ზურაბ ვარდიაშვილის ინტერვიუ ფიზიკოს გია დვალთან.
რადგანაც ჩვენს საუბარს წინ უძღვის თქვენი რამდენიმე ინტერვიუ, სხვადასხვა ტელევიზიაში, რომლებიც აქტიური განსჯის საგანი გახდა, ამიტომ შესავლის გარეშე, პირდაპირ მთავარ საკითხებზე გადავიდეთ: ყველა მიმომხილველი თუ პოლიტიკური ექსპერტი ამბობს, რომ ახლა მსოფლიოში დგას დრო როგორც დიდი გამოწვევების, ისევე დიდი შესაძლებლობებისა, რადგან ცივილიზებული სამყარო უპრეცედენტოდ ერთიანია. რა შეიძლება იყოს ჩვენი ქვეყნის პროგრამა მინიმუმი, რისი მიღებაც უნდა შევძლოთ ამ შანსისგან?
მეც პირდაპირ დავიწყებ: მთავრობამ ჩვენი ქვეყანა შესვა დამღუპველ ორბიტაზე. ეს ორბიტა განსაკუთრებულად გამანადგურებლად გამოჩნდა ბოლო მოვლენების ფონზე.
პლანეტარული მოდელის მაგალითი წარმოვიდგინოთ – ვთქვათ მზის სისტემა. არის პლანეტები, რომლებიც, გარკვეულწილად, კომფორტულია სიცოცხლისთვის; ოპტიმალურადაა დაშორებული მზისგან; არც ძალიან ცივა, არც ძალიან ცხელა. არის ორბიტები, რომლებიც დისკომფორტულია, მაგრამ არა დამღუპველი; ბოლომდე გაუსაძლისი არ არის. და არსებობს ორბიტები, რომლებიც უბრალოდ დამღუპველია – ან ძალიან შორსაა და გაიყინები, ან ძალიან ახლოსაა და დაიწვები.
დასავლური სამყაროს ორბიტა ოპტიმალურია, კომფორტულია. პრაქტიკულად, მთელი ჩვენი ისტორიის განმავლობაში ვცდილობთ, რომ ასეთ ორბიტაზე მოვხვდეთ.
წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენთან ერთად მოძრაობს ციური სხეულების ჯგუფი; ერთ-ერთი მათგანია რუსეთი. არ ვიცი, ის რას შევადარო, ალბათ – შავ ხვრელს. ის იწვევს გრავიტაციულ ანომალიებს, ათას უბედურებას. ამ ლოკალური ჯგუფიდან პლანეტები ცდილობენ, გადაეწყონ უფრო კომფორტულ ზონაში. მოშორდნენ შავ ხვრელს ან ისეთ მანძილზე იყვნენ, რომ არ დაიღუპონ.
აქამდე ასე ჩანდა, რომ მთავრობამ ჩვენი ქვეყანა შესვა ორბიტაზე, რომელიც თითქოს არ არის მთლად დამღუპველი, ფიზიკურად არ გავნადგურდებით, თუმცა არც კომფორტულია. თითქოს ამ შავი ხვრელისგან რაღაც ოპტიმალურ მანძილზე შეგვიძლია ვიყოთ, რაც დიდად სასიამოვნოც არაა, მაგრამ შავი ხვრელისგან მეტ-ნაკლებად მაინც დისტანცირებულია.
მაგრამ მოხდა ციური კატასტროფა. კოსმოსური ჯახი და ამან ჩვენი ორბიტა გადააწყო დამღუპველ ტრაექტორიაზე. ეს აღარაა ორბიტა, რომელიც გასაძლისია. ამ ორბიტაზე მყოფმა ქვეყანამ შეუძლებელია, რაიმე დემოკრატიულთან მიახლოებული საზოგადოება შექმნას, რაიმე განვითარების პერსპექტივა ჰქონდეს. უკეთეს შემთხვევაში ეს იქნება დიქტატორული, აბსოლუტურად კორუმპირებული რეჟიმი, მთლიანად ჩამოკონწიალებული რუსეთის ასევე გაუბედურებულ, დიქტატორულ რეჟიმზე, უარესი არც მინდა წარმოვიდგინო – რუსეთის ქმედებებს რომ ვუყურებ, უკვე საკონცენტრაციო ბანაკებს რომ ქმნიან და ა.შ.
