რა წერია „MEGOBARI აქტში“ და როგორია მისი განხილვის პროცედურა

პუბლიკა

აშშ-ის კონგრესში, დღეს, თბილისის დროით 22:00 საათზე  „MEGOBARI აქტის“ განხილვა დაიწყება.

„MEGOBARI“ აქტის ინიციატორი აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატის წევრი – რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონია.

მოსმენაში მონაწილეობას მიიღებენ აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში უილიამ კორტნი, საქართველოს ყოფილი ელჩი ევროკავშირში ნატალია საბანაძე და „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის” ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე.

აქტის თანახმად, ერთი მხრივ, პასუხი უნდა აგონ იმ პირებმა, რომლებიც საქართველოში „რუსული სტილის უცხო ქვეყნის აგენტების კანონის მიღებაზე ან შესაძლო ამოქმედებაზე არიან პასუხისმგებელნი“, მეორე მხრივ კი, ის „საქართველოს მიერ დემოკრატიული, დასავლური კურსის გამყარების შემთხვევაში“ ქვეყანას გაძლიერებულ მხარდაჭერას ჰპირდება.

პროცედურის შესახებ, თუ როგორ წარიმართება აქტის განხილვა და რა ვადებში, „ტვ პირველის“ ეთერში „ამერიკის ხმის” ჟურნალისტმა ია მეურმიშვილმა ისაუბრა.

როგორც ჟურნალისტი განმარტავს, არსებული პროცედურის მიხედვით, დღევანდელ განხილვაზე „ჰელსინკის კომისია“ მოუსმენს სამ პირს (როგორც მათ ეძახიან მოსმენის დროს – მოწმეებს) – ექსპერტებს ვანო ჩხიკვაძეს, ნატალია საბანაძესა და აშშ-ის ყოფილ ელჩს საქართველოში ბილ კორტნის.

„კომისია ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის შესახებ“, იგივე „ჰელსინკის კომისია“ ამერიკის მთავრობაში მოქმედი დამოუკიდებელი კომისიაა, რომელიც 57 ქვეყანაში ადამიანის უფლებების, დემოკრატიის, ეკონომიკის, გარემოს დაცვისა და სამხედრო თანამშრომლობის კუთხით არსებულ ვითარებაზე მუშაობს. „MEGOBARI აქტი“ მისმა თავმჯდომარემ და წევრებმა დაარეგისტრირეს.

ჟურნალისტი ვარაუდობს, რომ განხილვაზე მოწმეები, თავიანთ შეფასებებსა და მოსაზრებებს წარუდგენენ „ჰელსინკის კომისიას“ იმის შესახებ, თუ რა ხდება საქართველოში კანონთან, საარჩევნო გარემოსა და დემოკრატიასთან დაკავშირებულ პროცესებზე.

არსებული პრაქტიკის მიხედვით, 10-15 წუთიანი გამოსვლის შემდეგ დაიწყება კითხვა-პასუხის ფორმატი, რომლის დროსაც კონგრესმენები კონკრეტულ მოწმეებს უსვამენ დამაზუსტებელ შეკითხვებს კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით.

ია მეურმიშვილი ამბობს, რომ ტრადიციულად შეკითხვებთან ერთად იქნება კონგრესმენების შეფასებებიც და მინიშნებები იმაზე, თუ როგორ შეიძლება წარიმართოს პოლიტიკა ამ კანონის მიღების შემთხვევაში.

რაც შეეხება ტექნიკურ მხარეს, მოსმენის შემდგომ, თუკი „ჰელსინკის კომისია“ საჭიროდ ჩათვლის, რომ კანონპროექტში დამატებითი ცვლილებების შეტანაა საჭირო, ხდება ტექსტზე მუშაობა, რის შემდგომაც კანონპროექტის ტექსტი გადაეცემა კომიტეტს კენჭისყრისთვის.

წარსულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ჟურნალისტი განმარტავს, რომ ყველაზე სწრაფად კანონი აშშ-ის ორივე პალატამ, ყველა პროცედურული ნაბიჯის შემდეგ მიიღო – სამ დღეში. ეს იყო „პატრიოტის აქტი“, რომელიც 2001 წლის 11 სექტემბრის თავდასხმების შემდეგ მიიღეს.

აშშ-ის უახლეს ისტორიაში კანონის მიღების ყველაზე ხანგრძლივი დრო – 6 თვე დაფიქსირდა. ეს იყო  ე.წ. „ობამა-ქერის ჯანდაცვის სისტემის რეფორმის კანონპროექტი“.

