„სერგეი შამბა თბილისს: „მზად ვართ დიალოგისთვის“, „შამბა თბილისთან დიალოგზე ისევ საუბრობს“ – 2020 წელს ამ სათაურებით ქართულ მედიაში არაერთ ახალ ამბავს ნახავდით – ზაფხულში, შემოდგომით თუ ზამთარში, სულ რამდენიმე დღის წინაც კი. თუმცა, შამბას დამოკიდებულებაში ახალი არაფერია. ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ყოფილი საგარეო საქმეთა და პრემიერ-მინისტრი თბილისთან ურთიერთობის გაუმჯობესებაზე ადრეც საუბრობდა.
რა შეიცვალა აფხაზეთში 2020 წელს?
2020 წლის სიახლეა ის, რომ სერგეი შამბა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებაში დაბრუნდა. ის ახალმა პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ დე ფაქტო უშიშროების საბჭოს თავმჯდომარედ დანიშნა. ყურადსაღები ამბავია თავად ბჟანიას პრეზიდენტად არჩევაც.
2019 წელს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს აფხაზეთში პროტესტი მოჰყვა, პროტესტის პარალელურად იმ დროს ოპოზიციაში მყოფმა ბჟანიას გუნდმა არჩევნების შედეგები სასამართლოშიც გაასაჩივრა. საბოლოოდ ოპოზიციის ბრძოლა წარმატებით დასრულდა და რაულ ხაჯიმბა დე ფაქტო პრეზიდენტის პოსტზე ასლან ბჟანიამ შეცვალა. ეს ცვლილება ფორმალური არ ყოფილა, ბჟანიასა და ხაჯიმბას თბილისთან და ქართველებთან განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ.
როგორც „პუბლიკასთან“ კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, თავად ბჟანია ალექსანდრე ანქვაბის გუნდის წევრია. ანქვაბი კი 2011-2014 წლებში აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტი იყო, რომელსაც მაშინ ხაჯიმბას გუნდი თბილისთან შედარებით რბილი დამოკიდებულებისთვისაც აკრიტიკებდა.
ანქვაბს საბოლოოდ გადადგომა მოუწია, ხოლო ხაჯიმბას ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ აფხაზეთში ქართველებთან მიმართებით დამოკიდებულება გაუარესდა. მათ შორის, გალელებს ჩამოართვეს პასპორტები, გართულდა ენგურზე მიმოსვლა, ქართულ ენაზე სწავლება და, ზოგადად, ცხოვრება გალის მოსახლეობისთვის.
წელს კი ხელისუფლებაში ალექსანდრე ანქვაბის გუნდი და თავად ანქვაბიც დაბრუნდა. ის ბჟანიას მთავრობაში პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებს. კონფლიქტოლოგი გიორგი კანაშვილი „პუბლიკასთან“ ამბობს, რომ სწორედ ბჟანია-ანქვაბი-შამბას ერთგვარი ტრიუმვირატი წარმართავს ამჟამად ოკუპირებული აფხაზეთის პოლიტიკას. მათ წინასაარჩევნო პროგრამაში კი, პაატა ზაქარეიშვილის თქმით, თბილისთან ურთიერთობის ნორმალიზებაც შედიოდა.
ზაქარეიშვილის აზრით, ეს საკითხი, როგორც ჩანს, მხოლოდ წინასაარჩევნო დაპირება არ ყოფილა, რადგან პოზიცია არც ბჟანიას ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შეუცვლია მის გუნდს.
„მათი განცხადებები ასეთი შინაარსისაა, რომ ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი კარგია და მნიშვნელოვანი. მიაჩნიათ, რომ ეს მათთვის საერთაშორისო ტრიბუნაა. მაგრამ ამასთანავე საჭიროა ქართულ მხარესთან პირდაპირი დიალოგი გარეშე აქტორების, მათ შორის, რუსეთის გარეშეც.
ეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი სიახლეა. მეტიც, ამას ისინი არამარტო ჟურნალისტებთან ამბობენ, არამედ დეკემბერში მიიღეს საგარეო პოლიტიკის კონცეფცია, რომელშიც ერთადერთი სიახლე სწორედ ესაა, რომ საჭიროა ქართულ მხარესთან პირდაპირი დიალოგი. რა თქმა უნდა, რუსეთი ისევ მთავარ პარტნიორად რჩება და ძველებურად ხაზგასმულია მისი როლი, მაგრამ სიახლეა, რომ საქართველო ამ კონფეცფციაში ცალკე თავად შევიდა, რაც ასე არასოდეს არ ყოფილა.
