რა იქნება „დაუშვებელი" | „ქართული ოცნების“ ჰომოფობიური კანონპროექტი

პუბლიკა

17 სექტემბერს პარლამენტმა მესამე მოსმენით, საბოლოოდ მიიღო ცენზურის დამწესებელი, ჰომოფობიური კანონების პაკეტი.

„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ – ასე ჰქვია კანონპროექტს, რომელიც აწესებს ცენზურას, ზღუდავს შეკრების თავისუფლებას და შემოაქვს ჰომოფობიური და ტრანსფობიური ჩანაწერები; რიგ შემთხვევებში ასევე აწესებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობასაც.

საკანონმდებლო პაკეტი ამკვიდრებს ცნებას – „პოპულარიზებას“ და დაუშვებლად აცხადებს სამ შემთხვევას:

1 – ადამიანის არცერთი ბიოლოგიური სქესისთვის მიკუთვნების ან/და თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების [მაგალითად, გენდერული იდენტობა, ტრანსგენდერობა] პოპულარიზებას;

2 – ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის პოპულარიზებას; [მაგ. სავარაუდოდ, გეი კაცების სექსუალური/რომანტიკული ურთიერთობა];

3- ინცესტის პოპულარიზებას;

რა არის პოპულარიზაცია?

კანონპროექტის განმარტებით, ესაა: ისეთი ინფორმაცია/ქმედება, რომელიც, ობიექტური დამკვირვებლის აზრით, ამ სამ შემთხვევას დადებითად ან/და მისაბაძად წარმოაჩენს.

რედაქცია: შეგახსენებთ, რომ არ არსებობს მეცნიერულად გამყარებული მტკიცებულება, რომ „პროპაგანდა“ ადამიანების სექსუალურ ორიენტაციას ან გენდერულ იდენტობას ცვლის. 

საკანონმდებლო პაკეტით იქმნება ახალი კანონი – „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ და ასევე ცვლილება შედის 18 სხვადასხვა თანმხლებ კანონში.

კანონპროექტი ეხება ქორწინების განმარტებას, შვილად აყვანას, ინფორმაციის გავრცელებას, რეკლამას, შეკრება-მანიფესტაციას, შრომით ურთიერთობებს და ა.შ.

ქორწინება

კანონის პროექტით, ქორწინების დეფინიცია ასეა განმარტებული:

ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით განსხვავებული ბიოლოგიური სქესის ორი ადამიანის ნებაყოფლობითი კავშირი;

პროექტით, დაუშვებელი იქნება იმ ადამიანების ურთიერთობის რეგისტრირება, რომელთაგან ერთი მაინც თავს ბიოლოგიურისგან  განსხვავებულ სქესს მიაკუთვნებს ან მისი სექსუალური ორიენტაცია ჰეტეროსექსუალობის კატეგორიას არ განეკუთვნება.

„ოცნების“ კანონმდებლებმა პროექტში ჩაწერეს ისიც, რომ საზღვარგარეთ აღიარებულ ან/და რეგისტრირებულ ამგვარ ურთიერთობას საქართველოში იურიდიული ძალა არ ექნება.

შვილად აყვანა, მინდობით აღზრდა

შვილად აყვანა ან არასრულწლოვანის მინდობით აღზრდა აკრძალული ექნება იმ ადამიანს, რომელიც თავს ბიოლოგიურისგან განსხვავებულ სქესს მიაკუთვნებს ან მისი სექსუალური ორიენტაცია ჰეტეროსექსუალობის კატეგორიას არ განეკუთვნება.

სამედიცინო მანიპულაცია

დაუშვებელი იქნება სხვისთვის ისეთი ქირურგიული ოპერაციის ან სამედიცინო მანიპულაციის ჩატარება, რომლის მიზანიც იქნება მისი ბიოლოგიურისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნება.

განათლება

დაუშვებელი იქნება საგანმანათლებლო პროგრამაში ისეთი ინფორმაციის შეტანა ან/და გავრცელება, რომელიც მიმართული იქნება ზემოთ ჩამოთვლილი სამი შემთხვევების „პოპულარიზაციისკენ“.

ინფორმაციის გავრცელება

მაუწყებლები:

ე.წ. პოპულარიზაციის დაუშვებლობა ვრცელდება მაუწყებლებზეც. კერძოდ, დაუშვებელი იქნება მაუწყებლის მიერ თავისი ეთერით ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც მიმართულია:

  • ადამიანის არცერთი ან თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების პოპულარიზაციისკენ;
  • ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის პოპულარიზაციისკენ;
  • ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ;

პროექტში არის ჩანაწერიც, რომ შემოქმედებითი ნაწარმოების ეთერში განთავსების შემთხვევაში არ უნდა იქნას დაშვებული ზემოთ ჩამოთვლილი შემთხვევების ამსახველი სცენები.

