რას გვაჩვენებს კვლევა კრიმინალური მენტალიტეტის გავლენაზე

პუბლიკა

„კვლევამ ლაკმუსივით გამოავლინა, რა მხრივ არის სამუშაო, რათა კრიმინალური მენტალიტეტი საზოგადოებაში არ დომინირებდეს“, – გვეუბნება ფსიქოლოგი ჯანა ჯავახიშვილი კვლევაზე – „კრიმინალური მენტალიტეტი და მისი გავლენა საზოგადოებაზე“.

კვლევა ევროკავშირის მხარდაჭერით, წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის საქართველოს ცენტრის (GCRT) მიერ 2024 წელს მომზადდა და ის შედეგებს რამდენიმე მიმართულებით გვაძლევს. კვლევა რეპრეზენტაციულია და ასევე, მოიცავს თვისებრივ ნაწილსაც.

ძირითადი მიგნებებიდან აღსანიშნავია ის, რომ „რესპონდენტთა 16% მათ მიმართ განხორციელებული ჩაგვრის შემთხვევაში პოლიციას არ შეატყობინებდა; მეორე მხრივ, საერთო შერჩევის 21% მსგავს შემთხვევაში სიტუაციის მოსაგვარებლად კრიმინალური სუბკულტურის წევრებს მიმართავდა“.

კვლევის ავტორთა თქმით, მართალია, რესპონდენტთა ძირითადი ნაწილი ამ ნაბიჯებს არ გადადგამდა, თუმცა, დასახელებული წილი (ჯამში თითქმის 40%) საკმარისია იმისთვის, რომ, ერთი მხრივ, პოლიციისადმი შესაძლო უნდობლობაზე, ხოლო, მეორე მხრივ, კრიმინალური სუბკულტურების სერიოზულ გავლენაზე ვიმსჯელოთ.

„ამას მოწმობს ისიც, რომ თითქმის ყოველი მეხუთე რესპონდენტისთვის (18%) მისაღებია, თუ ადამიანი მის მიმართ განხორციელებული ჩაგვრის შემთხვევაში ქურდული სამყაროს წევრებს მიმართავს.

ეს, ერთი მხრივ, აჩვენებს, რომ ნდობის ხარისხი სახელმწიფო ინსტიტუციების მიმართ, რომლებიც სამართლიანობის დადგენაზე უნდა მუშაობდნენ, მოსახლეობის 20%-ში არის დაბალი. და ასე ვთქვათ, კლიშედ ქცეული სამართლიანობის აღდგენის კუთხით (მოდი, სამართლიანობის დადგენა დავარქვათ) ქართული საზოგადოება რჩება კრიმინალური სუბკულტურის იმედად. ეს ძალიან დამაფიქრებელი რეზულტატია, მე ვიტყოდი შემაშფოთებელი.

ამასთან, როგორც აღინიშნა, მოსახლეობის 16%-ს არ აქვს იმედი, რომ პოლიცია დაიცავს. რაც ნიშნავს იმას, რომ საჭიროა დადასტურება, რომ პოლიცია მართლაც ეფექტურად მუშაობს დანაშაულის პრევენციაზე“, – აცხადებს ჯანა ჯავახიშვილი.

ამავე კვლევის ფარგლებში მოსახლეობამ გამოყო ის დანაშაულები, რომლებიც მათ საცხოვრებელ ადგილას გარკვეული სიხშირით ხდება: ოჯახში ძალადობა (40%); სიძულვილით მოტივირებული დანაშაული ჰომოფობიურ/ტრანსფობიურ ნიადაგზე (39.1%); მოზარდებს შორის დაპირისპირება (34.1%); ფიზიკური ძალადობა (30.3%). ამასთან, რესპონდენტთა უმრავლესობა საკუთარ საცხოვრებელ გარემოში/უბანში თავს უსაფრთხოდ გრძნობს.