ყველამ უნდა გაიაზროს, რომ ამ ჯახის შემდეგ არანაირი ალტერნატივა არ არსებობს. ერთადერთი გზაა, რომ მოვწყდეთ ამ დამღუპველ ორბიტას და გადავეწყოთ დასავლურ ორბიტაზე. ეს მთავრობა ამას დამოუკიდებლად ვერ შეძლებს, რომც მოინდომოს. ეს უნდა მოხდეს მთელი საზოგადოების ძალისხმევით. უნდა მოვახერხოთ დიდი ზეწოლა ხელისუფლებაზე, იმ კრიტიკული ფანჯრის პერიოდში, რაც გვაქვს.
ამავდროულად, უნდა ვიცოდეთ, რომ ძალიან ცოტა დრო გვაქვს, რადგან ეს შესაძლებლობის ფანჯარა ძალიან სწრაფად დაიხურება.
მოდით, ზოგი რამ განვმარტოთ: რა არის ეს „შესაძლებლობის ფანჯარა“?
კოსმოსური ჯახის შედეგად საქართველოს ორბიტა წავიდა დაღუპვისკენ და ამას ევროკავშირიც ხედავს და აცნობიერებს; ხვდებიან, რომ ჩვენი საკითხის გადავადება ჩვენს დაღუპვას უდრის. დასავლურ პოლიტიკაში სინდისმა გაიღვიძა.
ისინი ხედავენ, რომ შავი ხვრელი მიგვათრევს თავისკენ. უკრაინა იბრძვის, რათა თავი დააღწიოს მას და აუცილებლად დააღწევს. მოლდოვა და ჩვენ ვართ სადღაც გაჩხირულები.
ეს ხალხი ხვდება, რომ მაშველი რგოლი უნდა გადმოგვიგდონ. შანსი მაინც უნდა მოგვცენ.
აი, მაგალითად, სწორედ ეს შანსი არის ევროკავშირის კითხვარი.
ასეთ მნიშვნელობას ანიჭებთ ამ დოკუმენტს?
ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. ეს, ფაქტობრივად, გამოცდაა.
ამასთან, ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ, რაკიღა ახლა გადმოგვიგდეს მაშველი რგოლი, თუ ამას არ გამოვიყენებთ, ხვალ კიდევ ახალ რგოლს გადმოგვიგდებენ. ასე არ მოხდება. ეს გამოცდა უნდა ჩავაბაროთ ძალიან ღირსეულად, კლასი უნდა ვაჩვენოთ.
ეს გამოცდა შედგება 3 კომპონენტისგან: 1. კითხვარი. მე, მაგალითად, პანიკაში ვარ ყოველდღიურად – რა ხდება ამ მიმართულებით, ვინმე მუშაობს ამაზე?
პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, ვინც ბევრს ლაპარაკობთ, იმათ შეავსეთო…
ეს ხომ კატასტროფული მიდგომაა. არც ვიცი, რა დავარქვა. 2. ამავდროულად იმის ცხადად დაფიქსირებაა აუცილებელი, რომ ჩვენ უკრაინის გვერდით ვართ. აქაც რაღაც ტრაგიკომიკურ სიტუაციაში ვიმყოფებით. ორი თვის თავზე დელეგაცია ძლივს აიჩონჩხლა და წავიდა და ლამისაა დაგვაყვედრონ ეს.
თურმე, ბედნიერები უნდა ვიყოთ, რომ ჩვენმა დაქირავებულმა მთავრობამ, როგორც იქნა, მოიღო მოწყალება და დელეგაცია გაგზავნა უკრაინაში, თანაც ათასი კინკლაობისა და უბედურების ფონზე. ეს აბსოლუტურად არაპროპორციული ქმედებაა…
თქვენ ხელისუფლების ქმედება შეადარეთ გემის დაღუპვის შემდეგ წყალში ფართხალს ნაცვლად იმისა, რომ გაცურო კუნძულისკენ…
სწორედ ესაა.
რას დაარქმევდით კუნძულისკენ ცურვას?
