ქალების ემიგრაციაში წასვლის მიზეზები ► ფემინსტრიმი

პუბლიკა

„ფემინსტრიმი“ წარმოგიდგენთ ვიდეობლოგების სერიას ქალთა შრომით უფლებებზე. პროექტს ქალთა ფონდი საქართველოში ფონდ „ღია საზოგადოების“ ფინანსური მხარდაჭერით ამზადებს.

ავტორი: მეკო ჩაჩავა

ემიგრაციაში წასვლის ისტორიები ხშირად განსხვავებულია, თუმცა მიზეზი ერთია – გამოუვალი ეკონომიკური მდგომარეობა, რომელიც ზოგჯერ  გამოწვეულია უმუშევრობითა და დაბალი ანაზღაურებით, ზოგჯერ  – უეცრად თავს დამტყდარი დიდი ხარჯით, ოჯახის წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების ანდა ბანკიდან აღებული სესხის გამო.

ემიგრაციაში წასვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღება, რა თქმა უნდა რთულია, განსაკუთრებით მაშინ, როცა პირველადი ხარჯების დასაფარად იღებ სესხს, არალეგალური გზებით გიწევს წასვლა, გაურკვეველია დასაქმების ადგილი, გაქვს ენის ბარიერი, ოჯახთან განშორების შიში თუ სხვა დაბრკოლება.

გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ემიგრანტი ქალები ხშირად საუბრობენ უკვე ემიგრაციაში მყოფი ნათესავებისა და ახლობლების მნიშვნელოვან როლზე, რომლებიც ერთის მხრივ გავლენას ახდენენ გადაწყვეტილების მიღების პროცესზე და ადგილსამყოფელი ქვეყნის არჩევაზე,  და ასევე მნიშვნელოვანია მათი დახმარება ემიგრაციაში ყოფნის საწყის ეტაპებზე. თუმცა, რა თქმა უნდა არის შემთხვევები, როდესაც ემიგრაციაში – როგორც თავად ქალები აღნიშნავენ – ბედის ანაბარად მიდიან.

ემიგრაციაში წასვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესს, ასევე ართულებს ის ფაქტიც, რომ ხშირ შემთხვევაში, ემიგრაციაში წასვლამდე ქალები არ მუშაობდნენ, მაგრამ რადგანაც გლობალური შრომითი ბაზარი ძირითადად ქალებისთვის ქმნიდა და ქმნის ამ ე.წ. „შესაძლებლობებს“, სწორედ ისინი გახდნენ იძულებულნი, დიასახლისობიდან ოჯახის მარჩენლები გამხდარიყვნენ.

მიუხედავად იმისა, რომ ქალებმა საკუთარი სურვილით მიიღეს გადაწყვეტილება ემიგრაციაში წასვლის შესახებ, ეს არ ყოფილა ცალსახად თავისუფალი არჩევანი, არამედ ეს იყო გამოუვალ მდგომარეობაში მიღებული გადაწყვეტილება – ოჯახის ეკონომიკური გადარჩენის ერთადერთი სტრატეგია:

 „სხვა გამოსავალი არ მქონდა, ჩემი შვილები აქ შიმშილით დაიხოცებოდნენ“.

„რომ არ წავსულიყავი, აქ ჩემს შვილებს საკუთარი სახლ-კარი არ ექნებოდათ.

„მე თვითონ ძალიან სიღარიბეში გავიზარდე და არ მინდოდა, რომ ჩემს შვილს იგივე გზა გაევლო“.

ეს არის ამონარიდები, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის კვლევის ფარგლებში ჩატარებული ინტერვიუებიდან. აქ ალბათ თქვენც მიაქციეთ ყურადღება – რომ ემიგრანტი ქალები, პირველ რიგში, საუბრობენ როგორც დედები და აღნიშნავენ, რომ მხოლოდ საკუთარი საჭიროებებისთვის ისინი ამ ნაბიჯს არ გადადგამდნენ.

