იდუმალებით მოცული და გულჩათხრობილი ქეით ოსტინია სერიალ „დაკარგულების“ ის ერთ-ერთი პერსონაჟი (მრავალთა შორის), პირველი სერიიდანვე რომ მიიპყრობს მაყურებლის ყურადღებას. ცხადია, სცენარისტებმა დასაწყისშივე არ მოჰფინეს ნათელი მის წარსულს. თავდაპირველად, მხოლოდ ის ვნახეთ, რომ მუდმივად გაურბოდა რაღაცას და ვიღაცას; ცხოვრების დიდი ნაწილი გალია ამერიკის ერთი შტატიდან მეორეში, ქალაქიდან ქალაქში, სოფლიდან სოფელში, ქვეყნიდან ქვეყანაში და კონტინენტიდან კონტინენტზე ხეტიალში. სწორედ ეს ენიგმა უღვივებს დიდ ინტერესს მაყურებელს და აღუძრავს იმის სურვილს, ფარდა ახადოს მის საიდუმლოს.
პირველივე სერიებში ჩანდა, რომ ოსტინი უშიშარი, შეუპოვარი, მამაცი, მედგარი, მებრძოლი და გულადი იყო; ამჟღავნებდა ძლიერი, რაციონალური და მტკიცე ლიდერის თვისებებს; არასოდეს უფრთხოდა პასუხისმგელობის აღებასა და სარისკო ნაბიჯების გადადგმას, რადგან ყველაფერი კარგად ჰქონდა გათვლილი წინდაწინ. კაციშვილმა არ იცოდა, რატომ მიჰყავდა გამომძიებელს ბორკილებდადებული ქეითი იმ თვითმფრინავით, რა დანაშაულის გამო დააპატიმრეს და, საერთოდ, რაზე იყო წამსვლელი ეს ყველასთვის უცხო ადამიანი იმ უკაცრიელ ალაგას, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ყველას ნდობა, ერთგულება, მეგობრული კეთილგანწყობა, თანაგრძნობა და სიყვარული დაიმსახურა იმ კუნძულზე; სხვები უსაფრთხოდ გრძნობდნენ თავს მის გვერდით, ენდობოდნენ და იცოდნენ, საიმედო დამცველი და მფარველი ჰყავდათ მისი სახით; ენდობოდნენ, რამეთუ სჩვეოდა ბოლომდე ბრძოლა, მხარში ამოდგომა, დახმარების ხელის გაწვდენა, თავგანწირვა, ერთგულება და ა.შ.. ამ სერიალში არ არის ერთი ეპიზოდიც კი, რომელშიც ნაჩვენებია დაცემული, სულიერად გატეხილი, სასოწარკვეთას მიცემული, ფარხმალდაყრილი, დანებებული და მოწუწუნე ქეითი. ყოველთვის დაუღალავად ისწრაფვოდა დასახული მიზნისაკენ და მისთვის არ არსებობდა არავითარი გადაულახავი წინააღმდეგობა, არავითარი დაუძლეველი სირთულე. თუ გავითვალისწინებთ, რა გამოიარა, რა გადაიტანა, როგორ იბრძოლა, როგორ გაუმკლავდა დაბრკოლებებს და ა.შ., ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და გაუტეხელი პიროვნების პორტრეტი დაიხატება. მუდამ კერპი, ჟინიანი, ქედუხრელი, შემტევი, ურჩი, მეამბოხე და მიზანსწრაფული იყო. რაც მთავარია, არც ერთ კაცს არ დაუდებდა ტოლს სიძლიერეში, ამტანობასა და შეუდრეკლობაში. ერთხელაც კი არ გამოუვლენია სისუსტე, არ აუღია ბრძოლაზე ხელი, არ დანებებულა, არ დაუყრია ფარ-ხმალი, არ მიუღია ირაციონალური, უგუნური და არაპრაგმატული გადაწყვეტილება; არც პრობლემები არ შეუქმნია. პირიქით: ყველა ნაბიჯი ჰქონდა გათვლილი ფილიგრანული სიზუსტით. ყოველთვის ჩინებული ტაქტიკით, ბრძოლის სტრატეგიით, უნარებითა და შესაძლებლობებით გამოირჩეოდა. არასოდეს ყოფილა უმწეო, უსუსური, უღონო, უგუნური და უგერგილო „damsel in distress“, სათუთი მზეთუნახავი, რომელიც ზეამაღლებული კაცებისგან ელის ხსნასა და წყალობას. მუდამ თავად იყო საკუთარი თავის ბატონ-პატრონი. მართალია, უდიდესი ტკივილი და ტრავმა გადაიტანა, მაგრამ ყველაფერს გაუძლო, არ გატყდა და არ დაეცა; ყველა განსაცდელს გაუმკლავდა, ყველა ტკივილი და იარა დაითმინა. არ სჩვეოდა წუწუნი, ჩივილი და მოთქმა-გოდება. გარდა ამისა, არა მხოლოდ თავის პრობლემებს აგვარებდა, არამედ ყოველთვის უწვდიდა დახმარების ხელს სხვებს, ევლინებოდა ქომაგად და ეხმარებოდა სირთულეთა გადალახვაში; არავინ მიუტოვებია განსაცდელის ჟამს. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეგვიძლია იმის თქმა, რომ ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი, კარგად „დაწერილი“, მკვეთრი, სახასიათო, გამორჩეული, ძლიერი და დაუვიწყარი პერსონაჟია არა მხოლოდ ამ სერიალში, არამედ სერიალების ისტორიაში.
კუნძულზე მოხვედრის შემდეგ, ნაცვლად იმისა, რომ უიმედობას, სასოწარკვეთასა და პანიკას მისცემოდა, ჯეკსა და ჩარლისთან ერთად შევიდა (პირველივე სერიაში) ჯუნგლების იდუმალ და შავბნელ სიღრმეში, სადაც მძვინვარებდა არსება, რომელიც შიშის ზარს სცემდა ყველას, თუმცაღა, არავინ იცოდა, ურჩხული იყო, ზებუნებრივი არსება, ცხოველი, თუ ჰიბრიდული ქმნილება. მიმღებ-გადამცემის ძიებისას წააწყდნენ გათიშულ პილოტს, რომელიც თვალის დახამხამებაში საზარლად დაასახიჩრა და მოკლა შავი კვამლის მონსტრმა.
როცა თავქუდმოგლეჯით გაიქცნენ და ჯეკი უეცრად გაქრა მათი თვალთახედვიდან, დააპირა მის მოსაძებნად წასვლა. შიში არ გაუვლია გულში. იცოდა, შეიძლებოდა, იმ პილოტის ბედი გაეზიარებინა, მაგრამ რაკი მიზნად დაისახა განსაცდელში ჩავარდნილი შეფარდის მიგნება, მზად იყო, გაერისკა. როგორც კი ჩარლიმ მისი შეჩერება სცადა და უთხრა, რა საფრთხე ელოდა, ქეითმა გადაჭრით მიუგო: „შენ ნუ წამოხვალ. მარტო წავალ“. გაბედულად წამოდგა ფეხზე და გაუყვა გზას. მის ყოველ მოძრაობას, სიტყვას, მიმიკასა და ჟესტს ეტყობოდა სითამამე და გაბედულება. იოლად გაუმკლავდა წამიერ შიშს, დაითვალა ხუთამდე და გათავისუფლდა. იმიტომ მოიქცა ასე, რომ მოაგონდა: როცა ჭრილობას უკერავდა თვითმფრინავის ჩამოვარდნისას დაშავებულ ჯეკს, ამ უკანასკნელმა ასწავლა, რომ ხუთამდე უნდა დაეთვალა გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნისას. აღსანიშნავია ისიც, რომ ოსტინს მანამდე ერთხელაც კი არ შეუსრულებია ეს ქირურგიული მანიპულაცია, არავითარი გამოცდილება არ ჰქონია ამ მხრივ, მაგრამ რაკი გაიაზრა, რომ ადამიანს მისი დახმარება სჭირდებოდა, ძალა მოიკრიბა და შეასრულა ეს მეტად საპასუხისმგებლო და რთული დავალება.
გადარჩენილმა ქეითმა იცოდა, რა ხიფათიც ელოდა ჯუნგლებში, მაგრამ, მიუხედავად ამისა, არ შეეპუა საფრთხეს, არ შეშინდა, კვლავ შევიდა კუნძულის სიღრმეში და ავიდა შემაღლებულ ადგილას, რათა SOS-სიგნალი გაეგზავნათ.
