ჰომოფობიური და ქსენოფობიური განწყობებით ცნობილი, ულტრანაციონალისტური გაერთიანება „ქართული მარში“ პარტიის შექმნას აანონსებს. ამის შესახებ ცნობილი რამდენიმე დღის წინ გახდა.
გაერთიანების ლიდერი, სანდრო ბრეგაძე ამბობს, რომ ივნისში „ქართული მარში“ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოძრაობად გადაკეთდება. მან „პუბლიკასთან“ საუბრისას სხვა „ეროვნულ-კონსერვატორიულ“ ძალებთან გაერთიანების შესაძლებლობაც არ გამორიცხა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ 2018 წელს ჩატარებული კვლევა „ქართული ნეონაციზმის ანატომია“ იმ ჯგუფებისა და ადამიანების იდენტიფიცირებას ისახავდა მიზნად, რომლებიც ბოლო პერიოდში ლიბერალური შეხედულებების მქონე ჯგუფების მიმართ ძალადობითა და აგრესიით გამოირჩევიან.
ამ კვლევის მიხედვით, სანდრო ბრეგაძე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, 2014 წლიდან 2016 წლამდე დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე იყო. მანამდე კი ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილის პოზიცია ეკავა. 2004 წლამდე კი ასლან აბაშიძის პარტიის, „საქართველოს დემოკრატიული აღორძინების” წევრი იყო და პარლამენტში მისი საარჩევნო ბლოკის სახელით მოხვდა. 2017 წლიდან კი არაფორმალური გაერთიანება „ქართული მარშის“ ერთ-ერთი ლიდერია. გაერთიანების პირველი გამოჩენა არალეგალი მიგრანტების საქართველიდან განდევნის მოთხოვნას ეხებოდა. ისინი პერიოდულად სხვადასხვა კონსრევატიულ ძალებთან ერთად ჩნდებოდნენ და ჰომოფობიური, ქსენოფობიური, ანტიდასავლური რიტორიკით გამოირჩეოდნენ.
„ქართული მარშის “ წევრები 2018 წლის მაისის, ე.წ. კონტრაქტიაზეც გამოჩნდნენ. 12–13 მაისს თბილისში პარლამენტის შენობის წინ გამართულ აქციაზე „ჩვენი თავისუფლებისთვის“ გამოსული ათასობით მოქალაქე ღამის კლუბებში სპეცრაზმის შეჭრას, პოლიციის ძალადობრივ დამოკიდებულებასა და არაჰუმანურ ნარკოპოლიტიკას აპროტესტებდა. სწორედ ამ აქციის მეორე მხარეს შეიკრიბნენ პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ნაციონალისტური ჯგუფები, კონტრაქციის მონაწილეები. ისინი ძალადობრივი შეძახილებით გამოირჩეოდნენ. მდგომარეობა დაიძაბა და პოლიციის კორდონი კონტრაქციის მონაწილეების შეკავებას ცდილობდა. საბოლოოდ, შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია აქციაზე მივიდა, ბოდიში მოიხადა და ორივე მხარეს დაშლისკენ მოუწოდა.
ამის შემდეგ „ქართული მარშის“ სახელი ესტონეთის დაზვერვის ანგარიშში გამოჩნდა. 20 თებერვალს ესტონეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში რუსეთის, ე.წ რბილი ძალის გავლენებზეც არის საუბარი. ანგარიშში ნათქვამია, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ რუსეთმა საქართველოში ანტიდასავლური პროპაგანდის ინსტრუმენტები განსაკუთრებული ინტენსივობით აამოქმედა.
მაგალითებად ანგარიშში მოხსენებულია „პრიმაკოვის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრი“, რომლის დირექტორადაც დიმიტრი ლორთქიფანიძე დაინიშნა. რუსეთის პროპაგანდისტული იარაღის მაგალითად ანგარიშში „ქართული მარშიც“ არის ნახსენები: „ქართული მარშის“ ლიდერებს შორის არის რამდენიმე, რომელსაც კავშირი აქვს რუსეთსა და რუსულ გავლენებთან“, – წერია ანგარიშში.
დაფინანსების წყაროები და კავშირი ხელისუფლებასთან
გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება „აი, ფაქტი“ უკვე დიდი ხანია მუშაობს და იკვლევს, ე.წ. რუსული ლბილის ძალის გავლენას საქართველოში. „აი, ფაქტის“ დამფუძნებელი ნინო ბაქრაძე „პუბლიკასთან“ ამბობს, რომ „მარშის“ დაფინანსების წყაროები უცნობია, თუმცა, თუ პარტიას შექმნიან, პარტიების დაფინანსება გამჭვირვალეა და გამოჩნდება, ვინ შესწირავს თანხას, რა რესურსით შექმნიან პარტიას.