როგორც პირველ ვლოგში აღვნიშნეთ, ემიგრაციაში წასვლით ქალებმა ბევრ მნიშვნელოვან დისკუსიას მისცეს ბიძგი – მათ შორის აღსანიშნავია ოჯახში გენდერული როლების გადანაწილება. გენდერული როლების ტრადიციული გადანაწილების მიხედვით ქალის ფუნქციად მიიჩნევა შვილების მოვლა და აღზრდა, საშინაო საქმეების კეთება, ხოლო კაცის – ოჯახის ეკონომიური უზრუნველყოფა. კვლევების მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად ოჯახის მარჩენალთა დაახლოებით 30% ქალია, მოსახლეობა ფიქრობს, რომ ეს არ არის იდეალური მდგომარეობა და თუ იქნება შესაძლებლობა, უმჯობესია ქალი არ მუშაობდეს ან ნაკლებად დატვირთული, „ქალისთვის შესაფერისი“ სამუშაო ჰქონდეს.

ემიგრაციაში წასვლით, ერთი შეხედვით ეს წრე გაირღვა – უკვე ქალების ძირითადი პასუხისმგებლობა გახდა ოჯახების ეკონომიკური უზრუნველყოფა და კაცები – კაცები დარჩნენ ოჯახებში, თუმცა, სამწუხაროდ საშინაო საქმეების შესრულება ნაკლებად შეითავსეს. ხშირ შემთხვევაში, საქართველოში დატოვებული შვილების ზრუნვის პასუხისმგებლობა – სხვა ქალებმა:  ბებიებმა, დეიდებმა და მამიდებმა გადაიბარეს. ან, ასაკის გათვალისწინებით, გოგო შვილები თავად ასრულებენ საშინაო საქმეებს.

რა თქმა უნდა, ემიგრანტებთან საუბრისას გამოიკვეთა შემთხვევები, როდესაც კაცებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი ბავშვებზე ზრუნვაში და საშინაო საქმეების შესრულებაში, თუმცა, აქ საინტერესოა ის, რომ ქალების მხრიდან ეს შეფასებული იყო, როგორც ცოლის „დახმარება“ და „გამართლება“.

„მე გამიმართლა, რომ ჩემი ქმარი ძალიან მეხმარებიდა და მედგა გვერდში, არ ფლანგავდა გამოგზავნილ ფულებს და ბავშვსაც ძალიან კარგად უვლიდა“

რატომ ვამახვილებთ ყურადღებას საშინაო შრომაზე?

საშინაო შრომის არათანაბარი გადანაწილება და მისი აუნაზღაურებლობა, ქალთა ეკონომიკური არააქტიურობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. იგი გავლენას ახდენს ქალების ანაზღაურებადი საქმიანობის ფორმაზე, ხანგრძლივობასა და შემოსავლის ოდენობაზე. შვილის გაჩენისა და ოჯახზე ზრუნვის გამო, ქალებს უფრო ხშირად უწევთ განათლების მიღებისა და კარიერის შეწყვეტა, ვიდრე მამაკაცებს. გარდა ამისა, დედის და ცოლის როლი, ჩვეულებრივ, ხელს უშლის ქალებს, შეასრულონ ზეგანაკვეთური სამუშაო, წავიდნენ მივლინებაში. საქართველოში გამოკითხული ქალების 49% უმუშევრობის მიზეზად საოჯახო საქმეს და სხვა პირად ვალდებულებებს ასახელებს. უმუშევარი ქალები მიუთითებენ, რომ საშინაო შრომაში კვირაში 47 საათი ეხარჯებათ. ეს მაჩვენებელი 42 საათით არის განსაზღვრული ანაზღაურებადი სამუშაოთი დასაქმებული ქალების მიერ. ამ ფონზე, კაცები საშინაო საქმეებს მხოლოდ 15 საათს უთმობენ.

საშინაო შრომა მოიცავს მზრუნველობით საქმიანობასაც, რაც, გარდა ფიზიკური დატვირთვისა, ემოციურ შრომასაც მოითხოვს. შესაბამისად, ზრუნვის შრომა სიყვარულის გამოხატულებად და ემოციურ მხარდაჭერად მიიჩნევა. ხოლო მისი შესრულება ექსკლუზიურად მიეწერება ქალს, როგორც დედას, რომელსაც ზრუნვის ბუნებრივი უნარი აქვს.