მათ საქართველოს მიმართ ამ დამოკიდებულების გამო ყოფილი ხელისუფლება, რომელიც ახლა ოპოზიციაშია, ძალიან მწვავე ოპონირებას უწევს. მიუხედავად ამისა, ისინი ამას არ ეპუებიან, უკან არ იხევენ და მიაჩნიათ, რომ საჭიროა ქართულ მხარესთან საუბარი“, – ამბობს პაატა ზაქარეიშვილი „პუბლიკასთან“.
რატომ სურთ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებაში თბილისთან პირდაპირი დიალოგი და რას ფიქრობენ ამაზე საქართველოს მთავრობაში? რის მოცემა შეუძლია აფხაზებთან პირისპირ დიალოგს და ვკარგავთ თუ არა მათთან საუბრის შანსს?
„კომპრომისი შესაძლებელია“ – 2020 წლის დადებითი ტენდენციები
გიორგი კანაშვილი „პუბლიკასთან“ ჰყვება, რომ 2020 წელს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი კორონავირუსის პანდემიის დროს თბილისსა და სოხუმს შორის თანამშრომლობაა, რომელიც არაოფიციალურ დონეზე, ნაკლებად საჯარო, მაგრამ მეტ-ნაკლებად წარმატებული იყო.
პაატა ზაქარეიშვილის თქმით კი, დიალოგის ინიციატივის პარალელურად, აფხაზეთის ახალმა დე ფაქტო ხელისუფლებამ შეცვალა დამოკიდებულება გალის რაიონის მოსახლეობის მიმართაც. პანდემიის მიუხედავად, რამდენჯერმე გახსნეს გამყოფი ხაზი და მოსახლეობას მიმოსვლის საშუალება მისცეს, დაიწყო მათთვის აფხაზური მოქალაქეობის აღდგენაზე საუბარი და მოუხსნეს მიწის დამატებითი გადასახადი, რომელიც გალის რაიონის მოსახლეობას რეგიონში მცხოვრებ სხვა მოქალაქეებზე ცუდ მდგომარეობაში აყენებდა.
როგორც კონფლიქტოლოგი ამბობს, გალში მდგომარეობა იდეალური არ არის, თუმცა „ხალხმა ამოისუნთქა“. „აშკარად შემოვიდა რაღაც დადებითი ტენდენციები, რასაც, სამწუხაროდ, ქართული მხარე არანაირად არ აფასებს“, – ამბობს ზაქარეიშვილი.
სოხუმის ინიციატივა და თბილისის პასუხი
„ქართველები და საქართველო – ჩვენი მეზობლები არიან. გვინდა თუ არა, უამრავი კავშირი გვაქვს საქართველოსა და აფხაზეთის მოქალაქეების დონეზე“, – ასე მიიჩნევდა ასლან ბჟანია რუსულ მედიასთან საუბარში და დასძენდა, რომ სხვადასხვა საკითხზე სასაუბროდ, ჟენევის გარდა, სხვა ტიპის ფორმატიც უნდა შეიქმნას.
„შეხედეთ ევროპას, იქ ყველა ქვეყანა ერთმანეთს ებრძოდა, სისხლიანი ომები იყო, მაგრამ დღეს ისინი მშვენივრად ცხოვრობენ და ერთად ვითარდებიან“, – ამბობდა სერგეი შამბა ერთ-ერთ ინტერვიუში. „შეუძლებელია მუდმივად მტრობაში ცხოვრება“.
დე ფაქტო უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის კიდევ ერთ ინტერვიუში, რომელიც რამდენიმე დღის წინ „ეხო კავკაზას“ მისცა, ამბობს, რომ მათი „ხელისუფლება“ აფხაზეთის „დამოუკიდებლობის“ დათმობას არ აპირებს, თუმცა, ბევრი საკითხია, რომელზეც თბილისთან დიალოგი შეიძლება.
„გასაგებია, რომ ჩვენი ძირეული ინტერესებიდან უკან არ დავიხევთ. ცალსახააა, რომ ისინიც არ აპირებენ საკუთარი ინტერესებიდან უკან დახევას. მაგრამ ამ უკიდურესობებს შორის ყოველთვის არსებობს საკითხები, რომლებზეც კომპრომისის მიღწევა შესაძლებელია“, – ამბობს შამბა.
აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების შეთავაზებებს დიალოგის შესახებ ახალარჩეულ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გამოეხმაურა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი.
„ჩვენ მზად ვართ აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებთან საერთო ინტერესებზე დაფუძნებული არაფორმალური დიალოგის პლატფორმისა და თანამშრომლობის გაფართოებისთვის“, – განაცხადა ახვლედიანმა.
მისი თქმით, არსებული დიალოგი უნდა გაღრმავდეს ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებების თემებზე, საკითხებზე, რომლებიც მიმართული იქნება მოსახლეობის საკეთილდღეოდ და მაგალითად მოიყვანა კორონავირუსის პანდემიის შესაჩერებლად სოხუმთან ურთიერთობა, რომელიც, მისი თქმით, თანამშრომლობის პოზიტიური გამოცდილება იყო.
„ჩვენ ვადასტურებთ მზადყოფნას საგნობრივი დიალოგისთვის აფხაზური საზოგადოების ყველა იმ ჯგუფთან, რომელთა ინტერესებშიც ამ რეგიონის მოსახლეობის კეთილდღეობა და სამომავლო განვითარება შედის, რადგან მიგვაჩნია, რომ იმ საერთო და ურთულესი გამოწვევების გამკლავება, რომლის წინაშეც დღეს ვართ, ბევრად მარტივად და უდანაკარგოდ მოხდება ჩვენი მჭიდრო, შეთანხმებული და ინტენსიური კომუნიკაციის პირობებში“, – თქვა სახელმწიფო მინისტრმა პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას.
თუმცა, ახვლედიანი დასძენს, რომ, საქართველოს ხელისუფლების მზაობის მიუხედავად, ურთიერთობის გაღრმავების სურვილი წარსულში ხშირად სწორედ სოხუმს არ ჰქონია.
„წარსულშიც არაერთხელ დაგვიფიქსირებია გახსნილობა ამ კომუნიკაციების გასაღრმავებლად, მაგრამ, სამწუხაროდ, იყო შემთხვევები, რომ შემხვედრი სურვილი ან რეალურად არ არსებობდა ან მხოლოდ მედიასაშუალებებში გაკეთებული განცხადებებით შემოიფარგლებოდა“, – თქვა სახელმწიფო მინისტრმა.
საქართველოს ხელისუფლების მიერ გაჟღერებული „არაფორმალური დიალოგი“ აფხაზებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის გამოსვლა სოხუმმა გააკრიტიკა. აფხაზეთის „ხელისუფლებაში“ აცხადებენ, რომ თბილისთან არაფორმალურ დიალოგს არ განიხილავენ და საუბარი მხოლოდ ოფიციალურ დონეზეა შესაძლებელი.
სოხუმის შეთავაზებების მიმართ საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებას აკრიტიკებენ ქართველი კონფლიქტოლოგებიც.
„სამწუხაროდ, მთელი ვექტორი იხრება საგარეო კონტექსტისკენ და იმედი გვაქვს, რომ მთელი საერთაშორისო საზოგადოება რუსეთს დასჯის და დაგვიბრუნებს „შეფუთულ აფხაზეთს“. რაც, ჩემი აზრით, სასაცილოა. ერთი საკითხია – რომ ეს საერთაშორისო კონფლიქტია და არაფერი საერთო არ აქვს აფხაზებთან.
მეორე საკითხია – არაკომპეტენტურობა. არაკომპეტენტურობაა, ჩემი აზრით, თავი და თავი. მათ რომ ჰქონდეთ თამამი ხედვა ამ მიმართულებით, მაშინ არ შეეშინდებოდათ და დაიცავდნენ თავიანთ პოზიციასაც. მაგრამ არ ადარდებთ, კონფლიქტები არ არაა პრიორიტეტული მიმართულება „ქართული ოცნებისთვის“, – ამბობს ზაქარეიშვილი.
„პუბლიკასთან“ საუბარში ამავეს იმეორებს გიორგი კანაშვილიც. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ პოლიტიკა არის ფრთხილი და თითქოს პრაგმატული, ხანდახან ზედმეტად ფრთხილიც კი, როგორც კონფლიქტებთან, ისე რუსეთთან მიმართებაში. ეს სიფრთხილე კი საბოლოოდ პასიურობაში გადაიზარდა.
