„რა რეორგანიზაცია?! - ესაა შეტევა კულტურულ მემკვიდრეობაზე. საფრთხეს ჯეროვნად ვერ აფასებთ"

ქრისტინე მუჯირი

„ ხალხო, კულტურული მემკვიდრეობა გეკუთვნით თქვენ, ეს არის ერის საკუთრება, მემკვიდრეობა არის ყველასი, თითოეული ადამიანის“.

„ის მენეჯმენტი, რომელიც დღეს მართავს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს, ღუპავს ქართულ კულტურას“.

„ყველამ უნდა აგოს პასუხი იმ ქმედებებზე, რომლებიც ჩაიდინეს!  ხმამაღლა ვამბობ, 2021 წლიდან რეპრესიული მანქანა მძვინვარებს“.

„კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტო მიზანმიმართულად უარს ამბობს და არ გასცემს ნებართვებს არქეოლოგიურ, საერთაშორისო პროექტებზე“.

 

დღეს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოდან გათავისუფლებული 25 თანამშრომელი ერთად შეიკრიბა და მედიასთან შეხვედრა გამართა. ყოფილი თანამშრომლები ცდილობენ, საზოგადოებას აუხსნან შექმნილი სიტუაცია და ისაუბრონ იმ საფრთხეებზე, რომლებიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით შეიქმნა. ისინი საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.

სააგენტოდან გათავისუფლებულები არიან მეცნიერები, ხელოვნებათმცოდნეები, რესტავრატორები, არქეოლოგები – ადამიანები, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში მუშაობდნენ.

გარდა იმისა, რომ გათავისუფლებულები სააგენტოს მენეჯმენტის მათთან დამოკიდებულებასა და კომუნიკაციის მეთოდებს პერსონალურად შეურაცხმყოფლად მიიჩნევენ, აცხადებენ, რომ ამ შემთხვევაში, მთავარი საქართველოს მემკვიდრეობის დაცვაა. მათი თქმით, საფრთხე იმაზე ბევრად მასშტაბურია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს.

სიტყვით გამომსვლელებს შორის იყო ანი შეროზია, რომელიც სააგენტოში არქეოლოგიურ-ეთნოგრაფიული მასალების ერთადერთი რესტავრატორი გახლდათ. ანი შეროზიამ საუბრისას ცრემლები ვერ შეიკავა და სიტყვა ვეღარ დაასრულა.

შეროზიამ თქვა, რომ რესტავრაცია-კონსერვაციას ექსპონატის დაცვისთვის აქვს უდიდესი მნიშვნელობა და ახლა სააგენტოს დაქვემდებარებული 18 მუზეუმი და მუზეუმ-ნაკრძალი რესტავრატორის გარეშეა დარჩენილი.

„გუშინ შევხვდი ჩემს კოლეგას, არ დავასახელებ სახელსა და გვარს. ეს არის რესტავრატორი სამხატვრო აკადემიიდან. მათ აქვთ ეჭვი, რომ იგეგმება აკადემიაში ამ ფაკულტეტის გაუქმება. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უარს ვამბობთ ჩვენი მემკვიდრეობის დაცვაზე და მომავალი თაობებისთვის მის გადაცემაზე. ხალხო, ეს გეკუთვნით თქვენ, ეს არის ერის საკუთრება. ეს არის ყველასი და თითოეული ადამიანის“, – ამბობს ანი შეროზია.

როგორც საააგენტოს ყოფილი თანამშრომლები აცხადებენ, სააგენტოს მხოლოდ სამი პროფესიონალი რესტავრატორი ჰყავდა. მათი თქმით, სამივე მათგანი გათავისუფლებულია სამსახურიდან არაკომპეტენტურობის მიზეზით.

გათავისუფლებულია კიდევ ერთი ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, დავით ლომიტაშვილი, რომელიც წარსულში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის მოადგილე იყო. დავით ლომიტაშვილი ამბობს, რომ მისი გათავისუფლების მიზეზი მის დაქვემდებარებაში მყოფი სამსახურის გაუქმებაა.

თუმცა მან ბრიფინგზე განაცხადა, რომ სააგენტოს მენეჯმენტს უკმაყოფილება ჰქონდა მასთან მიმართებით, რადგან ლომიტაშვილი ერთ-ერთ საკითხზე ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობდა:

„ის, რაც კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოში ამ რეორგანიზაციას დაედო საფუძვლად, მხოლოდ ქაღალდზეა დაწერილი და სინამდვილეში რეპრესიაა. ეს არის კლასიკური ტიპის მოღალატეობრივი ქმედება სააგენტოს დირექტორის, ნიკოლოზ აზნაურაშვილის მხრიდან. ისე იქცევა, როგორც საქართველოსადმი მტრულად განწყობილი ქვეყნის წარმომადგენელი“, – ამბობს ლომიტაშვილი.

