ქალების სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა: ბაზისური საჭიროება თუ ფუფუნების საგანი? ► ფემინსტრიმი

პუბლიკა

ესმა იმერლიშვილისა და ელენე ქაიხოსროშვილის პოდკასტი:

პანდემიის დროს რესურსების დაზოგვის მიზნით, გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით პრიორიტეტები შეიცვალა და სუბიექტური, თუ ობიექტური მიზეზების გამო (მე ვიტყოდი, ორივე მიზეზით), სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულმა წარმოებებმა და სერვისებმა ნაკლებად მნიშვნელოვან სფეროებში გადაინაცვლა. ერთი შეხედვით, ეს ყველაფერი, თითქოს ლოგიკურია,  რა დროს არაგადაუდებელ მდგომარეობებზე ზრუნვაა, როდესაც ჯანდაცვის სფეროში ადამიანური რესურსი იქნება, თუ ინფრასტრუქტურული, გადაუდებელი სიტუაციების სამართავად არ არის საკმარისი. თუმცა, აქ ერთი მნიშვნელოვანი რამ გვავიწყდება და ჩვენი წუხილიც, სწორედ, ამ ნაწილს ეხება: არ უნდა უგულებელვყოთ, რომ ზოგჯერ, თუნდაც არაგადაუდებელი სერვისით სარგებლობის დროში გადავადებამ, არანაკლები ზიანი შეიძლება მოუტანოს ადამიანის, როგორც ფიზიკურ, ასევე, მენტალურ ჯანმრთელობას.

ის, რაზეც ახლა ვსაუბრობთ, არც ახალია და არც მხოლოდ ჩვენი ქვეყნის გამოცდილებას აღწერს. ასეთი მიდგომა წინა პანდემიების დროსაც არსებობდა. ჯანდაცვის სექტორში პრიორიტეტების დალაგება ჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო უწყებების მიერ გამოცდილი და მოწოდებული მეთოდია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების თანახმად,[1] მთავრობებმა, ქვეყნის კონტექსტის გათვალისწინებით უნდა უზრუნველჰყონ აუცილებელი (ე.წ. ესენციური) სამედიცინო სერვისების განსაზღვრა და პანდემიის მართვის პარალელურად, აღნიშნული სერვისების უწყვეტად განხორციელება. ამასთან ერთად, ჯანმო გამოყოფს ჯანმრთელობის დაცვის პრიორიტეტულ კატეგორიებს, რომლებიც მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, გათვალისწინებული იყოს ესენციური ჯანდაცვის სერვისების იდენტიფიცირების დროს. ამ პრიორიტეტულ კატეგორიებს შორის არის რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისებიც.

როდესაც სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლების შეზღუდვებზე ვსაუბრობთ, უნდა გვახსოვდეს, რომ ვგულისხმობთ შეზღუდვებს კონტრაცეფციაზე, დედათა ჯანმრთელობის სერვისებზე (ორსულობა, მშობიარობა), მენსტრუალური ჰიგიენის პროდუქტებზე, აბორტზე, აივ/შიდსის და სექსუალური გზით გადამდები ინფექციების სამკურნალო და დიაგნოსტიკურ, ასევე სხვა არაერთი სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანი სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისზე.

უფრო ნათელი რომ გახდეს ის, თუ რაზე ვსაუბრობთ, უნდა აღვნიშნოთ, რომ პანდემიის დროს რესურსების ნაკლებობით და გადაადგილების შეზღუდვით გამოწვეულმა მდგომარეობამ, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის მიმართულებით შემდეგი პრობლემები წარმოშვა: მსოფლიო მასშტაბით, შემცირდა კონტრაცეპტივების წარმოება და მათი დისტრიბუცია; გართულდა დედათა ჯანმრთელობის და სხვა სასიცოცხლო მნიშვნელობის მედიკამენტების (აივ/შიდსი) სხვადასხვა ქვეყანაში იმპორტი და ქვეყნის შიგნით მათი განაწილება. გადაადგილების შეზღუდვებთან ერთად, ჯანდაცვის სექტორში ადამიანური რესურსის, თუ პერსონალური დაცვის საშუალებების (მაგალითად, როგორიცაა პირბადეები, სპეციალური ტანსაცმელი) ნაკლებობამ გაართულა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის ისეთ სერვისებზე წვდომა, რომელთა დიდხანს გადავადება არსებული კანონმდებლობისა და თავად ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ფიზიკურად შეუძლებელია. მაგალითად, დედათა ჯანრმთელობის სერვისები და აბორტი.