„ქართული ოცნების“ პოლიტიკაა იმის დაჯერება, რომ ამ კონფლიქტებში რაიმეს თვისობრივად შეცვლა შეუძლებელია და ამიტომ დიდად ნუ შევეხებით. ასე რომ, საქართველოს პოლიტიკა შემოიფარგლება აქა-იქ გაეროში რეზოლუციაზე მხარდამჭერთა 1 ან 2 სახელმწიფოთი გაზრდით. ამასობაში კი ადგილზე არაფერი იცვლება“, – ამბობს კანაშვილი.
გიორგი კანაშვილი ამბობს, რომ „ოცნების“ სიფრთხილე ოპოზიციის კრიტიკისგან თავის დაზღვევითაცაა გამოწვეული. მისი თქმით, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია შექმნილი და ამიტომ ხელისუფლებას არ სურს, გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელზეც ქვეყანაში საყოველთაო კონსესუსი არაა.
კანაშვილის თქმით, „ქართულ ოცნებას“ დღეს აღარ აქვს ისეთი წონა და გამბედაობა, რომ სცადოს აფხაზებთან კომპრომისებზე წასვლა. სოხუმის ინიციატივა კი საბოლოოდ უპასუხოდ რჩება.
რატომ სურს სოხუმს თბილისთან დიალოგი
„ეს ინტერვიუები შემთხვევითი არ არის, ის თბილისისკენ მიმართული ერთგვარი მესიჯბოქსია“, – ამბობს გიორგი კანაშვილი „პუბლიკასთან“. კონფლიქტოლოგის თქმით, აფხაზებს ოსებისგან განსხვავებით სურთ, შექმნან რეალურად დამოუკიდებელი სახელმწიფო. ანქვაბის გუნდს კი მიაჩნია, რომ ამისთვის საჭიროა მეტად ღია იყვნენ როგორც თბილისთან, ისე ზოგადად დასავლეთთან მიმართებით, რომ რუსეთის გავლენა დააბალანსონ.
ანქვაბი და შამბა, როგორც კანაშვილი ამბობს, თავიანთი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში იმ სკოლას მიეკუთვნებოდნენ, რომლებიც თბილისთან და ზოგადად, დასავლეთთან მიმართებაშიც უფრო რაციონალურ პოლიტიკას ემხრობოდნენ. მიიჩნევდნენ, რომ აფხაზეთის გახსნა ამ სამყაროსათვის მნიშვნელოვანია.
„ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური სიტუაცია მთლად სახარბიელო არაა. მიუხედავად იმისა, რომ ყოველწლიურად რუსეთისგან პირდაპირ დახმარებას იღებენ, ბიუჯეტის დაახლოებით 50-60%-ს, ჩანს, რომ ეს აშკარად საკმარისი არ არის. 2018, 2019 წლებში ეს ბიუჯეტი დაახლოებით 70 მილიონის ფარგლებში იყო. შედარებისთვის, რუსები ცხინვალსაც კი გაცილებით მეტს აძლევენ.
ასე რომ, შესაძლოა, აფხაზები გარკვეულ დივერსიფიკაციაზე ფიქრობენ. ეს გათვლები შეიძლება დავინახოთ მათ განცხადებებში“, – ამბობს გიორგი კანაშვილი. განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა, მისი თქმით, რუსეთი სულ უფრო მეტად ცდილობს აფხაზეთზე გავლენის გაზრდას.
„აფხაზები ჯერჯერობით ახერხებენ, აფხაზეთის ტერიტორიაზე ფინანსურ-ეკონომიკურად მთლად არ შეუშვან რუსები. რადგან აცნობიერებენ, რომ ამ შემთხვევაში საკმაოდ მალე იქაურობას სულ რუსები დაეპატრონებიან. ამ მიმართულებით ეს „ჭიდაობა“ მიდის, მაგრამ მეეჭვება, მათ დიდხანს შეძლონ წინააღმდეგობის გაწევა, რადგან მაინც ძალიან სუსტები არიან და მოუწევთ დათმობაზე წასვლა“, – ამბობს კანაშვილი.
საჭიროა თუ არა პირისპირ დიალოგი?
