ქართული მედია „რუსული კანონის“ ქვეშ და არჩევნების წინ

პუბლიკა

ავტორები: ნინა ხელაძე, ნატალი ნემსაძე


არჩევნებამდე, რომელშიც  „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებას გეგმავს, 5 თვეზე ნაკლები რჩება. ამაზე ნაკლებ დროს უტოვებს ხელისუფლება მედიებს „აგენტების სიაში“ დასარეგისტრირებლად. თითქოსდა, გამჭვირვალობის მიზნით მიღებული კანონი დამოუკიდებელ მედიას წინასაარჩევნოდ გაქრობას და დახურვას უქადის. 

  • „წაქცეული, რომ ვიყავი და მირტყამდნენ, ვეუბნებოდი, რომ ჟურნალისტი ვარ“;  – „აპრილის“ ჟურნალისტი გიორგი ბასხაჯაური;
  • გიმუშავიათ წუხელ სახლთან და ოფისთან. რუსული კანონი რომ ამოქმედდება, მერე რაღას იზამთ? მანამდე, 2 დღის წინ, ღამით, სახლთან ოთხჯერ გაისროლეს“, – გელა მთივლიშვილი, „მთის ამბების“ მთავარი რედაქტორი, თავის ოფისსა და სახლთან დატანილი  შეურაცხმყოფელი წარწერების შესახებ;
  • „მირეკავდნენ საქართველოს და უცხო ქვეყნის ნომრებიდან, მისახელებდნენ ჩემს საცხოვრებელ მისამართს, მემუქრებოდნენ, რომ დამხვდებოდნენ და გამისწორდებოდნენ”, – ნათია კუპრაშვილი, ჟურნალისტიკის რესურსცენტრის თავმჯდომარე;
  • „დამაგდეს, მათრიეს და მირტყეს რამდენიმე ხანი, რამდენი ხანი გაგრძელდა, ზუსტად არ ვიცი“, – იხსენებს მედიაჩეკერთან „ტაბულას“ ჟურნალისტი გიორგი ბადრიძე. 

მედიაომბუდსმენის მიერ შეგროვებული ფაქტების აღწერაში კი ვკითხულობთ, რომ სპეცრაზმელებმა წიწაკის სპრეი შეასხეს, საქმიანობაში ხელი შეუშალეს და სცემეს ათზე მეტ ჟურნალისტსა და ოპერატორს. 

პლაკატები, ზარები და მუქარა მედიის წინააღმდეგ

ე.წ. რუსული კანონის ერთ-ერთი სამიზნე ჯგუფის მედიის წინააღმდეგ რეპრესიები სხვადასხვა ფორმით უკვე დაიწყო.გარდა ფიზიკური ანგარიშსწორებისა, ჟურნალისტები დღეების განმავლობაში იღებდნენ მუქარის შემცველ ზარებს უცხო ნომრებიდან, მათი სახლებისა თუ ოფისის კედლებზე ნიღბიანი პირები ტოვებდნენ შეურაცხმყოფელ წარწერებს. სცემდნენ და ტექნიკას უზიანებდნენ რეპორტიორებს კანონის მოწინააღმდეგეთა აქციების გაშუქებისას.

რუსული კანონის მოწინააღმდეგეებთან მუქარის შემცველი სატელეფონო ზარები 6 მაისს დაიწყო. თავდაპირველად ზარის ადრესატები ჟურნალისტები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები იყვნენ, თუმცა რამდენიმე დღეში მათი წრე გაფართოვდა და მათი ოჯახის წევრებზეც გავრცელდა. 

მათ, ვინც ჯერ უცხოური, შემდეგი კი ქართული ნომრებიდან რეკავდნენ იცოდნენ ადრესატების ისეთი პერსონალური ინფორმაცია, როგორიცაა მისამართი, ცნობები შვილების[მათ შორის არასრულწლოვანი] თუ ოჯახის სხვა წევრების შესახებ. იმუქრებოდნენ ფიზიკური ანგარიშსწორებით. სიცოცხლის მოსპობის მუქარა მიიღო მედია „აპრილის“ ჟურნალისტმა – „უჩინმაჩინის ქუდით იარე, ვერც კი გაიგებ, ისე გავჩნდები და იქვე „ჩაგპ…დავო“, – გიორგი ბასხაჯაურს უკრაინული ნომრიდან დაურეკეს.

