალების ყოფასა და გამოწვევებზე და მათ მიერ განხორციელებულ პროექტებზე საუბრობენ.

ეთო არსანიძე – „რაჭის სათემო ორგანიზაცია“

მაღალმთიან რაჭაში, უკვე დიდი ხანია, მოსახლეობის მიგრაციის დონე ერთ-ერთი ყველაზე მაღალია საქართველოში. ზემო რაჭაში არის სოფლები, სადაც სკოლებში სულ რამდენიმე ბავშვი სწავლობს. ზოგან კი საერთოდ დაიხურა სკოლა და ბავშვები სხვადასხვა ადგილში გადაანაწილეს. რაჭაში ბოლო წლებში შობადობას სიკვდილიანობა დაახლოებით 200 პროცენტით აღემატება.

რთული კლიმატური პირობების, სამუშაო ადგილების დეფიციტისა და სხვა მიზეზების გამო იქ მოსახლეობა სულ უფრო მცირდება, თუმცა დარჩენილი ადამიანები იმედს მაინც არ კარგავენ და თუ შესაძლებლობა აქვთ, უკეთესი მომავლის მოლოდინში სხვადასხვა აქტივობაშიც ერთვებიან.

ეთო არსანიძე „რაჭის სათემო ორგანიზაციის“ დამფუძნებელია. ის უკვე 4 წელია, თანამოაზრეებთან ერთად ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტებში მოსახლეობის სხვადასხვა საჭიროებასა გამოწვევებზე მუშაობს და არაერთი სოციალური თუ კულტურული ღონისძიებაც აქვს გამართული. 2021-2022 წლებში ორგანიზაციამ „ქალთა ფონდის საქართველოს“  რამდენიმე გრანტი მიიღო და რაჭის ორი ქალაქიდან და სხვადასხვა სოფლიდან ქალების მხარდაჭერის პროექტები წამოიწყო, რაც როგორც ტრენინგებს, ისე სხვადასხვა აქტივობასა თუ გადამზადების კურსებს მოიცავდა.

„რაჭის სათემო ორგანიზაციამ“ 130-ზე მეტი ქალი გადაამზადა, რომლებმა შემდეგ თავად წამოიწყეს საკუთარი პროექტები; ტრენინგები ჩატარდა ბავშვებისთვისაც.  ახალგაზრდებში იყვნენ როგორც გოგოები, ისე ბიჭები. ტრენინგები, ძირითადად, გენდერულ როლებსა და სტერეოტიპებს შეეხებოდა. ბავშვებმა ისწავლეს პროექტების წერაც და შემდეგ უკვე თავად გააკეთეს განაცხადები საგრანტო კონკურსებზე.

ეთო არსანიძე გვიყვება, რომ რელიეფიდან გამომდინარე, რიგ შემთხვევებში აქტივობებში ჩართვა უჭირდათ მაღალმთიან სოფლებში მცხოვრებ ქალებს, რადგან რაჭის სოფლებში საჯარო ტრანსპორტი არ დადის. ზოგადად, რეგიონში მწვავედ დგას ტრანსპორტის, გადაადგილების, ინფრასტრუქტურული კეთილმოწყობის ( შეხვედრის სივრცეები, ინტერნეტი, ტექნიკური აღჭურვა) და სხვა მსგავსი პრობლემები.

„შეიძლება, პროექტის წერა ისწავლოს ქალმა კარგად, მაგრამ მერე მაინც ბარიერის წინაშე დადგეს, მაგალითად – კომპიუტერი არ ჰქონდეს ან ინტერნეტი გაეთიშოს და სხვა ყოფითი პრობლემების წინაშე აღმოჩნდეს. ამ მომენტშიც, როცა ჩვენ ვსაუბრობთ, ნახევარ რაჭაში შუქი არ არის, ინტერნეტი არ არის, ტელეფონის ქსელების ნაწილიც გათიშულია. გარდა ამისა, დიდთოვლობისგან გზა არის ჩაკეტილი. ზამთარში აქ ცხოვრება განსაკუთრებით რთულია.“

ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში ქალებმა დაარეგისტრირეს სპეციალური საწარმო, სადაც ჯერ თექის დამუშავება შეასწავლეს მსურველ ქალებს, შემდეგ კი ამ საწარმოში დაასაქმეს. დღეს მათი ნამუშევრები ონსა და ამბროლაურში სუვენირების მაღაზიებში იყიდება. ასევე იყო პროექტი, სადაც ქალებს მინანქარზე მუშაობა ასწავლეს და სპეციალური დანადგარიც შეუძინეს; მოეწყო ბუღალტრული აღრიცხვის შემსწავლელი კურსიც.