ქეითს მეგობრული კეთილგანწყობა და სოლიდარობა აკავშირებდა თითქმის ყველა დაკარგულთან. ერთ დიდ კომუნად ესახებოდა ის კუნძული, იქ თავმოყრილი ხალხი კი განუყოფელ ერთობად მიაჩნდა. არაერთხელ გამოვლინდა მისი ერთგულება და თავდადება. კოლექტივისტური სულისკვეთებით იყო განმსჭვალული და არ იზიარებდა ამ მკვეთრად ინდივიდუალისტურ პრინციპს: „თითოეული თავისთვის”. ერთგული იყო ამ იდეისა: „მივცეთ ყველას იმდენი, რამდენიც სჭირდება და მოვთხოვოთ იმდენი, რამდენიც შეუძლია“. საკვები, სასმელი (ხორცი, თევზი, ხილი, წყალი…), ტანსაცმელი, წამლები, იარაღი, სავარძლები, სამართებლები, კოვზები, დანები, ჩანგლები, სკამები და სხვა დანარჩენი საერთო საკუთრებად, მთელი კომუნის მონაპოვრად, ხალხის მონაგარად მიაჩნდა; უპირისპირდებოდა სოიერს, რომელიც, როგორც ჭეშმარიტ მემარჯვენესა და ინდივიდუალისტს შეეფერებოდა, ისაკუთრებდა იმას, რაც არასოდეს მოუპოვებია შრომით, გარჯითა და ოფლით; ძარცვავდა სხვებს; ითვისებდა სხვათა შრომის ნაყოფს; ართმევდა ნაჯაფარს; იპარავდა დაღუპულების ნივთებს და ა.შ.. ქალი ეთანხმებოდა ჯეკის ამ ფრაზას: „If we can’t live together, we’re gonna die alone“.
საიდი, რომელიც უდავოდ იყო ერთ-ერთი ყველაზე კარგი და გამოცდილი სტრატეგი, თავიდანვე მიხვდა, რომ ოსტინი იყო ძალზე გამჭრიახი, შორსმჭვრეტელი, წინდახედული და საიმედო ადამიანი. ამიტომაც, ენდობოდა ამ იდუმალებით მოცულ ქალს, დიდი მოწიწებით იყო განმსჭვალული მისდამი, კეთილგანწყობას ამჟღვანებდა, სწამდა მისი შესაძლებლობების, მიჰყავდა სახიფათო დავალებების შესასრულებლად… ეს კაცი თავიდანვე ეჭვის თვალით უყურებდა სოიერს და სკეპტიკურად იყო განწყობილი მისდამი, ხოლო ქეითს გულდამშვიდებით მიანდობდა ხოლმე ნებისმიერ მისიას, რადგან იცოდა, თავს გაართმევდა ყველაფერს. ქალი ეხმარებოდა მას მიმღებ-გადამცემის შესაკეთებლად საჭირო ნივთების, სხვადასხვა ხელსაწყოების შეგროვებაში და ზრუნავდა საერთო საქმეზე. როცა საიდს დასჭირდა კომპიუტერის ნაწილები, ოსტინი უმალ მიხვდა, ვის ექნებოდა ის, რაც აუცილებელი იყო მათთვის. მაშინვე ითავა ყველაფრის მოგვარება, თამამად დაუპირისპირდა ქურდბაცაცობით განთქმულ სოიერს და კატეგორიულად მოსთხოვა ის, რაც უნდოდა. ისიც დასძინა, ვირთხასავით იქექებოდი ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ნამსხვრევებში, თითქმის ყველა მგზავრის ნივთები მოიპარე და, ამიტომაც, უთუოდ გექნება ის, რაც საიდს ყველაფერზე მეტად სჭირდება ახლაო. მართალიც აღმოჩნდა. კაცს მყისვე დაათმობინა კომპიუტერის ის ნაწილი, რომელსაც ამაოდ ეძებდნენ. სიცოცხლის ბოლომდე ურყევ კოლექტივისტად დარჩა.
როცა ჯეკი უცაბედად ჩამონგრეულ გამოქვაბულში დარჩა გამომწყვდეული, თავგანწირვით იბრძოლა მის დასახსნელად, ათრია უზარმაზარი ლოდები, ყველა გააოგნა თავისი შეუპოვრობით, ძალითა და გულადობით, სხვების თხოვნის მიუხედავად, წამითაც კი არ შეისვენა და ძალ-ღონე არ დაიშურა მიზნის მისაღწევად, რაკი იცოდა, რომ მეგობარი განსაცდელში იყო.
ქეითმა ზემოაღნიშნული თვისებები გამოავლინა მაშინაც, როცა შენონი ლამის იმსხვერპლა ასთმის მწვავე შეტევამ, ახირებულმა სოიერმა კი განაცხადა, რომ იცოდა, სად იყო ინჰალატორი, მაგრამ არ გაამხელდა, თუკი ქეითისაგან არ მიიღებდა იმას, რაც ყველაზე მეტად ეწადა. ქალმა შეუსრულა ის ერთი თხოვნა და თითქმის უცნობი ადამიანის სიცოცხლე დააყენა პირად ინტერესებზე მაღლა.
გარდა ამისა, სოიერის მთავარ საიდუმლოსაც ჩასწვდა: მიხვდა, სოიერი სულაც არ იყო მისი ნამდვილი გვარი. იეჭვა, რომ „სოიერმა“ მოატყუა, როცა უთხრა, რომ შურისძიებას მოწყურებულმა ბავშვმა მისწერა ის წერილი, რომელსაც მუდამ ჯიბით დაატარებდა, აკურატულად კეცავდა, საიმედოდ ინახავდა და თვალისჩინივით უფრთხილდებოდა; რომ იცრუა, როცა განუცხადა, ერთი ქალი გავაცუცურაკე, შევაცდინე, მთელი ფული და ქონება დავცინცლე, გავაკოტრე, მერე ღალატით განრისხებულმა ქმარმა მოკლა, მისი დაობლებული ბიჭუნა კი დღემდე ოცნებობს, სიცოცხლეს გამომასალმოს, რადგან მისმა მამამ ჩემ გამო დაახალა ტყვია დედამისს და ცხოვრება დაუნგრია საკუთარ შვილსაცო. ოსტინმა გაიაზრა, რომ ეს წერილი „სოიერს“ კი არ გამოუგზავნეს, არამედ „სოიერმა“ მისწერა საკუთარი დედის გამაუბედურებელს, რამეთუ თავად იყო ის პაწია, უდედოდ დარჩენილი, გამწარებული ბიჭი, ყალთაბანდი სოიერის ხელში ჩაგდებას რომ ნატრობდა. კონვერტზე დაკრულ საფოსტო მარკას რომ დახედა, ლოგიკურად განსაჯა ყოველივე და იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ყოვლად შეუძლებელი იყო, „სოიერისთვის“ მიეწერათ ეს წერილი.
არ უნდა დაგვავიწყდეს, სწორედ ქეითი რომ დაეხმარა სოიერს სულიერი კრიზისის დაძლევაში, როცა ეს კაცი ტახის მოკვლაზე ფიქრით იყო შეპყრობილი და ისე დასდევდა და საზარლად აწვალებდა ციცქნა გოჭუნას, თითქოს ნამდვილი სოიერის სული ჩაუსახლდა ცხოველსო. ოსტინი აღმოჩნდა ის, ვინც ხელი ააღებინა არაჰუმანურ გადაწყვეტილებაზე, დააშვებინა შემართული იარაღი, გრძნობა გაუღვიძა და ადამიანობისაკენ „შემოაბრუნა“.
როცა „სხვების“ ბანაკის წევრმა, ითანმა, კლერი და ჩარლი გაიტაცა, პანიკამ მოიცვა მთელი კუნძული; სხვებმა გამოქვაბულს შეაფარეს თავი, ოსტინი კი ჯეკთან, ლოკსა და ბუნთან ერთად გაეშურა მათ მოსაძებნად. უმალ მიხვდა, რომ გამტაცებელი განზრახ ურევდა კვალს მდევრებს და დამაბნეველ ნიშნებს ტოვებდა გზადაგზა; რომ ორი კვალიდან ერთი ცრუ იყო. თვალის დახამხამებაში გამოიცნო, რომელ კვალს უნდა გაჰყოლოდა. მისმა ამ უნარმა გააოცა ლოკი, რომელიც დევნის ოსტატად, კვალში ჩადგომის უბადლო მცოდნედ მიიჩნეოდა ბანაკში. „სიურპრიზებით ხარ სავსე!“ – შესძახა ჯონმა, როცა თავად შეცდომა დაუშვა და ცრუ კვალს გაჰყვა, ქეითმა კი სავსებით სწორი მოსაზრება გამოთქვა და ბოლომდე მისდია ითანის ნამდვილ ნაფეხურებს. როცა ხეზე ჩამოკიდებულ ჩარლის მიაკვლიეს, სწორედ მან გადაჭრა მის ყელზე მჭიდროდ შემოხვეული მცენარის ღერო. ბანაკში რომ დაბრუნდნენ, ზრუნავდა ჩარლიზე, თავს ევლებოდა, ამხნევებდა და ეხმარებოდა ამ უდიდეს ტრავმასთან გამკლავებაში. რამდენიმე დღის შემდეგ, გამტაცებლის შეპყრობის მისიაშიც ჩაერთო, რადგან არ ეჭაშნიკა, მხოლოდ კაცებმა რომ აისხეს იარაღი, ქალს კი უსაფრთხო ადგილას დარჩენა ურჩიეს. არ შეეგუა ასეთ სექსისტურ დამოკიდებულებას, ხელი დაავლო პისტოლეტს, შეუერთდა „ბიჭების კლუბს“, ჩაება ოპერაციაში, დაამტკიცა, რომ მასაც ჩინებულად ეხერხებოდა იარაღის გამოყენება, მიზანში სროლა და არაფრით ჩამოუვარდებოდა მამრობითი სქესის წარმომადგენელთ.