სახელმწიფო მინისტრის თეა ახვლედიანის თქმით, საქართველოს ხელისუფლება აფხაზებთან ჰუმანიტარულ საკითხებზე უკვე საუბრობს და ცდილობს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეებთან ურთიერთობის გაღრმავებას. პირდაპირი დიალოგი და ნდობის მშენებლობა ხაზგასმულია მინისტრის ხედვაშიც.
პაატა ზაქარეიშვილი კი მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლება პასიურობს და ამ პასიურობით ვკარგავთ აფხაზებთან კონტაქტებს. ისინი კი სულ უფრო მეტად ხდებიან რუსეთზე დამოკიდებული.
„ეს სამწუხაროა, მით უმეტეს იმ პირობებში, რომ მათ უნდათ რუსეთი, მაგრამ უნდათ დოზირებულად და არა აბსოლუტურად“, – ამბობს კონფლიქტოლოგი.
ზაქარეიშვილის თქმით, საჭიროა, რომ თბილისმა შეცვალოს მიდგომა და პირისპირ დაელაპარაკოს აფხაზებს. მოისმინოს, რა სურთ მათ, რას ითხოვენ და მოითხოვენ; საჭიროა თამამი ნაბიჯები, რომლის გადადგმისაც დღეს ეშინიათ.
„ჩვენ უნდა განვიხილოთ ყველა ის თემა, რომლებიც მათ აწუხებთ. მათ აწუხებთ, ვთქვათ, ძალის გამოუყენებლობაზე რაღაც დოკუმენტზე ხელმოწერა ხომ? ჩვენ არ გვჭირდება, მაგრამ მათ აწუხებთ და უნდა განვიხილოთ ეს თემა. არ ვამბობ, რომ მაშინვე მოვაწეროთ ხელი. დავიწყოთ განხილვის პროცესი, 1, 2 წლით, ვნახოთ რას ითხოვენ. იქნებ მერე ისეთი რამეებიც ჩავწეროთ, რომ მნიშვნელოვანი იყოს ჩვენთვის.
ითხოვენ, რომ ვაღიაროთ კონფლიქტისა და მოლაპარაკების მხარედ და ამაში ტრაგედია არ არის. ასე იყო „ქართულ ოცნებამდეც“ და არაფერი მომხდარა, შევარდნაძის დროს, „ნაციონალური მოძრაობის“ დროსაც კი შექმნილა დოკუმენტები. უამრავი დოკუმენტია, სადაც ისინი ქართულ მხარესთან ერთად აწერენ ხელს და ქვეყანა არ დაქცეულა.
ამისი უამრავი მაგალითია საერთაშორისო საზოგადოებაშიც, მოლდავეთი ან კვიპროსი რომ ავიღოთ თუნდაც, სადაც მხარეები ერთმანეთთან თანამშრომლობენ. ამაში ახალი არაფერი არაა“, – ამბობს ზაქარეიშვილი „პუბლიკასთან“.
მისი თქმით, ეს არის ის გზა, რომლითაც საქართველოს ხელისუფლებას შეუძლია თავისი პოზიციებიც განიმტკიცოს. მოიტანოს ისეთი ცვლილებები, რომლებიც პირისპირ დიალოგის გარეშე შეუძლებელია. თუნდაც, იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნება, თუ მთლიანად არა, რეგიონის ნაწილში მაინც.
თუმცა, ასეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებამდე, ზაქარეიშვილის თქმით, კიდევ უფრო მარტივი იქნება ნაკლებად მტკივნეული ნაბიჯების გადადგმა, მაგალითად, ვაჭრობის მოწესრიგება როგორც დე ფაქტო აფხაზეთისა და რუსეთის, ისე დე ფაქტო აფხაზეთისა და საქართველოს სტრუქტურებს შორის.
„მე არ მესმის ამ არაკომპეტენტურობის. უპასუხონ კითხვას, რისი მიღწევა გვინდა აი ამ არაფრის კეთებით? იქნებ რაიმე უცნობი სტრატეგიის ნაწილია და არ ვიცით. გვითხრან, იქნებ რაიმე რაციონალური საფუძველი აქვთ. აქვთ პასუხი იმაზე, თუ არაფერს გააკეთებენ 100 წელი, 100 წლის შემდეგ სად ვიქნებით? მაგრამ ჩანს, რომ რეალურად აბსურდამდე მიდის მათი „არაფრის კეთების სტრატეგია“, – ამბობს ზაქარეიშვილი.
