„ასეთი მძიმე ფაქტი არ მახსენდება, ცოცხლადდამწვარის ისტორია დავარქვი ამ საქმეს, რადგან სევას სხეულს ვინც ნახავს, მიხვდება, რა გადაიტანა მან და სასწაულებრივად როგორ გადარჩა“, – ეუბნება „პუბლიკას“ იურისტი ელისო რუხაძე.
რამდენიმე დღის წინ თბილისის საქალაქო სასამართლოში 24 წლის სევა შამოიანის საქმეზე არსებითი განხილვის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელზეც დაზარალებული პირველად დაიკითხა.
2020 წლის 20 ივნისს ბრალდებულმა, შალვა გოგოლაძემ ყოფილი პარტნიორის სახლთან, ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე იყიდა საწვავი, ამის მერე შეხვდა მას, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ბენზინი მიასხა და ცეცხლი წაუკიდა. თავად კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. – სწორედ ასე აღწერს პროკურატურა სევა შამოიანის დაწვის მცდელობის ფაქტს.
ბრალდებული იმავე დღესვე დააკავეს. მას აღკვეთის სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული, საქალაქო სასამართლოში კი საქმის განხილვა მიმდინარეობს, რომელიც მარტის ბოლომდე უნდა დასრულდეს.
შალვა გოგოლაძეს ბრალი აქვს წაყენებული განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის, რასაც საფუძვლად უდევს დამამძიმებელი გარემოება – გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია. პროკურატურა ამბობს, რომ მან ეს დანაშაული სწორედ ამ მოტივით ჩაიდინა.
დაზარალებულ სევა შამოიანს სხეულის მძიმე დამწვრობა აქვს. ის კვლავ რეაბილიტაციის კურსს გადის და საზღვარგარეთ მკურნალობა ესაჭიროება.
24 წლის სევას ინტერესებს კავშირი „საფარი“ იცავს. იურისტი ელისო რუხაძე „პუბლიკას“ მიმდინარე სასამართლო პროცესსა და ბოლო სხდომის შესახებ ესაუბრა, რომელზეც დაზარალებულიც დაიკითხა.
იურისტი ამბობს, რომ დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, პროკურატურა თავს იკავებდა სასამართლოზე მისი გამოძახებისგან, თუმცა ბოლო პროცესზე, მძიმე ფიზიკური დატვირთვის მიუხედავად, მან შეძლო ჩვენების მიცემა.
ელისო რუხაძე ამბობს, რომ სასამართლო პროცესი ისეთივე იყო, როგორსაც ელოდა – ბრალდებულის დაცვის მხარე დაზარალებულს უსვამდა ისეთ შეკითხვებს, რომლის მიზანიც შეურაცხყოფა და დისკრედიტაცია იყო.
„სევას ძალიან უჭირდა მომხდარზე საუბარი. როცა ის ძალადობის ფაქტებს ჰყვებოდა, იყო ძალიან ცუდი, შეურაცხმყოფელი რეპლიკები ბრალდებულის მხრიდან. რა თქმა უნდა, ამას მოსამართლის შენიშვნა მოჰყვა, გააპროტესტა პროკურორმაც და მეც, როგორც დაზარალებულის ადვოკატმა.
თუმცა ყველაზე ცუდი და მიუღებელი ამ პროცესში ჩემთვის, როგორც იურისტისთვის და, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, სევასთვის, იყო შეკითხვები, მისი პირადი ცხოვრების მისამართით. არ ვიცი, რას აძლევს ჩემს კოლეგებს ეს და რაში შეიძლება გამოადგეთ ის ამაზრზენი შეკითხვები, გარდა იმისა, რომ მოხდა დაზარალებულის შეურაცხყოფა და დისკრედიტაცია.
