რა უნარები და ღირებულებები უნდა ჰქონდეს სკოლის დირექტორს - კონკურსის ფინალისტების შესახებ

სალომე გორგოძე

„განათლების კოალიციისა“ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივითა და ორგანიზებით, მიმდინარე კვირაში სკოლის ლიდერობის ეროვნული კონკურსის 10 ფინალისტი დასახელდა.

რა უნარებით, ღირებულებებით, შესაძლებლობებითა და თვისებებით უნდა იყოს აღჭურვილი სკოლის დირექტორი იმისათვის, რომ, ერთი მხრივ, სკოლაში არსებული შესაძლებლობების რეალიზებისათვის ხელსაყრელი გარემო შექმნას; მეორე მხრივ კი, გაუმკლავდეს იმ საჭიროებებსა და გამოწვევებს, რომლის წინაშეც სასკოლო საზოგადოება დგას. განსხვავებული და მრავალფეროვანია ის მიდგომები და საქმიანობები, რომლებსაც თითოეული დირექტორი სკოლის მართვისა და ხარისხიანი სწავლა-სწავლების პროცესის წარმართვისთვის იყენებს, რაც თავის მხრივ განპირობებულია იმ ინდივიდუალური საჭიროებებითა და შესაძლებლობებით, რომლებითაც თითოეული სასკოლო საზოგადოება ხასიათდება.

 

სოფელ ნიგვზარის საჯარო სკოლა

საჩხერის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი სოფლის – ნიგვზარის საჯარო სკოლის დირექტორი, ინა ბიწაძე კონკურსის ერთ-ერთი ფინალისტია.

გვიყვება, რომ პედაგოგების ოჯახში დაიბადა და სხვა პროფესიაზე არც არასდროს უოცნებია. 25 წელია პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა, 2014 წლიდან კი ნიგვზარის საჯარო სკოლას ხელმძღვანელობს. სკოლა მცირეკონტინგენტიანია, იქ სულ 83 მოსწავლე სწავლობს და 20 მასწავლებელი ასწავლის.

ინა ბიწაძე გვიყვება, რომ მაღალმთიანი სოფლის სკოლები ძალიან ბევრი პრობლემისა და გამოწვევის წინაშე დგანან, თუმცა წლიდან წლამდე სკოლაში საქმიანობამ აჩვენა, რომ გამოწვევებთან გამკლავება ცოდნას აგროვებს, „ცოდნას, რომელიც ახალ-ახალ შესაძლებლობად იქცევა ხოლმე“.

ამ გამოწვევებზე საუბრისას რამდენიმე საკითხზე ამახვილებს ყურადღებას – საუბრობს  ადგილობრივი კვალიფიციური პედაგოგების დეფიციტსა და მათი შენარჩუნებისა თუ პროფესიული განვითარების აუცილებლობაზე და სიღარიბეზე, რომელიც მძიმე ტვირთად აწევს სოფლის მოსახლეობას და მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საგანმანათლებლო პროცესებზეც. ასევე გვიყვება იმ საქმიანობებზეც, რომელთა დახმარებითაც ის, სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები ამ გამოწვევებთან გამკლავებას ცდილობენ და ხშირად ახერხებენ ხოლმე.

„როცა სკოლის დირექტორი გავხდი, მიზნად დავისახე, რომ სკოლაში შემექმნა ყველა ის პირობა, რომლებიც დაეხმარებოდა ჩვენს მოსწავლეებს, როგორც აკადემიური წარმატების მიღწევაში, ასევე პასუხისმგებლიან მოქალაქეებად ჩამოყალიბებაში. იმიტომ, რომ აქ სკოლა არის ფაქტობრივად ერთადერთი ადგილი, სადაც ნიგვზნარელ მოსწავლეს შეუძლია სრულფასოვანი განათლების მიღება“, – ამბობს ინა ბიწაძე და გვიყვება, რომ სკოლა თითქმის 22 კილომეტრით არის მოშორებული რაიონული ცენტრისგან, ამიტომ მოსწავლეებს ხშირად არ აქვთ შესაძლებლობა სხვადასხვა კულტურული დაწესებულების მომსახურებით ისარგებლონ. ამიტომ იქ მცხოვრები მოსწავლეებისთვის მნიშვნელოვანია, რომ სკოლა სოფლის კულტურული ცენტრიც იყოს.

