რა უნდა გაკეთდეს, რომ პედაგოგთა უწყვეტი პროფესიული განვითარება აღარ იყოს „ფორმალური აქტივობა“

პუბლიკა

დღესდღეობით სახელმწიფოს მხრიდან პედაგოგებისთვის შეთავაზებული პროფესიული განვითარების შესაძლებლობები ვერც თავისი შინაარსით და ვერც ფორმით ვერ პასუხობს სასწავლო გარემოში არსებულ გამოწვევებს, არაა ორიენტირებული სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესებაზე, არ ითვალისწინებს მასწავლებლისა და სასკოლო საზოგადოების ინდივიდუალურ საჭიროებებს და არ პასუხობს მასწავლებელთა შეფასების ნამდვილ მიზნებს, – საზოგადოებრივმა ალიანსმა „მასწავლებლებისთვის“ მოამზადა დოკუმენტი, რომელშიც, ერთი მხრივ, აღწერილია ის ძირითადი გამოწვევები, რომელიც მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარების არსებულ სისტემაშია, მეორე მხრივ კი, პროფესიულ წრეებსა და პედაგოგებს სადისკუსიოდ შესთავაზა რეკომენდაციები, რომელიც პედაგოგთა რეალურ პროფესიულ უწყვეტ განვითარებას შეუწყობს ხელს და არ იქნება „დღეს არსებული სისტემის მსგავსად ფორმალური.“

დღესდღეობით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სისტემა ცენტრალიზებულად იგეგმება, იმართება და ფინანსდება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ.

ალიანსის მიერ მომზადებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ წლების განმავლობაში მასწავლებლებისთვის პროფესიული განვითარება ანაზღაურების ზრდისა და პროფესიაში დარჩენისთვის ფორმალურ პროცედურად ჩამოყალიბდა.

როგორც პედაგოგები განმარტავენ, პროფესიული განვითარების ყველაზე გავრცელებული ფორმა ტრენინგებში მონაწილეობა და პროფესიული ლიტერატურის კითხვაა. გასული ათწლეულის განმავლობაში სწორედ ტრენინგები იქცა მასწავლებლების გადამზადების მთავარ კომპონენტად, რაც მათი აზრით ფორმალური პროცედურაა და ნაკლებად განიხილავენ, როგორც ცოდნის გადაცემის ან პრაქტიკის გაუმჯობესების მექანიზმს.

პედაგოგები ყურადღებას ამახვილებენ იმაზეც, რომ პროფესიული განვითარების მოქმედი სისტემა და დაფინანსების მექანიზმი არ ტოვებს შესაძლებლობას, მასწავლებლებმა და სკოლებმა თავად განსაზღვრონ მათთვის საჭირო პროფესიული პროგრამა და მიმართონ სასურველ ორგანიზაციას.

აქვე განმარტავენ, რომ მასწავლებლების ნაწილისთვის შეთავაზებული ტრენინგების შინაარსი არაა რელევანტური, ვინაიდან უკვე ფლობენ ამ ტიპის კომპეტენციებს, თუმცა არ შეუძლიათ, უარი თქვან სავალდებულო მოდულებზე, შედეგად კი განმეორებით და მხოლოდ ფორმალური მიზნით ესწრებიან შეთავაზებულ ტრენინგებს.

როგორც დოკუმენტშია აღწერილი, ცენტრალიზებულად, სახელმწიფო უწყებების მიერ დაგეგმილი სავალდებულო და არასავალდებულო გადამზადება ნაკლებად ან საერთოდ არ ითვალისწინებს მასწავლებლების სამუშაო დატვირთვას და ხელმისაწვდომობას:

„საშუალოდ, წამყვანის სტატუსის მქონე მასწავლებელს 1 კვირის განმავლობაში შესაძლოა მოუწიოს ონლაინ 12-20 საათამდე სავალდებულო ტრენინგის მოდულის გავლამ. აღნიშნული ტრენინგები იგეგმება საღამოს 6-დან 10 საათამდე და შაბათ-კვირას, რაც მასწავლებლებს არ უტოვებს დროს არა მხოლოდ პირადი მიზნებისა და დასვენებისთვის, არამედ სავალდებულო პროფესიული საქმიანობის შესრულებისთვის.“

სკოლების უმრავლესობაში არ არსებობს მასწავლებლების ჯგუფი, რომელიც დირექტორთან ერთად ფოკუსირებულია კოლეგების პროფესიულ ზრდაზე. სკოლის ბაზაზე არსებული თანამშრომლობის ფორმები, როგორიცაა კათედრის ფარგლებში შეკრება ან თემატურ ჯგუფად გაერთიანება, მეტწილად ტექნიკური ფორმატისაა, არაა ორიენტირებული მასწავლებლების მიერ საერთო პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ მსჯელობაზე, რესურსების შექმნასა და გაზიარებაზე.

საზოგადოებრივი ალიანსი „მასწავლებლებისთვის“ საერთო პრინციპებისა და თვალთახედვის ირგვლივ გაერთიანებული პროფესიული ჯგუფების, ასოციაციებისა და მასწავლებლების კავშირია, რომელიც გასულ წელს „განათლების კოალიციის“ ხელშეწყობით ჩამოყალიბდა.

„განათლების კოალიცია“ უკვე მრავალი წელია, ინტერესდება მასწავლებელთა პროფესიული უწყვეტი განვითარების საკითხებით; მკაფიოდ ჩამოვყალიბდით და მივხვდით, რომ ნებისმიერი ამ მიმართულებით ცვლილება-გაუმჯობესება მნიშვნელოვანია თავად მასწავლებელთა ინიციატივით, მათი ჩართულობითა და მონაწილეობით. ერთ-ერთი მთავარი ნაკლოვანება, რაც დღეს ზოგადი განათლების სისტემაში შეიძლება დავასახელოთ, სწორედ ის არის, რომ ძალიან მწირია მასწავლებელთა ჩართულობა და მონაწილეობა როგორც პროფესიის განვითარებაში, ასევე, ზოგადად, იმ პრობლემების დაძლევაში, რომლებიც სკოლებშია“, – ამბობს „განათლების კოალიციის“ გამგეობის თავმჯდომარე, ირინა ხანთაძე და განმარტავს, რომ სწორედ ასე გაჩნდა იდეა, შექმნილიყო პედაგოგთა ალიანსი, რომელიც იმუშავებდა იმ საკითხებზე, რაც მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარებისთვისაა მნიშვნელოვანი.

მისივე თქმით, ამ პროცესში 100-მდე პედაგოგი იყო ჩართული, სამუშაო შეხვედრებისა და კონსულტაციების შემდგომ კი რეკომენდაციების ჩარჩო დოკუმენტი მომზადდა.

როგორც ირინა ხანთაძე განმარტავს, პირველ რიგში მნიშვნელოვანია პროფესიული უწყვეტი განათლების სისტემის დეცენტრალიზება და ამ ასპარეზზე  სხვა აქტორების აქტიურად შემოსვლა – იქნება ეს უნივერსიტეტები, საგნობრივი ასოციაციები თუ სხვა სპეციალიზებული ორგანიზაციები.

„ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია სფეროს გახსნა, იმიტომ, რომ საკმაოდ დახურულია დღეს და ფორმალურ სისტემაში ჩართვის შესაძლებლობა კერძო აქტორებს არა აქვთ; როგორც სერვისების მიწოდების, ისე ფინანსური თვალსაზრისით, საკმაოდ ცენტრალიზებულია დღევანდელი სისტემა. რა თქმა უნდა, ასოციაციები, ავად თუ კარგად, თვითონ ახერხებენ გარკვეული სერვისების შეთავაზებას მასწავლებლებისთვის, მაგრამ ეს მაინც ძალიან რთულდება დღეს არსებულ სისტემაში იმდენად, რამდენადაც ძალიან რთულია ამ ასოციაციების მდგრადობა.

