რამდენად სახიფათოა კორონავირუსის ომიკრონ შტამი? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად მეცნიერებმა უნდა უპასუხონ ოთხ ქვეშეკითხვას:
- რამდენად სწრაფად ვრცელდება ომიკრონი?
- რამდენად მძიმე კლინიკური მიმდინარეობა აქვს?
- აქვს თუ არა ახალ შტამს უნარი, თავი აარიდოს ორგანიზმის იმუნიტეტს?
- ეფექტიანია თუ არა მკურნალობა?
ამ ეტაპზე, მონაცემების სიმწირის გამო, პასუხები ყველა ამ კითხვაზე ჯერ კიდევ არაა მკაფიო და ერთმნიშვნელოვანი, თუმცა არსებული კვლევები უკვე გვაძლევს საშუალებას, გარკვეული დასკვნები გამოვიტანოთ.
ომიკრონის წარმოშობა
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ SARS-CoV-2-ის ახალი შტამი B.1.1.529 პირველად 2021 წლის 24 ნოემბერს გამოავლინა. ეს ვარიანტი 2021 წლის 11 ნოემბერს ბოტსვანაში და 2021 წლის 14 ნოემბერს სამხრეთ აფრიკაში შეგროვებულ ნიმუშებში აღმოაჩინეს.
26 ნოემბერს ჯანმომ ახალ შტამს შემაშფოთებელი ვარიანტის იარლიყი მიანიჭა (variant of concern). 30 ნოემბერს ომიკრონს შემაშფოთებელი ვარიანტის იარლიყი ომიკრონს მიანიჭა აშშ-მაც. ამ დროისთვის ომიკრონი 70-მდე ქვეყანაშია გამოვლენილი.
რამდენად სწრაფად ვრცელდება?
ომიკრონი, დიდი ალბათობით, გაცილებით უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე თავდაპირველი ან დელტა შტამი.
„ის უფრო სწრაფად გავრცელდა, ვიდრე დელტა ვარიანტი სამხრეთ აფრიკაში, სადაც დელტას ცირკულაცია დაბალი იყო. თუმცა ასევე უფრო სწრაფად გავრცელდა სხვა ქვეყნებშიც, სადაც დელტას გავრცელება მაღალი იყო, როგორიცაა გაერთიანებული სამეფო”, – განაცხადა ჯანმოს წარმომადგენელმა გასულ კვირას ტექნიკურ ბრიფინგზე.
„რაც ვიცით ომიკრონის შესახებ არის, რომ ის ვრცელდება ფენომენალური სიჩქარით, რომელიც აქამდე არცერთ შტამში არ გვინახავს. ინფიცირებულთა რაოდენობა ორმაგდება ყოველ ორ-სამ დღეში ერთხელ”, – უთხრა გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, საიდ ჯავიკმა Sky News-ს ინტერვიუში ორშაბათს.
იწვევს თუ არა ომიკრონი უფრო მძიმე ავადობას?
ჯერჯერობით შეუძლებელია დანამდვილებით იმის თქმა, რამდენად მძიმეა ახალი ვარიანტი, თუმცა ამ დრომდე აღწერილი შემთხვევების უმრავლესობა მსუბუქად მიმდინარეობდა.
ეს დამაიმედებელი დაკვირვებაა, თუმცა რადგან ომიკრონი ბევრად უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე დელტა და წინამორბედი ვარიანტები, ექსპერტები შიშობენ, რომ ის შეძლებს დროის მცირე მონაკვეთში მოწყვლადი (ქრონიკულად ავადმყოფები, მოხუცები და აუცრელები) ჯგუფების ინფიცირებასა და ჰოსპიტალიზებას.
მუშაობს თუ არა ვაქცინები ომიკრონის წინააღმდეგ და რამდენად გვიცავს ბუნებრივი იმუნიტეტი?
ორშაბათს ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, მნიშვნელოვნად დაქვეითებულია ორი ძირითადი ვაქცინის (ასტრაზენეკა და პფაიზერი) ორი დოზის ეფექტიანობა სიმპტომური ინფექციის წინააღმდეგ.