ზოგადად, რაჭაში სამუშაო ადგილების ძირითადი წილი საბიუჯეტო ორგანიზაციებზე მოდის, რადგან უკვე ათეული წლებია, რეგიონში ამის მიღმა ძალიან ცოტა დაწესებულება თუ საწარმო მოქმედებს. შესაბამისად, სოციალურად დაუცველთა რაოდენობაც  განსაკუთრებით მაღალია.

„ამ ეტაპზე სახელმწიფოს მხრიდან კონკრეტულ ჩარევას ვერ ვხედავთ, რომ რამე შეიცვალოს, მით უმეტეს, ქალებისთვის. უბრალოდ, თითქოს დინამიკას მივყვებით. მართალია, იხსნება პატარა საოჯახო სასტუმროები და სეზონური ბიზნესები, მაგრამ მოდის  მერე ისევ ოქტომბერი და ნოემბერი, და იმავე სიტუაციაში რჩება რეგიონი, რაშიც იყო 10 წლის წინ.“ – ამბობს არსანიძე.

ეთო არსანიძე ამბობს, რომ ზოგადად, რაჭველი ქალები საკმაოდ აქტიურები და თავისუფლები არიან და როგორც წესი, არც ოჯახიდან აქვთ ხოლმე შეზღუდვა, რომ ამა თუ იმ საქმიანობაში ჩაერთონ. 

რაჭის კიდევ ერთი გამოწვევა, რაც თანაბრად ეხება ქალებსაც და კაცებსაც, ის არის, რომ ეს ერთ-ერთი იშვიათი რეგიონია საქართველოში, სადაც არ არსებობს მედიასაშუალება. უკვე წლებია, აქ კლასიკური გაგებით, საინფორმაციო საშუალება არ ფუნქციონირებს, არც ტელევიზიის, არც გაზეთისა და არც ონლაინ პორტალის სახით. ამის გამო, ეთო არსანიძემ რამდენიმე წლის წინ შექმნა ფეისბუქჯგუფი „ რაჭველები“, რომელსაც უკვე 27 ათასზე მეტი წევრი ჰყავს და სადაც ადგილობრივი მოსახლეობა და რაჭაში წამსვლელები სხვადასხვა სახის ინფორმაციას ავრცელებენ და იღებენ, თუმცა, რა თქმა უნდა არც ეს არის კლასიკური ჟურნალისტური პროდუქტი. არსანიძე ამბობს, რომ გარკვეული  მცდელობები წინა წლებშიც იყო და ის და მისი თანამოაზრეები ახლაც ფიქრობენ ამ საკითხზე და შესაძლოა ახლო მომავალში მოხერხდეს კიდევ მათი იდეების რეალიზება.

თამარ ონიანი „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი“

გურიაშიც, რაჭის მსგავსად ქალებისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა სამუშაო ადგილებია. ერთ დროს ჩაისა და ციტრუსის დიდი პლანტაციებით ცნობილ რეგიონში დღეს მხოლოდ მცირე და ფრაგმენტულ წარმოებებს თუ შეხვდებით, თუმცა გურიაში, რაჭისგან განსხვავებით, მიმოსვლა უფრო ადვილია და ზღვასთან სიახლოვე დამატებით პერსპექტივას უქმნის რეგიონს. მიუხედავად ამისა, დღევანდელი ვითარება არცთუ ისე სახარბიელოა.

ჩვენი რესპონდენტი, თამარ ონიანი ოზურგეთში ორგანიზაცია „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირს“ ხელმძღვანელობს. ის 1996 წლიდან მოქმედებს და სამი ძირითადი მიმართულებით მუშაობს: ახალგაზრდობის სამოქალაქო დემოკრატიული ღირებულებების განვითარება, საგანმანათლებლო ინსტიტუციების გაძლიერება და მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერა.