ჩვენი მთავარი გზავნილი არის სისტემის დეცენტრალიზება და გახსნა; მეორე – გვინდა, რომ სისტემამ ხელი შეუწყოს ასოციაციების გაძლიერებას; მესამე – დღეს პროფესიული განვითარება დანამატის მიღებისა და სტატუსის ამაღლებისთვის ფორმალურ აქტივობად იქცა და არ უკავშირდება მასწავლებლის რეალურ საქმიანობას. როგორ უნდა გარდაიქმნას ეს? ვფიქრობთ, მასწავლებლის ანაზღაურების სქემაც უნდა შეიცვალოს; რაც მთავარია, სკოლაში უნდა გადავიტანოთ მასწავლებლის მხარდაჭერის ღონისძიებები“, – განმარტავს ირინა ხანთაძე.

როგორც ალიანსის მიერ მომზადებულ დოკუმენტშია აღნიშნული, მასწავლებლების პროფესიულ ქსელებს, ასოციაციებსა და უნივერსიტეტებს არ აქვთ შესაბამისი მანდატი და ორგანიზაციული შესაძლებლობები, რომ შეძლონ მასწავლებლების მხარდაჭერა.

პროფესიული განვითარების სერვისების ცენტრალიზებულად დაფინანსებამ და მიწოდებამ კი დააბრკოლა მასწავლებლების პროფესიული ორგანიზაციებისა და ქსელების განვითარება.

როგორც ალიანსის წევრი, სამოქალაქო განათლების მასწავლებელთა ფორუმის დირექტორი, მაკა ბიბილაშვილი განმარტავს, ბოლო ათწლეულში მნიშვნელოვნად შეფერხდა ასოციაციების, პროფესიული ორგანიზაციების განვითარების შესაძლებლობები. ძირითადი გამოწვევა ორგანიზაციებისთვის ფინანსური რესურსების სიმწირეა და მეტწილად დამოკიდებულნი არიან მოძიებულ ფონდებზე.

ის განმარტავს, რომ ძლიერი საგნობრივი ასოციაციები მნიშვნელოვანი დასაყრდენია სკოლებისთვის, როცა მათ კონკრეტული საგნის პედაგოგების პროფესიული გადამზადება სჭირდებათ, რადგან საგნობრივმა ასოციაციებმა კარგად იციან, თითოეული საგნის მიმართულებით რა მხარდაჭერა სჭირდება პედაგოგებს.

მისივე განმარტებით, პირველ რიგში, პედაგოგს უნდა ჰქონდეს თავისი საქმიანობის შეფასებისა და რეფლექსიის კომპეტენცია, რათა დაინახოს თავისი საჭიროებები:

„ხშირად პედაგოგის მიერ დადგენილი საჭიროება არ ემთხვევა სახელმწიფოს მიერ ცენტრალიზებულად შემოთავაზებულს, ვერც დაემთხვევა; წარმოუდგენელია, ცენტრალიზებულად ჩატარებულმა ერთმა-ორმა ტრენინგმა დაფაროს ყველა პედაგოგის ინდივიდუალური საჭიროებები. ამისთვის უნდა იყოს სკოლაში ექსპერტები, რომელიც დაეხმარება მასწავლებელს.

ცოდნის თანამშრომლობით გაზიარება უნდა ხდებოდეს ან სკოლას უნდა შეეძლოს ექსპერტის მოწვევა, როცა ამის საჭიროებას ხედავს, აქ უკვე შემოდის საგნობრივი ასოციაციების როლი, რადგან მათ კიდევ უფრო უკეთ იციან, რა სჭირდებათ პედაგოგებს საგნობრივ ჭრილში. ამიტომაა ამ პროცესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასოციაციების გაძლიერება“, – განმარტავს მაკა ბიბილაშვილი.