საუბარია სევას ქორწინების საკითხზე. ის არარეგისტრირებულ ქორწინებაში იყო ბრალდებულთან. შეკითხვები იყო იმაზეც, რამდენჯერ ჰქონდა სქესობრივი კავშირი, გაუკეთებია თუ არა აბორტი და ა.შ. ძალიან პირადული და პერსონალური კითხვები, რომელიც ამ კონკრეტულ საქმესთან არ იყო კავშირში“, – გვეუბნება იურისტი.
ელისო რუხაძე ამბობს, რომ მიუხედავად ასეთი გარემოსი, დაზარალებულმა ღირსეულად უპასუხა ყველა შეკითხვას და 4-საათიანი დაკითხვის დროს დეტალურად ისაუბრა მის მიმართ ჩადენილ დანაშაულზე.
„მან თქვა სიმართლე, რასაც ამბობდა გამოძიების დროს და იგივე დაადასტურა მოსამართლის წინაშე. საერთო ჯამში, დაკითხვა იყო ინფორმაციული. სასამართლოს არ უნდა გაუჭირდეს ამ საქმეზე განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით განაჩენის დადგენა“, – ამბობს ელისო რუხაძე.
როგორც თავად დაზარალებული სევა შამოიანი „პუბლიკასთან“ ამბობს, მისთვის რთული იყო პროცესზე მისვლა და ბრალდებულის ხმის გაგონება.
„ძალიან ვნერვიულობდი პროცესზე. მოძალადემ ჩემი ხმა რომ გაიგო სიცილი დაიწყო. რთული იყო. განვიცდიდი. ამიტომ ვყვებოდი პაუზებით, ამაზე კი მისი ხმა მესმოდა – მიდი, მიდი, გააგრძელე. როცა გავიგე ამ ადამიანის ხმა, დავრწმუნდი, რომ ერთი წუთითაც არ ნანობს არაფერს. ჩემი სურვილია, უმკაცრესად დაისაჯოს“, – ამბობს ის.
გარდა დაზარალებულისა, ბოლო სასამართლო სხდომაზე ასევე დაკითხეს სახანძრო ექსპერტი და ბენზინგასამართი სადგურის თანამშრომელი, რომლისგანაც იყიდა ბრალდებულმა საწვავი.
„ბენზინგასამართის თანამშრომელს ბრალდებულმა უთხრა, მიეცა მისთვის ისეთი საწვავი, რომელიც იქნებოდა ყველაზე აალებადი და ყველაზე კარგად წაეკიდებოდა ადამიანს. ეს დაადასტურა მან. რა თქმა უნდა, ვერავინ აღიქვამდა ამას სერიოზულად, თავად სევაც ამბობდა ჩვენებაში, რომ ვერ წარმომედგინა თუ საყვარელი ადამიანი გამიმეტებდა და ბოლო წუთამდე არ მჯეროდა, რომ ცოცხლად დამწვავდაო. მართლაც წარმოუდგენელია ამის გაფიქრებაც კი“, – ამბობს ელისო რუხაძე „პუბლიკასთან“.
მომდევნო სასამართლო სხდომაზე, რომელიც თაბერვალშია ჩანიშნული, კვლავ მოწმეების დაკითხვა გაგრძელდება. როგორც ელისო რუხაძე ამბობს, უნდა დაიკითხოს დაზარალებულის დედა, და და მეგობრები. ასევე, ბრალდების დაცვის მხრიდან დასახელებული მოწმეები.
სევა შამოიანის და უშუალოდ შეესწრო შემთხვევას და თვითმხილველია. ამის შესახებ „პუბლიკასთან“ დაზარალებული ჰყვება. მისივე თქმით, მოწმეები არიან მისი მეგობრებიც, რომლებსაც წინა ღამით სწერდა, თუ როგორ ემუქრებოდა ბრალდებული.
საქმეზე ბრალდებულ შალვა გოგოლაძეს ბრალი წაყენებული აქვს ძალადობისა და განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დამამძიმებელ გარემოებაში. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.