რამდენია მეტადონის პროგრამის ბენეფიციართა რაოდენობა? – ამ საკითხის ირგვლივ ინტერესიც და დეზინფორმაციაც საარჩევნო პერიოდის შემდეგ განსაკუთრებით მომძლავრდა.
ბოლოს კი სოციალური ქსელი ვირუსულად მოიცვა ფოტო-სქრინმა – მასზე დატანილი მონაცემები მეტადონის პროგრამის ბენეფიციართა რაოდენობას დაუკავშირეს [მიუხედავად იმისა, რომ თავად სქრინზე პროგრამა ნახსენები არაა] და ინფორმაციაც ამგვარად გავრცელდა.
„პუბლიკამ“ ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრიდან ოფიციალურად გამოითხოვა მეტადონის პროგრამის პაციენტების რაოდენობა წლების მიხედვით. ცენტიდან მიღებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ბოლო ორ წელში პროგრამაში პაციენტების რაოდენობა 16 000-მდე იყო, 2022 წელს კი 17 000-ს აღემატებოდა.
შედეგად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლესთან ახლოსაც არაა და ის კონტექსტიდან ამოგლეჯილად, არასწორად დაუკავშირეს მეტადონის პროგრამის პაციენტების რიცხვს.
ცნობისთვის, მეტადონით ჩანაცვლებითი თერაპია ხელმისაწვდომია მხოლოდ სახელმწიფო სამკურნალო დაწესებულებაში. ქვეყნის მასშტაბით მოქმედებს 21 ფილიალი, მათ შორის 2 პენიტენციურ დაწესებულებებში;
ქვეყანაში ასევე მოქმედებს სუბოქსონით ჩანაცვლებითი თერაპია [მოიხსენიებენ ასევე ბუპრენორფინის პროგრამადაც. სუბოქსონი – ბუპრენორფინისა და ნალოქსონის კომბინირებული პრეპარატია], რომელიც ხელმისაწვდომია როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სამკურნალო დაწესებულებებში. სუბოქსონის სახელმწიფო პროგრამით ამ დროისთვის სარგებლობს 377 ბენეფიციარი; კერძო სამკურნალო დაწესებულებებში პაციენტთა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია კი ცნობილი არაა.
„რაც მეტი ადამიანი გვყავს მკურნალობაში, მით მეტი ადამიანი აკლდება აქტიურ ინექციურ მომხმარებელთა რიცხვს“
რას ნიშნავს ეს რიცხვები?
ცენტრიდან მიღებული ინფორმაციისაა და ამ კუთხით ქვეყანაში არსებულ ნარკოვითარებაზე განმარტების მისაღებად „პუბლიკა“ ექიმ-ნარკოლოგს, დამოკიდებულების კვლევითი ორგანიზაცია „ალტერნატივა ჯორჯიას“ მკვლევარს დავით ოთიაშვილს ესაუბრა.
მისი თქმით, ექსპერტული შეფასებით, ქვეყანაში ოპიოიდებზე დამოკიდებულების მკურნალობა სჭირდება დაახლოებით 20-24 ათასამდე ადამიანს.
მისივე თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ პროგრამაში ჩართულთა რაოდენობა 15-17 000-მდეა და ამ მონაცემებს ასევე ემატება სუბოქსონის პროგრამის პაციენტთა რაოდენობაც, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანა ოპიოიდებზე დამოკიდებულების მკურნალობის საჭიროების მქონე ადამიანების დაახლოებით 90%-ს ფარავს. რაც მისი შეფასებით, ძალიან კარგი და საამაყო შედეგია.
„ჩვენ ვიცით, რომ 49 000 ინექციური მომხმარებელი გვყავს, თუმცა აქედან ყველა არ არის ოპიოიდებზე დამოკიდებული. რომ შევეცადეთ, დაგვეთვალა მათგან რამდენია ოპიოიდზე დამოკიდებული, მივიღეთ მონაცემი, რომელიც 20-22-24 ათასის ფარგლებშია.