ალიანსის მიერ შემუშავებულ დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია იმაზეც, რომ დღესდღეობით სკოლებს არ აქვთ შესაბამისი ფინანსური და პროფესიული რესურსი სკოლის ბაზაზე მასწავლებლების უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემის ჩამოყალიბებისთვის. უფრო კონკრეტულად კი, როგორც დოკუმენტშია აღწერილი, მასწავლებლების უწყვეტი პროფესიული განვითარების დაფინანსების მოქმედი სისტემა ვერ უზრუნველყოფს მასწავლებლებისთვის ხარისხიანი და ხელმისაწვდომი სერვისების შექმნასა და მიწოდებას.

ბიუჯეტით განსაზღვრული ფინანსური რესურსები ცენტრალიზებულ ხარჯს წარმოადგენს და ძირითადად მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ ორგანიზებულ აქტივობებზე არის მიმართული, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს პროფესიული განვითარების შესაძლებლობების დაფინანსებას, როგორც სკოლის ბაზაზე, ასევე მის მიღმა.

განათლების საკითხების მკვლევარმა რეზო აფხაზავამ დოკუმენტის წარდგენისას სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარების დაფინანსების შესაძლო მოდელზე ისაუბრა. მისი თქმით, მასწავლებლის პროფესიული განვითარებისთვის მთავარი ადგილი არის სკოლა. იმისათვის, რომ სკოლამ რეალურად შეძლოს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, მას სჭირდება შესაბამისი მხარდაჭერა, როგორც ადმინისტრაციული მართვის თვალსაზრისით, ასევე ფინანსურად.

„სამწუხაროდ, ჩვენ გვაქვს სისტემა, როცა ცენტრალიზებულია მთლიანად პროფესიული განვითარების სერვისები. ყველამ კარგად ვიცით, რომ საჭიროებების დადგენა, შესაბამისი კურსების შექმნა, ამ კურსების განხორციელება და ამის შეფასებაც ხდება ერთ ორგანიზაციაში, რაც თავისთავად ამ სისტემას უკვე არაეფექტიანს ხდის, ვინაიდან არ შეიძლება ერთი და იგივე ადამიანები ქმნიდნენ და აფასებდნენ, რა საჭიროებები უნდა ჰქონდეთ მასწავლებლებს და ა.შ.

56 ათასი საჯარო სკოლის მასწავლებელი გვყავს, ცენტრალიზებული მხარდამჭერი ღონისძიებები, ცხადია, ამ მასშტაბისთვის არაეფექტიანია, ვიდრე ეს იქნებოდა კონკრეტულ სკოლაში კონკრეტულ საჭიროებებზე მორგებული ღონისძიებები, ამისათვის კი სკოლებს სჭირდებათ დაფინანსება“, – ამბობს რეზო აფხაზავა.

როგორც დოკუმენტშია აღწერილი, დაფინანსების არსებული მოდელის ანალიზი ცხადყოფს, რომ დღეისათვის სკოლებს არ აქვთ საშუალება, დააფინანსონ სკოლის ბაზაზე პროფესიული განვითარებისთვის მასწავლებლების მიერ დახარჯული დრო, მოაწყონ შესაბამისი სივრცეები, მხარი დაუჭირონ შესაბამის აქტივობებს და სხვა. ფინანსური რესურსის სიმწირე და განაწილების პრინციპები, თავის მხრივ, განაპირობებს იმასაც, რომ მასწავლებლების უმრავლესობას თავად უწევთ სწავლებისათვის საჭირო რესურსების შესყიდვა, როგორც პროფესიული ლიტერატურის, ასევე საკლასო რესურსების სახით.