ამბობს, რომ სკოლაში მოსწავლეებს მრავალმხრივი არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობა აქვთ, რაც მათი სკოლის ერთ-ერთი ძლიერი მხარეა. ამის მაგალითად კი გვიყვება სასკოლო კლუბების საქმიანობების შესახებ, რომლებიც, როგორც თავად ამბობს, ხანდახან აკადემიურად ნაკლებად გამორჩეული მოსწავლისათვისაც კი შესაძლებლობების განვითარების  საშუალებაა.

მაგალითად, სკოლაში ფუნქციონირებს თექის დამუშავების შემსწავლელი კლუბი, რომელშიც, მოსწავლეების გარდა, ადგილობრივი ქალებიც არიან ჩართულნი, რომლებმაც ადრეული ქორწინების გამო პროფესიული განათლების მიღება ვერ შეძლეს. სოფელში განვითარებულია მეცხვარეობა – თექისთვის საჭირო მატყლს ადგილობრივებიდან იძენენ, მერე კი ამუშავებენ. თექისგან შექმნილი სათამაშოები და სამკაულები გამოფენებზე გააქვთ. სამომავლოდ აპირებენ ნამუშევრები ქველმოქმედებისთვის გაყიდონ – რაიონულ ცენტრში არსებულ მოხუცთა დღის ცენტრს დაეხმარონ.

„ამგვარად სკოლა იმ თემის და რეალობის ნაწილია, რომელშიც ჩვენი მოსწავლეები ცხოვრობენ, საკლუბო საქმიანობა კი მიმართულია როგორც ამ საჭიროებების გააზრების, ასევე არსებული პრობლემების დაძლევისკენ“, – ამბობს ინა ბიწაძე და კიდევ ერთ მაგალითად სკოლის მკითხველთა კლუბი მოაქვს:

„სოციალური ფონი ბევრი მიმართულებით აჩენს პრობლემებს, თუნდაც წიგნიერების დონის კუთხით. დავინტერესდი და სოფლის მოსახლეობა გამოვკითხე, მაინტერესებდა ჰქონდათ თუ არა სახლში მხატვრული ლიტერატურა. დავინახე, რომ არსებობდა სოფელში ოჯახები, სადაც სასკოლო სახელმძღვანელოები ერთადერთი წიგნი იყო. ცხადი იყო, რომ ამ მიმართულებით ბავშვებს ხელშეწყობა სჭირდებოდათ. ჩამოვაყალიბე მკითხველთა კლუბი და გადავწყვიტე სკოლის საბიბლიოთეკო ფონდი ახალი წიგნებით შეგვევსო. როცა ამის შესაძლებლობა გამოჩნდება, ხელიდან არ ვუშვებთ, ვწერთ საგრანტო პროექტებს და ამ გზით სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პროექტების დახმარებით სკოლის ბიბლიოთეკაც შევავსეთ“, – გვიყვება ინა ბიწაძე და ამბობს, რომ ამაში სკოლის წარმატებული კურსდამთავრებულებიც დაეხმარნენ, რომლებსაც დღემდე კონტაქტი აქვთ სკოლასთან და მოსწავლეებს სხვადასხვა მიმართულებით პროფესიულ გამოცდილებასაც  უზიარებენ ხოლმე.

ერთ-ერთი ბოლო პროექტი კი, რომლის განსახორციელებლადაც სკოლამ მცირე გრანტი მოიპოვა, სკოლის მიმდებარედ სანერგე მეურნეობის მოწყობაა, რომლის მიზანიც ბიოლოგიის გაკვეთილებზე მიღებული თეორიული ცოდნის პრატქიკაში გამოყენებაა,- დათესვა, მცენარეების დამყნობა, ჩითილების გამოყვანა. შემდგომ კი ამ ნერგების სოფლად მცხოვრები ოჯახებისთვის დარიგება. პანდემიასთან დაკავშირებით შექმნილმა მდგომარეობამ და დისტანციური სწვალების აუცილებლობამ მათი საგაზაფხულო გეგმები შეაფერხა.

დისტანციური სწავლების საჭიროებამ ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა სკოლა. ამბობს, რომ როგორც „ახალი სკოლის მოდელში“ ჩართულ სკოლას,  გაუადვილდა ეს პროცესი, ვინაიდან ჰქონდათ გარკვეული რაოდენობის ტექნიკა და პედაგოგებსაც ჰქონდათ დისტანციურად მუშაობის გარკვეული გამოცდილება, თუმცა კომპიუტერებისა და ხელმისაწვდომი ინტერნეტის გარეშე აღმოჩნდა სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლების  ნაწილი.