სულ რაღაც ცოტა ხნის წინ, ივნისში, გაეროს მოსახლეობის ფონდმა ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ პანდემიის პირობებში, დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე 114 ქვეყანაში მცხოვრებ 47 მილიონ ქალს არ აქვს წვდომა კონტრაცეფციის თანამედროვე საშუალებებზე. ანგარიშში, ასევე ხაზგასმულია, რომ შეზღუდვების კიდევ 6 თვით გახანგრძლივების შემთხვევაში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, დაუგეგმავი ორსულობების რიცხვი, დაახლოებით 7 მილიონით გაიზრდება.[2]

ბუნებრივია, ზემოთ მოყვანილ ანგარიშში ნახსენებ გათვლებს გარკვეული საფუძვლები აქვს. პროცესები, რომლებზეც ვსაუბრობთ, უკვე დიდი ხანია დაიწყო და ახლაც მიმდინარეობს. მაგალითისთვის, მსოფლიოში პრეზერვატივების ერთ-ერთი უდიდესი კომპანია – „მალაიზიური კარექსი” იძულებული გახდა მარტში ერთი კვირის განმავლობაში მთლიანად დაეკეტა საწარმო და გახსნის შემდეგ, დაწესებული შეზღუდვების გამო, მხოლოდ 50%-იანი დატვირთვით განაგრძო მუშაობა. გარდა ამისა, პანდემიის დროს, წარმოებული პროდუქციის რაოდენობა საგრძნობლად შეამცირა ე.წ. „სპირალის” მწარმოებელმა უდიდესმა ინდურმა კომპანიამაც. ამავე მიზეზებით შეიზღუდა ჰორმონალური კონტრაცეპტივების ძირითადი შემადგენელი კომპონენტების ექსპორტიც. გარდა წარმოებების შეზღუდვისა, მიმდინარე პანდემიის დროს, კონტრაცეპციებზე წვდომის ერთ-ერთ ბარიერად, გაზრდილი ფასებიც დასახელდა.[3]

სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობის უფლებებზე მომუშავე ერთ-ერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ („   Plan International”), მიმდინარე წლის მაისში, 24 ქვეყანაში ჩაატარა კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ მიმდინარე პანდემიის დროს, სავაჭრო ობიექტებში მათი სიმცირის გამო, შეიზღუდა მენსტრუალურ პროდუქტებზე წვდომა. გარდა ამისა, გაიზარდა მათი ფასი და შემცირდა მენსტრუაციის დროს ჰიგიენის წესების ადეკვატურად დაცვის შესაძლებლობა.[4]

საინტერესოა, რომ საქართველოში, ამ პრობლემის არსებობას პირად საუბრებში, რამდენიმე ადამიანმა უკვე გაუსვა ხაზი და მათი თქმით, დიდი ქალაქიდან მოშორებით მდებარე სოფლებში, კარანტინის დროს, გართულდა მენსტრუციის ჰიგიენურ პროდუქტებზე წვდომა. რა თქმა უნდა, რამდენიმე ადამიანის პირად საუბრებში დაფიქსირებული მოსაზრება, მისი განზოგადების საფუძველი არ შეიძლება იყოს, თუმცა კვლევის ჩატარების გარეშე, მსგავსი ტენდენციების გამოკვეთა, ვფიქრობ ყურადსაღებია, განსაკუთრებით საზოგადოებაში ამ საკითხის ირგვლივ არსებული ტაბუს პირობებში, როდესაც სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე საუბარი ისედაც გართულებულია.