რეკომენდაციები მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარებისათვის

ალიანსის მიერ რეკომენდაციები წარმოდგენილია 3 ძირითადი მიმართულებით:

მასწავლებლებისთვის წამახალისებელი და მხარდამჭერი გარემოს შექმნა;

მასწავლებლების უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემის დეცენტრალიზების, ღიაობისა და ანგარიშვალდებულების ზრდა;

სკოლების, როგორც მასწავლებლების პროფესიული განვითარების ძირითადი რგოლის გაძლიერება.

  • გადაიხედოს მასწავლებელთა ანაზღაურების სქემა და უზრუნველყოფილ იქნას როგორც მინიმალური ანაზღაურების გაზრდა, ასევე უწყვეტ პროფესიულ განვითარებასა და პროფესიასთან დაკავშირებული სხვა საქმიანობების კომპენსირების ახალი ინსტრუმენტის შემუშავება.

  • შემუშავდეს სახელმწიფო დონეზე მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარების საჭიროებათა კვლევისა და პრიორიტეტების დადგენა.

  • განხორციელდეს სერვისების შექმნისა და მიწოდების დივერსიფიცირება და ღია კონკურსების წესით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, პროფესიული ასოციაციებისა და სხვა ავტორიზებული მიმწოდებლების დაფინანსება.

  • გაიზარდოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების როლი და ჩართულობა ზოგადი განათლების სფეროში კვლევის წარმოების, ინოვაციების დანერგვის, სკოლისა და მასწავლებელთა კონსულტანტების გადამზადების მიმართულებით.
  • უზრუნველყოფილ იქნას მასწავლებლების უწყვეტი პროფესიული განვითარების პროცესში სკოლის, როგორც წამყვანი რგოლის გაძლიერება.

*****

ინიციატივა განხორციელდა პროექტის − „ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა ყველა მოსწავლისათვის“ − ფარგლებში, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ნორვეგიის სპეციალური საჭიროების საგანმანათლებლო სააგენტოს (სტატპედი) და გაეროს ბავშვთა ფონდის ერთობლივი პროექტის ნაწილია და მიზნად ისახავს ეროვნული განათლების სისტემის ხარისხისა და ინკლუზიურობის გაძლიერებას.

გაეროს ბავშვთა ფონდის განათლების ოფიცერი ხათუნა იოსელიანი ყურადღებას ამახვილებს იმგვარი პოლიტიკის შემუშავების საჭიროებაზე, რომელიც ხელს შეუწყობს მასწავლებლების აქტიურ ჩართულობას უწყვეტი სწავლების პროცესში, რაც, თავის მხრივ, მათ მისცემს შესაძლებლობას, ერთმანეთს გაუზიარონ ცოდნა და გამოცდილება. მისი თქმით, სწორედ ამის მაგალითია პროექტის ფარგლებში ალიანსის შექმნაც, რომელშიც გაერთიანდა რამდენიმე პროფესიული ორგანიზაცია და მასწავლებლებთან აქტიური კომუნიკაციით შემუშავდა აღნიშნული პოლიტიკის რეკომენდაციები.

„რაც შეეხება გაეროს ბავშვთა ფონდის მონაწილეობას ამ პროცესში, ჩვენს პროექტებს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ვახორციელებთ, ასევე, ტექნიკური ექსპერტიზის საშუალებით. ამ შემთხვევაში, ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციაა „განათლების კოალიცია“, რომელიც ერთ-ერთი ცნობილი და აქტიური ორგანიზაციაა ამ სფეროში და მას ფინანსურ მხარდაჭერასთან ერთად, ტექნიკურ დახმარებასაც ვთავაზობთ“, – განმარტავს იოსელიანი.

დოკუმენტის მიზანია, წარმოადგინოს მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემის გაუმჯობესების რეკომენდაციები. დოკუმენტი მომზადებულია საზოგადოებრივი ალიანსის − „მასწავლებლებისთვის“ − მიერ, განათლების კოალიციისა და კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC)-ის სკოლა-ლაბის პროგრამის ტექნიკური მხარდაჭერით.