როცა ბანაკში დაბრუნებულ კლერს მეხსიერება დაუბრუნდა და მოაგონდა, სად ჰყავდათ გამოკეტილი „სხვებს“, იმ ადგილის გასაჩხრეკად წასვლა მოინდომა. ქეითმა მაშინვე აუბა მხარი. კარგად იცოდა, როგორ გაიტაცეს კლერი, როგორ ჩამოკიდეს ხეზე ჩარლი, როგორ გაწირეს სასიკვდილოდ უდანაშაულო ადამიანი; წარმოდგენილი ჰქონდა, რა დაემართებოდა, თუკი მათ ბუდეში ამოყოფდა თავს, მაგრამ არ მინებდა შიშს, იარაღი აისხა და თამამად გაუძღვა მეგობარს. აზრად არ გაუვლია მისი მარტოდმარტო გაშვება იმ სახიფათო ადგილას. ეს კიდევ ერთი დასტურია მისი სიმამაცისა.
როცა კაცებმა ხომალდ „შავ კლდეში“ დამალულ დინამიტთა გადაზიდვა განიზრახეს, ოსტინმა მათთან ერთად წასვლა დაიჟინა, რადგან არ უნდოდა, მიეჩნიათ უმწეო და უსუსურ მზეთუნახავად, რომელიც არასოდეს ჩაიგდებდა თავს საფრთხეში. მეტიც: საკუთარი თვალით იხილა, როგორ შეიწირა ამ ასაფეთქებელმა მოწყობილობამ ადამიანი, თუმცა, კატეგორიულად მოითხოვა, მის ზურგჩანთაშიც ჩაედოთ დინამიტი. მართალია, ჯეკი ეწინააღმდეგებოდა და ამბობდა, მხოლოდ მე ვითავებ წაღებასო, მაგრამ მიდეგა და თავისნათქვამა ქეითმა, მიუხედავად რეალური რისკისა, თავისი გაიტანა. კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ ყველანი, რომ საოცრად გაბედული, მხნე და გულმაგარი იყო. სწორედ მან მოისროლა და ააფეთქა ერთ-ერთი დინამიტი, რათა შავი კვამლის კლანჭებისაგან დაეხსნა ლოკი. ჯეკთან ერთად, ბოლომდე მიჰყვა ურჩხულს, სიკვდილს ჩახედა თვალებში და არ დაანება იდუმალებით მოცულ მონსტრს ჯონის ქვესკნელში ჩათრევა.
ყოველთვის, როცა ჯეკი ურჩევდა, დამალულიყო და არ ჩაეგდო თავი განსაცდელში, ქეითი ეურჩებოდა, არ უჯერებდა, არად აგდებდა მოსალოდნელ ფათერაკს და უმტკიცებდა, რომ არ იჯდებოდა გულხელდაკრეფილი, როცა იცოდა, რომ სხვებს სასიკვდილო საფრთხე ემუქრებოდათ.
უშიშრად გაჰყვა შეფარდს კუნძულის მეორე ბოლოსაკენ, მიუხედავად იმისა, რომ ხვდებოდა, სიკვდილი ელოდა „სხვებისაგან“ გავლებული საზღვრის გადაკვეთის შემთხვევაში.
როცა ბუნ კარლაილი მძიმედ დაშავდა, სწორედ ის გაიქცა ელვის სისწრაფით სანაპიროზე და ალკოჰოლური სასმელების მთელი კოლექცია გამოართვა იმ სოიერს, გამუდმებით რომ ვაჭრობდა ყველაფრით, რაც ხელში ჩაუვარდებოდა, სულ რაღაცას ითხოვდა რაღაცის სანაცვლოდ და ა.შ.. ოსტინმა დაარწმუნა, რომ არ იყო აღებმიცემობის დრო და უცილობლად უნდა შელეოდა მაგარ სასმელებს, რათა გადაერჩინათ ბუნი. როცა გამოქვაბულისაკენ მიჰქროდა, დაეცა და დაემსხვრა რამდენიმე ბოთლი. რაწამს წამოდგა, შეამჩნია, რომ კლერს მშობიარობა დაეწყო. არ დაიბნა, გონება მოიკრიბა, ჯინს გაატანა სასმელებით სავსე ბოთლებით დამძიმებული ზურგჩანთა და დარჩა თავზარდაცემულ, პანიკით შეპყრობილ ახალგაზრდა ლითლტოუნთან, რომელსაც ძლიერ აშინებდა მშობიარობა. არათუ არ მიატოვა, არამედ ჩაიდინა ის, რაც მანამდე ერთხელაც კი არ ჩაუდენია: ბავშვის გაჩენაში დაეხმარა ქალს. დიდად აფრთხობდა ამ მოვალეობის შესრულებაზე ფიქრი; იცოდა, შეიძლებოდა, მშობიარობას გადაჰყოლოდა კლერი, თუკი ისე არ გააკეთებდა ყველაფერს, როგორც საჭირო იყო, მაგრამ მოერია თავს, არ აჰყვა გრძნობას, რაციონალიზმი გამოიჩინა და მშვიდობიანად დაასრულა დაწყებული საქმე.
როცა შენონი შურისძიების სურვილით აენთო ბუნის დაღუპვის გამო და ლოკის მოკვლა გადაწყვიტა, ოსტინმა ჯეკსა და საიდთან ერთად ჩაშალა მისი გეგმა და კიდევ ერთხელ გადაარჩინა ჯონი გარდაუვალ სიკვდილს.
კიდევ უფრო თვალნათელი გახდება მისი თავდადება, ერთგულება, უშიშრობა და გამბედაობა, თუკი გავიხსენებთ, რა მოხდა მაშინ, როცა თავად ქეითი, ჯეკი და სოიერი გაიტაცეს „სხვებმა”. მხოლოდ საიდი და სანი ცდილობდნენ მათ პოვნას; სანმა „სხვების“ ბანაკის წევრი მოკლა ერთი გასროლით. ლოკს თითი არ გაუნძრევია მათ მოსაძებნად. უბრალოდ, არ ანაღვლებდა მათი ბედი, მიუხედავად იმისა, რომ ჯეკმა და ქეითმა შენონისაგან დაიცვეს, ტყვიისგან დაიფარეს, შავი კვამლის მონსტრის თავდასხმისაგან გადაარჩინეს და არ მიატოვეს, როცა ურჩხულმა ელვის სისწრაფით გააქანა მიწის ბნელი გულისგულისაკენ. უთუოდ დავალებული იყო მათგან; ამ ორის მადლიერი უნდა ყოფილიყო, სული რომ ედგა პირში, თუმცა, არც კი უცდია იმის გარკვევა, სად იყვნენ გამომწყვდეულნი და რა მოუვიდათ. როცა მისი მფარველები ტყვეობაში იყვნენ, ჯონი ხან ჭადრაკს თამაშობდა, ხან კი პირად დრამებზე ფიქრობდა.
ქალს მაშინაც კი არ გადასწურვია იმედი, როცა გალიაში იყო გამომწყვდეული. გმირულად იტანდა ფიზიკურ შეურაცხყოფას, დამცირებას, ცემას, იძულებით შრომას, ტყვეობას; ამტვრევდა უშველებელ ქვებს, ამსხვრევდა ლოდებს, ეზიდებოდა საშინლად მძიმე ტვირთს, მუშაობდა მუხლჩაუხრელად და შეუსვენებლივ… სწორედ იგი ევედრებოდა ჯეკს, ამოეკვეთა სიმსივნე ბენ ლაინუსის ხერხემლიდან, რადგან იცოდა, თუკი ამას არ იზამდა, სოიერს მოკლავდნენ. ხსნაზე ოცნებაც კი უგუნურებად მოეჩვენებოდა ადამიანს იმ ვითარებაში, მაგრამ მაინც მოახერხა გაქცევის გეგმის მოფიქრება და გალიიდან გამოძრომაც კი.
