რეტინოლი A ვიტამინის ფორმაა, რომელიც გადამწყვეტ როლს თამაშობს ჯანსაღი კანის, მხედველობისა და იმუნური ფუნქციის შენარჩუნებაში.
მას აქვს უნიკალური უნარი, ხელი შეუწყოს უჯრედების ცვლასა და კოლაგენის წარმოებას. ეს უკანასკნელი კი ჩვენი კანის ელასტიურობის, ახალგაზრდობისა და ჯანსაღი იერის საწინდარია.
რეტინოლი ძლიერი მჟავაა, რომელიც ღრმად აღწევს კანში. მისი მოქმედების შედეგად ჩვენი კანი ხდება გლუვი და იძენს ერთიან, თანაბარ შეფერილობას, უმჯობესდება სტრუქტურაც.
როგორ და როდის გამოიყენება რეტინოლი?
კანი დაახლოებით 25 წლის ასაკიდან კარგავს რეგენერაციის უნარს და სულ უფრო ნაკლებ კოლაგენს წარმოქმნის. რეტინოლი სწორედ მისი წარმოქმნის სტიმულირებისა და ნაოჭების წინააღმდეგ საბრძოლველად გამოიყენება.
თუმცა, როგორც ვთქვით, მას არა მხოლოდ კოლაგენის წარმოქმნის სტიმულირების, არამედ კანის სიჯანსაღეზე ზრუნვის უნარი აქვს, ამიტომაც დერმატოლოგები სხვადასხვა პრობლემის სამკურნალოდ უფრო პატარა ასაკშიც ნიშნავენ. ერთ-ერთი ასეთი პრობლემა კი ჰიპერჰიგმენტაცია ან აკნე შეიძლება იყოს.
რადგანაც რეტინოლი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მჟავაა კანის მოვლის საშუალებებს შორის, დერმატოლოგები სხვადასხვა რჩევას გვაძლევენ მის რუტინაში ჩასმასთან დაკავშირებით.
გაფრთხილება: არ შეიძლება რეტინოლის გამოყენება ორსულობის ან ლაქტაციის პროცესში. მჟავას ბავშვის ორგანიზმისთვის სერიოზული საფრთხის მოტანა შეუძლია.
პირველ რიგში, უმჯობესია მისი გამოყენება შემოდგომაზე, მზიანი ამინდების დასასრულს დავიწყოთ, რათა კანს ორმაგი გაღიზიანება ავარიდოთ — მზის სხივები და მჟავა.
კიდევ ერთი რეკომენდაცია, რასაც სპეციალისტები გასცემენ, რეტინოლის შრატის დაბალპროცენტიანი ფორმით მიღებაა — სახის კანის მოვლის რუტინაში მისი ჩართვა 0.1%-იანი ხსნარით უნდა დავიწყოთ და ნელ-ნელა გავზარდოთ როგორც გამოყენების სიხშირე, ისე პროცენტულობაც.
რეტინოლი ღამის რუტინის პროდუქტია, რადგან მზის სხივებისა და რეტინოლის კომბინაციას კანის დაზიანება შეუძლია. ის კანის კარგად გაწმენდისა და დაბანის შემდეგ, ნოტიო ზედაპირზე დაიტანება, რის შემდეგაც შესაძლებელია დამატენიანებელი საშუალების, მაგალითად, ღამის კრემის წასმა. უნდა მოვერიდოთ რეტინოლის თვალში მოხვედრას. აღსანიშნავია, რომ რეტინოლის გამოყენების შემდეგ, მომდევნო დილას აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ მზისგან დამცავი საშუალებები.
მიუხედავად ზოგადად არსებული წესებისა, უმჯობესი იქნება, თუკი რეტინოლს ან მის მსგავს აქტიურ ნივთიერებას სახის მოვლის რუტინაში თვითნებურად არ დავამატებთ და კონსულტაციას დერმატოლოგთან გავივლით.
სპეციალისტთან ვიზიტი დაგვეხმარება ზუსტად შევარჩიოთ ჩვენი კანისთვის საჭირო რეტინოლის სახეობა, გავწეროთ მისი გამოყენებისა და რუტინაში შეტანის გრაფიკი.
რა გვერდითი მოვლენები შეიძლება ჰქონდეს რეტინოლის გამოყენებას?
გამომდინარე იქიდან, რომ რეტინოლი ძალიან აქტიური ნივთიერებაა, საჭიროა გვერდითი მოვლენებისა და სხვადასხვა ალერგიული რეაქციის შესახებ ინფორმაციის ქონაც.
ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა ნივთიერებაზე, რეტინოლზეც შეიძლება გქონდეთ ალერგიული რეაქცია.
შესაძლებელია, რომ საწყის ეტაპზე მისმა გამოყენებამ კანის სიმშრალე გამოიწვიოს — ამ პროცესების სამართავად კი უმჯობესი იქნება, დერმატოლოგი დავიხმაროთ.
სპეციალისტთან კონსულტაცია მნიშვნელოვანია იმიტომაც, რომ რეტინოლის გამოყენება რუტინაში ნებისმიერ სხვა ნივთიერებასთან ერთად არ შეიძლება. ასეთი ნივთიერებებია, მაგალითად, (AHA) და (BHA) მჟავები — როგორიცაა გლიკოლის მჟავა და სალიცილის მჟავა. ისინი ამქერცლავი საშუალებებია და კანის ტექსტურის გასაუმჯობესებლად გამოიყენება. ამ მჟავების რეტინოლთან კომბინაციამ შეიძლება გაღიზიანებისა და მგრძნობელობის რისკი გაზარდოს. ეს კი გამოიწვევს კანის ანთებასა და ზედმეტად აქერცვლას.