„ახლა ფული ბოლომდე არ ჩანს, მაგრამ ალბათ გამოჩნდება, თუ ამ ნაბიჯს გადადგამენ. მერე უკეთ ვნახავთ, ვისგან შემოდის ეს თანხა. თვითონ სანდრო ბრეგაძე მუდმივად ამბობს, რომ მეგობრები აფინანსებენ. მას რეესტრში არაფერი აქვს, შემოსავლების სამსახური, ცხადია, არაფერს გვეუბნება, მაგრამ მაგალითად, ძალიან მარტივი კითხვაა – რით იხდიან რუსთაველის გამზირზე ძალიან დიდი ფართის ოფისის ქირას, ან რამდენს იხდიან, ვინ აფინანსებს მათ საქმიანობას. რუსული კავშირები ასე პირდაპირ არსად ჩანს, თუმცა, საინტერესოა ესტონეთის დაზვერვა რა მონაცემებს ეყრდნობა, როდესაც ამბობს, რომ რუსული კავშირებია. ზოგადად, გასაგებია და ყველა ვხვდებით ლოგიკურად, რომ მათი განცხადებები სხვა არაფრით არის განპირობებული, გარდა რუსული ინტერესებისა, თუმცა პიროვნული კავშირები ნაკლებად ჩანს. რუსული კავშირები უფრო კონსტანტინე მორგოშიას მხარესაა, თუმცა მან მარში დატოვა და თავისი ორგანიზაცია შექმნა“, – ამბობს ნინო ბაქრაძე.
კონსტანტინე მორგოშია „მარშიდან“ წამოსვლის შემდეგ ბიზნესმენ ლევან ვასაძესთან ერთად „ალტერნატივა საქართველოსთვის“-ს შეუერთდა. როგორც მითითებული აქვთ, გაერთიანების მიზანია ქვეყანაში კონსერვატული დღის წესრიგის დამყარება.
ნინო ბაქრაძე მიიჩნევს, რომ ეს გაერთიანება ბევრად უფრო საშიშია, ვიდრე „ქართული მარში“. მისი აზრით, „ქართული მარში“ უფრო მთავრობისა და საპატრიარქოს ერთობლივი პროექტია.
„სანდრო ბრეგაძე და მარშის წევრები არ არიან იმ წონის ფიგურები, რომლებიც რუსეთს გამოადგება აქ სათამაშოდ. ჩემი აზრით, ისინი ფსონებს უფრო სხვა ძალებზე დებენ, მაგალითად, „ალტერნატივა საქართველოსთვის“, „პატრიოტთა ალიანსი“, „ბურჯანაძე“ და ა.შ. ეჭვი მეპარება „მარშს“ ჰქონდეს რამე რესურსი, დამოუკიდებლად იმოქმედონ. ეს საპატრიარქოსა და მთავრობის წახალისებული ქმედებაა, რაც მეტი დაქსაქსულობა იქნება, რაც უფრო მეტ სუბიექტს გამოიყვანენ წინასაარჩევნოდ, უფრო მომგებიანი იქნება მათი პოზიციისთვის”, – ამბობს ნინო ბაქრაძე.
ის მიიჩნევს, რომ „მარში“ თავიდანვე „ქართული ოცნების“ პროექტი იყო და როცა ხელისუფლებას სჭირდებოდა, მაშინ გამოდიოდნენ, გარკვეული საკითხების გადასაფარად: „მთავრობასთან ძალიან ლოიალურ დამოკიდებულებაში იყვნენ თავიდანვე და დღემდე რჩებიან, როგორც ჩანს”.
„აი, ფაქტმა“ გამოაქვეყნა ინფოგრაფიკა, სადაც ჩანს, რომ „ქართული მარშის” ლიდერი სანდრო ბრეგაძე და მისი ნათესავები „ქართულ ოცნების“ შემწირველები არიან.
მაგალითად, სანდრო ბრეგაძის ნათესავებმა „ქართულ ოცნებას” 2016 წელს, წინასაარჩევნოდ 85,000 ლარი შეწირეს; მისმა სიძემ (დის ქმარი), გოჩა ძნელაძემ 2016 წლის 13 სექტემბერს მმართველ პარტიას 60,000 ლარი შესწირა; ბიძაშვილმა, დავით ბრეგაძემ კი 2016 წლის 4 ოქტომბერს “ქართულ ოცნებას” 25,000 ლარი ჩაურიცხა.
„აი, ფაქტის“ ინფორმაციით, „ქართული ოცნების” შემწირველები სანდრო ბრეგაძის სიძის და დის, ანნა ბრეგაძის ბიზნესპარტნიორებიც არიან. მათ 2016-2018 წლებში „ქართულ ოცნებასა” და სალომე ზურაბიშვილს ჯამში 560 ათასი ლარი შესწირეს.