ოსტინი და სოიერი რომ გამოიქცნენ „სხვების“ ბანაკიდან, მხოლოდ ქეითი და საიდი ლამობდნენ ჯეკის მიკვლევასა და მტრების ახალი ადგილსამყოფლის მიგნებას. ქალს აცოფებდა სოიერისა და ლოკის ამგვარი გულგრილობა, არხეინობა და დაუდევრობა; დაჟინებით იმეორებდა, რომ არაფრისდიდებით არ უნდა მიეტოვებინათ მეგობარი განსაცდელში. დასახა სხვების ბანაკამდე მისვლის გეგმა და არ დაკარგა ჯეკის რწმენა. ამ ექიმმა კარგად იცოდა, რომ დაპირების მიუხედავად, ქეითი დაბრუნდებოდა მის მოსაძებნად და გადასარჩენად, რადგან ჯიუტი და ერთგული იყო და არ სჩვეოდა ზურგის შექცევა. ქალმა იცოდა, წარბშეუხრელად მოკლავდნენ „სხვები“, თუკი მათ სამყოფელში შეჭრას გაბედავდა, მაგრამ ვერ დაჯაბნა, სულიერად ვერ გატეხა სასიკვდილო საფრთხეზე ფიქრმა. სიცოცხლე ჩაიგდო საფრთხეში და თავგანწირვის, მხნეობის, შემართებისა და სიმამაცის ნათელი მაგალითი უჩვენა სხვებს. როგორც ყოველთვის, არც მაშინ არ მიატოვა ჯეკი. სწორედ ის იბრძოდა „ძველი ჯეკის“ დასაბრუნებლად, როცა სოიერმა და ლოკმა საბოლოოდ ჩაიქნიეს ხელი და იფიქრეს, რომ სხვების ბანაკიდან წამოსული და სანაპიროზე დაბრუნებული ეს ქირურგი მტრების მხარეს გადავიდა. ოსტინს წამითაც კი არ შერყევია მისი რწმენა, რამეთუ იცოდა, ვინ იყო ჯეკი, რას წარმოადგენდა, როგორი პრინციპები, მიზნები და იდეები ჰქონდა. არც კი უფიქრია, რომ ეს პირუთვნელი ადამიანი „სხვებს“ მიემხრობოდა. მართალიც აღმოჩნდა: ეს მხოლოდ და მხოლოდ ჯეკის სტრატეგიის ნაწილი იყო. ქეითმა არა მხოლოდ საიდი, არამედ იარაღის სროლაში გაწაფული დანიელ რუსოც შეუერთა საკუთარ გუნდს, რადგან დამაჯერებელი, ლოგიკურად გამართული, მყარი არგუმენტები მოიფიქრა მის გადმოსაბირებლად.
როცა ბაკუნინს მიაკვლიეს ერთ-ერთ სადგურზე, ლოკმა მაშინაც კი ირაციონალობა და უჭკუობა გამოიჩინა, კომპიუტერი ჩართო, ჭადრაკის თამაში დაიწყო, დაბმულ ბაკუნინს მისცა თოკის მოშორებისა და იარაღის აღების შანსი, საფრთხეში ჩააგდო ქეითისა და საიდის სიცოცხლე, მერე კიდევ ერთხელ გამოიჩინა სიბრიყვე, ციფრები აკრიფა კომპიუტერის კლავიატურაზე, ააფეთქა სადგური, გაანადგურა ის ტექნიკა, მოწყობილობა, დანადგარები და გაყვანილობა, ნამდვილად რომ გამოადგებოდა საიდს. არაფერი უღონია საერთო მიზნის მისაღწევად. მანამდე პირველი ბუნკერიც ააფეთქა და მხოლოდ იმის თქმა შეძლო, შევცდიო.
ქეითი იყო ის, ვინც ყველას დაასწრო ჯუნგლების შუაგულში ნაპოვნ, იდუმალებით მოცულ ბუნკერში ჩასვლა. არავინ იცოდა, რა მოხდებოდა, თუკი ვინმე გაბედავდა იქ ფეხის დადგმას, მაგრამ კიდევ ერთხელ გამოიჩინა გულადობა და შეაღწია მის სიღრმეში. მართალია, გაჭირვებით ააფეთქეს (დინამიტით) იმ ბუნკერის კარი, რომელზეც სიტყვა „კარანტინი“ ეწერა და კაციშვილი არ უწყოდა, რა დახვდებოდათ იქ, რა ფათერაკი შეემთხვეოდათ, თუმცაღა, არ დაუხევია უკან. თამამად დაუპირისპირდა კბილებამდე შეიარაღებულ, სრულიად უცხო კაცს (დესმონდს). ოსტინი იყო ის, ვინც ყველას დაასწრო ელექტრულ ბოძზე აბობღება. საკუთარი თვალით ნახა, წამებით რომ ამოხდა სული ბაკუნინს, როცა გადაკვეთა მომაკვდინებელი ხაზი, მაგრამ მაინც გარისკა, რადგან ქეითი არასოდეს ყოფილა მხდალი. ყველა სარისკო გადაწყვეტილებაზე იღებდა პასუხისმგებლობას; არ ეპუებოდა ხიფათს; თავიდანვე ჩართული იყო ყველა საშიშ და სათუო წამოწყებაში; ყველა საკვანძო მნიშვნელობის ეპიზოდში მონაწილეობდა და ყველა ეპიკური სცენის განუყოფელ ნაწილად იყო ქცეული.
როცა ჯეკთან, საიდსა და ჯულიეტთან ერთად დაბრუნდა გადარჩენილთა ბანაკში, რაციონალურად განსაჯა მდგომარეობა და იეჭვა, რომ ჯულიეტს არ ჰქონდა გაწყვეტილი კავშირი „სხვებთან“; რომ არ შეიძლებოდა მისი ბოლომდე ნდობა. ასეთ საქმეებში გაწაფული საიდი დაეთანხმა და შეუქო ალღო, საზრიანობა და მიხვედრილობა.
როცა საიდი, ბერნარდი და ჯინი სანაპიროზე დარჩნენ „სხვების“ შეტევის მოსაგერიებლად, დანარჩენები კი მაღლობებისაკენ გაიხიზნენ, რათა რადიოკოშკზე ასულიყვნენ, ქეითმა დაიჟინა, რომ უცილობლად უნდა დაბრუნებულიყვნენ მებრძოლი სამეულის გადასარჩენად. მიუხედავად იმისა, რომ საიდმა სთხოვა, რაც არ უნდა მოხდეს, არ გამოიქცეთ ჩვენ საშველად, არ გვიდარდოთ, მიიყვანეთ საქმე ბოლომდე და SOS-სიგნალი გადაეცითო, ოსტინს ნომერ პირველ ამოცანად ესახებოდა „სხვებთან“ შერკინებული კუნძულელების დახმარება. ასეთივე სულისკვეთება გამოიჩინა მაშინაც, როცა არ მიატოვა ქოხმახში დარჩენილი შარლოტი და წავიდა საიდსა და მაილსთან ერთად.
ქეითს მტკიცე და ურღვევი მეგობრობა აკავშირებდა სანთან. წარმოშობით კორეელ ქალს ქმარი უკრძალავდა ყოველგვარ კონტაქტს სხვებთან, ოკეანეში ბანაობას… ისიც კი არ იცოდა, რომ ინგლისურად ლაპარაკობდა. როცა სხვები განსაცდელში იყვნენ, სანს კი მათი დახმარება სურდა, ჯინი ხელს უშლიდა. კუნძულზე საშინელი სიცხე-პაპანაქება და ხვატი იდგა, მაგრამ აიძულებდა გრძელსახელოებიანი, კისრამდე ღილებშეკრული მაისურებითა და კოჭებამდე კალთებდაშვებული კაბებით სიარულს, სხეულის საგულდაგულოდ დაფარვას. ქეითი მუდამ აგულიანებდა სანს, ესარჩლებოდა, იცავდა ჩაგვრისგან, ექომაგებოდა, მფარველობდა და ძალასა და მხნეობას მატებდა. უნდოდა, ამ ღირსებაშელახულ ქალს თავი დაეხსნა მარწუხებისაგან. როცა ჯინზე გაჯავრებული მაიკლი სანს აუყვირდა და მისკენ გაიწია, ქეითი გადაეფარა ქალს, გზა გადაუღობა აგრესორს, თვალები დაუბრიალა და მბრძანებლური ტონით შესძახა: „უკან დაიხიე, მაიკლ!“ ისიც მაშინვე დაემორჩილა. გამჭრიახი ოსტინი იყო პირველი, ვინც მიხვდა, რომ სანს ინგლისური ენა ესმოდა. მანამდე არავის უეჭვია ეს.