როდესაც შეზღუდვების პირობებში აბორტის მისაწვდომობაზე ვსაუბრობთ, უნდა ვისაუბროთ არა მხოლოდ თავად სერვისის მისაწვდომობის კუთხით დამატებით გაჩენილ ბარიერებზე, არამედ, იმ გარემოებებზეც, რის გამოც აბორტის სერვისმა, სწორედ პანდემიის დროს, შეიძლება განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინოს.

მაგალითად, ებოლას პანდემიის გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ დასავლეთ აფრიკის რამდენიმე ქვეყანაში გაიზარდა მოზარდთა ორსულობის შემთხვევები. ამ მატებას, მკვლევარები, სკოლიდან მოსწავლეების დათხოვას და გოგოებისადმი სექსუალური ძალადობის რისკის მატებას უკავშირებენ.[5] აქვე, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ოჯახში ქალთა მიმართ ძალადობის მატება გულისხმობს სექსუალური ძალადობის შემთხვევებსაც, რაც ასევე ზრდის არასასურველი ორსულობების რისკს.

გარდა ძალადობის შედეგად დამდგარი არასასურველი ორსულობებისა, უნდა განვხილოთ პანდემიის სხვა გავლენები საზოგადოებაზე. მაგალითად, პანდემიის პირობებში, არაერთი მიზეზის გამო ბევრ ქალს/ოჯახს შეექმნა ფინანსური პრობლემები. აღნიშნული ფაქტორი, როგორც წესი, გავლენას ახდენს ადამიანების რეპროდუქციულ გადაწყვეტილებებზე და შესაძლოა, ქალებს შვილის გაჩენასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება შეაცვლევინოს. სწორედ ამ ლოგიკით, სავარაუდოა, რომ პანდემიის პირობებში, აბორტზე მოთხოვნა მოიმატებდა.[6]

აღწერილი გარემოებების მიუხედავად, პანდემიის პირობებში, არაერთი ფაქტორის გამო, ქალების აბორტის სერვისზე მისაწვდომობა კიდევ უფრო მეტად შეიზღუდა. მაგალითად, ბევრ ქვეყანაში, აბორტი მხოლოდ ცალკეულ ქალაქებშია მისაწვდომი და აღნიშნული სერვისის მისაღებად ქალებს ქალაქებს შორის გადაადგილება უწევდათ, რაც შეუძლებელი იყო განსაკუთრებით, მოწყვლადი ჯგუფებისთვის, რომელთაც, ნაკლებად მიუწვდებათ ფინანსებზე ხელი საჯარო ტრანსპორტის არარსებობის პირობებში. გარდა ამისა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჯერ კიდევ, ბევრ ქვეყანაში (მაგალითად, პოლონეთში) აბორტის სერვისი უმეტეს შემთხვევაში არალეგალურია, რაც იწვევს იმას, რომ სერვისით სარგებლობისთვის, ქალები ქვეყნის საზღვრებს კვეთენ. პანდემიის პირობებში ჩაიკეტა თითქმის ყველა ქვეყანა, სადაც ქალებს აღნიშნული სერვისით სარგებლობა შეეძლოთ.[7]

გარდა გადაადგლებასთან დაკავშირებული სირთულეებისა, პრობლემები შეიქმნა სამედიცინო დაწესებულებებში თავად სერვისის გაცემის კუთხითაც. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში, კონკრეტულად, ტეხასის შტატში, აბორტი საერთოდ აიკრძალა იმ არგუმენტით, რომ “არაესენციურ” სამედიცინო სერვისებზე არ „მოცდენილიყო” და არ „გაფლანგულიყო”სამედიცინო პერსონალური დაცვის საშუალებები.[8]