კუნძულისკენ ცურვა შედგება იმ სამი კომპონენტისგან.
1.კითხვარი; 2. უკრაინის გვერდით დგომა… და მესამე?
ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი საკითხი ევროკავშირში. ამას სჭირდება ფორსირებული მუშაობა. საჭიროა ყველა პლატფორმის გამოყენება. უკრაინამ ძალიან ბევრი პლატფორმა განავითარა, მაგალითად, იუთუბზე, რომელთა გამოყენება ჩვენც შეგვიძლია; თუ მათთან კომუნიკაციას დავამყარებთ, ისინი საშუალებას მოგვცემენ… თვითონვე გაიტანენ ჩვენს მესიჯს.
არათუ უკრაინული, საკმაოდ ინტენსიურად მუშაობენ რუსული ოპოზიციური არხებიც, რომლებიც გამოყრილები არიან რუსეთიდან, მაგრამ იუთუბზე მრავლად არიან წარმოდგენილები. ეს მესიჯი უნდა ჩავუბეჭდოთ ევროპელებს თავში, რომ ჩვენს გარეშე არ იფიქრონ უკრაინაზე.
სადაც გაიფიქრებენ უკრაინას, იქ უნდა იყოს საქართველოც; სადაც უკრაინის დროშა იფრიალებს, იქ საქართველოს დროშაც უნდა ფრიალებდეს.
ეს იდეა ვთქვი და საკმაოდ შთამბეჭდავი გამოხმაურება უკვე პოვა ამან. შეიქმნა ახალგაზრდული ჯგუფები, რომლებიც პირდაპირ კავშირზე გავლენ ევროპარლამენტარებთან. ეს ძალიან მოქმედებს დასავლელ პოლიტიკოსებზე. მათზე, და საერთოდ ნორმალურ პოლიტიკოსებზე, ეფექტიანად მოქმედებს, რომ ახალგაზრდების ჯგუფი უკავშირდება ამგვარ განწირულ ორბიტაზე მყოფი ქვეყნიდან და ცდილობს, შენამდე მოიტანოს მესიჯები – რატომ არის მნიშვნელოვანი საქართველოს ევროკავშირში მიღება, რატომ იმსახურებს და ა.შ.
თქვენ საუბრობდით რუსულ ოპოზიციურ ჟურნალისტებზე, მათთან მუშაობაზე. ჩვენ არათუ ვმუშაობთ მათთან, რამდენიმე მათგანი არც კი შემოვუშვით ქვეყანაში. ამიტომ მინდა, გკითხოთ, მოქმედი ხელისუფლების პირობებში ის გეგმები და ნაბიჯები რაზეც თქვენ მიყვებით, რეალისტურად გესახებათ? თუ ჯერ მისი ცვლილებაა საჭირო?
დროის ფუფუნება არ გვაქვს. ეს ნაბიჯები გადასადგმელია სასწრაფოდ – დღეს და ხვალ. ევროკავშირი არ დაელოდება იმას, რომ აქ ჩვენ რიგგარეშე არჩევნები მოვიპოვოთ, მერე ჩავნიშნოთ, მერე ჩავატაროთ. სამწუხაროდ, დრო ჩვენს სასარგებლოდ არ მუშაობს. პირიქით, მას ფეხი უნდა ავუწყოთ. მე მჯერა, თუ საზოგადოება გაერთიანდება, ხელისუფლებას მკაფიოდ ეტყვის, რომ მან უნდა გაატაროს საზოგადოების ნება და არა თავისი ფსევდოთეორიები, რომლებსაც არანაირი ლეგიტიმურობა აღარ გააჩნია…
მე, ცხადია, არ ვეწინააღმდეგები მთავრობის შეცვლას. უფრო მეტიც, მიმაჩნია, რომ ორი ვადა უნდა იყოს აბსოლუტური ზღვარი ჩვენნაირ ქვეყანაში. უბრალოდ, ამ მოცემულ ფანჯარაში არ ვიცი, ეს როგორ მოხერხდება.