სატელეფონო მუქარისა და სისტემური დევნის გამო შესაბამის უწყებებს საჩივრით მიმართა ჟურნალისტიკის რესურსცენტრის თავმჯდომარემ, ნათია კუპრაშვილმა. ამავე მიზეზით მასთან ერთად საგამოძიებო უწყებას მიმართა „სტუდია მონიტორის“ სამმა ჟურნალისტმა. 

კანონისთვის ჯერ კიდევ არ მოეწერა ხელი პარლამენტის თავმჯდომარეს, როდესაც „აგენტად“ შერაცხეს გამომძიებელი ჟურნალისტი, „სტუდია მონიტორის“ დამფუძნებელი, ნინო ზურიაშვილი. „ფულზე გაყიდული აგენტი“ – დატოვეს წარწერა მის მანქანაზე..

მედიის განმარტებით, შემთხვევასთან დაკავშირებით მათ საგამოძიებო უწყებებს მიმართეს. 

„ჩვენ როცა ვსაუბრობთ ხელისუფლების რეპრესიებზე, არ ვგულისხმობთ მხოლოდ იმ ინსტრუმენტებს, რომელთაც მათ ეს კანონი აძლევს. კანონის მიღმა ხელისუფლება იყენებს იმ ტიპის ზეწოლას, რასაც ჩვენ ყოველდღე ვხედავთ ქუჩაში, ასევე ჩვენი რეპუტაციის, სახელის, ჩვენდამი საზოგადოების ნდობის მოსპობისა და ნგრევისთვის გაწეულ ძალისხმევას. დგას ფიზიკური და ფსიქოლოგიური უსაფრთხოების საკითხი. ყოველდღე თითოეული ჩვენგანი ვართ ძალადობრივი ჯგუფების სამიზნე და ვცხოვრობთ მუდმივი რისკის ქვეშ“, – გვეუბნება „პუბლიკის“ დამფუძნებელი ლიკა ზაკაშვილი. 

მისივე თქმით, „პუბლიკა“ კვლავ გააგრძელებს საზოგადოების ინფორმირებას და ღირსეულ საქმიანობას, თუმცა არა აგენტის იარლიყის ქვეშ.

ჟურნალისტების შეურაცხყოფას უცხო ნომრებითა და ნიღბიანი პირების მიერ დატოვებულ წარწერებთან ერთად, კამერების წინაც არ ერიდებიან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები. 

„თავხედო ნაძირალა“ – ასე მიმართა თბილისის მერმა ჟურნალისტს შეკითხვაზე „არ გერიდებათ, ასე უტიფრად რომ იტყუება შინაგან საქმეთა სამინისტრო და თქვენც?“. თბილისის მერმა მომხდარის ამსახველი ვიდეო თავადვე გამოაქვეყნა. 

ახლა უკვე ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს კი ეკუთვნის  ჟურნალისტის მიმართ ციტატა: „ქალის სახე დაკარგე და პირი მოიწმინდე“.  მან ეს ჯერ კიდევ პარტიის თავმჯდომარეობის დროს თქვა, მაშინ „რუსული კანონი“ არც განიხილებოდა. 

„ქართული ოცნების“ სატელიტი პარტიის „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებულ  „რუსულ კანონში“ ორგანიზაცია ცხადდებოდა უცხოური გავლენის აგენტად, „ქართულმა ოცნებამ“ კი კანონში პირველ ეტაპზე მხოლოდ ერთი ცვლილება შეიტანა და აგენტი – უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.

თუმცა სიტყვა აგენტის კანონიდან ამოღებას არაფერი შეუცვლია. „აგენტების შტაბი“ , „ფულზე გაყიდული აგენტები“ ამგვარი შინაარსის წარწერებს  ტოვებენ დამოუკიდებელი მედიისა თუ არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისის კედლებზე. 

