ნინი კელენჯერიძე ახლა 23 წლისაა. როგორც გვიყვება, სამი წლის წინ ოჯახი სიყვარულით შექმნა, თუმცა, მალევე პრობლემები დაიწყო – უთანხმოება მეუღლესთან და ურთიერთობის სირთულეები. მალე ბავშვი გაჩნდა, რაც როგორც ამბობს, ოჯახის დანგრევის საბოლოო მიზეზი გახდა.
„პირველ რიგში, იყო ფსიქოლოგიური ძალადობა, რაც ვფიქრობ, რომ ყველაზე რთულია. ამასთან ერთად, იყო ხანდახან ფიზიკური ძალადობაც, მაგრამ მას რომ ჰკითხო, რა თქმა უნდა, უარყოფს. ერთ დღესაც კონფლიქტის შემდეგ, გადავწყვიტეთ, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, დავშორებოდით. მანამდეც გარკვეული პერიოდი წასული იყო სახლიდან. ამის შემდეგ მას არანაირი ურთიერთობა და კონტაქტი ბავშვთან არ ჰქონია. 2 წლის ხდება ჩემი შვილი, “- გვეუბნება ის.
ნინი კელენჯერიძემ გადაწყვიტა, ალიმენტის მოთხოვნით სასამართლოსთვის მიემართა. „მინდოდა ეგრძნო, რომ ეს ასე არ დამთავრდებოდა და ქუდს ვერ დაიხურავდა”, – ამბობს ნინი.
ის იხსენებს, რომ ზოგჯერ ბავშვის დამტოვებელიც კი არ ჰყავდა, რომ საკუთარ სასამართლო პროცესზე წასულიყო.
სასამართლომ მამას 230 ლარის ალიმენტის გადახდა დააკისრა. ნინის გული სწყდება, რომ მიუხედავად მის მიერ სასამრთლოში წარდგენილი მტკიცებულებებისა ბავშვის აღზრდის ხარჯებთან და მის რთულ ორსულობასთან დაკავშირებით, მოსამართლემ ეს მაინც არ გაითვალისწინა ალიმენტის გამოანგარიშებისას. არც მამაკაცის რეალური მატერიალური მდგომარეობა მიიღო მხედველობაში, რომელზეც ნინი მიუთითებდა. თუმცა, იმ ფონზე, რომ მოპასუხე 80 ლარის განსაზღვრას მოითხოვდა ალიმენტის სახით, ასეთი გადაწყვეტილება მაინც მისაღები აღმოჩნდა მისთვის.
ნინი იმასაც გვიზიარებს, რომ „მოსამართლეს, რეალურად, მოსმენის პრობლემა ჰქონდა… მე რომ მოსამართლე ვყოფილიყავი საერთოდ სხვა… თან როცა ქალი ხარ მოსამართლე, ვფიქრობ, ანგარიში მეტად უნდა გაგიწიონ. მაგრამ არგუმენტი ძირითადად არის ის, რომ ძალიან ბევრი საქმე აქვთ ასეთი. ის კი არა, იმდენად დატვირთულები არიან დავებით, მოსამართლეს ერთი სული აქვს, შენს საქმეს, როდის დაამთავრებს.’’
„ალიმენტის გადახდა პრობლემა იყო და არის. დღემდე წვალება, დღემდე თხოვნა, დღემდე აღსრულების ბიუროს ჩართვა, რაღაც თეთრებზე, “- ამბობს ის.
საოჯახო დავებში მონაწილეობისას ქალების წინაშე არსებული გამოწვევები ორგანიზაცია „ილიას სამართლის სახლმა“ (ილიასმა) USAID/სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით იკვლია.
,,ბავშვის რჩენის ტვირთი მთლიანად იმ მშობელს აწევს, რომელთანაც ბავშვი ცხოვრობს. ალიმენტის ოდენობა კი ისე უნდა განისაზღვროს, რომ ბავშვს მაქსიმალურად შეუნარჩუნდეს ცხოვრების არსებული დონე‚ რომელიც მას მშობლების დაშორებამდე ჰქონდა- “ ნათქვამია ანგარიშში.
ორგანიზაცია „ილიასის“ მიერ ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა, რომ ბავშვისთვის სარჩოს განსაზღვრისას სასამართლო არ იკვლევს ბავშვის ინდივიდუალურ საჭიროებებს, რომელთაც უნდა მიემართოს ალიმენტი. მისთვის ამოსავალი წერტილია მამაკაცის ოფიციალურად აღრიცხული შემოსავალი. შედეგად, ხშირად ალიმენტის ოდენობა იმდენად მცირეა, რომ ვერ აკმაყოფილებს შვილის რჩენისთვის აუცილებელ მოთხოვნებს.