ერთი მხრივ, ვსაუბრობთ ფორსირებულ ნაბიჯებზე, რომელიც გადასადგმელია, მეორე მხრივ, ვთანხმდებით, რომ ხელისუფლება თავისი ნებით არ დგამს მათ და ასევე ვსაუბრობთ დროის დეფიციტზე, რომ ხელისუფლების ცვლილების დრო არ გვაქვს. მაშინ გამოდის, თქვენ გჯერათ, რომ საზოგადოებრივი ზეწოლით შესაძლებელია ხელისუფლების იძულება, გადადგას საზოგადოებისთვის სასურველი ნაბიჯები? ბოლო წლების პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ჩვენი სამოქალაქო აქტივობებით ბევრი ვერაფერი შეიცვალა.
ახლა ასეთი ვითარება გვაქვს. ვითარება რაღაც აზრით, რთულია, რადგან დრო ჩვენს წინააღმდეგ მუშაობს, მაგრამ რაღაც აზრით, გამარტივებულიცაა: იმ თვალსაზრისით, რომ სიმართლე ძალიან ცალსახაა. უბრალოდ, ალტერნატივა არ არსებობს. მთავრობის ვერც ერთი წარმომადგენელი ვერ დაგიჯდებათ და ვერანაირ ალტერნატივას ვერ წარმოგიდგენთ.
დემაგოგიის შესაძლებლობები…
კი, ეგ სხვა საკითხია, მაგრამ აქამდე მათ შეეძლოთ, რაღაც ეთქვათ, რაღაც არგუმენტები მაინც მოეყვანათ, რომლებიც ვიღაცას დააფიქრებდა. ახლა ეგ არგუმენტები აღარ არსებობს. ის ორბიტა გაქრა. სიმართლე შიშველია და ცალსახა.
ხელისუფლების ძირითადი არგუმენტები ემყარება ნარატივს, რომელსაც თქვენ ირაციონალურ შიშს უწოდებთ. „აბა, ომი გინდათ“? და ა.შ…
კი, ეს დანერგეს.
…და რომ ეს დანერგილი შიში ირაციონალურია, როგორც უნდა ავუხსნათ მოქალაქეებს? მათ ნაწილს ცხადში აქვს გადატანილი ის, რის შიშსაც ფართოდ ნერგავს მთავრობა.
დიახ, ძალიან კარგი კითხვებია. აი, ზუსტად მაგის გაშლას ვფიქრობ: ეს სიტუაცია რამდენიმე კომპონენტისგან შედგება. თქვენ თქვით, რომ აქამდე საზოგადოებრივი პროტესტი მნიშვნელოვან შედეგს ვერ აღწევდა და ახლა რა შეიცვალა: ის, რომ ახლა გვაქვს დიდი უპირატესობა – სიმართლე არის ცალსახა. ამ ომმა მთელი წინაპირობები წაშალა.
თითქმის აღარ აქვს მნიშვნელობა, აქამდე რა იყო. მე ვაკვირდები, რომ ხალხი, რომელიც ძველ ორბიტაზე იჯდა, ახლა, უბრალოდ, გაიჭედა. დაბნეულები არიან; ხედავენ რომ არანაირი ძველი ორბიტა აღარ არსებობს; არიან ფრუსტრაციაში, მაგრამ მაინც განაგრძობენ ორბიტის მხარდაჭერას, ზოგი ინერციით, ზოგს კი – თვალი უნდა გავუსწოროთ რეალობას – დავალება აქვს მიღებული კრემლიდან.
მაგრამ მოსახლეობის ერთიან ნებას მთავრობა ვერ დაუპირისპირდება.
ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთ მთავარი მახასიათებელი სწორედ გაუერთიანებლობაა – პოლარიზება, როგორც უწოდებენ. და საერთოდაც, რას ნიშნავს „გაერთიანება“, თქვენ რას გულისხმობთ?
ვიცი, რომ არსებობს უამრავი ადამიანი, რომელთაც აქვთ მოუშუშებელი ჭრილობები წინა მთავრობის მმართველობისგან. ეს ხალხი გეუბნება, რომ როგორ, მე ახლობელი დავკარგე მათ გამო, ქონება, თავისუფლება, რა გაერთიანებაზე მელაპარაკები, საერთოდ? რა გაერთიანებაზე მელაპარაკები, სანამ სამართლიანობა არ აღდგენილა და მონანიების პროცესი არ შემდგარა?
