რა შემთხვევაში მოიხსნება მოქალაქე საკონსულო აღრიცხვიდან და როგორ უნდა მოიქცნენ რეგისტირებისთვის

პუბლიკა

„შევამოწმე, ვარ თუა არა საკონსულო აღრიცხვაზე საფრანგეთში. მანამდე, ანუ ბოლო არჩევნებისას, რომელიც კოვიდის ეპიდემიის დროს ტარდებოდა, აღრიცხვაზე დავდექი. საკონსულოდან სპეციალური ნებართვაც კი მივიღე კარანტინის პირობებში გადაადგილების გასამართლებლად და არჩევნებში მონაწილეობა მივიღე. ჰოდა, ახლა ეს ამომიგდო. მიზეზია ფანტასტიური! ხშირად კი ჩავდივარ, მაგრამ 6 თვე გადაბმულად 1993 წლიდან არ მიცხოვრია საქართველოში. რა ჩანაფიქრია ამის უკან, იცის ვინმემ? და ყველამ, ვინც უცხოეთში ცხოვრობს, შეამოწმეთ, ხართ თუ არა საკონსულო აღრიცხვაზე“, – დაწერა 2 ივნისს საჯარო პოსტში რევაზ ბოჭორიშვილმა, საფრანგეთში მცხოვრებმა ქართველმა ექიმმა.

 

„უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს! საკონსულოები მასობრივად ხსნიან რეგისტრაციიდან ოპოზიციის მომხრეებს! დღეს დილით ვნახეთ ჩვენი მეგობრის, საფრანგეთში მცხოვრები რეზო ბოჭორიშვილის სტატუსი, რომ საკონსულოს ის მოუხსნია რეგისტრაციიდან ყალბი მიზეზით: „ექვსი თვე საქართველოში ყოფნა“. შეშფოთებულმა დავიწყე ოჯახის წევრთა რეგისტრაციის შემოწმება. რეგისტრაციიდან ქეთიც მოუხსნიათ! 100%-იანი ტყუილია. ქეთი 2009 წლის შემდეგ არ ყოფილა საქართველოში 6 თვის განმავლობაში. ხელახლა შევიტანეთ განცხადება რეგისტრაციაზე. ყველამ შეამოწმეთ რეგისტრაციის სტატუსი!“, – დაწერა 2 ივნისს საჯარო პოსტში აშშ-ში მცხოვრებმა ალექსანდრე (კახა) ლომაიამ, განათლებისა და მეცნიერების ყოფილმა მინისტრმა.

სოციალურ ქსელში ვრცელდება საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების არაერთი პოსტი, რომლებშიც ისინი წერენ, რომ გადამოწმებისას აღმოაჩინეს, რომ საკონსულოს აღრიცხვაზე აღარ იმყოფებიან. მათ მიერ გვარცელებული ინფორმაციით, აღრიცხვიდან მოხსნის მიზეზად მითითებულია, რომ  6 თვის განმავლობაში საქართველოში იმყოფებოდნენ, რაც მათი თქმით სიმართლეს არ შეესაბამება. ისინი ასევე ვარაუდობენ, რომ წინასაარჩევნოდ საკონსულო აღრიცხვიდან მათი მოხსნა შესაძლოა მათ პოლიტიკურ შეხედულებებს უკავშირდებოდეს.

ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) იურისტები თვალს ადევნებენ და მონიტორინგს უწევენ სოციალურ ქსელში მოქალაქეების პოსტებს აღნიშნული პრობლემის შესახებ.

როგორც ორგანიზაციის იურისტმა, გიორგი მონიავამ „პუბლიკას“ უთხრა, ამ დროისთვის 4 კონკრეტული შემთხვევა უკვე გადაამოწმეს და არცერთ მათგანთან დაკავშირებით კანონის დარღვევა არ დაფიქსირდა. რამდენიმე შემთხვევას ახლაც იკვლევენ და პოსტების გამავრცელებლების მხრიდან უკუკავშირს ელოდებიან. 

როგორც იურისტი განმარტავს, არსებული კანონმდებლობის მიხედვით, არსებობს როგორც საკონსულო სტატუსის შეჩერება, ასევე საკონსულო სტატუსის შეწყვეტა.

იურისტის განმარტებით, საკონსულო აღრიცხვაზე მყოფ ფიზიკურ პირს, რომელიც შემოვა საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისო მიმოსვლისთვის დადგენილი სასაზღვრო გამტარი პუნქტის მეშვეობით, ავტომატურ რეჟიმში უჩერდება საკონსულო აღრიცხვა, მაგრამ თუ პირი დატოვებს საქართველოს ტერიტორიას შემოსვლიდან 6 თვის განმავლობაში, მათ ავტომატურად აღუდგებათ აღრიცხვა.

„იმისათვის, რომ დანამდვილებით ვთქვათ, აქვს თუ არა ადგილი კანონდარღვევას, საჭიროა, რომ თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურად გავიაროთ. ჯერჯერობით არ დადასტურებულა შემთხვევა, რომ რამე უკანონობას ჰქონდეს ადგილი.