ლომიტაშვილი შექმნილ კრიზისულ მდგომარეობაზე გუშინ „TV პირველის“ ეთერშიც საუბრობდა. ამბობს, რომ საგულისხმოა სამინისტროს დამოკიდებულება საერთაშორისო პროექტების მიმართ, სადაც საქართველოც არის წარმოდგენილი. ლომიტაშვილის თქმით, ყველა საერთაშორისო პროექტი შეჩერდა. ის აღნიშნავს, რომ სააგენტომ შეაჩერა არქეოლოგიურ ძეგლებზე სამუშაოებისთვის ნებართვების გაცემაც.

„ორი კვირის განმავლობაში პარლამენტის წინ გამოკრული იყო, რომ საქართველო არის მეღვინეობის უძველესი ქვეყანა. ტორონტოს უნივერსიტეტი იღებდა პასუხისმგებლობას იმ არქეოლოგიური ობიექტის მოვლა-პატრონობასა და კვლევაზე, სადაც 8000 წლის წინანდელი ყურძნის ნაშთები იპოვეს. საქართველოში ჩამოვიდა დიდი სამეცნიერო ჯგუფი, თუმცა ერთი თვის შემდეგ უკან გაბრუნდა ისე, რომ ველზე მუშაობის ნებართვა ვერ მიიღო“, – თქვა მან.

ლომიტაშვილის აზრით, მნიშვნელოვანია, რომ კულტურის სამინისტროს ქვეუწყებებიდან გათავისუფლებული ადამიანები, ეს იქნება კინოცენტრი, ეროვნული სააგენტო, ეროვნული მუზეუმი და სპორტის მიმართულებაზე მომუშავე ადამიანები, გაერთიანდნენ და ერთად იბრძოლონ ცვლილებებისთვის. ლომიტაშვილის თქმით, საზოგადოება ჯეროვნად ვერ აფასებს საფრთხეს, რომელიც შეიქმნა და იმ ზიანის გამოსასწორებლად, რომელიც უკვე არსებობს, ათწლეულები იქნება საჭირო.

„ეს არის კრიზისი, მაგრამ სისტემური კრიზისი დაიწყება მაშინ, როდესაც ჩვენ იმის უფლებასაც მოგვისპობენ, რომ ორგანიზაციებს დახმარება და მხარდაჭერა ვთხოვოთ.

რა რეორგანიზაცია? – ეს არის შეტევა კულტურულ მემკვიდრეობაზე და ამ შეტევის მსხვერპლი არიან ეს გათავისუფლებული ადამიანები“, – თქვა მან.

იმავე სატელევიზიო ეთერში სააგენტოს საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორმა, მაია ჩოლოყაშვილმა აზნაურაშვილის თანამშრომლებთან ურთიერთობაზე გაამახვილა ყურადღება. მაია ჩოლოყაშვილი ამბობს, რომ ნიკოლოზ აზნაურაშვილის მმართველობის სტილი არის თანამშრომლების ბულინგი, შეურაცხყოფა და აცხადებს, რომ ამის დამადასტურებელ მიმოწერას ის სასამართლოს წარუდგენს.

„ეს მისი პიროვნული თვისებებია და ამაზე აგებს პასუხს. თუმცა მთავარი არის ის, რომ რაც ის დაინიშნა, სააგენტომ ფუნქციონირება შეწყვიტა. ვუყურებ, როგორ კვდება და ხერხემალს როგორ აცლის ამ ჩვენს დაწყებულ საქმეებს“, – აცხადებს მაია ჩოლოყაშვილი.

ჩოლოყაშვილი ამბობს, რომ მან ორჯერ გაიარა რეორგანიზაცია და, თუ 8 თვის წინ მისი კომპეტენცია დამაკმაყოფილებელი იყო სააგენტოსთვის, უცნაურია, რა შეიცვალა მომდევნო თვეებში.

სააგენტოდან გათავისუფლებული ადამიანები აცხადებენ, რომ მიზეზი, რის გამოც აქამდე გაჩერდნენ სამსახურში, იყო ის პროექტები, რომლებზეც ათეული წელია მუშაობენ და რომლებიც მის დასკვნით ნაწილში იყო. და ესენია: სტეფანწმინდის, ბორჯომის, და მცხეთის მუზეუმების რეაბილიტაცია. მათი თქმით, მუზეუმების რეაბილიტაციის პროცესი ახლა შეფერხებულია.

ისტორიის დოქტორმა ეკა კაჭარავამ თქვა, რომ სააგენტოს დირექტორისთვის უწევდათ იმის მტკიცება, რატომ არის საჭირო ამა თუ იმ კვლევის ჩატარება, ან სამეცნიერო პუბლიკაციის გამოცემა, რაც მისი თქმით, უხერხულია.

„როდესაც დგება საკითხი ისე, რომ სააგენტოს მენეჯმენტისთვის გიწევს ახსნა, რისთვის არის საჭირო კვლევა, რისთვის არის საჭირო სამეცნიერო პუბლიკაცია – ეს უკვე ძალიან უხერხულია. ძალიან უხერხულია იმ ინსტიტუციისთვის, რომლის მთავარი მიმართულებაც ეს უნდა იყოს“, – თქვა მან ბრიფინგზე.