ეს ხალხი იქნება 100%-ით მართალი. ამ ხალხს უნდა ავუხსნათ, რომ გაერთიანება არ ხდება უპირობოდ და აბსტრაქტულად. ეს არის გაერთიანება ერთი მიზნის გარშემო, რომ დამღუპველ ორბიტას თვალი დავაღწიოთ და რომ ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყველასთვის, რადგან პრობლემები, რომლებიც ამ ხალხს აწუხებს და კიდევ სხვა პრობლემები, რომლებიც სხვებს შეეხო უკვე ამ მთავრობის გამოისობით, ვერასოდეს მოგვარდება, რადგან არ გვექნება დემოკრატიული საზოგადოება.
ყველაფრის წამალი არის დემოკრატია, თავისუფალი სასამართლო, დამოუკიდებელი მედია, რომელიც არ განიცდის დევნას და დათრგუნვას… სხვა წამალი კაცობრიობას არ მოუგონია და ჩვენ სამ კვირაში ვერ გამოვიგონებთ.
ჩვენ უნდა ავუხსნათ ჩვენს დებს და ძმებს, რომ გავერთიანდეთ კონკრეტული მიზნის გარშემო; რომ ვფართხალებთ ყინულოვან ოკეანეში და უნდა მივცურდეთ ნაპირამდე.
…რომ ჩვენ არ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ამ ხალხს ერთმანეთი უნდა შეუყვარდეს…
რა თქმა უნდა. ჩვენი ამოცანა ის კი არაა, რომ საყოველთაო სიყვარული და უპირობო ნდობა დაფუძნდეს, არამედ ჩვენი ამოცანაა, მივცურდეთ ნაპირამდე. გავიდეთ დემოკრატიულ ორბიტაზე, მოვშორდეთ შავ ხვრელს, რომელიც ჩვენ თვალწინ დეგრადირდება. ხომ ხედავთ, რა ხდება? ფილტრაციის ბანაკებს ქმნიან; კრემატორიუმებს ამუშავებენ…
თითქოს პირდაპირ რეცეპტს გთხოვთ, მაგრამ ამის ინსტრუმენტი როგორ წარმოგიდგენიათ? გაერთიანებას, სავარაუდოდ, ყველა ხერხით შეეწინააღმდეგება ხელისუფლება, რადგან ის სწორედ მასზე დგას.
სიმართლეს აქვს უდიდესი ძალა. მთავარია, მოწინააღმდეგეს არ მისცე საშუალება, ეს სიმართლე დაბინდოს. ახლა კი სიმართლე ცალსახაა.
აი, მაგალითად, ქვეყნებს შორის ურთიერთობები გადაყვანილი აქვთ ძველბიჭური გარჩევის დონეზე. მოქმედებენ ჩვენი საზოგადოების რეცეპტორებზე. ჯერ ერთი, გასაგებად უნდა ავხსნათ, რომ ახლა ჩვენ უფრო გვჭირდება უკრაინის თანადგომა, ვიდრე უკრაინას – ჩვენი. მათ გვერდით მთელი მსოფლიო დგას.
უკრაინელები ახლა ადამიანურად არიან ჩვენზე ნაწყენები. ეს იგივეა, რომ შენს ძმას გარეული მხეცი დაესხას თავს და… შეიძლება, ვინმემ გაიგოს, რომ ფიზიკურად ვერ ეხმარები, რადგან სუსტი ხარ, მაგრამ ჩვენ მორალურადაც არ ვეხმარებით. ჩვენი მთავრობა ამბობს – ამ მხეცს არ დავუპირისპირდები, რადგან ეს ჩემი ეროვნული ინტერესია; ამბობს, რომ – კი დაგესხა მხეცი თავს, მაგრამ შენი ბრალია, რადგან შეგეძლო, აგეცილებინა თავიდან; ყოვლად დეგრადირებული, უსამართლო, არაკეთილშობილური არგუმენტებით ცდილობს მსხვერპლის დადანაშაულებას, რათა გაამართლოს თავისი შიში.