ერთ-ერთ ეპიზოდში სანი შურით შეჰყურებდა ოკეანეში მოცურავე ქეითს; შურდა მისი, რადგან არ შეეძლო ასე გალაღება, სამოსის გახდა, ბანაობა… ფრთები ჰქონდა შეკვეცილი. რეპრესირებულ და უფლებააყრილ ქალს ყელში ჰქონდა ამოსული ეს შეზღუდვები, ჩაგვრა, აკრძალვები, ოჯახური ტირანია, ფსიქოლოგიური ტერორი, ტოქსიკური ურთიერთობა და სწორედ ამიტომ სურდა ქმრისგან გაქცევა, როცა კორეაში ცხოვრობდა; სწორედ ამიტომ ღალატობდა მისტერ ლისთან, რომელმაც ინგლისური შეასწავლა. გარდა ამისა, მკურნალი სანს აბრალებდა უშვილობას, მიუხედავად იმისა, რომ მისი მეუღლე გამოდგა ბერწი. ექიმს არ უნდოდა ჯინის „კაცური ღირსების“ ასე „შებღალვა“ და იმის გამხელა, რომ უნაყოფო იყო. იცოდა, ვერ აიტანდა ამას და ცოცხლად დაწვავდა ექიმს. ამიტომაც, სანი გამოდგა მისი განტევების ვაცი.
ერთ მონაკვეთში ჩანს, როგორ ცდილობდა საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი სანი წყალში შესვლას, ქმარი კი დაეძგერა, აყალმაყალი აუტეხა და მოახურა რაღაც უშველებელი ძონძი. სერიის ბოლოს სანმა მაინც გაიტანა თავისი, თამამად მოიშორა ის ქსოვილი, მონობის მარწუხივით რომ შემოსჭდობოდა სხეულზე; ქვიშიან სანაპიროზე მოისროლა უტყვი მსხვერპლშეწირვის, მრავალწლიანი დუმილის, უხმოდ ატანილი ჩაგვრისა და ძალადობის ეს სიმბოლო, შეუპოვრად და გულუშიშრად გაეშურა აბობოქრებული ზვირთებისაკენ და აიხდინა გულისწადილი, რადგან უკვე აღარ ადარდებდა, რას ეტყოდა კაცი; რადგან უკვე ეზიარა ნანატრ თავისუფლებას და ვეღარავინ დაადებდა ხუნდებს. სამუდამოდ დასრულდა ის დრო, როცა სხვების ყურმოჭრილი მონა იყო, მათ ჭკუაზე დადიოდა და გამუდმებით შეაგონებდნენ, როგორ უნდა მოქცეულიყო. სანი შთაინთქა ოკეანის მომწვანო-მოლურჯო წყალში, საბოლოოდ ჩამოირეცხა მძიმე წარსული და განიწმინდა შინაგანად.
ქეითმაც განიცადა ამგვარი კათარზისი. მისი ხსნა სერიალის ერთ-ერთი ყველაზე მისტიკური ეპიზოდია. ერთ დილას მოჰკრა თვალი იმ შავ ცხენს, რომლის წყალობითაც, კუნძულზე მოხვედრამდე ცოტა ხნით ადრე, ხელიდან დაუსხლტა მარშალს, გაიქცა და თავი აარიდა სასჯელს. ჯეკსაც ჰქონდა ამგვარი ჰალუცინაცია: გარდაცვლილი მამის აჩრდილს ხედავდა; სოიერი ტახის მოკვლაზე ფიქრით იყო შეპყრობილი და ისე გავეშებით დასდევდა, როგორც ნამდვილ სოიერს გაეკიდებოდა მოსაკლავად. ქეითიც სწორედ ასე ხედავდა საკუთარი მძიმე წარსულის ანარეკლს ამ ცხენში. ეს ცხოველი თავისუფლების მოპოვების, ბორკილების დამსხვრევის, ტყვეობიდან თავის დაღწევის, ლაღი ნავარდისა და დაუსრულებელი ჭენების სიმბოლო იყო მისთვის, მაგრამ კუნძულზე ჩამოვარდნის შემდეგ იქცა მისი წარსულის განსახიერებად, თვალსაჩინო ხორცშესხმად. ოსტინსაც ისე აშინებდა ამ ცხენის დანახვა, როგორც ჯეკს – მამის აჩრდილისა.
ამ ეპიზოდში, ბოლოს და ბოლოს, გაიგო მაყურებელმა, რა ჩაიდინა ქეითმა. როგორც „ფლეშბექში“ ვიხილეთ, ცოცხლად დაწვა მამა, რომელიც ძალადობდა დედამისზე; აირი გაუშვა ოთახში და შეუბრალებლად ამობუგა. თავდაპირველად, არა მამა, არამედ მამინაცვალი ეგონა ის კაცი, სახელად უეინი, მაგრამ ხანი რომ გამოხდა, გაარკვია სიმართლე. ქეითმა იხსნა დედაც და საკუთარი თავიც. დედამისი იხსნა დედამისისგანვე, რამეთუ ის გვემული ქალი საკუთარი თავის მძევლად იქცა და ვერა და ვერ გათავისუფლდა საკუთარ გრძნობათა ტყვეობიდან. ოსტინი მივიდა იმ კაფეში, სადაც ის ქალი მუშაობდა, დაუტოვა სახლის დაზღვევის დამდასტურებელი ცნობა (მისი ფინანსური უზრუნველყოფაც კი არ დავიწყებია), უთხრა, გადაგარჩინეო, უკანასკნელად აკოცა და წავიდა. მშობელმა მაშინვე დაასმინა. ქალაქიდან გაქცეული ქეითი საშინლად ნაწყენი, გულნატკენი და გაბრაზებული იყო; არ ძალუძდა მისი პატიება და ასეთი საქციელის გამართლება, მაგრამ, მიუხედავად ამისა, უყვარდა, ზრუნავდა მასზე, იტანჯებოდა, მის მოსანახულებლად წავიდა რისკზე, თუმცა, ვერაფერი მიიღო დედისგან. მეტიც: ეს უკანასკნელი ეუბნებოდა, როგორიც არ უნდა ყოფილიყო ჩემი ქმარი, როგორც არ უნდა ეძალადა ჩემზე და ვეცემე, მიყვარდა, რადგან ჩემი არჩევანი იყოო. არაერთხელ სთხოვა ქეითმა, ეჩივლა დესპოტისათვის, მაგრამ არაფრის გაგონება არ სურდა. როგორც აღმოჩნდა, დედის ძალადობისაგან ხსნა იყო ერთ-ერთი და არა ერთადერთი მიზანი. შეიძლებოდა, მაყურებელს მეტისმეტად ბანალურ და გაცვეთილ მოტივადაც კი მოსჩვენებოდა ტირანის მკვლელობა. როგორც თავად აღიარებს ერთ-ერთი სოლილოკვიისას, მოკლა არა მხოლოდ იმიტომ, რომ დედას სცემდა; არა მხოლოდ იმიტომ, რომ ცდილობდა იმ კაცის ჩანაცვლებას, რომელიც მამა ეგონა; არა მხოლოდ იმიტომ, რომ აღარ შეეძლო მისი ავხორცი მზერის, უხამსი შეხების, უგვანი ქათინაურებისა და დებოშის ატანა; არა მხოლოდ იმიტომ, რომ ქეითს ხელებს უფათურებდა ხოლმე… მოკლა იმიტომაც, რომ მისი მამა აღმოჩნდა. მოკლა, რადგან ვერ აიტანა, რომ გამოდგა შვილი იმ მოძალადე მონსტრისა და უზურპატორისა, რომელიც ყველაზე მეტად სძულდა ამქვეყნად. ვერ შეეგუა იმ აზრს, რომ ასეთი არაადამიანი იყო მისი ნაწილი, მისი სისხლი და ხორცი; რომ რაკი მისი შვილი იყო, მის შინაგან სამყაროში არ იყო და ვერც იქნებოდა სიკარგის ნატამალი. მოკლა და სამუდამოდ მოაშთო ეს საძულველი და ამაზრზენი ნაწილი. მოაშთო და დაასამარა. საკუთარი ხელით აღასრულა სამართალი; თავად აღმოჩნდა ბრალმდებელიც, მსაჯულიც და ჯალათიც. მისი იყო შურისგება და მანვე მიაგო, უფლისა და განგების ნაცვლად. არავითარი აზრი არ ჰქონდა ჩივილს, რადგან კარგად იცოდა, დედამისი ისევ ხელს დააფარებდა საყვარელ ქმარს. მისი აზრით, სიკვდილი იყო ის ერთადერთი სასჯელი, რომელსაც იმსახურებდა უეინი. ქალაქიდან გადახვეწილმა ოსტინმა პირველ სიყვარულთან ერთად ამოთხარა ხის ძირას ჩაფლული ყუთი, რომელშიც პაწია, სათამაშო თვითმფრინავი იდო. როგორც აღმოჩნდა, მან და ტომმა ოცი წლით ადრე ჩამარხეს იქ, ერთ აუდიოფირთან ერთად. ავტომობილში ჩამსხდარნი, მელანქოლიური ღიმილით უგდებდნენ ყურს იმ ფირს; უსმენდნენ, რაზე ოცნებოდნენ სიყმაწვილის ჟამს, როგორ აწყობდნენ გეგმებს, როგორი ესახებოდათ იდეალური ცხოვრება, როცა სიყვარულით იყვნენ გულანთებულნი. ჟამთასვლამ ერთმანეთის მიყოლებით დაანგრია ქეითისა და ტომის ოცნების კოშკები და გაჰყარა მათი გზები…
როცა ძებნილი ოსტინი კიბოთი დასნეულებული დედის მოსანახულებლად მივიდა საავადმყოფოში, იცოდა, რაოდენ დიდი იყო მისი დაპატიმრების რისკი, მაგრამ ისე სურდა მისი უკანასკნელად ნახვა, გადაწყვიტა ამ ნაბიჯის გადადგმა. ქალმა, როგორც კი ქალიშვილი დაინახა, ყვირილი ატეხა და საშველად უხმო პოლიციას. ოსტინი მარჯვედ დაუსხლტა ხელიდან სამართალდამცველს, გათიშა კიდეც, მოხერხებულად გაიპარა შენობიდან, ჩახტა ტომის ავტომობილში და დასძრა. აი, სწორედ მაშინ მოხდა ის, რამაც საუკუნო დამღა დააჩნია. დაჟინებული თხოვნისა და ხვეწნა-მუდარის მიუხედავად, ტომი არ გადავიდა მანქანიდან. ქეითს შეაგონებდა, დანებებულიყო და ჩაჰბარებოდა პოლიციას. რაკი დამატებითი ძალები გამოიძახეს, ლოდინის დრო არ ჰქონდა. ყოველი წუთი გადამწყვეტი იყო. მრავალჯერ სთხოვა კაცს, გასცლოდა და დაენებებინა გაქცევა, თუმცა, ყური არ ათხოვა. ოსტინი იძულებული გახდა, გაექროლებინა ავტომობილი, რადგან, სადაც იყო, დაეწეოდნენ პოლიციელები. საუბედუროდ, ერთ-ერთი მათგანის ტყვიამ იმსხვერპლა მისი პირველი მიჯნური. შეიძლება, ითქვას, რომ ხელებში ჩააკვდა საყვარელ ქალს. შეძრული, სასოწარკვეთილი და თავგზააბნეული ქეითი უთუოდ უნდა გაქცეულიყო. სხვა გზა არ დარჩა. როცა ავტომობილიდან გადახტა, უკანასკნელად შეავლო თვალი ტომის უსულო სხეულს და უკანა სავარძელზე დადებული სათამაშო თვითმფრინავიც დაინახა.