როგორც ჟურნალისტი განმარტავს, კანონპროექტის მიღების ვადებს ძირითადად განსაზღვრავს ის ფაქტი, თუ რამდენად იწვევს ის აზრთა გაყოფას და რამდენად პრიორიტეტულია.

მისივე განმარტებით, კონგრესის სასესიო პერიოდი მიმდინარეობს 24 ივნისამდე, შემდგომ კი ორივე პალატას აქვს შესვენება.

5 ივლისს კვლავ განაახლებენ მუშაობას მომდევნო ერთი თვის განმავლობაში. 5 აგვისტოდან – 9 სექტემბრამდე კი არდადეგები იქნება.

„რაც იმას ნიშნავს, რომ თუ 5 ივლისამდე რაღაცა ფორმით არ მოხდა წარმომადგენელთა პალატაში მისი დამტკიცება, შემდეგ უკვე ალბათ სექტემბერში გადავა მისი განხილვა“, – ვარაუდობს ჟურნალისტი.

რა წერია „MEGOBARI აქტში“

25 მაისს ჰელსინკის კომისიამ გამოაქვეყნა განცხადება „MEGOBARI აქტისა“ და მისი ძირითადი დებულებების შესახებ. აქტი რუსული კანონის მიღების შემთხვევაში ითვალისწინებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის სანქციებს, ხოლო „დემოკრატიის გზაზე დაბრუნების შემთხვევაში“  – სამხედრო და ეკონომიკური თანამშრომლობის პაკეტებს.

კანონპროექტის ინგლისური დასახელების აბრევიატურა, რომელიც ემთხვევა ქართულ სიტყვა „მეგობარს“ ასე ითარგმნება: „საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი“ (Mobilizing and Enhancing Georgia’s Options for Building Accountability, Resilience, and Independence Act).

როგორც აღნიშნულ განცხადებაში ვკითხულობთ, აქტის ძირითადი დებულებები ასეთია:

დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა – აქტი განსაზღვრავს აშშ-ის პოლიტიკას საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დასაცავად. იგი აღიარებს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვან პროგრესს და ხაზს უსვამს დემოკრატიის გაძლიერების მნიშვნელობას რეგიონული სტაბილურობისათვის.

მიმართვა დემოკრატიულ უკუსვლას – საქართველოში ბოლოდროინდელი დემოკრატიული უკუსვლის საპასუხოდ, აქტი მოითხოვს საქართველოს მთავრობის ქმედებების, რუსეთსა და სხვა ავტორიტარულ რეჟიმებთან მისი კავშირების გაძლიერებულ შესწავლას.

ანგარიშგება და სანქციები – არასათანადო გავლენა და სანქციების თავიდან აცილება: ანგარიშები საქართველოში კორუფციული პრაქტიკის შესახებ, რომელიც მხარს უჭერს რუსეთის ინტერესებს და სანქციების თავიდან აცილებას.

რუსეთის სადაზვერვო აქტივები – საქართველოში რუსული დაზვერვის შეღწევისა და ჩინეთის პოტენციური თანამშრომლობის შეფასება.

სანქციები ქართველ პირებზე – იდენტიფიკაცია, სანქციებისა და მოგზაურობის აკრძალვის დაწესება იმ პირებისთვის, რომლებიც ძირს უთხრიან დემოკრატიას საქართველოში.

დემოკრატიის მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის შექმნა – სამუშაო ჯგუფი შექმნილი იქნება საქართველოში დემოკრატიული გარემოს მონიტორინგისა და ხელშეწყობისთვის, განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდში, რათა უზრუნველყოს სამართლიანი და თავისუფალი საარჩევნო პროცესები.

ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება და მხარდაჭერა – საქართველოში მნიშვნელოვანი დემოკრატიული პროგრესის დადასტურების შემდეგ, აქტი ასახავს აშშ-ის შემდგომ დახმარებას:

  • მოლაპარაკებები საქართველოსთან უფრო შეღავათიანი სავაჭრო ხელშეკრულების დადებაზე;
  • გაცვლის გაფართოება და სავიზო რეჟიმის გამარტივება;
  • ეკონომიკური პაკეტის შემუშავება;
  • უსაფრთხოებისა და თავდაცვითი მხარდაჭერის უზრუნველყოფა რუსეთის აგრესიის დასაძლევად.

საქართველოს პარლამენტმა 28 მაისს პრეზიდენტის ვეტო დაძლია და რუსული კანონი საბოლოოდ მიიღო. პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა რუსულ კანონს ხელი 3 ივნისს მოაწერა, შესაბამისად კანონი დღეიდან ამოქმედდა.