რა წერია „ოცნების" რუსულ კანონში

პუბლიკა

რუსული კანონი ისევ პარლამენტშია – კანონპროექტი ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში 3 აპრილს დაარეგისტრირა.

კანონპროექტით შემოდის ტერმინი „უცხოური ძალა“. ამ დეფინიციაში ერთიანდება ფონდი, ასოციაცია, კორპორაცია, კავშირი და ა.შ., რომელიც დაფუძნებულია უცხო სახელმწიფოს ან საერთაშორისო სამართლის საფუძველზე.

კანონპროექტით, ასევე გაჩნდება ტერმინი – „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“

კანონპროექტით, ამ განსაზღვრებას დაექვემდებარება:
  • ა(ა)იპ – არაკომერციული იურიდიული პირი, რომლის მიერ წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო „უცხოური ძალაა“.
  • ისეთი მაუწყებელი, რომლის მიერ წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა (მასში არ შედის მაუწყებელში განთავსებული სპონსორობიდან, ტელეშოპინგიდან ან კომერციული რეკლამიდან მიღებული შემოსავალი).
  • იურიდიული პირი, რომელიც ფლობს საქართველოში მოქმედ მასობრივი ინფორმაციის გამავრცელებელ ბეჭდურ ან ინტერნეტსაშუალებებს და რომელთა მიერ წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა.
რეგისტრაციისა და დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება:

კანონპროექტი ადგენს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის ვალდებულებას.

  • სუბიექტი ვალდებული იქნება, მიმართოს საჯარო რეესტრს განცხადებით უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად დარეგისტრირების თაობაზე.
  • ამგვარ ორგანიზაციად რეგისტრირებული სუბიექტი კი ვალდებული იქნება წარადგინოს საფინანსო დეკლარაცია;

დეკლარაციაში მათ შორის უნდა აისახოს – ინფორმაცია ფულადი თანხისა და სხვა სახის მატერიალური სარგებლის წყაროს, ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ;

სააგენტო შეისწავლის დეკლარაციას, რისთვისაც იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, მოიძიოს საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემი.

მონიტორინგის შესაძლებლობა:
  • უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის გამოსავლენად ან ამ კანონის რომელიმე მოთხოვნის შესრულების შესამოწმებლად იუსტიციის სამინისტრო უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს განახორციელოს საკითხის „სათანადო კვლევა“ და შესწავლა მონიტორინგი;
მონიტორინგის დაწყების საფუძველია:
  • იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილება;
  • იუსტიციის სამინისტროსთვის წარდგენილი წერილობითი განცხადება, რომელიც შეიცავს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ კონკრეტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებულ სათანადო მინიშნებას.

ერთი და იმავე სუბიექტის მიმართ მონიტორინგი დასაშვებია 6 თვეში მხოლოდ ერთხელ. მონიტორინგის წესს იუსტიციის მინისტრი ადგენს.

თუ მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ რომელიმე სუბიექტმა რეგისტრაციას თავი აარიდა, სააგენტო მას სამინისტროს მიმართვის საფუძველზე დაარეგისტრირებს.

ჯარიმები:

უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა – გამოიწვევს 25 000 ლარით დაჯარიმებას;

სააგენტოსთვის განაცხადის წარდგენის შეუსრულებლობა, განაცხადსა და დეკლარაციაში ხარვეზის გამოსწორებისთვის ვადის დარღვევა – 10 000 ლარით დაჯარიმდება.

ერთი თვის ვადაში იგივე ქმედების ჩადენა 20 000 ლარით დაჯარიმდება.