„პრობლემა არის ტექნიკის სიმცირე, გარკვეული ნაწილისთვის ინტერნეტი არ იყო ხელმისაწვდომი. შევაგროვე ინფორმაცია ვის რა სჭირდებოდა და ის ტექნიკა, რომლებიც სკოლაში გვქონდა ბავშვებს და მასწავლებლებს დავურიგე, რათა დისტანციურად სწავლა შესძლებოდათ. ვგეგმავთ, რომ სკოლის ფინანსებიდანაც შევძლოთ და სოციალურად დაუცველი მოსწავლეებისათვის შევიძინოთ კომპიუტერები. მომდევნო სასწავლო წელსაც თუ ისევ ამ რეალობაში შევხვდით, უფრო მომზადებულები ვიქნებით“, – ამბობს ინა ბიწაძე და ფიქრობს, რომ ამ გამოწვევასაც შეძლებისდაგვარად გაართვა თავი სკოლამ. გარდა სასკოლო გაკვეთილებისა, ონლაინ გრძელდება კლუბების მუშაობაც, სხვადასხვა პროგრამაში მუშაობისას აღმოჩენილი პრობლემის დაძლევაში კი სკოლის უფროსკლასელები მასწავლებლებსა და დაბალკლასელებს ეხმარებიან.

 

რუსთავის მე-4 საჯარო სკოლა

კონკურსის კიდევ ერთი ფინალისტია რუსთავის მე-4 საჯარო სკოლის დირექტორი მამუკა ხამხაძე. ის 27 წელია პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა. 2007 წლიდან კი ამ სკოლის დირექტორია, სადაც 1 750 მოსწავლე სწავლობს.

„სკოლის ლიდერობის კონკურსი არის დიალოგის შესაძლებლობა დირექტორებისა და სკოლებისათვის, რომ დაინტერესებულ საზოგადოებას ხმამაღლა ვესაუბროთ, სკოლის როგორც გამოწვევებზე, ისე იმ პოზიტიურ ცვლილებებზე, რომლებიც სკოლაში ხდება“, – ამბობს მამუკა ხამხაძე და მიიჩნევს, რომ ეს ასევე არის საშუალება, კოლეგებს გაუზიაროს წლების განმავლობაში დაგროვილი პროფესიული გამოცდილება.

 „დირექტორის პოზიციაზე მუშაობისას მაქვს პრინციპი, რომ ვიყო არა უბრალოდ მოქმედი რეგულაციების შემსრულებელი ხელმძღვანელი, არამედ შევქმნა ახალი სისტემა, რომელიც შეცვლის მოძველებულ სკოლას. კერძოდ, მსურს, შევცვალო სასკოლო კლიმატი და სასკოლო პროცესი უკეთესობისაკენ, ისე, რომ ეს კონკრეტულმა ადამიანებმა იგრძნონ. მოსწავლეებს შევთავაზო ისეთი პირობები, რომლებიც მათ მოტივაციას აამაღლებს და საშუალებას მისცემს, რომ მიიღონ კარგი აღზრდა, ცხოვრებისათვის საჭირო განათლება და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების საშუალება სწორედ აქ, სასკოლო სივრცეშივე და არა სხვაგან“.

ის ფიქრობს, რომ დღევანდელ სკოლას სამი უმთავრესი გამოწვევა აქვს – სასწავლო პროცესის მოწყობა ისე, რომ ყველა ბავშვმა მოძებნოს საკუთარი თავი სკოლის სისტემაში და მოახერხოს საუკეთესო შესაძლებლობების რეალიზაცია; სკოლამ მოსწავლეს მისცეს, აკადემიური ცოდნის გარდა, ცხოვრებისათვის საჭირო პრაქტიკული ცოდნა, აღზრდა და უნარ-ჩვევები, განუვითაროს ღირებულებათა სისტემა; სკოლას, მასწავლებლებს და საგანმანათლებლო ლიდერებს ჰქონდეს საზოგადოების მაღალი ნდობა და მეტი სოციალური მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან.