„ჩვენი მიგნებები აჩვენებს, რომ ვაქცინების ეფექტიანობა სიმპტომური დაავადების წინააღმდეგ ომიკრონ ვარიანტთან მიმართებით მნიშვნელოვნად უფრო დაბალია, ვიდრე დელტა შტამის შემთხვევაში”, – განაცხადეს კვლევის ავტორებმა.
სამხრეთ აფრიკაში ჩატარებული კვლევის თანახმად, ვაქცინები ინარჩუნებენ ეფექტიანობას მძიმე მიმდინარეობის წინააღმდეგ. პფაიზერის ვაქცინის ორი დოზა ომიკრონ ვარიანტით ჰოსპიტალიზაციისგან 70%-ით იცავს. თუმცა, დელტა შტამთან მიმართებაში იგივე მაჩვენებელი 93%-ს უტოლდებოდა.
მასაჩუსეტსის გენერალური ჰოსპიტლის, ჰარვარდისა და MIT-ის ერთობლივი კვლევაში (ამ კვლევას ჯერ რეცენზირება არ გაუვლია) მეცნიერებმა შეისწავლეს პფაიზერით, ასტრაზენეკათი და ჯონსონი და ჯონსონით აცრილი ადამიანების მანეიტრალიზებელი ანტისხეულები ომიკრონისმაგვარი ხელოვნური „ფსევდოვირუსის” წინაღმდეგ. კვლევამ აჩვენა, რომ მანეიტრალიზებელი ანტისხეულების დონე დაბალია ორი დოზით აცრის შემთხვევაში, თუმცა კვლევის ავტორები ადასტურებენ მაღალ მანეიტრალიზებელი ტიტრის, იმ ადამიანებში, ვინც დამატებით ბუსტერდოზით აიცრა.
სამხრეთ აფრიკელი ეპიდემიოლოგების კვლევის თანახმად, ომიკრონის უნარი, თავი აარიდოს ბუნებრივ იმუნიტეტს უფრო მაღალია, ვიდრე წინამორბედი შტამების. ომიკრონის შემთხვევაში რეინფიცირების რისკი 2.5 ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე დელტას შემთხვევაში.
ეფექტიანია თუ არა მკურნალობა ომიკრონის წინააღმდეგ?
14 დეკემბერს Pfizer-მა განაცხადა, რომ მათი კორონავირუსის საწინააღმდეგო აბის, პაქსლოვიდის კლინიკური კვლევის საბოლოო ანალიზმა ცხადყო, რომ ის ეფექტიანია ომიკრონ შტამის წინააღმდეგაც.
კომპანიის თანახმად, წამალმა ჰოსპიტალიზაცია და სიკვდილიანობა ცდისპირებში საშუალოდ 89%-ით შეამცირა, ხოლო ლაბორატორიულმა ტესტირებამ დაადასტურა, რომ წამალი ინარჩუნებს თავის ძლიერმოქმედ ეფექტს ომიკრონ ვარიანტის წინააღმდეგ, როგორც ამას ექსპერტები პროგნოზირებდნენ. Pfizer-მა პაქსლოვიდის მოქმედება იმ ცილის წინააღმდეგ შეამოწმა, რომელსაც ომიკრონი გამრავლებისთვის იყენებს.
ლაბორატორიულმა კვლევამ აჩვენა, რომ პაქსლოვიდი ბლოკავს პროტეაზულ ფერმენტს ომიკრონში, ისევე როგორც სხვა შტამებში. პროტეაზული ფერმენტების გარეშე კი ვირუსს გამრავლება და დაავადების გამოწვევა აღარ შეუძლია.
„დარწმუნებული ვარ, რომ პაქსლოვიდის ეფექტიანობა ომიკრონის წინააღმდეგ ძალიან მაღალი იქნება”, – განაცხადა პფაიზერის მთავარმა სამეცნიერო ოფიზერმა დოქტორ მაიკლ დოლსტენმა.