მაია ჩოლოყაშვილის თქმით, სააგენტოში შეჩერებულია სამეცნიერო წიგნების გამოცემა, ხოლო ის წიგნები, რომლებიც უკვე დაბეჭდილი და გამოცემულია, სააგენტო თანამშრომლებს ამ წიგნების დარიგების შესაძლებლობასაც არ აძლევს.

არქეოლოგმა ლალი ახალაიამ განაცხადა, რომ, როცა თავად მინისტრი წულუკიანი საუბრობს მეცნიერებზე შეურაცხმყოფლად და აკნინებს მათ ღვაწლს, მაშინ სააგენტოს დირექტორის დამოკიდებულებები თანამშრომლების მიმართ, გასაკვირი არ უნდა იყოს.

„ალბათ ყველამ ნახეთ „პირველ არხზე” იმ ქალის საუბარი, რომელსაც მინისტრი ჰქვია. ლაპარაკობდა „ვითომ მეცნიერ“ იულონ გაგოშიძეზე. მინისტრი ერთ-ერთ ღირსეულ და მართლაც რომ დიდ მეცნიერს მოიხსენებდა, როგორც „ვითომ დიდი აღმოჩენების“ პუბლიკაციების ავტორს. იულონ გაგოშიძეს სხვა რომ არაფერი გაეკეთებინა, მხოლოდ „დედოფლის მინდვრის“ სატაძრო კომპლექსის აღმოჩენა ეყოფოდა ამ სახელად. ამათთან რაზეა ლაპარაკი? როდესაც წულუკიანი ამას ამბობს, რა უნდა მოვკითხოთ აზნაურაშვილს? სირცხვილი მას და სირცხვილი იმ ჟურნალისტსაც, რომელიც „საზოგადოებრივ მაუწყებელზე” ამას უსმენდა“ , – თქვა ლალი ახალაიამ.

სააგენტოდან გათავისუფლებული თანამშრომლები ბრძოლის გაგრძელებას სამართლებრივი გზით გეგმავენ. მათ უფლებებს არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED იცავს.

ბრიფინგზე ISFED- ის იურისტმა თათია ქინქლაძემ ისაუბრა და თქვა, რომ კულტურის სამინისტროში და სხვადასხვა საქვეუწყებო დაწესებულებებში მიმდინარე პროცესი ატარებდა უკანონო ხასიათს და გამოიკვეთა არაერთი დარღვევა.

„სააგენტოში დასაქმებული ადამიანები 1 წლის განმავლობაში 2-ჯერ დაექვემდებარნენ რეორგანიზაციას. ამ პროცესიდან ვლინდება ის, რომ რეორგანიზაციის მიზნობრიობა არ იყო გამოკვეთილი“, – თქვა მან.

თათია ქინქლაძის განმარტებით, საყურადღებოა ისიც, რომ გასაუბრებისთვის შექმნილი კომისია არ იყო დაკომპლექტებული დარგის ექსპერტებით. ISFED მიიჩნევს, რომ კულტურის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებებში იკვეთება შრომითი უფლებების დარღვევა, განსხვავებული შეხედულებების გამო დევნა, დისკრიმინაციული მიდგომა და გამოსაკვლევია, რა არის პროცესის რეალური მიზანი.


1 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოდან ათეულობით თანამშრომელი გაათავისუფლეს. ინფორმაცია სააგენტომაც დაადასტურა. გათავისუფლების მიზეზად უწყების ოპტიმიზაცია დაასახელა.

მას შემდეგ, რაც კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად თეა წულუკიანი დაინიშნა, კულტურის სამინისტრომ სამინისტროში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში, ეროვნულ მუზეუმსა და სხვა ქვეუწყებებში რეორგანიზაცია და საშტატო ცვლილებები დაიწყო, რის შემდეგაც ათობით თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა.

გათავისუფლებული თანამშრომლები აცხადებენ, რომ ისინი პოლიტიკური თუ სხვა ნიშნით გათავისუფლდნენ და გასაუბრებები, რომლებიც ახალმა მენეჯმენტმა თანამშრომლებთან ჩაატარა, არ ეხებოდა პროფესიულ საკითხებს.

სამინისტროდან, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან და ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებების სერიებს საპროტესტო აქციები მოჰყვა, რომლებიც პერიოდულად იმართებოდა.

კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა საკუთარი უფლებების დასაცავად დამოუკიდებელი პროფკავშირიც შექმნეს.

კულტურის სამინისტროდან და მის ქვეშ არსებული სსიპ-ებიდან გათავისუფლებული თანამშრომლების უფლებებს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია იცავს.

მასობრივი გათავისუფლებიდან ერთი წლის თავზე რამდენიმე გათავისუფლებულმა თანამშრომელმა კულტურის სამინისტროსა და მის ქვეუწყებებს სასამართლო პროცესი მოუგო. სასამართლომ მათი სამსახურიდან გათავისუფლება უკანონოდ ცნო.