„აი, ეს მონაცემიც ძალიან დამაფიქრებელია იმ თვალსაზრისით, რომ ასეთი მაღალია ჩვენს უახლოეს საცხოვრისში დანაშაულის აღქმა, ხოლო, მეორე მხრივ, საინტერესო იყო კონტრასტი დანაშაულის აღქმასა და უსაფრთხოების განცდას შორის.

თუ ასეთი მაღალია დანაშაულის აღქმა და ამავე დროს მე თავს უსაფრთხოდ ვგრძნობ, ეს რამდენიმე დასკვნისკენ მიბიძგებს და ეს, რასაკვირველია, უფრო მეტად და ღრმად შესასწავლია. ერთი დასკვნაა – „სხვისი ჭირი, ღობეს ჩხირი“, „დიდი ამბავი, ეს მე არ მეხება“ – ეს კი ძალიან მტკივნეულია, ვინაიდან, საზოგადოების დაფლეთილობაზე მიუთითებს. მეორე დასკვნა კი არის ის, რასაც მთავარმა მკვლევარმა უწოდა „მოჩლუნგება“ დანაშაულის აღქმის მიმართ – მოგვიჩლუნგდა რეაქცია, ფაქტობრივად; ჩვენთვის ეს ნორმალური გახდა. ძალადობის ნორმალიზება – ეს ისეთი რამ არის, რაც საგანგაშოა“, – ამბობს ჯავახიშვილი.

კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ კრიმინალური სუბკულტურის რაობის შესახებ მოსახლეობას ბუნდოვანი ცოდნა აქვს: ტესტურ შეკითხვებზე რესპონდენტთა პასუხები ცხადყოფს, რომ კრიმინალურ სუბკულტურაზე სწორი ინფორმაციის მქონეთა წილი მეხუთედს არ აღემატება. კერძოდ, კრიმინალური სუბკულტურების შესახებ ინფორმირებული რესპონდენტების წილი კვლევაში გამოკითხულთა დაახლოებით მეხუთედია (19%), არაინფორმირებულთა რაოდენობა კი 51%-ს უტოლდება.

„ეს ნიშნავს, რომ ფაქტობრივად პრობლემას არა აქვს ცნობადობა საზოგადოებაში. თუ ჩვენ გვინდა, რაიმე პრობლემის დაძლევა, უნდა ვიცოდეთ, რასთან გვაქვს საქმე, გავაკეთოთ სწორი სახელდება, უნდა ვცნობდეთ ამ პრობლემას და გვქონდეს, ასე ვთქვათ, განგაშის სიგნალი, რომ – აი, შევეფეთე ამ პრობლემას და რაღაცა გამოსწორებას მოითხოვს. თუ არ ვიცი, ეს რა არის, მე მას ვერ ვხედავ, და თუ მას ვერ ვხედავ, ვარ ტოლერანტული“, – ამბობს ჯავახიშვილი.

კვლევის თვისებრივ ნაწილში აღნიშნულია, რომ ბოლო წლებში კრიმინალური საქმიანობისადმი მოზარდების დაინტერესებამ წინა წლებთან შედარებით მოიმატა. ბავშვთა მართლმსაჯულების სფეროში მომუშავე ექსპერტების თქმით, კრიმინალურ აქტივობაში ჩართვის მზარდი ტენდენციის მიზეზი ისაა, რომ მმართველ პოლიტიკურ ძალასა და კრიმინალური სუბკულტურის წარმომადგენლებს შორის არსებობს გარკვეული თანამშრომლობა. კერძოდ, ეს ეხება წინასაარჩევნოდ ე.წ. „ძველი ბიჭების“ აქტიურობას საარჩევნო პროცესებში.

ჯავახიშვილის შეფასებით, ის, რომ ჩვენს თანამოქალაქეებს აქვთ აღქმა, რომ კრიმინალური სუბკულტურა ახდენს გავლენას არჩევნებზე და შესაბამისად, ამხელა ძალაუფლების რესურსს ფლობენ – ეს დამაფიქრებელი საკითხია.