გამოხდა ხანი და ეს თვითმფრინავი როგორღაც აღმოჩნდა ერთ-ერთი ბანკის საცავში. ქეითი თანამზრახველებთან ერთად დაესხა თავს იმ დაწესებულების თანამშრომლებს, შეაღწია საცავში, გააღო სეიფი, მაგრამ ხელი არ ახლო ფულს, ერთ დოლარსაც კი არ შეეხო და მხოლოდ ის ყუთი წაიღო, რომელშიც ის სათამაშო ინახებოდა. კუნძულზე მოხვედრის შემდეგ თავგანწირვით იბრძოდა იმ ჩემოდნის დასაბრუნებლად, რომელშიც ის თვითმფრინავი იდო; ეჩხუბა ჯეკსაც და სოიერსაც; თავი არ დაზოგა, რათა როგორმე გაეღო. შეფარდს გაუკვირდა, ნუთუ ამ პატარა თვითმფრინავის გამო ატეხა ასეთი ალიაქოთი და აყალმაყალიო. ქეითი თვალისჩინივით უფრთხილდებოდა იმ სათამაშოს, რადგან ძალზე ძვირფასი იყო მისთვის; ნამდვილ საუნჯედ მიაჩნდა.
ჯეკმა კატეგორიულად მოსთხოვა სიმართლის გამჟღავნება; იმის თქმა, ვის ეკუთვნოდა ის სათამაშო და რატომ აღუძრავდა ესოდენ მძაფრ გრძნობებს. გულამოსკვნით აქვითინებულმა ოსტინმა მიუგო: „იმ ადამიანის იყო, რომელიც მიყვარდა და მოვკალი“. მიუხედავად იმისა, რომ ბრალი არ მიუძღოდა მის სიკვდილში, დამნაშავედ გრძნობდა თავს.
სერიის ბოლოს ჩანს, რომ ქეითმა ჰპოვა შვება, გათავისუფლდა შინაგანად, მიაღწია ხსნას, კათარზისს; მიუახლოვდა ცხოველს, ანუ იმ შავ ცხენს, რომელსაც ასე უფრთხოდა და გაურბოდა; მოეფერა და გაუშვა. გაუშვა და თან გააყოლა თავისი მძიმე წარსულის ხატება. ეს ცხენიც და ჯეკის მამის მოჩვენებაც იყო შავი კვამლის მონსტრის ერთ-ერთი გარდასახვა. ეს ბედაური კუნძულის მცველმა, ჯეიკობმა, მოუვლინა ოსტინს, როცა მარშალმა დააპატიმრა; მოუვლინა, რათა თავისუფლება მოეპოვებინა, გაქცეულიყო, კუნძულზე მოხვედრილიყო და შეესრულებინა დაკისრებული მისია. ძალზე შთამბეჭდავი იყო ქეითის ამგვარი კათარზისი, შინაგანი ხსნა და ნეტარ თავისუფლებასთან ზიარება.
კიდევ მრავალჯერ დამტკიცდა, რაოდენ ჭკვიანი სტრატეგი იყო. წამის გაელვებაში მიაგნო დაჭრილი ნაომის კვალს, როცა ეს უკანასკნელი გაიქცა. მიხვდა, ის გოგონა კვალს ურევდა ყველას. ჯეკი შეცდა და ცრუ კვალს მიჰყვა, ქეითმა კი სწორად განსაჯა ყოველივე და გადამცემიც მარჯვედ, შეუმჩნევლად ამოაცალა შეფარდს ჯიბიდან. ბენი მაშინვე მიხვდა, რომ ქეითი თავიდანვე სწორ გზას დაადგა. მოახსენა კიდეც ჯეკს, ოსტინმა სიმართლე გითხრა, მაგრამ არ შეისმინეო.
ტაძარში რომ იყვნენ ,,სხვებთან” ერთად, უშიშრად წავიდა გაქცეული სოიერის მოსაძებნად, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, შავი კვამლის მონსტრი ნადირობდა მათზე. ლოკის სხეულში ჩასახლებულ იმ ურჩხულს განზრახული ჰქონდა ყველას ამოხოცვა, მაგრამ მამაცი და შეუპოვარი ქეითი არ შეჩერდა და წავიდა ტაძრიდან. ხვდებოდა, რა ხიფათიც ელოდა გალავანს მიღმა, მაგრამ არ დამალულა. ,,სხვები” ცრუ კვალს დაადგნენ, მან კი, უტყუარი და შეუმცდარი ალღოს წყალობით, დაასკვნა, რომ სოიერმა განგებ აურია თავგზა მდევრებს. სულ რამდენიმე წამი დასჭირდა მისი ნაფეხურების მისაგნებად. მიხვდა, ,,სხვები” მათ დახოცვას აპირებდნენ. მათგან რომ დაეხსნა თავი, ოსტატურად და მოხერხებულად დაგეგმა ყველაფერი: მარდად გააბა ხაფანგში ორი შეიარაღებული კაცი და თოფებიც აართვა.