თუ ეს შიში ირაციონალურია და არ დგას ასე საკითხი, რომ, თუ ჩვენ მკაფიოდ დავუჭერთ უკრაინას მხარს, მაგის გამო რუსეთი თავს დაგვესხმება, რა ასაზრდოებს ხელისუფლების ამ ქმედებას? თუ გიფიქრიათ ამაზე?
კი, ამ კითხვას პასუხი უნდა გაეცეს. ვარიანტები უნდა გავიაზროთ. შეიძლება, ამ ხელისუფლებას არც არანაირი შიში არ ჰქონდეს… არამედ ეს იყო მოსამზადებელი სამუშაო ცივსისხლიანად, რომ გადავეყვანეთ დამღუპველ ორბიტაზე. შესაძლოა, მათ არც ეშინიათ და მანიპულირებენ ადამიანებით.
ამ დაშვებამდე ჯერ უნდა ვირწმუნოთ, რომ პირდაპირ ემისრებთან გვაქვს საქმე, ხომ?
რა თქმა უნდა, ემისრებთანაც გვაქვს საქმე.
მე მინდა მქონდეს მეცნიერული მიდგომა და რაში მდგომარეობს ეს: როდესაც რაღაც მოვლენა ხდება, იქ გვაქვს რაღაც ცნობილი და რაღაც უცნობი ფაქტორები. ასეთ დროს ყველაზე სწორი ახსნა არის მარტივი ახსნა (ოკამის razor).
მთელი ბოლო წლების მოსამზადებელი პერიოდი, რომელიც გაიარა მთავრობამ, იმ ორბიტაზე გადასაყვანად, მიუთითებს, რომ ეს იყო მიზანმიმართული ქცევა. ეს არ იყო შემთხვევით ან შიშით გამოწვეული.
ახლა რუსეთის ადგილას დააყენეთ თავი. ამ წლების განმავლობაში რუსეთმა გააასმაგა საქართველოსა და ევროპაში რბილი ძალა. გვყავს მთავრობა, რომელიც მიზანმიმართულად ეწყობა მის ორბიტაზე. როგორ შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ, რომ რუსეთისნაირი ქვეყანა ამ ორ ფაქტორს მიენდობა და არ ეცდება, გადააზღვიოს, გააფორმოს? გაამყაროს?
ჩვენს სასარგებლოდ ის მუშაობს, რომ რუსეთი მთლიანობაში კორუმპირებულია და ხომ ხედავთ, უკრაინაში არ გამოუვიდა არაფრის გამყარება – ფული იხარჯებოდა, მაგრამ იმ ხალხმა შეჭამა ის ფული და არაფერიც არ გაუკეთებია. იმედი მაქვს, რომ საქართველოშიც კორუფციაში დაიკარგა მათი ფული.
ყველაფერს კომპეტენცია სჭირდება, რა ქვეყნად ჩამოყალიბდა რუსეთი? ლოიალობასა და „პადხალიმაჟზე“ დაფუძნებული დიქტატურა, სადაც მრჩეველი დიქატატორს უსიამოვნოს ვერაფერს ეუბნება. რად უნდა ლაპარაკი, რომ ასეთი ქვეყანა განწირულია.
ამის იმედი მაქვს საქართველოშიც, თორემ რად უნდა ლაპარაკი, პირველი პირების დონეზეა გავლენა.
ეს გავლენა მკაფიოდ გამოჩნდა ბოლო წლებში. თავიდან, როდესაც, მაგალითად, ანტიდისკრიმინაციული კანონი მიიღეს და ა.შ. მაშინ ხელისუფლების შემადგენლობაც სხვა იყო, თუმცა ეკონომიკურად მანამდეც ჩანდა… მაგალითად, არ განხორციელებულა არც ერთი დიდი პროექტი, რომელსაც შეიძლებოდა ევროპასთან დავეახლოებინეთ.
რამდენჯერმე გაიმეორეთ, რომ სიმართლე ცალსახაა, თუმცა უნდა გითხრათ, რომ პროპაგანდის შედეგებს ყოველდღიურად ვაწყდებით…
სიმართლე ცალსახაა, მაგრამ პროპაგანდა მაინც აღწევს მიზანს. მათ შორის, პატიოსან ხალხშიც. მაგალითად, იმდენი მოახერხეს, რომ ხალხი ნაწყენია ზელენსკიზე. ეს რა აბსურდია; აბსოლუტურად ერთუჯრედიანი მანტრები მუშაობს, ვინაიდან ამას არ უპირისპირდება ახსნა-განმარტებითი მუშაობა.