როგორც წინა ვლოგში ვისაუბრეთ, ქართველი ემიგრანტი ქალების ძირითადი ნაწილი სწორედ რომ ზრუნვის შრომაშია დასაქმებული. ემიგრაციაში წასვლამდე ამ სამუშაოს ისინი ოჯახის წევრების მიმართ ყოველდღიურად ასრულებდნენ, მაგრამ  ამ საქმეში ანაზღაურების მიღების შესაძლებლობა არასოდეს დაუნახავთ. ემიგრაციაში უცხო ოჯახისთვის იმავე საქმის შესრულებას კი, ეკონომიკური პერსპექტივების გათვალისწინებით, ემიგრანტი ქალები ტრადიციულ ანაზღაურებად სამუშაოდ აღიქვამენ. ეს მაგალითი, ეკონომიკური მხრიდან აჩვენებს, თუ რამდენად პროდუქტიულია საშინაო შრომა და რომ ქალის შინ შრომას ფულადი ღირებულება აქვს. ეს არის ერთ-ერთი არგუმენტი პროდუქტიულობის კაპიტალისტური დეფინიციის წინააღმდეგ, რომლის მიხედვითაც ქალები აწარმოებენ „სახმარი ღირებულების“ (use-value) და არა „საცვლელი ღირებულების“ (exchange-value) სამუშაოს.

რა თქმა უნდა, საშინაო შრომის ანაზღაურების მოთხოვნას პოლიტიკური და სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. ეს არ გულისხმობს უბრალოდ მეტ ფულს ქალებისთვის, არამედ – მეტ სოციალურ ძალაუფლებას. ემიგრაციაში წასვლა კი, ამ ძალაუფლების მოპოვებისკენ წინ გადადგმული ერთი ნაბიჯი იყო.

ემიგრაციაში შესრულებულ სამუშაოზე საუბრისას ქალები ხაზს უსვამენ როგორც ფიზიკურ, ასევე ემოციურ სირთულეებს. ფიზიკური სირთულეები განსხვავებულია იმის მიხედვით, თუ ვის როგორ გაუმართლებს – როგორი ოჯახი და მოხუცი შეხვდება. 24 საათიან შრომაში ჩაბმულები, კვირაში მხოლოდ ერთ დღეს ისვენებენ. ხშირ შემთხვევებში კი, დასვენების ეს ერთი დღეც – დამატებითი შემოსავალის მიღების მიზნით, სხვა ადგილას მუშაობით სრულდება.

ფიზიკურ შრომაზე მეტად, ემიგრანტი ქალები ყურადღებას ამახვილებენ ემოციურ სირთულეებზე, რაც სხვადასხვა მიზეზით არის გამოწვეული. ემიგრანტი ქალები აღნიშნავენ, რომ მათ არ აქვთ პირადი ცხოვრება და მთლიანად დამსაქმებლის ცხოვრებით ცხოვრობენ. ზრუნვის შრომის 24 საათიანი დატვირთვით შესრულება კი, ქალებისგან ძალიან დიდი ემოციურ რესურსს მოითხოვს – ამას ემატება სამუშაოს არალეგალური ხასიათი და შიში – მარტოობით და უუფლებობით გამოწვეული.

ემიგრანტი ქალების ემოციურ მდგომარეობაზე ასევე რთულად აისახება შვილებისა და ოჯახისგან შორს ყოფნა. შვილებთან განშორებით გამოწვეული ამ წუხილის გადასალახად დედები თავს იმით ინუგეშებდნენ, რომ მათი წასვლის მთავარი მიზეზი სწორედ დედობრივი პასუხისმგებლობები იყო. ემიგრაციაში ყოფნისას ქალები იძულებულნი გახდნენ, დედობისთვის მიენიჭებინათ ახალი მნიშვნელობა, რომელიც დისტანციურად შესრულებადი იქნებოდა. ამის გამოხატულებად კი ფულადი გზავნილები იქცა, რაც შვილებისთვის უკეთესი მომავლის შექმნის გარანტიას იძლეოდა.

ის რომ ემიგრანტ ქალებს ყველა ამ არგუმენტის მოშველიება უწევთ, საზოგადოებისგან წამოსული ზეწოლის შედეგია – გაბატონებული ნარატივი „მიტოვების“ შესახებ მუდმივი თავის მართლების რეჟიმში აცხოვრებს ქალებს – თითქოს მათ წასვლას გამართლება სჭირდება.

