ფრანგი ფოტოგრაფის ნატალი ტუფენკჯიანის ობიექტივმა ცნობილი ქართველი ქალების პორტრეტები ლამის საიმიჯო ელვარებით წარმოაჩინა.
მსახიობი ნინო კასრაძე, მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი, ოპერის მომღერალი ანიტა რაჭველიშვილი, მხატვარი რუსუდან ფეტვიაშვილი, რეჟისორი ლანა ღოღობერიძე, მომღერალი ნანი ბრეგვაძე, მწერალი ნინია ხარატიშვილი, ჯაზ-მომღერალი ნინო ქათამაძე, მოცეკვავე ნინო ანანიაშვილი, მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი, ქართული ნაციონალური ბალეტის ხელმძღვანელი ნინო სუხიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი…
ეს იმ ცნობილი ქართველი ქალების არასრული ჩამონათვალია, რომელთა პორტრეტები ფრანგმა ფოტოგრაფმა ნატალი ტუფენკჯიანმა ბოლო წლების განმავლობაში გადაიღო. ფოტოგრაფიით დაინტერესებულთ (და არამხოლოდ მათ) დაახლოებით ორმოცდაათი ქართველი ქალის პორტრეტის ნახვა მარჯანიშვილის ქუჩაზე, „თიბისი კონცეფტის“ მულტიფუნქციურ სივრცეში, ორი კვირის განმავლობაში შეეძლოთ. გამოფენა სახელწოდებით „ქალები საქართველოდან“ (Women of Georgia, Pearls of The Caucasus) ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.
საფრანგეთში ცნობილი ფოტოგრაფისა და ხელოვანის, ნატალი ტუფენკჯიანის გამოფენა ერთ-ერთი ორგანიზატორისა და იდეის ავტორის, ჟან-მარკ ჰოფმანის თანამშრომლობით მოხერხდა. პროექტის მხარდამჭერები არიან თიბისი ბანკი და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი.
ბოლო წლების განმავლობაში ფრანგი ფოტოგრაფი საქართველოში რამდენიმეჯერ სპეციალურად ჩამოვიდა, რათა ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები ქალების მრავალფეროვნება და განსხვავებულობა მაქსიმალურად აესახა. თუმცა კულტურა, ხელოვნება და სოციალურ-პოლიტიკური სფერო მაინც პრიორიტეტულია. თითქმის ყველა ფოტოპორტრეტში იგრძნობა ავტორის ერთგვარი პერსონალური სიდინჯე თუ დისტანცირება. ამავე დროს, ის ქართველი ქალების სიძლიერეს, ღირსებას, თავდაჯერებულობასა და სინატიფეს წარმოაჩენს.
ფოტოებზე ძირითადად აღბეჭდილია ხელოვნების სფეროში მოღვაწე ცნობილი ადამიანები თუმცა ნატალი ტუფენჯიანს გადაღებული აქვს სხვადასხვა პროფესიისა და სოციალური წარმომავლობის ქალებიც. ისინი საკუთარ თავში თითქოს საუკუნოვან ტრადიციებს ატარებენ. ფოტოგრაფმა მათი ინდივიდუალური ხასიათის მოხელთება სწორედ მოულოდნელი რაკურსისა და ხედვის გამო შეძლო. გამოფენაზე წარმოდგენილი პორტრეტები საქართველოს უახლესი ისტორიის მნიშვნელოვან მომენტებზეც მოგვითხრობს. ფოტოები შეგვახსენებს ქალების გამორჩეულ როლსაც ქვეყნის აღმშენებლობაში; მათ მიერ საქართველოს განვითარებაში შეტანილ წვლილს. ისტორია მათთან ერთად და მათ მიერ იწერებოდა და მნიშვნელობა არ აქვს რა პერიოდზეა საუბარი, საქართველოს წარსულსა თუ დღევანდელობაზე.
„ქალები საქართველოდან“ ფართომასშტაბიანი პროექტია და ავტორი კვლავ აგრძელებს მასზე მუშაობას. გამოფენაზე წარმოდგენილი პორტრეტები ამ პროექტის მხოლოდ პირველი ნაწილია. აღსანიშნავია, რომ პორტრეტებით ნატალი ტუფენკჯიანი პირველად 1986 წელს დაინტერესდა, როცა პირველად ფოტომოდელები გადაიღო. სწორედ ამ დროიდან იწყება გატაცება პორტრეტული ფოტოგრაფიისადმი. განვლილი წლების შემდეგ მისი სურვილი, აესახა ადამიანის ინდივიდუალობა პორტრეტის დახმარებით, არსად გამქრალა. პირიქით, წლების განმავლობაში ეს ლტოლვა ნატალი ტუფენკჯიანის თანამგზავრია მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში – ახალი გამოცდილებისა და აღმოჩენების იმ სამყაროში, რომელიც ძირითადი სათქმელის გამოსახატავად დიდ ძალისხმევასა და თავდადებას მოითხოვს.
მახვილმა და მოულოდნელმა მზერის უნარმა ფრანგ ფოტოგრაფს მოდის სამყაროშიც გაუკვალა გზა. ის რამდენიმე წლის განმავლობაში ფოტოგრაფად მუშაობდა ჟურნალისთვის Vogue Italia. მოგზაურობით გატაცების თუ სხვადასხვა კულტურებისადმი ინტერესის შედეგია მნიშვნელოვანი რეპორტაჟები ახლო აღმოსავლეთიდან (იორდანია, ირანი, ერაყი და ა.შ.) თუ ლათინური ამერიკიდან (არგენტინა, ბრაზილია და ა.შ.). როგორც ფოტოგრაფი, რომელიც ბუნებრივ განათებაზე მუშაობს, ნატალი ტუფენკჯიანი, გულწრფელობით, კეთილგანწყობითა და თანაგრძნობით ასახავს თავისი მოდელების უშუალობას.
იმედია, პროექტის – „ქალები საქართველოდან“ – მომდევნო ნაწილი ისეთივე საინტერესო და შთამბეჭდავი იქნება ესთეტიკური და იდეური თვალსაზრისით, როგორც „თიბისი კონცეპტში“ წარმოდგენილი გამოფენა.