ამერიკის შეერთებული შტატები არ არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც პანდემიის პირობებში, აბორტის სერვისზე იდეოლოგიური შეტევა განხორციელდა. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა საქართველოში დაფიქსირებული, როცა მართლმადიდებლური ეკლესიის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, თავად პანდემიაზე მორალური პასუხისმგებლობა ქალებს დააკისრა, რომლებიც აბორტს იკეთებენ.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ამ კუთხით არსებული ვითარება მნიშვნელოვანია მათ შორის, ჩვენი ქვეყბისთვისაც, რადგან აღნიშნული ქვეყანა წარმოადგენს პანდემიაზე გაეროს ჰუმანიტარული რეაგირების გეგმის ერთ-ერთ უმსხვილეს დამფინანსებელს. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკვე გააგზავნა წერილი გაეროში, რომლითაც ის ითხოვს, რომ გეგმიდან საერთოდ იქნას ამოღებული “სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა”, რადგან არ მოხდეს აბორტზე მისაწვდომობის გაზრდა და მისი ესენციურ სამედიცინო სერვისად მონიშვნა.[9]

ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ უკვე მოუწოდა ქვეყნებს, რომ სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისები ესენციური სამედიცინო სერვისების ნუსხაში შეიყვანონ.[10] იდეოლოგიური თავდასხმების დროს, სამწუხაროდ, ხშირად ავიწყდებათ ხოლმე, რომ არალეგალური და შესაბამისად, არაუსაფრთხო აბორტების შედეგად, წელიწადში, მსოფლიოში, დაახლოებით 22 000 ქალი კვდება.[11]

პანდემიის პირობებში ვერ შემცირდება არასასურველი ორსულობების რაოდენობა და შესაბამისად, ნაკლებად მნიშვნელოვანი ვერ გახდება აბორტზე წვდომა. ამიტომ, მსოფლიოს მრავალ წერტილში, უკვე აქტიურად ინერგება ე.წ. ტელემედიცინა, რომლის ფარგლებშიც, მედიკამენტოზური აბორტის დისტანციური წესით მართვაც მოიაზრება.

ისტორიულად, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები ყველა პანდემიის პირობებში ექცეოდა დარტყმის ქვეშ. კვლევების თანახმად, ებოლას კრიზისის დროს, დასავლეთ აფრიკის ქვეყნებში დედათა სიკვდილიანობის კუთხით არსებული პროგრესი 15 ან 20 წლით შეფერხდა.[12] ებოლას პანდემიის პერიოდში, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისების მიუწვდომლობამ, ათასობით დედისა და ჩვილის (ნეონატალური) სიკვდილი გამოიწვია,[13] რაც მიანიშნებს, რომ პანდემიების დროს, ქალებისა და გოგოების ჯანმრთელობისთვის, მთავარი საფრთხე, ზოგ გარემოში არა თავად ვირუსი, არამედ, ამ ვირუსით გამოწვეული მეორადი შედეგებია.

აღნიშნული გამოცდილებები გაკვეთილად უნდა იქცეს თანამედროვე მსოფლიოსთვის და გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა, უნდა გაითვალისწინონ ის რესურსების გადანაწილების დროს.