წლების განმავლობაში ორგანიზაციას ევროკავშირის დაფინანსებულ არაერთ პროექტში აქვს მონაწილეობა მიღებული. ის ჩართული იყო „ქალები საერთო მომავლისათვის“ და „ქალთა ფონდის“ პროექტშიც, რომლის ფარგლებშიც მოეწყო თემატური ტრენინგები გურიის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალებისთვის. განხილვის თემა იყო ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხები, შშმ ქალთა საჭიროებები და ა.შ. 

როგორ თამარ ონიანი ამბობს, მსგავსი ინიციატივები ხელს უწყობს პრობლემების შესახებ ცნობადობის ამაღლებას და საჭიროებების იდენტიფიცირებას. ეს კი სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობასაც აადვილებს:

„ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზეც გააქტიურდა გენდერული საბჭოები, ერთობლივადაც ვიმუშავეთ ძალიან მნიშვნელოვანია საკითხებზე, როგორებიცაა: უმუშევრობა, გენდერული თანასწორობა და აშ. საკმაოდ დაბალი იყო ცნობიერების დონე გენდერული ქალების უფლებრივ შესაძლებლობებზე. თუნდაც ქონების ფლობის უფლებაზე, რადგან იურიდიულად თითქოს თანაბრად ნაწილდება ქონება, მაგრამ ტრადიციები ვიცით, როგორიც არის და რეალურად რაც ხდება.“- აღნიშნავს თამარ ონიანი.

მისი თქმით, კიდევ ერთი გამოწვევა გურიაში ის არის, რომ ქალებმა, რომლებიც ძალიან დიდ რუტინულ შრომას ეწევიან ყოველდღიურად, არ იციან, თუ როგორ შეიძლება ეს ყველაფერი ეკონომიკურ სარგებლად და დოვლათად აქციონ. მსგავსი ტრენინგები და პროექტები კი მათ ამაზე ინფორმაციის მიღებაშიც ეხმარება. როგორც თამარ ონიანი აღნიშნავს, ბოლო დროს მუნიციპალიტეტებიც ცდილობენ, ხელი შეუწყონ ქალებს სხვადასხვა პროექტის დაფინანსებით, სამეწარმეო საქმიანობის წახალისებით და ა.შ. გარდა ამისა, წამყვან პოზიციებზე დასაქმებულ ქალთა რაოდენობაც გაიზარდა, მაგალითად, მერის თანაშემწეებად ან დეპარტამენტების ხელმძღვანელებად უფრო ხშირად ინიშნებიან ქალები.

„უფრო აქტიურად ფინანსდება ქალთა ინიციირებული პროექტები; დღესასწაულები როცა ტარდება ქალაქებში, მეწარმე ქალებისთვის  ეწყობა გამოფენა-გაყიდვები, სადაც ისინი თავიანთ ნაწარმსა და ნამუშევრებს ყიდიან. მართალია, ეს წერტილოვანია,მაგრამ ცნობადობისა და მოტივაციის ამაღლებისთვის მაინც კარგია; მერე ეს ქალები უკვე თვითონ იწყებენ ფონდებისა და ინვესტიციების მოძიებას.“

ქალებს, განსაკუთრებით კი გოგონებს ასევე ხშირად ესაჭიროებათ პროფესიული კუთხით მიმართულების მიცემა და კონსულტაცია. დასაქმება, როგორც უკვე აღვნიშნეთ, აქ ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. 

„ვაკანსიები თუ არის, ძირითადად, დაბალ ანაზღაურებად პროფესიებზე, მოსახურების სფეროში. მაგრამ აქაც, დამსაქმებლები ხშირად საუბრობენ კვალიფიციური კადრების დეფიციტზე. დიდი გეფია მოთხოვნასა და მიწოდებას შორის. ბაზარი რომ გაიზარდოს და მრავალფეროვანი გახდეს, საჭიროა, ინდუსტრიული მიმართულება გაძლიერდეს და ეს მოიტანს მერე დასაქმების შესაძლებლობასაც.“- ამბობს ონიანი.