პირველ რიგში საზღვარგარეთ მცხოვრებმა ქართველებმა თავიანთი სტატუსი წინასაარჩევნოდ ხშირად უნდა გადაამოწმონ. ეს ხდება ონლაინ, საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდიდან და თუ ნახავენ, რომ საკონსულო აღრიცხვაზე აღარ დგანან, რა თქმა უნდა, შეუძლიათ, დაუკავშირდნენ საგარეო საქმეთა სამინისტროს ან საკონსულოს.

ასევე შეუძლიათ, დაგვიკავშირდნენ ჩვენც. ჩვენ მონიტორინგს გავუწევთ და დავეხმარებით, როგორც გარკვევაში, ასევე სტატუსის აღდგენაში, თუ უკანონოდ არიან აღრიცხვიდან მოხსნილი“, – ამბობს იურისტი.

რა პასუხი აქვთ საგარეო საქმეთა სამინისტროში

საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებაში განმარტავს, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია „თითქოს საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები საკონსულო აღრიცხვიდან პოლიტიკური ნიშნით არიან მოხსნილი“, სიმართლეს არ შეესაბამება. როგორც უწყებაში განმარტავენ, ამგვარი ინფორმაციის გავრცელება „მიზნად ისახავს საგარეო საქმეთა სამინისტროს დისკრედიტაციას“.

„საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეთა საკონსულო აღრიცხვაზე დაყენების უმთავრეს მიზანს წარმოადგენს საზღვარგარეთ საქართველოს ფიზიკური პირების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა, საკონსულო ფუნქციების ეფექტური განხორციელების მექანიზმების შექმნა.

აქედან გამომდინარე, საქართველოს მოქალაქის არც საკონსულო აღრიცხვაზე დაყენება, რაც მისი პირადი განცხადებით ხდება, და არც საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნა, რისთვისაც არსებობს კონკრეტული საფუძვლები, არავითარ კავშირში არ არის მოქალაქის პოლიტიკურ შეხედულებებთან“, – ნათქვამია განცხადებაში.

უწყებაში განმარტავენ, რომ საკონსულო აღრიცხვიდან მოქალაქე შეიძლება მოიხსნას სხვადასხვა საფუძვლით, მათ შორის:

  • მოქალაქეობის შეწყვეტა;
  • საკონსულო აღრიცხვის ქვეყნის შეცვლა;
  • ყალბი დოკუმენტების წარდგენა;
  • პირადი განცხადება, გარდაცვალება;
  • სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებული პირი;
  • პირი, რომელსაც გაუუქმდა პირადი ნომერი;
  • პირი, რომელიც შემოვიდა საქართველოში და 6 თვის განმავლობაში არ დაუტოვებია ქვეყანა;
  • პირი, რომელსაც ბოლო 10 წლის განმავლობაში არ მიუმართავს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და/ან საკონსულო დაწესებულებებისათვის, საკონსულო აღრიცხვის მონაცემთა განახლების ან სხვა მომსახურების გაწევის მიზნით, აგრეთვე ბოლო 10 წლის განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზის მიხედვით, არ უფიქსირდება საქართველოს საზღვრის გადაკვეთა;
  • ასევე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში შემოსვლიდან 6 თვეზე მეტი ხნით ყოფნის მიზეზით საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნის საფუძველი შესაძლოა, გახდეს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირის მიერ სხვადასხვა პასპორტით გადაადგილება, რა დროსაც არ ხდება იმ მონაცემთა სინქრონიზაცია, რომელსაც მოქალაქე საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის მიზნით გადასცემს საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას, და რომელიც მას უფიქსირდება უცხოურ პასპორტში, განსაკუთრებით სახელისა და გვარის ტრანსლიტერაციის კუთხით.

უწყებაში განმარტავენ, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში საკონსულო აღრიცხვიდან ზემოჩამოთვლილი მიზეზებით ყოველწლიურად იხსნებოდა საშუალოდ 2000 მოქალაქე და იმავდროულად რეგისტრირდებოდა საშუალოდ 4200 მოქალაქე.

მაგალითისთვის, სამინისტროს მიერ გავრცელებული სტატისტიკური მონაცემებით, 2022 წელს საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნილია 2120 მოქალაქე, 2023 წელს – 1573, ხოლო 2024 წლის იანვრიდან ივნისამდე – 851 მოქალაქე.

გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია ისიც, რომ  სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე ამოქმედდა საკონსულო აღრიცხვის ელექტრონული რეესტრი – https://www.geoconsul.gov.ge/electronic-register/el-registry, რომლის მეშვეობითაც საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, აქვთ შესაძლებლობა, გადაამოწმონ მათი საკონსულო აღრიცხვაზე ყოფნის ფაქტი და სურვილის შემთხვევაში, დროულად დადგნენ საკონსულო აღრიცხვაზე, რათა მათი მონაცემები აისახოს ამომრჩეველთა ერთიან სიაში.