„ვიცით, რომ არსებობს მანკიერი პრაქტიკა არჩევნების წინ კრიმინალური მენტალიტეტის ხალხის მობილიზების, რათა მათ გავლენა მოახდინონ უბნის არჩევნების შედეგებზე. და ეს მანკიერი პრაქტიკა თუ არ გადაისინჯა, მხოლოდ სკოლის, მხოლოდ ოჯახის დონეზე ჩვენ პრობლემას ვერ დავძლევთ“, – ამბობს ის.

ფსიქოლოგ მაია ცირამუას თქმითაც, ხშირად ზუსტად იმ ადამიანების მოსაზრებებში, რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებენ ან საკუთარ მოსაზრებებს გამოთქვამენ ამა თუ იმ საკითხზე, არის ძალიან სერიოზული ანარეკლი ამ ე.წ. კრიმინალური მენტალიტეტის.

„შერჩევითი მართლმსაჯულება ზოგადად, თუ კარგად ჩავეძიებით, სხვა არაფერია თუ არა – დაუშვა კარგი წინაპირობა, რომ ასეთი ჯგუფები კიდევ უფრო მეტად გაძლიერდნენ და ადამიანებს გაუჩნდეთ სურვილი, რომ სამართალი ეძებონ არა ოფიციალურ სტრუქტურებში, არამედ ასეთ ჯგუფებში. კატასტროფა იქნება, თუ ჩვენ ამ გზით წავალთ“, – ამბობს ის.

აღსანიშნავია, რომ ამავე კვლევის რაოდენობრივი ნაწილის მონაწილეთა აზრით, მოზარდებში კრიმინალური სუბკულტურის წევრობის სურვილზე გავლენას ახდენს ფაქტორები, რომლებიც მიღებულ შესაძლო „სარგებელს“ უკავშირდება:

  • 65%-ის აზრით, ასეთი „სარგებელია“ – ძალაუფლების მოპოვება.
  • უსაფრთხოების გარანტიას ასახელებს – 61%;
  • პრივილეგიების მიღებას – 2%;
  • სუბკულტურის წევრობით შექმნილ პრესტიჟს – 63%.

ჯანა ჯავახიშვილის შეფასებით, აღნიშნული მიუთითებს, რომ საზოგადოებაში სოციალური კაპიტალის მწვავე კრიზისია.

„საუბარია ეფექტურ სახელმწიფოსა და ეფექტურ სახელმწიფო ინსტიტუტებზე, რომლებიც ეკონომიკასაც და დასაქმების ადგილებსაც ავითარებს და პოლიტიკურადაც სამართლიანად მართავს სახელმწიფოს; საუბარია იმაზე, რომ თვითონ სახელმწიფო არ უნდა ეთანამშრომლოს კრიმინალურ სუბკულტურას, იმიტომ, რომ ჩვენი მოსახლეობის ნაწილი კრიმინალურ სუბკულტურას აღიქვამს, როგორც ძალაუფლების მქონეს, როგორც პრივილეგირებულს, როგორც წარმატების მიღწევისა და მატერიალური უზრუნველყოფის გზას; როგორც უსაფრთხოების გარანტს – წარმოგიდგენიათ ეს როგორი დამაფიქრებელი რეზულტატია – ფაქტობრივად, სიმბოლურ კაპიტალზე გავდივართ. თუ მოსახლეობის 20% კრიმინალურ კულტურას აღიქვამს სიმბოლურ კაპიტალად, გამოდის, რომ ჩვენს საზოგადოებაში სოციალური კაპიტალის მწვავე კრიზისია…

და თუ ჩვენ არ ვიფიქრეთ იმ გზებზე, როგორ შეგვიძლია სოციალური კაპიტალის განვითარება ერში, მიდგომების – „დაყავი და იბატონე” – წინააღმდეგ სოლიდარობის სულისკვეთების დათესვაზე… მიზეზ-ფაქტორებზე უნდა ვიმუშაოთ და არა სიმპტომფაქატორებზე“, – განაცხადა ჯავახიშვილმა.