არასაკმარისად მიიჩნევს სოხუმთან ურთიერთობას გიორგი კანაშვილიც. მისი თქმით, მართალია, არსებობს გარკვეული პროგრამები და საკითხები, პანდემიის დროსაც იყო თანამშრომლობის პოზიტიური დინამიკა, თუმცა სოხუმთან სასაუბრო თემა ბევრია, თბილისში კი ასე არ ფიქრობენ.
„ეს ჩვენთანაა გავრცელებული აზრი, რომ აი, ოკუპირებულია ეს ტერიტორია და აბა რა ვქნათ, რაზე უნდა ველაპარაკოთ?! ეს ასე არ არის, მიუხედავად ოკუპაციისა და რუსეთის დესტრუქციული როლისა, ბევრი მიმართულებაა. მაგალითად, ეკონომიკის, ვაჭრობის მიმართულებით შეიძლება ბევრი რამის მოფიქრება. განათლების, კულტურის მიმართულებით. ბევრი საკითხია, რომლებიც ეხება ევროკავშირისა და ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მეტ ჩართულობას აფხაზეთის ცხოვრებაში.
ბევრი ასეთი, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო საკითხია, რომელიც თითქოსდა პოლიტიკურ სიტუაციას ხვალ და ზეგ არ შეცვლის, მაგრამ აჩენს თანამშრომლობის მაგალითებს თბილისსა და სოხუმს შორის, აჩენს დიალოგის საშუალებას და გრძელვადიან პერსპექტივაში საკმაოდ მნიშვნელოვან შედეგებსაც მოგვცემს. ბევრი რამაა, რის გაკეთებაც შეიძლება მაგრამ ვერ, ან უფრო სწორად არ კეთდება“, – ამბობს კანაშვილი „პუბლიკასთან“.
ამასობაში კი რუსეთსა და დე ფაქტო აფხაზეთის ხელისუფლებას შორის ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის შესახებ პროგრამასაც მოეწერა ხელი. შეთანხმება მას შემდეგ მოხდა, რაც სოჭში ვლადიმერ პუტინი ასლან ბჟანიას შეხვდა.
პაატა ზაქარეიშვილის თქმით, ამ შეთანხმების მნიშვნელობა იქიდანაც ჩანს, რომ პუტინი, რომელიც მანამდე თავს არიდებდა ბჟანიასთან შეხვედრას, მას შეხვდა ყარაბაღის ომის დასრულების პერიოდში, მაშინ, როცა რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთისთვის კიდევ უფრო ნაკლებად უნდა ჰქონოდა დროის დათმობის სურვილი.
ზაქარეიშვილის აზრით, სწორედ აქედან ჩანს, რამდენად მნიშვნელოვანი იყო რუსეთისთვის ეს ხელშეკრულება. პროგრამა, რომელიც აფხაზეთის ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯია და ბჟანიას მასზე ხელმოწერა, „ფაქტობრივად, აიძულა“.
„[პუტინმა] აშკარად გამოაჩინა, რომ მას უნდა აფხაზეთი ჩაიგდოს ხელში, როგორც ტერიტორია. ზღაპარია იმაზე საუბარი, რომ აფხაზეთს ვინმე აღიარებს, ეს რუსეთსაც არ აინტერესებს, ეს მისი ერთ-ერთი მხოლოდ ტაქტიკური ნაბიჯი იყო თავის დროზე. ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ უნდა ვიმუშაოთ არაღიარების პოლიტიკაზე, მაგრამ არაღიარებაზე ჩვენი პარტნიორები ისედაც მშვენივრად მუშაობენ და მადლობა მათ ამისთვის. ამაზე მნიშვნელოვანია, ანტიანექსიური პოლიტიკა.
ანექსია უფრო რეალური საფრთხეა, ვიდრე აფხაზეთის აღიარება. ამიტომ მეტი უნდა ვიმუშაოთ უშუალოდ აფხაზებთან. მეტი კონტაქტი გვჭირდება მათთან… ბევრი ისეთი რამის შეთავაზება შეგვიძლია, რის შეთავაზებაც ეშინიათ რუსეთისგან. უამრავი თემა შეიძლება იყოს და ჩვენ კი დოყლაპიებივით, პირდაბჩენილები შევცქერით“, – ამბობს ზაქარეიშვილი „პუბლიკასთან“.