და ბოლოს, როდესაც, სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობის სფეროში პანდემიის უარყოფით გავლენებზე ვსაუბრობთ, უნდა გვახსოვდეს, რომ,  არსებობენ სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენელი ქალები, რომელთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისებსა და პროდუქტებზე წვდომა, პანდემიის გარეშეც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან და გადაუდებელ საჭიროებას წარმოადგენს და, რომელზე წვდომაც, ისედაც გართულებულია. ეს ჯგუფები არიან: გენდერული ნიშნით და სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალები და გოგოები, ქალები და გოგოები, რომლებიც არიან ინტერსექციული ჩაგვრის მსხვერპლნი და განიცდიან დისკრიმინაციის მრავლობით ფორმას, მაგალითად, მოზარდი გოგოები; ქალები და გოგოები, რომლებიც ცხოვრობენ სიღარიბეში, სოფლად მცხოვრები ქალები, მიგრანტები, ბოშა ქალები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები, ლბტქი თემის წარმომადგენელი ადამიანები და სექს-მუშაკები. სერვისები, რომელსაც ეს ადამიანები საჭიროებენ შეიძლება იყოს ოჯახის დაგეგმვის, კონტრაცეფციის, აივ/შიდსის, უსაფრთხო აბორტის, დედათა ჯანმრთელობის სერვისები და სხვა. აღსანიშნავია, რომ აღნიშულ სერვისებზე წვდომის ბარიერები, ჩვეულებრივ, პანდემიამდელ პერიოდებშიც ადამიანთა ამ ჯგუფში ავადობისა და სიკვდილობის პროცენტულ მაჩვენებელს მნიშვნელოვნად ზრდის, რაც შეზღუდვის პირობებში კატატროფულ მაჩვენებლამდე შეიძლება ავიდეს. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია პოლიტიკის შექმნის პროცესში საჭიროებების მაქსიმალური სიზუსტით განსაზღვრა და პრობლემის გადაჭრის გზების ძიების პროცესში, თითოეული მოწყვლადი თუ რისკ-ჯგუფების აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფა.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მოცემულ მომენტში, სამწუხაროდ, მსოფლიოს მასშტაბით, გადაწყვეტილებების მიმღებ პოზიციაზე მყოფ პირთა უდიდეს უმრავლესობას კაცები წარმოადგენენ, რის ერთ-ერთ შედეგადაც, შეგვიძლია პანდემიის პირობებში, ქალების სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საჭიროებების უგულებელყოფა მოვიაზროთ.


[1]https://apps.who.int/iris/bitstream/handle/10665/331561/WHO-2019-nCoV-essential_health_services-2020.1-eng.pdf?sequence=1&isAllowed=y
[2] https://www.unfpa.org/sites/default/files/resource-pdf/UNFPA_Global_Response_Plan_Revised_June_2020_.pdf
[3]https://www.coe.int/en/web/commissioner/-/covid-19-ensure-women-s-access-to-sexual-and-reproductive-health-and-rights
[4] https://plan-international.org/publications/periods-in-a-pandemic
[5] ინფორმაცია მისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://plan-international.org/news/2014-11-17-teenage-pregnancy-rates-rise-ebola-stricken-west-africa წყარო ბოლოს ნანახია: 15.07.2020.
[6] ინფორმაცია მისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://www.amnesty.org/en/latest/news/2020/04/abortion-contraception-essential/ წყარო ბოლოს ნანახია: 15.07.2020.
[7] ინფორმაცია მისავდომია შემდეგ ბმულზე: https://www.nytimes.com/2020/06/14/world/europe/coronavirus-abortion-obstacles.html წყარო ბოლოს ნანახია: 15.07.2020.
[8] ინფორმაცია მისაწვდომია: http://bostonreview.net/science-nature-politics-law-justice/daniel-grossman-abortions-dont-drain-hospital-resources წყარო ბოლოს ნანახია: 15.07.2020.
[9] ინფორმაცია მისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://www.usaid.gov/news-information/press-releases/may-18-2020-acting-administrator-john-barsa-un-secretary-general-antonio-guterres წყარო ბოლოს ნანახია: 15.07.2020.
[10] ინფორმაცია მისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://www.who.int/reproductivehealth/publications/emergencies/COVID-19-SRH/en/ წყარო ბოლოს ნანახია: 15.07.2020.
[11] ინფორმაცია მისაწვდომია: https://www.amnesty.org/en/latest/news/2020/04/abortion-contraception-essential/ წყარო ბოლოს ნანახია: 15.07.2020.
[12]იქვე.
[13] ინფორმაცია მისაწვდომია: https://www.msf.org/women-and-girls-face-greater-dangers-during-covid-19-pandemic წყარო ბოლოს ნანახია: 15.07.2020.