მისი თქმით, ბოლო წლებში განხორციელებულმა სხვადასხვა პროექტმა ქალების მდგომარეობა გარკვეულწილად გააუმჯობესა და როგორც მინიმუმ, მათ თავიანთ უფლებებზე ღიად დაიწყეს საუბარი. „როცა რამე დასჭირდებათ ან გაუჭირდებათ, იციან, ვის მიმართონ. რეგიონებში ბევრი პროექტის  განხორციელებამ და დაფინანსების შემოსვლამ გაზარდა რწმენა და მოტივაცია, რომ აქაც შეიძლება რაღაცები მოხდეს. გაზარდა ასევე ნდობა არასამთავრობო სექტორის მიმართ, რადგან რაღაცები ახლა უკვე მათი უშუალო მონაწილეობით ხდება და ხედავენ, რომ ნამდვილად მათ გაძლიერებასა და დახმარებაზე ხარ ორიენტირებული.“

სვეტლანა ბორჩაშვილი – „უხუცეს ქალთა საბჭო“ – პანკისი

ქალთა მხარდაჭერის პროგრამები კახეთშიც აქტიურად მიმდინარეობს. ევროკავშირის მხარდაჭერით აქ ბოლო წლებში არაერთი პროექტი განხორციელდა. მათ შორისაა პროექტი – „ქალების ძალა – ეკონომიკური და პოლიტიკური გაძლიერება საქართველოში ინკლუზიური საზოგადოებისთვის“, რომელიც ამჯერად თელავის, ლაგოდეხისა და ახმეტის მუნიციპალიტეტში განხორციელდა, ძირითადად, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ადგილებში. განსაკუთრებით საინტერესო, ამ მხრივ, ახმეტაა, კონკრეტულად კი – პანკისის ხეობა, რადგან აქ მოსახლეობის უმეტესობა ქისტები არიან. განსხვავებული რელიგიისა და კულტურის მქონე ადამიანების ინტეგრაცია და საზოგადოებრივ ცხოვრებაში თანაბარი მონაწილეობა ყოველთვის მნიშვნელოვანია ერთიანობისა და მშვიდი თანაცხოვრებისთვის, ამიტომ ქალების დახმარება და მათი გაძლიერება აქ კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს.

ახმეტის მუნიციპალიტეტში ქალთა მხარდამჭერ პროექტებს „ უხუცეს ქალთა საბჭო“ კურირებს. ჩვენი რესპონდენტი, საბჭოს წევრი და გამგეობის თავმჯდომარე, სვეტლანა ბორჩაშვილი წლების განმავლობაში სკოლაში ასწავლიდა, დღეს კი აქტიურადაა ჩართული რეგიონში ქალთა გაძლიერების პროგრამებში. ის ასევე არის ახმეტის მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოს წევრი. ბორჩაშვილი გვიყვება, რომ პანკისის ხეობაში ქალებს გარდა ზოგადი პრობლემებისა, რაც სხვა რეგიონშიც აქტუალურია, კიდევ დამატებით გამოწვევებთან უწევთ გამკლავება, რადგან რელიგიური და კულტურული ტრადიციებიდან გამომდინარე, მათ უფრო მეტი შეზღუდვა აქვთ საკუთარ არჩევანში, როგორც პროფესიული, ისე პირადი ცხოვრების თვალსაზრისით.

პროექტის დასაწყისში გაიმართა ტრენერთა ტრენინგი, სადაც გადამზადდნენ ადგილობრივი, პანკისელი ქალები, რათა შემდეგ უკვე მათ ჩაეტარებინა სხვებისთვის ტრენინგები და  განეხილათ თემისთვის აქტუალური საკითხები, იქნება ეს გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებული, ჯანდაცვის, ინფრასტრუქტურული თუ სხვა საკითხები. ჩატარდა ტრენინგები მოზარდებისთვისაც, სადაც უკვე გოგოებთან ერთად ბიჭებიც მონაწილეობდნენ.