კანონპროექტით, დაუშვებელი იქნება არასრულწლოვანთან პირდაპირი კომუნიკაციისას ინფორმაციის მიწოდება ან/და ხელმისაწვდომობის შესაძლებლობის შექმნა, მათ შორის შემოქმედებითი ნაწარმოების, რომელიც მიმართული იქნება ზემოთ ჩამოთვლილი სამი შემთხვევის პოპულარიზაციისკენ.

დაუშვებელი იქნება ისეთი რეკლამის გავრცელებაც, რომელიც ამ სამი შემთხვევის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

შეკრება-მანიფესტაცია

დაუშვებელი იქნება ამავე მიზნით შეკრება ან/და მანიფესტაციის ჩატარება.

„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებებით დაზუსტებულია, რომ ამ მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში უფლებამოსილი წარმომადგენელი შეკრების/მანიფესტაციის მონაწილეებს განუმარტავს აღნიშნული შეკრების/მანიფესტაციის კანონსაწინააღმდეგო ხასიათის შესახებ და მოსთხოვს მათ შეკრების/მანიფესტაციის შეწყვეტას.

თუ ამ მოთხოვნიდან 15 წუთის განმავლობაში შეკრება/მანიფესტაცია არ შეწყდა, სამართალდამცავი ორგანო მის შესაწყვეტად გამოიყენებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს.

აღსანიშნავია, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონით გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის წინასწარი გაფრთხილების აუცილებლობა, თუ შეკრება ან მანიფესტაცია ტრანსპორტის სავალ ადგილას იმართება ან ტრანსპორტის მოძრაობას აფერხებს.

ამ ნაწილშიც მუნიციპალიტეტს უფლებამოსილება ექნება არ დაუშვას შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება, თუ არსებობს პოლიციის მიერ შემოწმებული აშკარა მონაცემები, რომელთა შესაბამისად, მოსალოდნელია პოპულარიზაციისკენ მიმართული საჯაროდ შეკრება ან/და მანიფესტაციის ჩატარება.

შრომით ურთიერთობებში ბიოლოგიური სქესის უგულებელყოფა

შრომით ურთიერთობებში ბათილი იქნება ვალდებულება, მითითება ან/და შეთანხმება, რომელიც მიმართული იქნება ბიოლოგიური სქესის უგულებელყოფისკენ ან მისი უგულებელყოფის წახალისებისკენ.

ცვლილებები ბავშვის უფლებათა კოდექსში

საკანონმდებლო პაკეტით ცვლილებები შედის ასევე ბავშვის უფლებათა კოდექსში და ფართოვდება ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის ცნება.

აქამდე ძალადობის ან დანაშაულის წახალისებისკენ მიმართული ინფორმაცია იყო – სექსუალური შინაარსის ინფორმაცია, აგრეთვე ინფორმაცია, რომელიც ეწევა ალკოჰოლიანი სასმლის, თამბაქოს, ნარკოტიკული საშუალების ან აზარტული თამაშობის პროპაგანდას ან რომელშიც ძალადობის, მკვლელობის ან სასტიკი, არაადამიანური მოპყრობის სცენები დეტალურადაა წარმოდგენილი;

ჰომოფობიური და ტრანსფობიური კანონპროექტის მიღების შემთხვევაში კი ამ დეფინიციას ემატება: ადამიანის თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ მიმართული ინფორმაცია;

პროექტით, უქმე დღედ ცხადდება 17 მაისი – „ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე“.

ჯარიმები

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონით, საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში კომუნიკაციების კომისია ვალდებულია, განიხილოს შესაბამისი საკითხი, დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს და გამოსასწორებლად მისცეს გონივრული ვადა. ხოლო თუ ამ ვადაში არ აღმოიფხვრა საკითხი, დააკისროს ჯარიმა. ჯარიმების ოდენობა კი დამოკიდებულია ორგანიზაციის წლიურ შემოსავალზე.

რეკლამის გავრცელება – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 800 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირისა − 2 500 ლარის ოდენობით.

არასრულწლოვანისთვის პირდაპირი კომუნიკაციის გზით ინფორმაციის მიწოდება ან/და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა(მათ შორის, ისეთი შემოქმედებითი ნაწარმოების) – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირისა − 3 000 ლარის ოდენობით.

საგანმანათლებლო პროგრამაში ისეთი ინფორმაციის შეტანა ან/და სხვადასხვა საგანმანათლებლო საფეხურის დაწესებულების თანამშრომლის მიერ ამ დაწესებულების საქმიანობის ფარგლებში ისეთი ინფორმაციის გავრცელება ან გავრცელების ხელშეწყობა – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირისა − 4 000 ლარის ოდენობით.

არასრულწლოვანისთვის მასთან პირდაპირი კომუნიკაციის განხორციელების გზით ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაში იგულისხმება ისეთი შემთხვევაც, როდესაც არასრულწლოვანი დაუშვეს იმ ტერიტორიაზე, სადაც აღნიშნული ინფორმაცია სიტყვიერად, ხმოვანი მოწყობილობით ან/და ვიზუალურად ვრცელდება.

სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სასჯელები

იმ შემთხვევაში თუ პირი ერთხელ უკვე იქნება დაჯარიმებული ადმინისტრაციულად (რეკლამის გავრცელებაზე, არასრულწლოვანთან პირდაპირი კომუნიკაციისთვის, საგანმანათლებლო პროგრამაში ინფორმაციის შეტანისთვის…), ერთი წლის განმავლობაში იგივე ქმედების ჩადენის შემთხვევაში პასუხისმგებლობა უკვე სისხლის სამართლის წესით დაეკისრება, რომელიც ითვალისწინებს მათ შორის თავისუფლების აღკვეთასაც. კერძოდ: ის დაისჯება  ჯარიმით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით 3  წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით 2 წლამდე.

სამედიცინო მანიპულაცია

სამედიცინო მანიპულაციებთან დაკავშირებული რეგულაციების დარღვევისთვის პირდაპირ სისხლის სამართლის სასჯელია გათვალისწინებული  და ის დაისჯება ჯარიმით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით 3 წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 1-დან 4 წლამდე.

დაანონსებული ცვლილებები კონსტიტუციაში:

გარდა ამ საკანონმდებლო პაკეტისა, „ქართულ ოცნებას“ ასევე ინიციირებული აქვს კონსტიტუციური პროექტი, რომელიც ამ საკითხების კონსტიტუციაში ასახვასაც ითვალისწინებს.

4 სექტემბერს პარლამენტის სხდომაზე თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ: „ეს არის ერთის მხრივ კანონი, რომელსაც ეს პარლამენტი იღებს. მაგრამ ჩვენ დაინიცირებული გვაქვს კონსტიტუციური ცვლილებაც, ვინაიდან კანონი მაინც უფრო სუსტია სამართლებრივად, იმ მხრივ, რომ სხვადასხვა უმრავლესობას შეუძლია მალე შეცვალოს, კონსტიტუცია კი სხვანაირად გამყარებულია“.

რა შეიძლება ჩაიწეროს კონსტიტუციაში:

„ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებებით, კონსტიტუციას დაემატება 30-ე მუხლი, რომლითაც „უზრუნველყოფილი იქნება“ შემდეგი 8 დებულება:

  1. კანონმდებლობით შეიძლება მოწესრიგდეს ქორწინებასთან მიმსგავსებული მხოლოდ იმგვარი ურთიერთობა, რომელიც არანაკლებ 18 წლის ერთი გენეტიკური მამაკაცისა და ერთი გენეტიკური ქალის კავშირს ითვალისწინებს.
  2. არასრულწლოვანის შვილად აყვანა ან მინდობით აღზრდა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის შესაბამისად ქორწინებაში მყოფი მეუღლეების ან ჰეტეროსექსუალი პირის მიერ.
  3. აკრძალულია ადამიანის სქესის შეცვლასთან დაკავშირებული ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა.
  4. სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გაცემულ დოკუმენტში მიეთითება მხოლოდ მდედრობითი ან მამრობითი სქესი, რომელიც მის გენეტიკურ მონაცემებს შეესაბამება.
  5. ბათილია საჯარო ხელისუფლების ან კერძო პირის ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების გამოყენებას პირდაპირი ან ირიბი ფორმით ზღუდავს.
  6. აკრძალულია იმგვარი შეკრება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული.
  7. აკრძალულია იმგვარი შინაარსის ნაწარმოების, პროგრამის ან სხვა მასალის გავრცელება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული.
  8. აკრძალულია საჯარო ან კერძო საგანმანათლებლო დაწესებულების სასწავლო პროცესში იმგვარი ინფორმაციის მიწოდება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული.

აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პარლამენტმა 27 ივნისს განიხილა, თუმცა შალვა პაპუაშვილის გადაწყვეტილებით, საკითხი კენჭისყრაზე არ დადგა. საკონსტიტუციო პროექტს მისაღებად 113 ხმა სჭირდება. საპარლამენტო უმრავლესობას პარლამენტში ხმების საკმარისი რაოდენობა არ აქვს.

„[27 ივნისს] ჩვენ განვიხილეთ კონსტიტუციური კანონის პროექტი, იმისთვის, რომ ის მყისიერად შევიდეს ძალაში მას სჭირდება პარლამენტის სამი მეოთხედის მხარდაჭერა. ოპოზიცია არ იმყოფება დარბაზში, ამიტომ მე ამ კენჭისყრას გადავდებ შემდეგი პერიოდისთვის. როდესაც ოპოზიცია იქნება დარბაზში, და მათ მოუწევთ ამ გადაწყვეტილების მიღება კონსტიტუციურ პროექტთან დაკავშირებით. ისინი ამ პასუხისმგებლობას, რომ დააფიქსირონ თავისი პოზიცია, ვერ გაექცევიან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.