ელჩი რად გაიწვიაო, რომ გავბრაზდით, მეც გავიწვევდი… ის რა განცხადებებიც პრემიერმა აკეთა, ეს ხომ დანის ზურგში ჩარტყმა იყო. მეორე დღესვე გამოვიდა და ჩვენი იუნკრების საფლავზე ამბობს, რომ რუსებს სანქციებს არ დავუწესებ, რადგან ეს ეროვნული ინტერესიაო. მერე მუდმივად იმეორებდა ამას, ანუ ჩვენი ინტერესია, რომ უკრაინას ასეთ დროს ასეთი განცხადებებით მივაყენოთ მორალური ზიანი? სინამდვილეში ჩვენ უკრაინას რა ზიანი უნდა მივაყენოთ? თავს ვაზიანებთ. მერე დაუპირისპირდნენ პრეზიდენტს, რომელმაც რაღაც სწორი მიმართულებით იმოძრავა, რაღაც პოზიტიური თქვა და უნდა ვუჩივლოთო… კონგრესს და თემთა პალატას შეუძლია, მოუსმინოს ზელენსკის და საქართველოს პარლამენტს – არა.
გარდა იმ ინტერვიუებისა, რასაც ბოლო დროს იძლევით, ხომ არ გაქვთ რაიმე დამატებითი გეგმები, ხომ არ ფიქრობთ ჩამოსვლას, შეხვედრებს, ფიზიკურად ჩართვას?
ისე გამოვიდა, თითქოს მე ძალიან ხმამაღლა ვლაპარაკობ, მაგრამ ბევრია ადამიანი, რომელიც ჩემნაირად ფიქრობს. შეიქმნა ახალგაზრდული ჯგუფები, რომლებიც ევროპარლამენტარებთან აპირებენ მუშაობას. მათ ჩემი დიდი დახმარება არ სჭირდებათ, მაგრამ კონსულტაციების დონეზე აღვუთქვი დახმარება; თუ რაიმე რჩევა დასჭირდებათ მესიჯების გატანაში და ა.შ.
რა თქმა უნდა, ჩვენი დემოკრატია ვერ აკმაყოფილებს ევროკავშირის დონეს, ეს ფაქტია, მაგრამ ამის ახსნაც შეიძლება. ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც საზოგადოება მიისწრაფვის დემოკრატიისკენ. ჩვენს საზოგადოებას აქვს სამართლიანობის შეგრძნება გამჯდარი. ეს ყველა გამოსვლამ აჩვენა. ჩვენ ვართ სამართლიანი საზოგადოება, სინდისი გვაქვს. ასეთი საზოგადოება დემოკრატიას ვერ მიაღწევს იმ ორბიტაზე, სადაც ჩვენ ვართ. ეს ფიზიკურად შეუძლებელია. ევროკავშირს უნდა ესმოდეს, რომ ჩვენ ვერ წაგვიყენებს ისეთ მოთხოვნებს, როგორსაც, მაგალითად, შვეიცარიას. ამ შავ ხვრელთან როდესაც ხარ, არსებობს ფიზიკური კანონები, რომელიც მეტის საშუალებას არ გაძლევს. მით უმეტეს, ამგვარი მთავრობის ხელში. პარალელურ რეალობას ხომ ვერ შევქმნით?
მე შემიძლია, ჩემი იდეები გავუზიარო ხალხს საქრთველოში, ევროპაში. დავწერეთ პეტიცია ევროკავშირისთვის, ევროპარლამენტარებისთვის, საქართველოს საზოგადოების სახელით, რომელზეც ხელის მოწერა შეუძლია ყველას. შევეცადეთ, გაგვეტანა მესიჯები – რატომ იმსახურებს საქართველო ევროკავშირის წევრობას, რატომ არის პარალელი ჩვენსა და უკრაინას შორის… ერთიანი ძალისხმევა შედეგს აუცილებლად გამოიღებს.