მე-4 საჯარო სკოლის წინაშე არსებულ გამოწვევებზე საუბრისას კი ამბობს, რომ განვითარება შესაძლებელია რამდენიმე მიმართულებით – ეს არის, პირველ რიგში, არაფორმალური განათლების წილის გაზრდა სასწავლო პროცესში და მისი დაკავშირება აკადემიურ ცოდნის მიღებასთან, მეორე – ტექნოლოგიების ფართოდ დანერგვა სასწავლო პროცესში და დისტანციური სწავლების პერიოდში დაგროვილი გამოცდილების წარმატებით გამოყენება ჩვეულებრივი სწავლების პირობებში.

ის ყურადღებას ამახვილებს მშობლების ჩართულობაზე და მიიჩნევს, რომ მშობელი და მასწავლებელი არის ბავშვის აღზრდის ორი მხარე, მათი თანამშრომლობის გარეშე კი ვერც მარტო მშობელი და ვერც მარტო სკოლა მოსწავლისთვის სასარგებლო შედეგს ვერ მიაღწევს. რას აკეთებს სკოლა მშობლებთან კომუნიკაციის გაუმჯობესებისთვის? მამუკა ხამხაძე განმარტავს, რომ, პირველ რიგში, ეს არის სასწავლო პროცესისა და სასკოლო კულტურის შესახებ მშობლებისთვის ხშირი ინფორმაციის მიწოდება; ორგანიზებული შეხვედრები მშობლებთან, სადაც არამხოლოდ მოსწავლის ძლიერ და სუსტ მხარეებზე მიეწოდება მათ ინფორმაცია, არამედ იმ სიახლეებზე, რომლებიც სკოლაში, საგანმანათლებლო სისტემაში ხდება. სკოლაში წელიწადში ორჯერ ტარდება კვირეული, სადაც, ნებისმიერ მშობელს შეუძლია დაესწროს გაკვეთილებს და თავად დააკვირდეს სასწავლო პროცესს.

„მშობელს სჭირდება მასწავლებელთან ერთად სწორი მოლოდინების დასახვა მოსწავლის მიმართ, ის ისევე უნდა ხედავდეს ბავშვის ძლიერსა და სუსტ მხარეს, როგორც მასწავლებელი. ამაში ბუნებრივია პედაგოგიზაცია არის აუცილებელი ნაწილი, რომელიც მშობელს დაეხმარება მოსწავლესთან სწორ კომუნიკაციაში“, – ამბობს მამუკა ხამხაძე და მაგალითისთვის გვიყვება პროექტის შესახებ, რომელსაც მისი ინიციატივითა და ქალაქის თვითმმართველობის დახმარებით განახორციელებენ. საუბარია მშობლებისთვის საგანმანათლებლო კურსების ორგანიზებაზე, თუ როგორ უნდა იურთიერთონ მათ სხვადასხვა ასაკის მოსწავლესთან. ამბობს, რომ შექმნილმა მდგომარეობამ კურსების ჩატარება შეაფერხა, თუმცა, როცა შეზღუდვები მოიხსნება, მშობლებსაც მიეცემათ ამ კურსებზე დასწრების შესაძლებლობა.

 

როგორ შეარჩიეს ფინალისტი დირექტორები

„ჩვენ ვნახეთ, რომ საჯარო სკოლებში არიან მართლა გამორჩეული ლიდერები, რომლებიც ახერხებენ, შექმნან ლოკალური ერთობა, მობილიზება გაუწიონ ადამიანებსა და რესურსებს და ბევრად მეტი მისცენ მოსწავლეებს, ვიდრე ეს მათი მონდომების გარეშე იქნებოდა შესაძლებელი“, – ამბობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგა ზედანია და განმარტავს, რომ ილიას უნივერსიტეტისათვის პროექტის მხარდაჭერა ორი მიმართულებით არის პრიორიტეტული – ერთი მხრივ, უნივერსიტეტი ამზადებს მომავალ პედაგოგებსა და სკოლის ადმინისტრატორებს; მეორე მხრივ კი, ზედანია მიიჩნევს, რომ ხარისხიანი ზოგადი განათლება არის საფუძველი დემოკრატიული ღირებულებების მქონე მოქალაქეების აღზრდისა, უკეთესი უმაღლესი განათლებისა და მეცნიერებისა.