ანუ 22 ათასის ირგვლივ თუ გვექნება ორიენტირი და თუ გვყავს 15 ან 17 ათასი ბენეფიციარი მეტადონის პროგრამაში, ამას თუ დავუმატებთ კომერციულ ბუფრენორფინის პროგრამებში ჩართულ რამდენიმე ათას ადამიანს (დაზუსტებით მათი რაოდენობა არ ვიცით), გამოდის, რომ ძალიან ახლოს ვართ იმასთან, რომ ოპიოიდებზე დამოკიდებულების მკურნალობა ვისაც შეიძლება სჭირდებოდეს, ამ ადამიანების თითქმის 90% გვყავს ჩართული ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამაში, რაც არის არაჩვეულებრივი, საამაყო მაჩვენებელი რეგიონშიც და მსოფლიოშიც.
რაც მეტი ადამიანი გვყავს მკურნალობაში, მით მეტი ადამიანი აკლდება აქტიურ ინექციურ მომხამრებელთა 49 000-იან ჯგუფს“, – ამბობს ოთიაშვილი.
ოთიაშვილი ეხმაურება პროგრამის მიმართ სკეპტიკურ ნარატივებს და აღნიშნავს, რომ პროგრამის დისკრედიტაციის მცდელობა საქართველოს მსგავსად ბევრ სხვა ქვეყანაშია. საქართველოს კონტექსტში კი დისკრიმინაციულ კამპანიას შესაძლოა სხვადასხვა ფაქტორიც დაემატოს.
„გააჩნია კონტექსტს ქვეყნისას, შეიძლება კიდევ სხვა თემებიც ემატებოდეს დისკუსიას, მაგალითად საქართველოს შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს წინასაარჩევნოდ ამ ჯგუფების რაღაცა მიზნებისთვის გამოყენება და ა.შ.
ყოველთვის არის ხოლმე სხვადასხვა სიმწვავით პოზიციების გამოხატვა, რომ ეს პროგრამები არ უნდა იყოს ასე ფართოდ ან საერთოდ არ უნდა იყოს… რომ ეს ადამიანები არ იმსახურებენ და ა.შ.
ყოველთვის ეს ოპონენტობა დაფუძნებული არის იდეოლოგიურ ან მორალისტურ ფსევდო-არგუმენტებზე, და არასდროს არაა კავშირში მეცნიერებასთან, ჯანმრთელობასთან, მოსახლეობის ჯანდაცვის საჭიროებასთან, იდეოლოგია ჭარბობს ხოლმე ყოველთვის, ვინაიდან ვერანაირ საფუძვლიან მტკიცებულებებს, არგუმენტებს ოპონენტები ვერ მოიყვანენ, ვინაიდან ასეთი რამ არ არსებობს.
ოპიოიდებზე დამოკიდებულების ეს მკურნალობა არის ყველაზე უკეთ შესწავლილი, ათასობით კვლევაა ჩატარებული და ყველა ეს კვლევა აჩვენებს ამ პროგრამების სხვადასხვა ხარისხით სარგებლიანობას. ამ კუთხით პროფესიონალთა წრეებში, მეცნიერთა წრეებში დისკუსია აღარ მიმდინარეობს, იმდენად მოცულობითია მტკიცებულებები დღეისათვის, რომ ეს ეფექტიანი პროგრამებია“, – ამბობს ოთიაშვილი.
ამასთან, ოთიაშვილი აღნიშნავს იმასაც, რომ მიუხედავად იმისა, რომ პროგრამა ეფექტიანია და მნიშვნელოვანია მისი არსებობა, საქართველოში მის განხორციელებას პრობლემებიც ახლავს, რაც რეაგირებასა და გამოსწორებას საჭიროებს.
„მე აღვნიშნე, რომ საკმაოდ კარგი დაფარვა გვაქვს და ეს საამაყოა, თუმცა ამავდროულად არის საკმაოდ ბევრი პრობლემა პროგრამის განხორციელებისა და რეგულაციების თვალსაზრისით. რაც აშკარად ცალკე მსჯელობის საგანია. მსჯელობა სწორედ ამ მიმართულებით უნდა მიმდინარეობდეს – თუ როგორ გამოვასწოროთ და აღმოვფხვრათ ეს საკითხები.