პარლამენტის თვითნებობა და მედიის რეპრესიის პრაქტიკა – SJC-ის ანგარიში

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ქმედებებისა, მედიის წინააღმდეგ მმართველმა პარტიამ საქმიანობის შემზღუდავი კიდევ ერთი მექანიზმი გააქტიურა პარლამენტში მუშაობისათვის საჭირო აკრედიტაციებით მანიპულირება.

„მედიისადმი რეპრესიული და დისკრიმინაციული“, ასე შეაფასა, სამართლებრივ მიმოხილვაზე დაყრდნობით, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა პარლამენტში მოქმედი ე.წ. მედიის აკრედიტაციისა და უსაფრთხოების წესები. 

ამ დასკვნას ცენტრი შემდეგ გარემოებებზე დაყრდნობით აკეთებს:

  • შემზღუდავი გადაწყვეტილებების მიღების მანდატი პარლამენტის თავმჯდომარეს ერთპიროვნულად და ექსკლუზიურად აქვს;
  • პარლამენტის შენობაში ჟურნალისტებს პრაქტიკულად ეკრძალებათ კრიტიკული კითხვების დასმა [ დეპუტატებს უფლება აქვთ მათთვის არასასურველ კითხვებზე პასუხი არ გასცენ];
  • აკრედიტაციის ჩამორთმევის საფუძველი შეიძლება გახდეს პარლამენტარების დოკუმენტების, ელექტრონული მოწყობილობის ეკრანის გადაღება;
  • პარლამენტის თავმჯდომარეს ახალი ბრძანების გამოცემის გარეშე, აქვს უფლება გამოაცხადოს პარლამენტში მოქმედი უსაფრთხოების დონეები და შესაბამისად დააწესოს შეზღუდვები;
  • მედია ორგანიზაციას მისი აკრედიტაციაშეჩრებული ჟურნალისტის ახალი ჟურნალისტით ჩანაცვლების შესაძლებლობა არ ეძლევა.

მედიისთვის მძიმე კანონი  „მძიმის“ გარეშე

კანონის თითქმის შეუზღუდავ დისკრეციასა და ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობაზე, რაც  ტერმინების განმარტებისა და ცალკეულ მუხლებში  სასვენი ნიშნების არარსებობით არის გამოწვეული, ამახვილებს ყურადღებას ნათია კუპრაშვილი,  ჟურნალისტიკის რესურსცენტრის თავმჯდომარე.

„რუსულ კანონს მედიაზე მომაკვდინებელი გავლენა აქვს, პირველ რიგში უნდა ვთქვათ ის, რომ ამ კანონში მედიის ნაწილის მუხლებს არ გააჩნია მძიმე, იგულისხმება სასვენი ნიშანი მძიმე, ამიტომ უფრო მძიმეა მედიის მუხლები, ანუ სად დასვამ მძიმე,ს არ არის ცნობილი და ამ მძიმეზე ბევრი რამეა, სხვათა შორის, დამოკიდებული“.

ნათია კუპრაშვილის შეფასებით, როგორ წაიკითხავ თითოეულ პუნქტს, რომელიც მედიას უკავშირდება, ეს არის მინდობილი იუსტიციის სამინისტროს ჩინოსანზე.

26 პოზიციით უკან  საქართველო მედიის თავისუფლების რეიტინგში RSF

საქართველოში ჟურნალისტების დევნა,  მათ მიმართ გატარებული რეპრესიები უკვე აისახა საერთაშორისო  ანგარიშებსა და რეიტინგებში. ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ 2024 წლის რეიტინგში საქართველოს პოზიცია წინა წელთან შედარებით 26 პუნქტით გაუარესდა. 180 ქვეყანას შორის საქართველომ 103-ე ადგილი დაიკავა. 2023 წელს ჩვენს ქვეყანას 77-ე პოზიცია ეკავა.