„ზოგადად ლიდერობის შესახებ ძალიან ბევრი დავა არის, როგორი უნდა იყოს ნამდვილი ლიდერი და ხშირად ეს დამოკიდებულია კონტექსტზე. მაგალითად, ლიდერი, რომელიც სჭირდება თბილისში რომელიღაცა ცენტრალურ სკოლას, შეიძლება განსხვავებული იყოს, ვიდრე ლიდერი, რომელიც სჭირდება რეგიონის სოფლის სკოლას. სხვადასხვა უნარ-ჩვევა სჭირდებათ, მათ სხვადასხვა გამოწვევასთან უწევთ გამკლავება.  ცხადია, თითოეულ მათგანს უნდა ჰქონდეს ძალიან დიდი სიყვარული თავისი საქმის და გაცნობიერებული პასუხისმგებლობა. ძნელი იქნება ამ ადამიანების შედარება“, – ამბობს გიგა ზედანია.

როგორც „განათლების კოალიციის“ გამგეობის თავმჯდომარე, ირინა ხანთაძე ამბობს, ფინალისტების შერჩევისას საბჭო რამდენიმე საკვანძო კრიტერიუმით ხელმძღვანელობდა და განმარტავს, რომ, პირველ რიგში ყურადღებას აქცევდნენ, რამდენად კარგად იცნობს დირექტორი საკუთარ სკოლას, გააზრებული აქვს ის გამოწვევები და სირთულეები, რომლებიც შესაძლოა სკოლასა და თემს ჰქონდეს. მეორე საკითხია, გარდა სამეურვეო ნაწილის მართვისა, რამდენად ახერხებს ის სკოლაში სწავლა-სწვალების ხარისხთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარებას და სასწავლო პროცესის ხარისხის გაზრდას. ასევე, რამდენად შესწევს დირექტორს უნარი, მიიღოს გაბედული გადაწყვეტილებები, „არ ეშინოდეს“ ახალი რესურსების მოძიების და თავისუფალი გარემოს შექმნისკენ უბიძგებდეს კოლეგებს.

„პირადად ჩემთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თვისება არის გამბედაობა ამ კონტექსტში, როცა ხელმძღვანელს, ლიდერს აქვს უნარი, მიიღოს გარკვეული გაბედული გადაწყვეტილებები, რაც, რა თქმა უნდა, მთლიანობაში კანონთან და ეთიკურ ნორმებთან შესაბამისია, მაგრამ გაბედული. რომელიც, აძლევს შესაძლებლობას, რომ ქმედითი ღონისძიებები, ან საინტერესო საქმიანობა განახორციელოს სკოლაში. გარკვეული გაბედულება ყოველთვის თან ახლავს ჩვენი ფინალისტების საქმიანობას, იმიტომ, რომ ამის გარეშე ძალიან რთულია, გააკეთო რაღაც გამორჩეული“,- ამბობს ირინა ხანთაძე.

ირინა ხანთაძე მიიჩნევს, რომ დირექტორების შესახებ შეგროვებული მონაცემები ასევე არის „ოქროს რესურსი“ , რაც მნიშვნელოვანი დასკვნის გამოტანის საშუალებას იძლევა, თუ რა სირთულეების წინაშე დგანან საჯარო სკოლები. ამ ეტაპზე კი ყურადღებას ამახვილებს სკოლების მხრიდან თვითშეფასების რეგულარული სისტემის წარმოების ნაკლებობაზე, შიდა მონაცემების დაგროვებისა და დამუშავების პრობლემაზე, რაც მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას იძლევა.

მისივე თქმით, კონკურსის ერთ-ერთი მიზანი სამომავლოდ სწორედ ის არის, რომ შეიქმნას სივრცე, სადაც ფინალისტი დირექტორები თავიანთ გამოცდილებაზე, პრაქტიკაზე ისაუბრებენ, რაც საინტერესო იქნება არამხოლოდ მათი კოლეგებისთვის, არამედ ზოგადად, საზოგადოებისათვის, რადგან „ყველა ჩვენგანის ცხოვრება რაიმე ფორმით უკავშირდება სკოლას“.

10 ფინალისტიდან კონკურსის სამი გამარჯვებული დირექტორი სექტემბრის თვეში გამოვლინდება. გრანპრის მფლობელ დირექტორს პრიზის სახით გადაეცემა 5000 ლარი, ხოლო სკოლას სპეცპროექტის განსახორციელებლად – 30 000 ლარი. სპეციალური პრიზის მფლობელ დირექტორებს კი პრიზის სახით გადაეცემათ 2000-2000 ლარი. მათი სკოლების მხარდაჭერის ერთიანი ფონდი შეადგენს 25 000 ლარს. სკოლებს შორის თანხის გადანაწილებაზე გადაწყვეტილებას კონკურსის საბჭო იღებს.