არის ხოლმე საუბარი იმაზე, რომ გამოაქვთ [პრეპარატი], ყიდიან, შავ ბაზარზე გადის… გამოსავალია იმაზე მსჯელობა, თუ რა არის ამის მიზეზი და როგორ უნდა შემცირდეს ის, თუ ასეთი რამ არსებობს. გამოსავალი ის არაა, რომ პროგრამა ავკრძალოთ ან შევავიწროოთ“, – ამბობს ოთიაშვილი.
ჟურნალისტის რეპლიკაზე – იქიდან გამომდინარე, რომ პროგრამა არის უფასო, ისმის კითხვა, თუ სხვას სჭირდება პრეპარატი, რატომ არ შედის თავად პროგრამაში, ოთიაშვილი პასუხობს:
„დიდწილად ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს პროგრამის დიზაინთან – ყოველდღე სიარულთან, კონფიდენციალურობის პრობლემებთან – სიები, მართვის მოწმობის საკითხი, ეშინიათ სხვა პოტენციური შედეგის, რომელიც შესაძლოა მოჰყვეს ამ პროგრამაში ჩართვას და ა.შ.“, – ამბობს ოთიაშვილი.
როგორ მუშაობს ოპიოიდებით ჩანაცვლებითი თერაპია?
ოპიოიდებით ჩანაცვლებითი თერაპია ოპიოიდებზე დამოკიდებული პირების მკურნალობისა და მართვის მიდგომაა. მკურნალობა განკუთვნილია სწრაფი მოქმედების ოპიოიდებზე (მაგალითად ჰეროინი, სირეცი, ოპიუმი, დეზომორფინი, კოდეინი, ფენტანილი) დამოკიდებული მომხმარებლებისთვის, რომლებსაც მკურნალობაში ჩართვის შემდეგ აწვდიან ხანგრძლივი მოქმედების ოპიოიდებს (როგორებიცაა მეტადონი და ბუპრენორფინი).
მეტადონი და ბუპრენორფინი სინთეზური ოპიოიდებია (წარმოებულია ფარმაცევტულ ლაბორატორიაში სამედიცინო დანიშნულებით გამოყენების მიზნით), რომლებსაც ახასიათებთ ხანგრძლივი მოქმედება (ნარკოტიკული საშუალება გაცილებით ნელა მოქმედებს ორგანიზმზე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში) და ანაცვლებენ დამოკიდებული ადამიანის მიერ მოხმარებულ ხანმოკლე მოქმედების ოპიოიდებს.
ნარკოტიკული საშუალების ნელი მოქმედების შედეგად მომხმარებელი არ გრძნობს ეიფორიას, არ არის სიმთვრალის მდგომარეობაში/ზემოქმედების ქვეშ და ექიმის მიერ სწორი დოზის შერჩევის შემთხვევაში არ აქვს აღკვეთის სინდრომი (ე.წ „ლომკა“) 24-36 საათის განმავლობაში.
პროგრამის მიზანია:
პაციენტმა შეწყვიტოს არალეგალური ოპიოიდური ნარკოტიკების მოხმარება, რაც პარალელურად ამცირებს – აივ ინფექციასთან დაკავშირებულ სარისკო ქცევებს, დოზის გადაჭარბებისგან გამოწვეულ სიკვდილს, კრიმინალური აქტივობებს, იკლებს ფინანსური და სხვა სახის სტრესი, რომლის წინაშეც დგებიან ადამიანები (და მათი ოჯახები), ვინც მოიხმარს არალეგალურ ოპიოიდებს.
სწორად დანერგილი პროგრამის მიზანი პაციენტის რესოციალიზაციაა, რათა მათ შეძლონ ფიზიკური და მენტალური მდგომარეობის დასტაბილურება, დასაქმება, ოჯახური კავშირების აღდგენა/გაუმჯობესება.