ამ შეხვედრებისა და ტრენინგების შემდეგ ქალებმა თანდათან დაინახეს, რომ თემის განვითარებისთვის მათი აქტიურობა მნიშვნელოვანია: „ისწავლეს, როგორ უნდა მოახდინონ პრობლემების იდენტიფიცირება, როგორ წამოაყენონ საკითხები, გაუწიონ მათ ადვოკატირება და შემდეგ თვითმმართველობასთან თანამშრომლობა. მიხვდნენ, რამდენად მნიშვნელოვანია ადგილობრივ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაგეგმარების პროცესში მათი ჩართულობა, რადგან მათი აქტივობების შედეგად გაკეთდა, მაგალითად,  სანიაღვრე არხები სოფელში; ერთ-ერთი სოფელში დაიგეგმა მოსასვენებელი სკვერის მოწყობაც. მათ ირწმუნეს, რომ შეუძლიათ გარკვეული გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა და რომ მათ სიტყვასა და აქტიურობას რაღაც ძალა აქვს.“ -ამბობს სვეტლანა ბორჩაშვილი.

პანკისში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა სამუშაო ადგილების დეფიციტია. ამის გამო თემში მცხოვრები კაცების დიდი ნაწილი თბილისში ან საზღვარგარეთ არის წასული სამუშაოდ. რაც შეეხებათ ქალებს, თემის კანონის მიხედვით, მათ ცალკე სადმე წასვლა  ეკრძალებათ, ამიტომ უწევთ, ადგილზე დარჩნენ და უმეტეს შემთხვევაში ოჯახის მოვლით და  საშინაო საქმეებით შემოიფარგლონ. ამის გამო, სვეტლანა ბორჩაშვილი ფიქრობს, რომ სანამ ცნობიერება შეიცვლება, ქალების მეტ დამოუკიდებლობას მოიპოვებენ, მნიშვნელოვანია, რომ მათ ადგილზე მიეცეთ დასაქმებისა და ეკონომიკური გაძლიერების საშუალება. ამისთვის კი, ერთ-ერთი ეფექტიანი ნაბიჯი მცირე მეწარმეობის განვითარება და ხელშეწყობა იქნებოდა; პანკისელი ქალების დიდმა ნაწილმა იცის სხვადასხვა ხელსაქმე: ისინი მუშაობენ თექაზე თიხაზე; ქსოვენ და ამზადებენ საინტერესო ხელნაკეთ ნივთებს. ასევე კარგად გამოსდით საკვები პროდუქტების მომზადება. მართალია, წლების განმავლობაში რამდენჯერმე განხორციელდა მცირე მასშტაბის ხელშემწყობი პროექტები, მაგრამ ამ წარმოებას სისტემური სახე ვერ მიეცა და ბიზნესად ჯერ ვერ იქცა, რადგან ბევრად მეტი მხარდაჭერაა საჭირო საწყის ეტაპზე.

სვეტლანა ბორჩაშვილი ამბობს, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში ქალთა მხარდამჭერი პროექტებისა და ტრენინგების შედეგად,  მონაწილე ქალების აღქმები შეიცვალა და ისინი უფრო დამოუკიდებლები და თამამები გახდნენ. მაგალითად, თუ ადრე სოფლის კრებებს ქალები თითქმის არ ესწრებოდნენ,  ბორჩაშვილის თქმით, ახლა მათ შეხსენებაც არ სჭირდებათ და უკვე თავად აქტიურობენ ასეთ შეხვედრებში:

„ჩვენს თემში, სადაც ქალის საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურობა შეზღუდული იყო და ზოგჯერ იკრძალებოდა კიდეც, ახლა ეს სტერეოტიპი, გარკვეულწილად,  დავამსხვრიეთ. დუისის ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელი არის ქალი, ხალაწანშიც, ქალები თანდათან საპასუხისმგებლო პოზიციებზე მოდიან. რაც ეს პროექტი დავიწყეთ, ჩვენმა ორგანიზაციამ წამოვაყენეთ საკრებულოში იდეა, რომ როგორც ეთნიკური უმცირესობის წევრებს, მუნიციპალიტეტის გენდერულ საბჭოში ჩვენი წარმომადგენელი გვყოლოდა. ახლა ჩვენი ორგანიზაციიდან ორნი ვართ უკვე ამ საბჭოს წევრები.“

თუმცა, ძველი ადათ-წესებისა და ტრადიციული შეხედულებების შეცვლა არც ისე ადვილია. სვეტლანა ბორჩაშვილი ჰყვება, რომ თემში ტრადიციული სამართლის კოდექსი მოქმედებს და ნებისმიერი პრობლემის გადაწყვეტა ამის საფუძველზე ხდება. 