ეს ნარატივი საჯაროდაც ბევრჯერ მოგვისმენია – ყვითელი თოკშოუებიდან თუ საინფორმაციო გადაცემებიდან. ემიგრანტი ქალების და მათი ოჯახის წევრების პროტესტი გამოიწვია, 2015 წლის 18 ოქტომბრის ილია მეორის ქადაგებამ, რომელშიც მან ქალების უცხოეთში სამუშაოდ წასვლას „მანკიერი წესი“ უწოდა: “დღეს შემოვიდა საქართველოში მანკიერი წესი, დედები ტოვებენ თავის ოჯახებს, მიდიან უცხოეთში და ქმარ-შვილი უპატრონოდ რჩება სახლში. ზოგიერთი ფიქრობს, რომ არ არის სამსახური – ეს არ არის სწორი… მე მინდა მოგმართოთ ყველას…დაბრუნდით სახლში, სახლში უკეთესია. დაბრუნდით და იშრომეთ… „

სამწუხაროდ, საზოგადოებაში კვლავ ძლიერია ორმაგი მორალი. ის, რაც ეპატიება კაცს, არ ეპატიება ქალს, ქალის ქცევა კონტროლდება კაცის, და ზოგადად მთელი საზოგადოების მხრიდან მეტად, ვიდრე – კაცის.

საზოგადოება უწყვეტად განიხილავს და აკონტროლებს ემიგრაციაში წასული და ასევე დაბრუნებული ქალის ქცევას. ყურადღებას ამახვილებს ქალის ბრალეულობაზე, მის დანაშაულზე, რომ წავიდა და ქმარ-შვილი დატოვა, მაშინ როცა საქართველოში დატოვებული- „მიტოვებული“ კაცის ქცევა – როგორიცაა მაგალითად ღალატი, უსაქმურობა და გზავნილების „ფლანგვა“ (როგორც ამას ემიგრანტი ქალები ამბობენ) ხშირად დასაშვებად მიიჩნევა.

ასევე უნდა ვთქვათ, რომ ემიგრაციაში წასვლამდე მიმღებ ქვეყანაში დაფუძნების მოლოდინი ემიგრანტ ქალებს ნაკლებად ჰქონდათ და ოჯახთან განშორებას უყურებდნენ, როგორც დროებითს – მათივე სიტყვებით რომ ვთქვათ – “პრობლემებს მოვაგვარებ, ცოტა თანხას დავაგროვებ, ოჯახს წელში გავმართავ და დავბრუნდები”.

თუმცა, სამწუხაროდ, სახელმწიფო და ემიგრანტი ქალების ოჯახები, სრულად დამოკიდებულები ხდებიან ფულად გზავნილებზე. წლებთან ერთად კი ეს ოჯახები იზრდება და მათი საჭიროებებიც მატულობს. ამიტომ ემიგრაციაში ყოფნის პერიოდიც ასე, უსასრულოდ გრძელდება.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ზემოთ აღნიშნული საჯარო მოწოდებები ქვეყანაში დაბრუნების შესახებ, ხშირად გაუგებარია – რა თქმა უნდა ქალებს სურთ დაბრუნება, შვილებთან და ოჯახებთან ერთად ყოფნა, მაგრამ რა იქნება მათი დაბრუნების შემდეგ?

მომდევნო ვლოგებში, დაბრუნებული ემიგრანტი ქალების მაგალითზე, შევეცდებით უფრო დეტალურად ვისაუბროთ ამ საკითხზე – თუ როგორ იღებენ ემიგრანტი ქალები დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილებას და რა რეალობა ხვდებათ, როგორც ოჯახში ასევე, დასაქმების ბაზარზე.

მანამდე კი, ეს ვლოგი მინდა დავასრულო სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოთი, სადაც ქართველი ემიგრანტი ქალი ერთგვარად სიმღერით აჯამებს ყველა ზემოთ განხილულ საკითხს და სრულად გადმოცემს ემიგრანტი ქალების ემიგრაციაში ყოფნის მიზნებსა და ამოცანებს.