„ქოლგა თბილისი ფოტო“ 20 წლისაა

რეკლამა

 

წელს ფოტოკვირეული „ქოლგა თბილისი ფოტო“, არსებული რეალობის გათვალისწინებით, განსხვავებული ფორმატით ჩატარდება. მეოცე, საიუბილეო წელს, ვირტუალური და ფიზიკური ღონისძიებებით, ქოლგა თბილისი ფოტო მთელი წლის განმავლობაში უმასპინძლებს გამოფენებსა და ვორკშოპებს.

ფოტოკვირეულის წარმდგენია – თიბისი,  მუდმივი მხარდამჭერი თბილისის მერია, და პარტნიორები – მთავარი არხი, არტარეა, რადიო კომერსანტ, არდი, ალმა, at.ge- და პუბლიკა.

7 მაისს, ფოტოკვირეულის გახსნაზე, „ქოლგა თბილისი ფოტოს“ სოციალურ ქსელში აუდიტორიამ საერთაშორისო ფოტოკონკურსის დაჯილდოების სიუჟეტი იხილა. საერთაშორისო ჟიურის მიერ გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში გამოვლინდებიან: 

  • დოკუმენტური სერია
  • რეპორტაჟი
  • კონცეპტუალური ფოტოპროექტი
  • ერთი კადრი
  • საუკეთესო მობილური ფოტო

წელს ფოტოკონკურსის საპრიზო ფონდმა 18 000 ლარი შეადგინა. პირველი სამი ნომინაციის გამარჯვებულებს გადაეცემათ 4500 ლარი, საუკეთესო ერთი კადრის გამარჯვებულს 3000  ლარი, ხოლო საუკეთესო მობილური კადრის ნომინაციაში გამარჯვებულს კი 1500 ლარი.

გამარჯვებულთა გამოსავლენად კონკურსზე მუშაობდა საერთაშორისო ჟიური:

  • ვანესა უინშიპი  –  ფოტოგრაფი (დიდი ბრიტანეთი)
  • გეორგ გეორგიუ – ფოტოგრაფი (დიდი ბრიტანეთი)
  • თინა შელჰორნი  –  გალერისტი, კურატორი (გერმანია)
  • სტივენ ჩოუ  – ფოტოგრაფი (ჩინეთი)
  • იენს ფრისი – გამომცემელი (დანია)

ჟიურის გადაწყვეტილებით კონცეპტუალური სერიის ნომინაციას ყავს ორი გამარჯვებული: ანდრეა პიეტრო სინიორი სერიით – შეჩერებულია. სირიელი ლტოლვილების ცხოვრება სოფლადმარჯიუნში, ლიბანური კრიზისის პირობებში  და ჯენიფერ ქრეინი  კანონგარეშე (და სხვა წარუმატებელი პორტრეტები)  

დოკუმენტური კატეგორიაში გაიმარჯვა – ემილ დიუკემ სერიით  “მდინარე  შუაში”  

რეპორტაჟის კატეგორიაში საუკეთესო პროექტად დასახელდა ალესიო პადუანოს  – კორონა ვირუსის პანდემია იტალიაში

ერთი კადრი – კასპარ კლაასენი  – ბებიას ჩახუტება

ხოლო მობილური ერთი კადრის გამარჯვებული გახდა ზუკა კოტრიკაძე ფოტოთი – სადგური წერეთელი.

საერთაშორისო კონკურსის ერთი კადრის ნომინაციაში ყველა არჩეული ფოტოს გამოფენა თბილისის მერიის დახმარებით იმართება ბარათაშვილის ხიდზე მოწყობილ ქოლგას გარე საგამოფენო სივრცეში განლაგებულ ლაითბოქსებზე.

ქოლგა თბილისი ფოტოს ფარგლებში, მაისში, გაიმართება ქართველი ფოტოგრაფების, დარო სულაკაურის (14 მაისი, თიბისის საგამოფენო სივრცე), დათო ქორიძისა (15 მაისი, უსახელო გალერეა) და სანდრო მამასახლისის (18 მაისი, ი.გრიშაშვილის სახ.თბილისის ისტორიის მუზეუმი ქარვასლა) პერსონალური გამოფენები.

„ქოლგა თბილისი ფოტო”, ასევე, აქტიურად მუშაობს საგანმანათლებლო კუთხითაც, რაც გულისხმობს ხელოვნების ადგილობრივი წარმომადგენლებისთვის ახალი შესაძლებლობების და ცოდნის გაზიარებას და სწორედ ამ მიმართულებით 2021-შიც რამდენიმე ვორქშოფსა და Artist Talk-ს ატარებს, სადაც მონაწილეობის მიღება ყველასთვის უფასოა.

ფოტოგრაფია, როგორც ენა: ფოტოდან წიგნამდე – ამერიკული კოლექტივის, „გამოსახულების ნაკადის„ ოთხდღიანი ვირტუალური ვორქშოფი, რომელიც ფოტოწიგნის შექმნის საფუძვლებს შეეხება.

პოლაროიდის ემულსიიდან ბეჭდვის ხელოვნება – ანალოგური ტექნიკის გამოყენებით ეს ვორქშოპი მიზნად ისახავს ჩვენ მიერ შექმნილ ფოტოებთან ემოციური და ფიზიკური კავშირის დაბრუნებას.

ფოტო ამბის რედაქტირება ხოსე სარმენტო მატოსთან ერთად – ხოსე სარმენტო მატოსი სტუდენტებთან ერთად იმუშავებს უკვე გადაღებული ან მიმდინარე ფოტო პროექტების რედაქტირებაზე. ხოსე, როგორც ფოტოდოკუმენტალისტი და ლექტორი, მთელ თავის გამოცდილებას ვორქშოპის მთავარ მიზანს მოახმარს, რაც გულისხმობს ამბის თხრობის და ვიზუალური ნარატივის ფოტოების სახით ორგანიზების უნარის გაუმჯობესებას, ამ პროცესის ყველა ეტაპის გათვალისწინებით.

ვიზუალური თხრობის ვორკშოპი – ირლანდიური ვიზუალური თხრობის პლატფორმა FemLens.

Artist Talk: იევგენი როპელი – გერმანელი ფოტოჟურნალისტი, რომელიც აუდიტორიას გაუზიარებს იმ შესაძლებლობებს, რომლებსაც ფრილანსერობა იძლევა 21-ე საუკუნეში – როგორ ვითანამშრომლოთ საერთაშორისო მედიასთან.