„მაგალითად, მე რამე პრობლემა რომ შემქმნას ოჯახში, გავხდე ძალადობის მსხვერპლი ან სხვა სახის პრობლემის წინაშე დავდგე, ჩემი თემის წინაშე ვალდებული ვარ, მივმართო უხუცესთა საბჭოს და ჩემი პრობლემა მათ გადაწყვიტონ. თუ ამას გადავაბიჯებ და ისე მივმართავ სასამართლოს თავიდანვე, მაშინ ეს ჩემი თემის უპატივცემულობა გამოდის. როცა საჭიროა, თვითონ ისინი  გვეუბნებიან, რომ შეგიძლია, სამართალდამცავ ორგანოს გადააწყვეტინო საკითხი. რა თქმა უნდა, ქალებთან მიმართებაში ისევ ბევრი შეზღუდვებია, მაგრამ ჩვენი ორგანიზაცია ცდილობს, ამ ჩვენი ტრადიციული სამართლის კოდექსშივე მოვახდინოთ ცვლილებები ისე, რომ ქალთა და ბავშვთა ინტერესები იყოს გათვალისწინებული და შესაბამისობაში იყოს საქართველოს კანონმდებლობასთან“- ამბობს ბორჩაშვილი.

სვეტლანა ბორჩაშვილი იხსენებს, რომ წლების წინ მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობა ბევრად რთული იყო და როცა რამე საკითხზე დასახმარებლად იქ მიდიოდა, ზოგჯერ ძალიან უხერხული შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ვინმეს რამე ისეთს სთხოვდა, რაც კანონით არ იყო გათვალისწინებული. ამბობს, რომ, რაც რეგიონში ევროკავშირის მხარდაჭერილი მოქალაქეების ჩართულობის პროექტები დაიწყო, მუნიციპალიტეტებთან ურთიერთობა გაადვილდა და მათი და მოსახლეობის თანამშრომლობა შედგა.

„დღეს ნებისმიერ საკითხზე შეგვიძლია თავისუფლად საუბარი და ხშირად ითვალისწინებენ კიდეც.“ – ამბობს ის.

უხუცეს ქალთა საბჭოს თავმჯდომარე იმედიანად უყურებს მომავალს, რადგან ახალგაზრდებში ბევრად მეტ თავისუფლებას და დამოუკიდებლობას ამჩნევს. ის ფიქრობს, რომ თანდათან მოხდება კონსერვატიული ტრადიციების გადაფასება და თანამედროვე ცხოვრებასთან ადაპტირება, რაც როგორც ქალების, ისე მათი ოჯახების ცხოვრებას უფრო საინტერესოს გახდის და მეტ კეთილდღეობასაც მოუტანს მათ.

თამარ მაჭარაშვილი – „შშმ ქალთა ალიანსი“

არსებული პრობლემები და გამოწვევები ათმაგად უფრო მეტი სიმძაფრით დგას შშმ ქალები ქალების წინაშე. ინფრასტრუქტურული, ჯანდაცვისა თუ სოციალური სერვისების თვალსაზრისით, მათ გაცილებით მეტ წინაღობასთან უწევთ გამკლავება.

თამარ მაჭარაშვილი „შშმ ქალთა ალიანსს“ ხელმძღვანელია. ის 2008 წლიდან მუშაობს შშმ ქალთა საკითხებზე. ალიანსი მთელი საქართველოს მასშტაბით მოქმედებს და  შშმ ქალთა ლიდერობის 14 ორგანიზაციას აერთიანებს. მათი აქტივისტები მუშაობენ კახეთში, იმერეთში, აჭარაში, გურიაში, სამეგრელოში. 

როგორც თამარ მაჭარაშვილი ამბობს, 2017 წლიდან მოყოლებული ისინი ხშირად იღებენ ფინანსური მხარდაჭერას „ქალთა ფონდიდან“, რის შედეგადაც დღეს უფრო მეტად ისმის შშმ ქალთა ხმა, ვიდრე უწინ, თუმცა არა სათანადოდ.