რა უნდა შევუპირისპიროთ არსებულ გავლენას

„საჭიროა სისტემური მიდგომა, ჩვენი საზოგადოება უნდა დავინახოთ როგორც სისტემა და დავინახოთ სისტემის სხვადასხვა საფეხურზე მდებარე ფაქტორები“, – ამბობს გამოსავალზე საუბრისას ჯანა ჯავახიშვილი.

„კიდევ მინდა, ყურადღება გავამახვილო იმაზე, რომ კვლევა ავლენს, რომ ეკონომიკური სიდუხჭირე – და ეს საერთაშორისო მტკიცებულებითაც ასეა – არის ერთ-ერთი სერიოზული რისკფაქტორი როგორც დანაშაულის, ისევე კრიმინალური სუბკულტურის გავრცელებისა. და ეს კარგად გვაჩვენებს იმას, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია საზოგადოების ეკონომიკურ კეთილდღეობაზე მუშაობა, უფრო ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნაზე მუშაობა, დასაქმების პროგრამების შექმნა, წარმოების აწყობა…. ეს კი კრიმინალური სუბკულტურის გავრცელების წინააღმდეგაც ერთ-ერთი ქმედითი ღონისძიება იქნება“, – განაცხადა ჯავახიშვილმა.

ზედა პოლიტიკურ დონეს რაც შეეხება, მისივე თქმით, ის, რომ სამართალდამცავი სისტემის მიმართ მოსახლეობის ერთ მეხუთედს არ აქვს ნდობა, ეს ძალიან სერიოზული უკუკავშირის საფუძველი უნდა იყოს პოლიტიკოსებისთვის.

„ასევე, სანამ ჩვენ მედიაციის ინსტიტუტს არ განვავითარებთ ჩვენს სახელმწიფოში იმ დონეზე, რომ ხელმისაწვდომი იყოს და კრიმინალურ სუბკულტურაში არ ეძებოს ადამიანმა მედიაციის სამსახური, მანამ ჩვენ ვერ დავძლევთ კრიმინალურ სუბკულტურას.

აღდგენითი მართლმსაჯულების მექანიზმებისა და სამედიაციო სამსახურის განვითარება ყველა დონეზე – ამან უნდა ჩაანაცვლოს ეს მანკიერი კრიმინალური ინსტიტუტი“, – ამბობს ჯავახიშვილი.

მაია ცირამუას თქმითაც, მედიაც, საზოგადოებაც აქტიურად უნდა ჩაერთოს ამ პროცესში, რომ ეს ფასეულობები შეიცვალოს.

„ფასეულობებში რას ვგულისხმობ – როდესაც შენი უფლებები ირღვევა, მიმართო შესაბამის საკანონმდებლო ორგანოს; მიმართო პოლიციას… მაგრამ ახლა დავფიქრდეთ, რამდენი ადამიანი უვლის გვერდს – და ამ კვლევის მიხედვით, მეხუთედი – ამ სისტემას და ეს რამხელა რისკს შეიცავს, საიმისოდ, რომ დანაშაულის მაჩვენებელი გაიზარდოს, უსამართლობის განცდა გაიზარდოს საზოგადოების გარკვეულ ჯგუფებში; ბავშვები იყვნენ რისკის ქვეშ და ა.შ. ამიტომ ეს კვლევა ძალიან ბევრი მიმართულებით დაფიქრების საფუძველს გვაძლევს.

…ყველა რგოლი უნდა იყოს მობილიზებული იმისთვის, რომ ამ მახინჯ წარმონაქმნს, რომელიც საბჭოთა პერიოდიდან მოგვყვება, რაღაცნაირად დავემშვიდობოთ“, – განაცხადა ცირამუამ.

კვლევა ნაწილია პროექტისა – „სამოქალაქო საზოგადოება აღდგენისუნარიანობისა და უსაფრთხოებისთვის“, რომელსაც ფონდი „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისი“ (გიფ-თბილისი), ევროკავშირის მხარდაჭერით, პარტნიორებთან ერთად ახორციელებს.


პუბლიკაცია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია გამოცემა და შესაძლოა, იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.