როცა „დჰარმას“ წევრებად ასაღებდნენ თავს (წარსულში დაბრუნების შემდეგ), სისხლი გადაუსხა მძიმედ დაჭრილ, პატარა ბენს. ქეითმა წარმოუდგენელი ჰუმანიზმი, ალტრუიზმი და კეთილშობილება გამოავლინა: დაეხმარა მას, ვინც სასიკვდილოდ გაიმეტა ისიც, მისი საყვარელი ადამიანებიც და მთელი კუნძულიც; ვის გამოც ჯოჯოხეთური დამცირება, ძალადობა, ტანჯვა-წამება, ტყვეობა, ცემა და ტკივილი გადაიტანა. მეტიც: ქალმა ჯეკს ჩხუბი აუტეხა, როცა ამ ექიმმა უარი თქვა მის დახმარებაზე და დასძინა, რომ არ გადაარჩენდა ბოროტების განსახიერებას. ოსტინმა შეახსენა, როგორი იყო „ძველი“ ჯეკი; შეახსენა, რომ ოდინდელი შეფარდი დაუფიქრებლად დაეხმარებოდა გაჭირვებულს, განწირულს და არავითარი მნიშვნელობა არ ექნებოდა მის ვინაობას. რაკი ვერ შეძლო მისი დარწმუნება, კიდევ ერთხელ გამოიჩინა ზეადამიანური კეთილშობილება, უშიშრად ჩაჯდა ავტომანქანაში და კუნძულის მეორე ბოლოსაკენ გააქროლა ბავშვი, რათა „სხვებს“ გადაერჩინათ. იცოდა, კამერებით რომ უთვალთვალებდნენ „დჰარმას“ წარმომადგენლები, ყველაფერს აკონტროლებდნენ და თუ ნახავდნენ ჩანაწერის კადრებს, დაუფიქრებლად მოკლავდნენ, მაგრამ იმდენად გულუშიშარი, თავნება, ჟინიანი და კერპი იყო, არც კი უფიქრია ბანაკში დარჩენა და დანებება. ვის გამო ჩაიგდო თავი საფრთხეში? ვის გადასარჩენად იბრძოლა ასე შეუპოვრად? ბენის… უდიდესი შინაგანი ძალა უნდა ჰქონდეს ადამიანს, წარმოუდგენლად დიდსულოვანი და ზეამაღლებული უნდა იყოს, რათა ასეთი რამ რომ შეძლოს. ნათლად გამოვლინდა მისი ამგვარი დიდსულოვნება და დიდბუნებოვანობა ავსტრალიაში ყოფნისას, ანუ ავიაკატასტროფამდე ცოტა ხნით ადრე: ძებნილი ოსტინი პოლიციაში დაასმინა ერთმა ავსტრალიელმა ფერმერმა, რომელსაც დიდძალი თანხა უნდა მიეღო დაბეზღების სანაცვლოდ. ქეითი მიხვდა, რა განზრახვაც ამოძრავებდა იმ კაცს, რომელსაც ავტომობილით მიჰყავდა. მაშინვე აუკრა ხელი საჭეზე. ფურგონი ამოტრიალდა და ცეცხლის ალში გაეხვა. მიუხედავად იმისა, რომ პოლიციელი მოსდევდა, არ მიატოვა დაშავებული ბერიკაცი, გადმოათრია ალმოდებული მანქანიდან და უსაფრთო ადგილას დააწვინა. როცა კუნძულზე მოხვდნენ, მარშალმა უთხრა: „მახსოვს, თვითმფრინავის ჩამოვარდნამდე რამდენიმე წამით ადრე რომ მითხარი, ერთი სათხოვარი მაქვსო, მაგრამ ვეღარ დაასრულე სათქმელი. ახლა მითხარი, რა სათხოვარი გაქვს“. ქეითმა მიუგო მომაკვდავ მარშალს, მინდა, დარწმუნებული ვიყო, რომ დაპირებულ ჯილდოს (23,000 დოლარს) მისცემენ იმ ფერმერსო. კაცი სახტად დარჩა. ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ქალს ადარდებდა იმ ადამიანის ბედი, რომელმაც ფულის მიღების მიზნით დააბეზღა და ციხეში ჩასაგდებად გაწირა. დიახ, ოსტინს ნამდვილად ანაღვლებდა მისი ბედი და წუხდა მისი მდგომარეობის გამო, რადგან მოხუცს ძლიერ უჭირდა, ვალებში იხრჩობოდა და იჯარას ვერ იხდიდა. მარშალმა შეახსენა, რომ გაქცეულიყავი და ფურგონიდან არ გადმოგეყვანა ის ბებერი, ვერ დაგიჭერდიო. ეს თავადაც კარგად იცოდა ქალმა, მაგრამ მაინც არ მიატოვა გამყიდველი და იბრძოლა მისი სიცოცხლის გადასარჩენად. გაოგნებულმა მარშალმა იმის თქმაღა შეძლო, რომ ქეითი უბადლო ადამიანი იყო, ერთადერთი, განუმეორებელი და სწორუპოვარი. ნამდვილად ასეთი იყო. უნიკალური და „One of a kind“.
როცა „დჰარმას“ მუშაკებმა ცეცხლი გაუხსნეს, გუნებაში არ გაუვლია სამალავში შეძრომა. მამაცად დაავლო ხელი იარაღს და ტყვიები დაუშინა დაუნდობელ და უმოწყალო თავდამსხმელთ.
მეხუთე სეზონის ბოლოს კიდევ ერთხელ გახდა ცხადი, რა ძლიერი, თავდადებული, ერთგული და შეუდრეკელი იყო.
როცა მიხვდა, რომ ჯეკის მოკვლას აპირებდნენ „დჰარმას“ წევრები, წამითაც კი არ უყოყმანია, ისე გაქანდა მის დასახმარებლად. იცოდა, მტერს რომ ჰქონდა საგრძნობი რაოდენობრივი უპირატესობა და უთვალავი იარაღი, მაგრამ მზად იყო, თავი შეეკლა, ოღონდაც ჯეკი ცოცხალი და საღ-სალამათი ყოფილიყო. როგორც კი შერკინების ადგილას მივიდნენ, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და მომგებიანი პოზიცია დაიჭირა, მოხერხებულად ჩაუსაფრდა იერიშზე გადმოსულთ, მიზანში ამოიღო მრავალი მათგანი, არც ერთს არ ააცდინა ტყვია და დაღუპვისაგან იხსნა ჯეკი, სოიერი, ჯულიეტი, მაილსი და სხვები.
როცა ელექტრომაგნიტური ველი გააქტიურდა და ჯულიეტი ჩაითრია თვალუწვდენელ ჭაში, ქეითი იყო ის პირველი მხსნელი, რომელიც მისკენ გაქროლდა. იმდენად მძლავრი აღმოჩნდა ელექტრომაგნიტიზმი, ყველა ნივთის ჩათრევა დაიწყო. ქეითმა საკუთარი თვალით ნახა, როგორ გაუპო გული უზარმაზარმა რკინამ ,,დჰარმას” ერთ წევრს. იცოდა, თავადაც დიდი საფრთხე ემუქრებოდა. შეიძლებოდა, ნებისმიერ წამს მოჰხვედროდა რაღაც მძიმე საგანი და იქვე დაელია სული, მაგრამ რაკი ჯულიეტს სასიკვდილო საფრთხე ემუქრებოდა, არად ჩაუგდია ხიფათი. უკანასკნელ წამამდე თავდაუზოგავად ლამობდა მისთვის ჯაჭვის მოხსნას. არც კი უფიქრია მისი მიტოვება, სანამ ჯულიეტმა თავად არ გაუშვა ხელი სოიერს.
მიუხედავად ყოველივე ზემოთქმულისა, ძალზე ხშირად იწერება მიზოგინიური და სექსისტური ელემენტებით გაჯერებული კრიტიკა ქეითის წინააღმდეგ. ამგვარი კრიტიკოსები მორალურ მსაჯულებად გვევლინებიან. მათი აზრით, ოსტინი ამაზრზენია, რადგან ჯეკთანაც აქვს ურთიერთობა და სოიერთანაც. უფასურდება მთელი ისტორია, წინარე ისტორია, პერსონაჟის განვითარება, შეუპოვარი ბრძოლა, სიმამაცე და გაუტეხლობა. პატრიარქალური აღქმის უცხადესი გამოვლინებაა ქეითის ასეთი დაკნინება, მისი წარმოჩენა სოიერსა და ჯეკს შორის გახლეჩილ, ურთიერთსაწინააღმდეგო გრძნობათა კონფლიქტში დაკარგულ ინდივიდად. ამგვარი კრიტიკოსების პრობლემა სწორედ ისაა, რომ ქეითს ვერც კი აღიქვამენ ჯეკისა და სოიერის ბინარული ოპოზიციის მიღმა; ვერც კი იაზრებენ, რომ ქეითი ამ ორი კაცის გაცნობამდე არსებობდა; რომ მისი განვითარების, ისტორიისა და განვლილი გზის მათთვის „მიკერება“ გამრუდებული და დამახინჯებული აღქმის საწინდარია; რომ იგი მეტად ღრმა, საინტერესო, მრავალწახნაგოვანი, მდიდარი შინაგანი სამყაროთი, დიდი შინაგანი დრამატიზმითა და ტრაგიზმით გამორჩეული ადამიანია, მებრძოლი და შეუდრეკელი. ჯეკისა და სოიერის კუნთების თამაშის, ძალაუფლებისათვის ბრძოლისა და მასკულინური დაპირისპირების მიღმა არსებობს ქეითი, თავისი ისტორიით, ინდივიდუალური ზნე-ხასიათით, ნიშან-თვისებებით, წარსულით, ბრძოლით, ტკვილით და ა.შ..