„სასამართლო სხდომაზე ჩემი ყოფილი მეუღლე ბევრს წუწუნებდა თანხაზე. ჩემთვის შეურაცხმყოფელი იყო, მეგონა, ვვაჭრობდი ჩემს შვილთან დაკავშირებით და ერთი სული მქონდა დასრულებულიყო. ამიტომ, დავთანხმდი თვეში 70 ლარის გადახდას, რაც ახლანდელი გადასახედიდან, სრულიად არაადეკვატური ოდენობა იყო,“ -აცხადებს კვლევაში მონაწილე ერთ-ერთი მოსარჩელე ქალი.
ორგანიზაცია „ილიასის“ კვლევიდან ვიგებთ, რომ ალიმენტის გადახდევინების საქმეებზე პრობლემაა ალიმენტვალდებული კაცის შემოსავლების დამტკიცება, როდესაც ის არაფორმალურადაა დასაქმებული: ხშირად მოსარჩელეს აქვს ინფორმაცია, რომ მისი ყოფილი მეუღლე დასაქმებულია კერძო სექტორში, მაგრამ ამას ვერ ამტკიცებს შემდეგი მიზეზების გამო: მოპასუხე არ იხდის საშემოსავლო გადასახადს და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ ის, როგორც გადამხდელი, არ არის აღრიცხული. მისი შემოსავალი, ასევე, არ აისახება საბანკო ანგარიშებზე, რადგან ნაღდი ანგარიშსწორების გზით იღებს ანაზღაურებას ან, დამსაქმებელთან მოლაპარაკების შედეგად, ხელფასი ფიქციურად ერიცხება სხვა, მისთვის სანდო პირს, რათა ამ გზით თავი აარიდოს ალიმენტის გადახდას.
საქსტატის მონაცემებით, 2022 წელს საქართველოში არაფორმალურად დასაქმებულთა წილი არასასოფლო-სამეურნეო სფეროში კაცებს შორის არის 33,4%-ია.
რა არის გამოსავალი? – ორგანიზაცია „ილიასის“ ხელმძღვანელი ელენე სიჭინავა გვიზიარებს გამოსავლის გზებს:
– საალიმენტო საქმეში უნდა ჩაერთოს სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო. სოციალურმა მუშაკმა სასამართლოს უნდა მიაწოდოს დასკვნა ბავშვის ინდივიდუალური საჭიროებებისა და ორივე მშობლის კეთილდღეობის დონის, მათი შემოსავლების და დასაქმების რეალური შესაძლებლობების (საცხოვრებელი გარემო, შრომისუნარიანობა, განათლების საფეხური, სამუშაო გამოცდილება), სამუშაო დროის რესურსების შესახებ; მაგალითად, როგორ არის მშობლებს შორის განაწილებული ბავშვზე ყოველდღიური ზრუნვის ფუნქციები და რა დროს უთმობს თითოეული მათ შესრულებას. სასამართლომ გადაწყვეტილება ამ ინფორმაციაზე დაფუძნებით უნდა გამოიტანოს. ამისათვის, უწინარესად აუცილებელია, პასუხისმგებელი უწყება – სააგენტო, რომელიც ისედაც გადატვირთულია დღეს, გაძლიერდეს ადამიანური, ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსებით და თანამშროლლებს შეექმნათ ადეკვატური სამუშაო პირობები.
– მეტიც, თუკი მოსამართლეს გაუჩნდება ეჭვი, რომ მხარეთა მიერ მოწოდებული ინფორმაცია არასწორია და საჭიროებს გადამოწმებას, მას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, საქმეში ჩართოს კიდევ ერთი, სათანადო უფლებამოსილებებით აღჭურვილი რგოლი – სოციალური აგენტი, რომელსაც დაავალებს მშობლების რეალური მატერიალური მდგომარეობის გამორკვევას. მაგალითად, თუკი მოპასუხე, სავარაუდოდ, სამშენებლო საქმიანობას ეწევა, სოციალური აგენტი განახორციელებს სამუშაო ადგილზე ვიზიტებს და გამოკითხავს თანამშრომლებს, თუკი სადავოა, რომ მოპასუხის კეთილდღეობის ხარისხი იმაზე მაღალია, ვიდრე თავად წარმოაჩენს, შეისწავლის მისი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობას და სხვ. ამისთვის კი საკანონმდებლო ცვლილებებია საჭირო.
– ასევე, აუცილებელია, ქვეყანაში დადგინდეს ბავშვის საარსებო მინიმუმი. ალიმენტის ოდენობა კი განისაზღვროს ისე, რომ აღემატებოდეს აღნიშნულ მაჩვენებელს. ამისთვის ჯერ მთავრობამ უნდა განსაზღვროს ბავშვის სასურსათო კალათის ნორმები და ნორმატივები, რომელზე დაყრდნობითაც საქსტატი პერიოდულად გამოთვლის და გამოაქვეყნებს ბავშვის საარსებო მინიმუმს.