[საქართველოში]მმართველი პარტია აგრძელებს საზოგადოების პოლარიზებას, უახლოვდება მოსკოვს და პრესის თავისუფლების მიმართ სულ უფრო მტრულად განწყობილ პოლიტიკას ატარებს. ვკითხულობთ ანგარიშში. 

18 ორგანიზაციის მიერ ხელმოწერილი წერილით პრემიერ-მინისტრს მიმართა პრესის საერთაშორისო ინსტიტუტმა. ორგანიზაცია რუსული კანონის გაწვევასთან ერთად, ხელისუფლებას მოუწოდებდა, უზრუნველყო ქვეყანაში ჟურნალისტების უსაფრთხოება და დაეცვა პრესის თავისუფლება. 

ირაკლი კობახიძისთვის გაგზავნილ წერილში ხელმომწერები მას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლზე მიუთითებდნენ, რომლითაც ცენზურის დაუშვებლობა, მედიის თავისუფლება და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა პლურალიზმია გარანტირებული. 

 წერილში კანონზე, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მრავალათასიანი აქციებისა და პროტესტის ფონზე მაინც მიიღო, ეწერა:

 „ხელისუფლებას აძლევს მძლავრ ინსტრუმენტს დამოუკიდებელი ხმების დისკრედიტაციის, ზეწოლის და საბოლოოდ გაჩუმებისთვის, რითაც საფრთხეს უქმნის პრესისა და გამოხატვის თავისუფლებას“. 

„პრაქტიკულად გაყინული“ ასე აღწერს ევროკავშირის ელჩი დღეს არსებულ ურთიერთობებს საქართველო-ევროკავშირის შორის. ეს მაშინ, როდესაც მოლდოვა და უკრაინა გაწევრების გზაზე წინ მიიწევენ. მოლაპარაკებების გასახსნელად საქართველოს ევროკავშირისგან 9 რეკომენდაცია გასულ წელს გადმოეცა. „რუსული კანონი“ ამ 9 დათქმიდან 2-ს ეწინააღმდეგება დეზინფორმაციასთან ბრძოლას და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას. 

ევროკავშირის ელჩის თქმით, არაერთხელ აღნიშნეს, რომ ე.წ აგენტების კანონის მიღება გაწევრებისკენ სწრაფვაზე უარყოფითად იმოქმედებდა. საპასუხო ზომებad, გავრცელებული ცნობით, განიხილება პერსონალური სანქციები, ფინანსური დახმარებების შეწყვეტა და  შესაძლოა, უვიზო მიმოსვლის დროებითი შეჩერებაც. 

სანქციების პირველი ეტაპი უკვე აამოქმედა ამერიკამ.  შტატებმა ინდივიდუალურ სანქციები სავიზო აკრძალვები დაუწესა მათ, ვინც „პასუხისმგებელია საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრაზე, თავისუფალი შეკრების უფლების შელახვაზე, მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალადობაზე…“. სანქცირებულთა სია დაახლოებით 20-30 ადამიანს აერთიანებს, მათ შორის ფიზიკურ პირებსაც. 

უმრავლესობის მიერ ვეტოდაძლეულ რუსულ კანონს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, ხელი 3 ივნისს მოაწერა. რეგისტრაციის ვალდებულება კი, მაქსიმუმ, 3 თვეში დაიწყება. რეგისტრაციისთვის თავის არიდება 25 000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს. თუ ორგანიზაცია სააგენტოსთვის განაცხადის წარდგენისას გამოვლენილ ხარვეზებს არ აღმოფხვრის, 10 000 ლარით დაჯარიმდება, ერთი თვის ვადაში იმავეს გამეორებისთვის კი 20 000 ლარით. გამოდის, რომ იუსტიციის სამინისტროს ერთ თვის ვადაში ორგანიზაციისთვის 50 000-ზე მეტი ჯარიმის დაკისრება შეუძლია.

ქართული მედიების უმრავლესობა ღირსებაშემლახველ რეესტრში დარეგისტრირებას არ აპირებს. ამასთან, არც მუშაობის შეჩერებას განიხილავს.