„2008 წელს, როდესაც საკითხის ადვოკატირება დავიწყე, თანამოაზრე შშმ ქალებიც კი არ მყავდა გვერდით და, პრაქტიკულად, მარტო ვმუშაობდი. დღეს უკვე მტკიცებულებებზე დაფუძნებული ადგილობრივი კვლევები გვაქვს; მაშინ საერთაშორისო კვლევებს ვეძებდით და იქიდან ამოღებულ მასალებზე ვსაუბრობდით ხოლმე. მახსოვს, როცა საჯარო მოხელეებთან შშმ ქალებთან მიმართებაში გენდერული თანასწორობას ან სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობას ვახსენებდი ხოლმე, როგორ უკვირდათ, რა შუაშია ერთმანეთთანო.“

2014 წელს ძალაში შევიდა გაეროს შშმ პირთა უფლებების რატიფიცირება, შესაბამისად, გაჩნდა ადვოკატირების უფრო მაღალი ინსტრუმენტი. მომდევნო წლებში ქვეყნის მასშტაბით დაიწყო სხვადასხვა პროექტის განხორციელებაც, მაგრამ, თამარ ბოჭორიშვილის თქმით, ეს ყველაფერი უკიდურესად ნელა მიდის წინ. 

მაჭარაშვილი ყურადღებას ამახვილებს შშმ ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებებზე, ადაპტირებულ სკრინინგ პროგრამებზე და გადამზადებული სამედიცინო პერსონალის აუცილებლობაზე, რასაც მისი ორგანიზაცია ჯერ კიდევ 2014 წელს მოითხოვდა. თუმცა 2023 წელს გაეროს შშმ პირთა უფლებების კომიტეტიდან ისევ იგივე რეკომენდაცია მოდის, რომ ამ საკითხზე აუცილებლად ზომები უნდა იქნას მიღებული.

„ქვეყანაში ადაპტირებული გინეკოლოგიური სკამიც  არ არის; 10 წელია, ამას ვითხოვთ; ყველა დონეზე ვუწევთ ადვოკატირებას ამ საკითხს. თითქოს არის თანხმობა, რომ შეიძენენ, მაგრამ არავინ არავის არ ავალდებულებს. 

თამარ მაჭარაშვილი სტატისტიკის პრობლემაზეც საუბრობს და ამბობს, რომ დღემდე არ არის ზუსტად აღრიცხული, თუ რამდენი შშმ ადამიანია; მათ შორის რამდენი ქალია; სად არიან ისინი; რა საჭიროებები აქვთ და ა.შ. სოციალური პაკეტის მიმღებთა ბაზა აჩვენებს, რომ 18 წლის ზემოთ არის 44 ათასი შშმ ქალი, მაგრამ დეტალები მათზე ან ამ ბაზის მიღმა არსებულ ქალებზე არაა ცნობილი. გამოწვევას წარმოადგენს შშმ ქალების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესებშიც სხვადასხვა საჯარო უწყებებსა და საბჭოებშიც. ქვეყნის მასშტაბით სულ რამდენიმე ქალია ამ პროცესში ჩართული. მოკლედ, პრობლემა ძალიან კომპლექსურია:  სტატისტიკა, კომუნიკაცია, ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვა, განათლება – ყველა ამ საკითხში ჯერ კიდევ სერიოზული პრობლემებია, მიუხედავად გარკვეული წინსვლისა. 

 „ადაპტირების პრობლემა ჯერ კიდევ მწვავედ დგას ყველგან, თბილისიდან დაწყებული რეგიონებით დამთავრებული. ყველაზე მეტად გამაოგნებელი რაც არის, თვითმმართველობის შენობებიც არ არის ადაპტირებული, შშმ ადამიანებს ყველაზე მეტად მათთან უნდა მიუწვდებოდეს ხელი. აუცილებლად და სწრაფად მოსაგვარებელია ასევე ჯანდაცვის თემა. მართალია, 2017 წლიდან რაღაც პოზიტიური ცვლილება არის, მაგრამ ეს ძალიან ცოტაა და უფრო სწრაფი ტემპი გვჭირდება. თაობები მიდის, ადამიანებს ასაკი ემატებათ. მაგალითად, რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე რომ ჰქონოდათ ხელმისაწვდომობა, ბევრ ქალს შეეძლო დედა გამხდარიყო, ახლა კი ეს მათთვის  დაგვიანებულია“. – ამბობს თამარ მაჭარაშვილი.