ასეთი ადამიანები ქეითისგან „მოითხოვენ“ ერთ-ერთის არჩევას; მიაჩნიათ, რომ ესაა მისი ,,ჩამოუყალიბებლობისა” და „აცუნდრუკების“ ნიშანი. მათდა გასაოცრად უნდა აღინიშნოს, რომ ამას ჩამოუყალიბებლობა კი არა, სასიყვარულო სამკუთხედი და პოლიამორული ურთიერთობა ჰქვია. ეს „არჩევა“ სულაც არაა საჭირო: ჯეკის ის თვისებები ხიბლავს, სოიერს რომ არ გააჩნია; სოიერის ის თვისებები იზიდავს, ჯეკს რომ არ აქვს და ა.შ.. ეს ორი პერსონაჟი ავსებს ერთმანეთს. ისიც საყურადღებოა, რომ ასეთი კრიტიკოსები მხოლოდ ქალებისგან მოითხოვენ „კატეგორიულად“ და „მუშტების ბრახუნით“ სასიყვარულო სამკუთხედის დანგრევასა და ერთ-ერთის არჩევას. ამგვარ დამოკიდებულებას იჩენენ ისინი, ვინც აუღელვებლად უყურებენ, როგორ დარბიან პერსონაჟი კაცები საყვარლებს, ან ცოლებსა და საყვარლებს შორის გრაფიკის მიხედვით. „რატომღაც“, არასოდეს მოუვათ თავში აზრად, ისინი დაამუნათონ ამ მიზეზით და ჩამოუყალიბებელი, სუსტი და „გრძნობებით მოთამაშე“ უწოდონ კრიტიკულ წერილებში. ცხადია, ამგვარ მოაზროვნეთათვის სრულიად მიუღებელია ის აზრი, რომ კაცსაც და ქალსაც შეუძლია თავისუფალი ურთიერთობით ტკბობა, პოლიამორული და პოლიგამიური კავშირების გაბმა და ა.შ..
ქეითის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ არასოდეს დაუწყია ფარისევლობა, თვალთმაქცობა, ორპირობა, ფლიდობა, თამაში, ერთგულების ნიღბის მორგება; არ შეუფიცავს ერთგულება არც ჯეკისთვის, არც სოიერისათვის. თავიდანვე გულწრფელი იყო ორივეს წინაშე. ორივემ იცოდა მისი გრძნობების შესახებ. ზურგსუკან არ გაუმაბს ურთიერთობა არც ერთთან და არ უთამაშია ამაზრზენად.
თავდაპირველად, როცა ქეითმა გამოიჩინა ინიციატივა (მგზნებარედ აკოცა ჯეკს მეორე სეზონის მეცხრე სერიაში), არც კი მოჰყოლია გაგრძელება ამ წამიერ ამბორს. ინტერესი და სურვილი ვერ შეატყო და შესაბამისად, მიიჩნია, რომ ამ თავდადებულ ექიმს არ ჰქონდა მასთან რომანტიკული ურთიერთობისა და ბობოქარი რომანის გაბმის სურვილი. შეფარდი ისე იქცეოდა, თითქოს არც არაფერი მომხდარა. როცა სოიერთან ჰქონდა ურთიერთობა (მესამე სეზონის მეექვსე სერიაში პირველად მინებდნენ გრძნობას), არაფერი ხდებოდა მასა და ჯეკს შორის. შესაბამისად, არ იყო ვალდებული, ეერთგულა იმ ადამიანისათვის, რომელთანაც არ ჰქონდა სასიყვარულო კავშირი და რომელსაც არავითარი ინტერესი არ ეტყობოდა.
ჯეკისა და სოიერის გარეშეც დიდი ისტორია აქვს ამ პერსონაჟს. ყოველივე ამისთვის ხაზის გადასმა ნიშნავს იმას, რომ მიზოგინები საერთოდ ვერ ჩასწვდნენ ამ გმირს და არც კი უცდიათ, რამე გაეგოთ. ჯეკსა და სოიერს შორის არჩევის „შეუძლებლობა“ არა „სიცანცარის“, ჩამოუყალიბებლობისა და სისულელის, არამედ იმის ნიშანია, რომ თავდაპირველად, ორივესთან სურდა ურთიერთობა, ორივეში პოულობდა რაღაც ისეთს, რაც მოსწონდა, აღაფრთოვანებდა და იზიდავდა. ჯეკი მოსიყვარულე, ალერსიანი, თბილი, მზრუნველი და სტაბილური ადამიანი იყო, ხოლო არასტაბილური, არასაიმედო და ტოქსიკური სოიერი ინტრიგად, თავგადასავლად, ვნებად, გზნებად, ჟინად და ავანტიურად ეჩვენებოდა.
ბოლოს და ბოლოს, ოსტინმა მაინც აირჩია ერთი; გადაწყვიტა, რომ ჯეკი იყო მისი ერთადერთი, ჭეშმარიტი და მარადიული სიყვარული; ის ადამიანი, რომელიც სულ უყვარდა (მაშინაც კი, როცა სოიერთან ჰქონდა კავშირი), სიცოცხლის ბოლომდე და სიკვდილის შემდეგაც კი ეყვარებოდა. სოიერმა ჯულიეტთან ყოფნა არჩია.
სერიალის ფინალურ სერიებში ვნახეთ, რომ მძიმედ დაჭრილი, სისხლით მოთხვრილი და ძალღონემიხდილი ოსტინი კლერზე დარდობდა. როცა ჯეკი ჭრილობას უკერავდა (სიმბოლურია, რომ ასე შეიცვალა როლები სერიალის დასასრულს: პირველ სერიაში ოსტინმა გაუკერა ჭრილობა, ფინალში კი შეფარდმა ითავა ქეითის ჭრილობის გაკერვა), ქალი ფიქრობდა არა საკუთარ თავზე, არამედ ჯეკზე, სანზე, ჯინზე, საიდზე, კლერსა და სხვებზე; შურისძიებაზე, ლოკის მოკვლასა და ბოროტების მოშთობაზე. მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, სამაგიერო გადაეხადა შავი კვამლის მონსტრისათვის. უნდოდა, ლოკს ეზღო მათი მეგობრების მკვლელობის გამო. როგორც კი თვალი მოჰკრა გორაკზე მიმავალ იმ საძულველ არსებას, გულადად დაუშინა ტყვიები, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, ლოკს დიდი უპირატესობა ჰქონდა მასთან შედარებით და შეეძლო, თვალის დახამხამებაში, უწვალებლად მოეკლა. შავმა კვამლმა ურჩია, ტყვიები შემოინახეო. მაინც არ მინებდა შიშს, რადგან გამძვინვარებული იყო და შურისძიება სწყუროდა.
აისრულა კიდეც წადილი: ქეითმა ჩინებულად შეასრულა დაკისრებული მისია კუნძულზე და დაამთავრა უდიდესი მოგზაურობა. როცა გადამწყვეტი, უკანასკნელი ბრძოლა გაჩაღდა ჯეკსა (ეს გმირი კუნძულის მცველი გახდა, აბსოლუტური სიკეთის, სათნოების, სისპეტაკის, სითეთრისა და სინათლის განსახიერებად იქცა) და ლოკს (შავი კვამლის მონსტრის გარდასახვად, აბსოლუტური ბოროტების, სიავის, უკეთურებისა და წყვდიადის ხორცშესხმად მოგვევლინა სერიალის ფინალში) შორის, ოსტინმა გადაარჩინა ძვირფასი ჯეკი, ერთადერთი ტყვია დაახალა ურჩხულს, ნიშნის მოგებით მიაძახა კიდეც, აი, ხომ ხედავ, ტყვია შემოგინახეო, გადაწყვიტა ეპიკური შერკინების მონაწილეთა ბედი, წერტილი დაუსვა სიკეთისა და ბოროტების ორთაბრძოლას, ბოლო მოუღო არმაგედონს, ჩაძირვისაგან იხსნა კუნძული, ბოროტებისა და წყვდიადის გამეფებისა და დაღუპვისაგან იხსნა სამყარო, საუკუნო სიყვარული აღუთქვა ჯეკს, ცრემლმორეული გამოეთხოვა და სთხოვა, დამპირდი, რომ ისევ გნახავო (თუმცა, მშვენივრად იცოდა, ვეღარასოდეს იხილავდა, რადგან ჯეკს განზრახული ჰქონდა თავის გაწირვა კუნძულის გადასარჩენად), მერე უკანასკნელად ეამბორა, შეუსრულა თხოვნა – ჩაჯდა თვითმფრინავში (არ გატეხა სიტყვა და კლერიც თან წაიყვანა) და გაფრინდა კუნძულიდან. იქ დატოვა საყვარელი ადამიანი, მაგრამ სიკვდილამდე შემოინახა მისი ნათელი მოგონება. გარდაცვალების შემდეგ, ყველა გმირმა გამოიგონა ერთი სამყარო, ერთგვარი ალტერნატიული რეალობა, რათა ეპოვათ ერთმანეთი. ბოლოს, ყველამ (მათ შორის იყვნენ ქეითი და ჯეკი) მოიყარა თავი ტაძარში; ყველანი ერთად გარდავიდნენ უკეთეს სამყაროში, დაუსაბამობაში, თვალისმომჭრელ სინათლესა და მარადისობაში. იქაც გაგრძელდა ეს ოდისეა.