ცალკე სირთულეს წარმოადგენს საალიმენტო საქმეებზე გადაწყვეტილების აღსრულების მექანიზმი, რომელიც არაეფექტიანია.
კვლევის მიხედვით, თუკი მოპასუხე ნებაყოფლობით არ ასრულებს საალიმენტო ვალდებულებას, იძულებით აღსრულება უკიდურესად პრობლემურია.
„12 წელია, რაც ჩემი შვილის სასარგებლოდ ალიმენტი დანიშნულია და მხოლოდ ორჯერ აქვს გადახდილი. აღსრულების სისტემა თავის დანიშნულებას ვერ ასრულებს. მეც მაქვს ეს შემთხვევა და ბევრი ქალიც მინახავს ატირებული გამოსული სააღსრულებო ბიუროდან. ფაქტობრივად ბავშვები რჩებიან მხოლოდ ერთ მშობელზე დამოკიდებული და სხვისი ხელის შემყურე. “ (მოსარჩელე ქალი)
რა არის გამოსავალი? – ორგანიზაცია „ილიასის“ ხელმძღვანელი ელენე სიჭინავა გვიზიარებს გამოსავლის გზებს:
- ,,თითოეულ კალენდარულ თვეში, როდესაც ალიმენტვალდებული არ იხდის ალიმენტს, ბავშვის რჩენის ვალდებულება უნდა იკისროს სახელმწიფომ და გასცეს საალიმენტო შემწეობა. პარალელურად აღსრულების ეროვნულმა ბიურომ განახორციელოს იძულებითი ღონისძიებები და სახელმწიფოს მიერ გაწეული ხარჯები დაიფაროს მოვალისგან ამოღებული თანხით, ასეთის არსებობის შემთხვევაში. ასეთია უკლებლივ ყველა ჩვენს მიერ შესწავლილი დასავლური ქვეყნის პრაქტიკა.’’
- ,,საქართველოს მთავრობას დამტკიცებილი აქვს დასაქმების ხელშეწყობის 2023 წლის პროგრამა. აღნიშნული პროგრამის პრიორიტეტი, სხვა არსებულ ბენეფიციარებთან ერთად, უნდა გახდეს შრომისუნარიანი უმუშევარი ალიმენტვალდებული ადამიანების დასაქმების ხელშეწყობა ბავშვის რჩენის უპირატესი ინტერესების დაცვის მიზნით.’’
- სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის მექანიზმი ალიმენტის გადახდევინების საქმეებზე არაეფექტიანი და ილუზორულია, რაც განპირობებულია ამ დანაშაულის შემადგენლობის ზედმეტად ვიწრო განმარტების გამოყენებით პრაქტიკაში: საქართველოში, გამოძიების მიღმა რჩება შემთხვევები, როდესაც მამაკაცი არაფორმალურადაა დასაქმებული და ამ გზით თავს არიდებს ალიმენტის გადახდას ან ნებაყოფლობით და დაუსაბუთებლად ამბობს უარს მისთვის ხელმისაწვდომ დასაქმების საშუალებებზე და არ გრძნობს ფინანსურ პასუხისმგებლობას შვილის მიმართ. აღნიშნული, ასევე, ეწინააღმდეგება შესწავლილი დასავლური ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკას.’’
კვლევის ერთ-ერთი ავტორი და ადამიანის უფლებების იურისტი ქეთი ჩუთლაშვილი განმარტავს: ,,მართალია, ალიმენტვალდებული პირის მოვალეთა რეესტრში შეყვანის შემთხვევაში, მას არ შეუძლია უძრავი და მოძრავი ქონების, აგრეთვე, არამატერიალური ქონებრივი სიკეთის განკარგვა და უფლებრივი დატვირთვა, მაგრამ ეს არასაკმარისი უფლებრივი შეზღუდვაა. დასავლური ქვეყნების გამოცდილება აჩვენებს, ალიმენტის გადახდევინების იძულებითი ღონისძიებები მოიცავს მთელ რიგ ზომებს, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, მაგალითად, პროფესიული საქმიანობის ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმა/შეჩერება, სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის გაცემაზე უარის თქმა ან მართვის უფლების შეჩერება და სხვა სახის დისკომფორტის შექმნა.’’
ვრცლად გაეცანით ვიდეოინტერვიუს კვლევის ავტორებთან ელენე სიჭინავასთან და ქეთი ჩუთლაშვილთან:
კვლევის სრული ვერსია კი ხელმისაწვდომია მოცემულ ბმულზე: https://bitly.ws/WdJr